ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში, მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
წევრი ქვეყნები - ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. არაწევრი ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კანდიდატი ქვეყნები - ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება. გიორგი კვირიკაშვილი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენციას - „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ გახსნის, რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისსაც დაათვალიერებს. იმავე დღეს, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან. მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამის შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს უკვე აქვს ტექნიკური საშუალებები, რათა გამოავლინოთ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობებს დაარღვევენ. სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც აწარმოებს სტატისტიკას საქართველოდან გასული პირებისა. თუ მოქალაქე 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდება, ასეთ შემთხვევაში შს სამინისტრო მის მონაცემებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადავუგზავნის, რაც იმას ნიშნავს, რომ პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება.
იგივე რეჟიმი რჩება არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რაც დღეს მოქმედებს, ანუ საჭიროა მშობლების თანხმობა. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, თუ ვინმე საქართველოშია ნასამართლევი და სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, მაგალითად, არის პრობაციონერი, ან რაიმე სხვა უფლება აქვს შეზღდული, მას ქვეყნიდან გასვლა არ შეეძლება. სხვა შემთხვევაში კი, ნასამართლევ პირებსაც თავისუფლად შეუძლიათ შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე თუ დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რაც დადგენილია შენგენის ზონისთვის.
„მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის. აქვე შევნიშნავ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა 700300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან 95% დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე ატაშეების დონეზე.
ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შსს და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირს ჯარიმა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება.
ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.
„საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მას უდიდესი პოზიტიური შედეგები მოაქვს ყველა სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები, 24 სააათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ მაქსიმალურად მიიღონ ის სარგებელი, რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთავაზობს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. ქვეყანას ასეთი გეგმა აქვს, რომელიც ეფუძნება 6 ძირითად მიმართულებას და მზად არის ძალისხმევა არ დაიშუროს მის განსახორციელებლად.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებული თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ინტერესები სინქრონიზებულია და ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რაც საფუძველია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ 28 მარტი არის საქართველოსთვის ისტორიული დღე“, - აცხადებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, რომლის შეფასებით, ეს არის დღე, როდესაც საქართველოს თანამოქალაქეები დაიწყებენ უვიზო გადაადგილებას შენგენისა და ევროკავშირის ტერიტორტიაზე.
„ეს არის გადაწყვეტილება და გამოძახილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც დემოკრატიის განვითარების, ქვეყნის წინსვლის, ასევე ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქლაქეების მიმართ რომ ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.