„სააკაშვილს მანაფორტისთან თვითონ ჰქონდა პირდაპირი კავშირები და მისგან იღებდა თანხებს“

„სააკაშვილს მანაფორტისთან თვითონ ჰქონდა პირდაპირი კავშირები და მისგან იღებდა თანხებს“

რატომ წაეკიდა მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობოებს და ხომ არ დაავიწყდა მათი ღვაწლი „ნაციონალური“ ქმედებების გამართლების საქმეში?

ახლახანს სააკაშვილმა არასამთავრობოთა შესახებ „ფეისბუკზე“ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მთელი მსოფლიოს პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი პიარსპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, ჩემს წინააღმდეგ მუშაობა დაავალა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი თურმე ქართულ არასამთავროებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, რატომ გვესხმოდა მაშინ თავს ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე?! ფული, ბაბაია, დიდი ფული, თან, ჰოი საკვირველებავ, რუსული“.

მოგვიანებით სააკაშვილი პირვანდელი ნათქვამის კორექტირებას შეეცადა და ერთგვარი ჩასწორება სცადა. მან აღნიშნა, რომ შორსაა იმ აზრისგან, კორუფციაში დაადანაშაულოს ყველა მაშინდელი არასამთავრობო, მაგრამ „ბევრი მათგანი თავს იწყნარებდა იმით, რომ ფული ფორმალურად ამერიკული კერძო წყაროდან მისდიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის მიზნებს ემსახურებოდა“. სააკაშვილი თვლის, რომ ამაზე ახლა მაინც ღირს დისკუსია და სიმართლის თქმა.

არასამთავრობოებმა მიშას როგორც პირველ, ისე მეორე ნათქვამს წაუყრუეს. „საია“-მ, „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ეკა გიგაური მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ აღნიშნა, „ჩვენ, ვინც უკეთეს სასამართლოს, გამჭვირვალე პროკურატურას და თავისუფალ მედიას ვითხოვდით, რუსეთიდან ვფინანსდებოდით და საქართველოს პრეზიდენტი, ვინც მედიათავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა შეზღუდა და, ვის დროსაც ციხეში წამება სისტემური პრობლემა იყო, არ მოქმედებდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ? არ ვაბრალებ, რომ ის რუსეთის დასმული იყო საქართველოში, მაგრამ კრიტიკულ კითხვებს NGO-ების დაფინანსებაზე დღეს ზუსტად პრორუსული ძალები სვამენ“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობოებზე დარტყმა სააკაშვილის მორიგი მასხარაობაა. მისი თქმით, რას ნიშნავს, რომ პუტინმა სწორედ მის საწინააღმდეგოდ იქირავა ამერიკელი პოლ მანაფორტი, როცა პუტინს არავის ქირაობა არ სჭირდებოდა და სააკაშვილის საქმეები თავისთავად მეტყველებდნენ, რომ იგი ღრმად არასერიოზული ავანტიურისტი იყო. ამ ავანტიურით კი ყოფილმა პრეზიდენტმა უდიდესი ვნება მოუტანა საკუთარ ქვეყანას.

„ჯერ აგვისტოს ომი რად ღირს. იმის დავიწყება არ შეიძლება, რაც მან მაშინ ჩაიდინა და მერე ტრაბახობდა, კინაღამ მესამე მსოფლიო ომი გამოვიწვიეო. ასეთი ადამიანი კიდევ რომელ შავ პიარზე ლაპარაკობს?! თვითონ თავისთავად არის შავი პიარი. მაგის პირველი ვიზიტი მახსოვს საფრანგეთში, მაშინ წამდაუწუმ ხელით იწმენდდა ცხვირს და ფრანგმა ჟურნალსიტებმა ცხვრისახოცი აჩუქეს, ასე უნდა ცხვირის მოხოცვაო. არასამთავრობოებს თავისი გაჭირვება ეყოფათ. მათი პრობლემაა ის, ვინც არასამთავრობო სექტორის დამფინანსებელია. შესაბამისად, ჩვენი არასამთავრობოებიც ძირითადად მათ ინტერესებს ემსახურებიან და, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ამაზე სააკაშვილი შეიძლება ლაპარაკობდეს? აბა, „კმარა“ რა იყო? მისი გაკეთებული არ ყოფილა? ძირითადად ჟვანიას დროს შექმნილი არასამთავრობო სექტორი იდგა მის სამსახურში. საერთაშორისო გრანტები და ყველაფერი ამ პოლიტიკურ მიზანს ხმარდებოდა. რეალურად ხომ ჩვენთან არასამთავრობო სექტორი ძალიან სუსტი, განუვითარებელია და იმდენად არსებობს, რამდენადაც უცხოურ გრანტს მიიღებს“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, თუ ჩვენი რესურსით არ მოხდა არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, მის დამოუკიდებლობაზე საუბარი ძნელი იქნება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მანაფორტისთან ურთიერთობა და, ამ შემთხვევაში, ის ცდილობს, „ჩემი შენ გითხარიო“-ს პრინციპით გადასწვდეს არასამთავრობოებს. შესაძლოა, მას დაეწყო პოლიტიკური სკლეროზი. გარდა იმისა, რომ მას უკვე ჯანმრთელობასთან რეალური პრობლემები გააჩნია, როგორც ჩანს, ნარკოტიკების ზეაღმატებული მოხმარება მოქმედებს მეხსიერებაზეც.

„მანაფორტისთან თვითონ ჰქონდა პირდაპირი კავშირები და იღებდა მისგან თანხებს. თვითონვე იყო მისი ერთ-ერთი კოორდინატორი, როცა საქმე ეხებოდა „ნაცმოძრაობის“ დაფინანსებას. ამიტომ სჯობს, საკუთარ თავს მოჰკითხოს ეს ამბები და თავის თავს ჰკითხოს, თუ მაშინ მანაფორტი იყო რუსული ლობისტი, მაშინ ვინ გაიყვანა პოლ მანაფორტიზე? ამით სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა. იმ პერიოდში სააკაშვილმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დაშალა, შექმნა ჰიბრიდული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ მის დაკვეთებს ასრულებდნენ. საიდან მოდიოდა ეს თანხები? რა თქმა უნდა, მოდიოდა აშშ-დან“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.

შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერის პოლ მანაფორტის რუსულ კავშირების შესახებ ბრალდება გახმიანდა. მანაფორტიმ უარყო ეს ბრალდება, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს მისი საქმიანობა ვლადიმერ პუტინის ინტერესების დაწინაურებას ემსახურებოდა.

მანაფორტისა და ოლეგ დერიპასკას (პუტინისგან კონტროლირებადი რუსი მილიარდერი) ურთიერთობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესს ჩვენება მისცა. უფრო ადრე კი, ჯერ კიდევ 2005 წელს დერიპასკასთვის გაგზავნილ მემორანდუმში მანაფორტი წერდა: გვჯერა, რომ ეს მოდელი პუტინის მთავრობას დადებით სამსახურს გაუწევსო.