„ავტოკეფალია არის დიდი ძალა და დიდი მადლი“, - ასე გამოეხმაურა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავს.
მანვე განმარტა, რომ ყველაფერი ღვთის განგებით ხდება და საქართველოს სახელმწიფო პირველად აღნიშნავს ავტოკეფალიის დღეს, ამ დიდ მონაპოვარს.
„ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე?! ჩვენ შევინარჩუნეთ კულტურა, ენა, ეკლესია... დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე“.
მართლაც, სწორედ მაშინდელი დიდი მამების, ქართული სამღვდელოების დამსახურებაა, რომ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელებულ საეკლესიო მონობას ბოლო მოეღო. 1917 წლის 12 (25) მარტს ავტოკეფალიის აქტს 600-ზე მეტმა სასულიერო პირმა მოაწერა ხელი. მათი უმრავლესობის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. ესენი იყვნენ უძეგლო გმირები, რომლებმაც ბევრი ტკივილი დაითმინეს ათეისტური ხელისუფლებისგან, მაგრამ მაინც არ გაიხადეს ანაფორა. ამ ადამიანებმა დახვრეტა, დაპატიმრება, გადასახლება იწვნიეს, მაგრამ არ გატყნენ. ბოლშევიკებმა დახვრიტეს სასულიერო პირები: მიტროპოლიტი ნაზარი, მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, მღვდელი იეროთეოს ნიკოლაძე, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე, დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, მღვდელი ასათაშვილი, მღვდელი ბესარიონ წიკლაური, მღდელი იოანე კაიშაური, მღვდელი იოსებ ვაშაძე, მიხეილ ნანეიშვილი, ერმილე გოგოლაშვილი, იოანე ქააძე, მალაქია წიკლაური, სამსონ მძინარიშვილი, გიორგი დარჩია, ელიზბარ ანჩაბაძე, გიორგი წულაია, იოანე ფანცულაია, აპოლონ აფხაიძე, ნიკოლოზ ბეშქენაძე. ე.წ. „ტროიკის“ განჩინებით, გადასახლებაში მყოფნი ვერ ეღირსნენ სამშობლოში დაბრუნებას და ციმბირში გარდაიცვალნენ: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე, მღვდლები გიორგი მაჭავარიანი, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, არსენ ჯანელიძე, ნესტორ ჯალაღანია, ალექსანდრე ცქიფურიშვილი, ექვთიმე ნანეიშვილი... იმ პერიოდში სასულიერო პირად ყოფნა გმირობის ტოლფასი იყო.
რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, 1448 წლის 15 დეკემბერს ავტოკეფალიამიღებულმა რუსეთის საიმპერატორო კარმა უძველეს ქართულ სამოციქულო ეკლესიას 1811 წელს გაუუქმა ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. ეს მაშინ, როცა ერთ-ერთ პირველს სწორედ ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა დამოუკიდებლობა, როგორც უშუალოდ ქრისტეს მოციქულებისგან დაარსებულსა და განათლებულს. ჩვენგან განსხვავებით, ქრისტიანობას რუსეთი მხოლოდ მოგვიანებით ეზიარა. ჩვენს უპირატესობაზე მიუთითებს ისიც, რომ ანდრია პირველწოდებული სამჯერ ყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ღვთისმშობლის აწყურის ხელთუქმნელი ხატი ჩამოუბრძანებია. ასევე, საქართველოს დაუკავშირდა მოციქულების-სვიმონ კანანელის, მატათასა და ბართლომეს სახელები. შემდეგ უკვე, 317 წელს წმინდა ნინოს ძალისხმევით ქრისტიანობა იბერიის სამეფოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ნიკეის პირველ მსოფლიო კრების ოქმში კი მოხსენიებულია ბიჭვინთის ეპისკოპოსი, რაც ადასტურებს საქართველოში ქრისტიანული თემის არსებობას. თავის სიმაღლეზე აიყვანა ვახტანგ გორგასალმა ქართული ეკლესია. მის დროს ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმმართველობა-ავტოკეფალია მიანიჭა.
ეს იყო საუკუნეების წინ, ავტოკეფალიის წართმევის შემდეგ კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენ ბრძოლას ეპისკოპოსი კირიონი, ლეონიდე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე მეთაურობდნენ. რუსები განსაკუთრებულად დევნიდნენ ავტოკეფალური მოძრაობის ხელმძღვანელ კირიონს, რომელიც რუსეთში გადაასახლეს, მაგრამ გადასახლებაში მყოფი მაინც წერდა თანამემამულეებს, „ავტოკეფალიას ნუ მოუყრუეთ ყური, ხელსაყრელი გრემოებით უნდა ვისარგებლოთ“.
ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) საინტერესოდ იხსენებს ამ ბრძოლის პერიპეტიებს და იმასაც, თუ როგორ სურდათ ქართველ მამულიშვილებს, რომ ავტოკეფალიის საკითხში მოეპოვებინათ რუსეთისგან მოვლენილი გაქნილი მეფისნაცვლის - ვორონცოვ-დაშკოვის მხარდაჭერა. ამის მისაღწევად საჭირო იყო ილია ჭავჭავაძის ჩართვა ამ საქმეში. ამ მიზნით ქართველი მამულიშვილები სწორედ ილიას თანდასწრებით აწყობდნენ კრებებს, აგროვებდნენ ცნობებს და ცდილობდნენ, რომ ილია ჭავჭავაძე გაეგზავნათ ვორონცოვთან მოსალაპარაკებლად. თავიდან ილია უარზე იყო, ეუბნებოდა, მაგ თქვენი „კეფალიისა“ (ასე უწოდებდა ირონიულად ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მიაგზავნეთო, მაგრამ არ მოეშვნენ და საბოლოოდ დაითანხმეს. ისიც წავიდა ვორონცივთან და დიდხანს ესაუბრა. ვორონცოვს უთქვამს, დამარწმუნეთ, რომ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ მხარს დაგიჭერთო. ილიას მიუგია, მე დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცო. ბოლოს ილიამ შეატყობინა წარმგზავნელებს, ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარაო.
„მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შეერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო? განა გაგონილა, ერთ მართლმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდესო?“ - ამის მოსმენისთანავე ექვთიმე თაყაიშვილმა ჰკითხა დიდ მწერალს, ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი სამართლმადიდებლო სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი ავტოკეფალიური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და ალექსანდრიისა?! ამაზე ილია შეჩერდა და უპასუხა, აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით-მეთქი?! ექვთიმეს თქმით, ილიამ კარგად უწყოდა ოთხი ავტოკეფალიური საპატრიარქოს არსებობის შესახებ, მაგრამ მეფისნაცვალთან ოფიციალური მიღებისას ეს არ გაახსენდა, რაც ასეთი დაძაბული შეხვედრისას ჩვეულებრივი ამბავია. ბოლოს ქართველებმა დიდი დემონსტრაციის მოწყობა გადაწყვიტეს, ბაირაღებისა და პლაკატების თანხლებით - „აღგვიდგინეთ ავტოკეფალია“. ილია მათ დაჰპირდა, თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო, მაგრამ დემონსტრაცია არ შედგა, რადგან 1905 წლის რევოლუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო, ხოლო 1917 წელს საქართველოს ეკლესია რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას.
ილიამდე საქართველომ უძნელესი ეგზარქოსობის პერიოდი გაიარა. ცნობილი რუსი მეცნიერი ნ. დურნოვი იხსენებდა, ვინმეს რომ დაეწერა რუს ეგზარქოსთა ქმედების შესახებ რეალური ისტორია, რუსებს გაწითლება მოუხდებოდათ, იმდენად არცხვენდნენ ისინი რუს მღვდელმთავრობას. კერძოდ, ეგზარქოსი თეოფილაქტე წმინდა ნინოს საფლავს შეეხო იმ იმედით, ქართველები სიმდიდრეს ჩააყოლებდნენო, თუმცა, გადმოცემით, სწორედ იმ საფლავთან დალია სული. ეგზარქოსმა პავლემ კი ხახულის ხატს ძვირფასი თვლები მოპარა. ეს ეგზარქოსთა მავნე საქმიანობის მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია. ასეთები უამრავია, რადგან ეგზარქოსებს მიაჩნდათ, რომ მათ ბარბაროსთა ქვეყანაში უწევდათ მოღვაწეობა.
ავტოკეფალის გაუქმებას სასულიერო პირების დევნის გარეშე არ ჩაუვლია. ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოზსა და გაენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს თავიდან წელამდე ტომრები ჩამოაცვეს, შეუკრეს ხელები და ცემით წაიყვანეს. სწორედ ტომარაში დაიხრჩო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი. გაენათელი მიტროპოლიტი კი პეტერბურგში იმპერატორ ალექსანდრე პირველს წარუდგუნეს და, მონანიების შემთხვევაში, შეწყალებას შეჰპირდნენ, თუმცა მიტროპოლიტმა ექვთიმემ იმპერატორს ახალი დროის ნერონი უწოდა და პატიმრობაც და შემდეგ ტყვეობაში გარდაცვალებაც დაიმსახურა.
მოგვიანებით, ქართული სამღვდელოების ძალისხმევით 1905 წლის ივნისში თბილისში სამღვდელოების კრება მოიწვიეს, რომელმაც დაადგინა, რომ მხოლოდ თავისუფალ თვითმმართველ ეკლესიას ძალუძდა დაეცვა წმინდა რწმენა თავის თავში. ქართული სამღვდელოების ასეთმა ერთსულოვნებამ განარისხა ეგზარქოსი ალექსი, რომელმაც რუსი ჯარისკაცები გამოიძახა და ძალის გამოყენებით დააშლევინა კრება. ეს სამარცხვინო ამბავი გახმაურდა და ეგზარქოსი საქართველოდან გაიწვიეს. ახალ ეგზარქოს ნიკონს კი ჩვენი სამღვდელოება პროტესტით შეხვდა და ნიკოლოზ მეორეც იძულებული გახდა, პეტერბურგში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის განსახილველად სინოდის წინარე სხდომა დაენიშნა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ კირიონი, ლეონიდე, ნიკო მარი და სხვები. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით, ნიკო მარმა თავისი რიხიანი გამოსვლით, ღრმა ცოდნით მოწინააღმდეგენი ჩიხში მოამწყვდია.
მას შემდეგ რაც, იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა, რუსეთის იპერიაში არსებული დაძაბულობით ქართულმა სამღვდელოებამ ისარგებლა და 1917 წლის 25 მარტს სცეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. მოგვიანებით ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ახლად არჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ აღნიშნა, „აღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ“.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა არ არსებობდა ამის წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც ჩვენი წინაპრები ხშირად იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად. ილია მეორის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობა ოფიციალურად აღიარა.