დღევანდელ წერილში გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი სერგო კოტრიკაძე მსურს მოვიგონო, ადამიანი რომელმაც 1964 წელს თბილისის „დინამოს“ გაჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ბატონ სერგოს თავი არაერთხელ გამოუჩენია. რომელი ერთი გავიხსენო: „ოქროს მატჩი“, კიევის „დინამოსთან“ შეხვედრისას მოგერიებული ორი თერთმეტმეტრიანი, 1962 წელს სსრკ-ის საუკეთესო კარის დარაჯის წოდება, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო მეკარის ტიტული.
სამწუხაროდ ბატონი სერგო დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის. ის ამ ცხოვრებას 2011 წლის 3 მაისს გამოეთხოვა. დღევანდელი მოგონება-წერილისთვის სერგო კოტრიკაძის ადრინდელი ინტერვიუებიდან საინტერესო ნაწყვეტები ამოვიღე და გავაერთიანე.
„შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ პატარაობისას ფეხბურთელობაზე არ მიოცნებია.
ჩვენი გუნდი საუკეთესო იყო და ეს, ცხადია, ჩვენი მწვრთნელის არჩილ კიკნაძის დამსახურება გახლდათ. ის ჩინებული სპეციალისტი იყო! 35-ე სკოლიდან მალე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მოვხვდი, იქიდან კი თბილისის „დინამოში" აღმოვჩნდი. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ცხონებული ანდრო ჟორდანია მომიახლოვდა და მეორე დღისთვის დიღომში, „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე დამიბარა. ბატონი ანდრო, გარდა იმისა, რომ ძლიერი მწვრთნელი იყო, სელექციითაც სახელგანთქმული გახლდათ - 1964 წლის „ოქროს ბიჭებიდან" თითქმის ყველა მისი აღმოჩენილი იყო. იმ დროს უკვე „დინამოში" თამაშზეც ვოცნებობდი.
ალექსანდრე დოროხოვი, ვლადიმერ მარღანია, სერგო შუდრა... ეს მეკარეები ჩემი კერპები იყვნენ და მათი გზის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. თუ გულშემატკივართა სიყვარულს გავითვალისწინებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ამოცანას თავი გავართვი.
თავიდან ორი წელი დუბლებში ვთამაშობდი, 1957 წლიდან კი ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. პირველი მატჩი იმ წლის 6 აპრილს, თბილისში მოსკოვის „დინამოსთან" ვითამაშე. ისე მოხდა, რომ ჩვენი მეკარეები მარღანია და მიხეილ პირაევი ტრავმირებულები იყვნენ და კარი მე მანდეს. რეკომენდაცია მარღანიამ გამიწია - ახალგაზრდაა და ძირითადისთვის მომწიფდაო. მოსკოველებმა 2:1 მოგვიგეს, მაგრამ საყვედური არავის დასცდენია. თამაშის მერე ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა გაიოზ ჯეჯელავამ თქვა, მორჩა, სხვა მეკარეს აღარ მოვძებნით, კოტრიკაძე ჩინებულიაო. მას შემდეგ თითქმის 15 წელი ვითამაშე „დინამოში".
35-ე სკოლიდან „დინამოში" გადასვლის შემდეგ კლუბი ერთადერთხელ დავტოვე - 1968 წელს, ისიც იმიტომ, რომ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა ამითვალწუნა. სათადარიგოთა სკამს ვერ ვეგუებოდი და ამიტომაც წავედი ქუთაისის „ტორპედოში", თუმცა იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ - მალე უკან მიხმეს და მეც დავბრუნდი.
1959 წლის 30 აგვისტოს რა დამავიწყებს?! კიევში ჩატარებული ის მატჩი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში - ხუმრობა ხომ არაა, ერთ შეხვედრაში ორი პენალტი მოვიგერიე! ისე, წლების წინ ცნობილმა სტატისტიკოსმა ესენინმა მითხრა, რომ ოფიციალურ მატჩებში ჩემს კარში დანიშნული 14 პენალტიდან 9 მოვიგერიე. მგონი, შესანიშნავი შედეგია.
კიეველები იმ დღეს (1959 წლის 30 აგვისტო) უკრაინის რუსეთთან მიერთების 300 წლის იუბილეს ზეიმობდნენ. დიდი აღლუმი გაემართათ კიევში და ამ მნიშვნელოვანი დღის გამარჯვებით აღნიშვნას გეგმავდნენ - მსაჯებს აშკარად ეტყობოდათ, რომ სამართლიანად არ იქცეოდნენ. პირველი პენალტი ჩვენს კარში 35-ე წუთზე დაინიშნა - გივი ხოჭოლავამ დაცვაში იუხეშა და... ბურთთან გოლოდეცი მივიდა, კიეველთა პენალტისტი. მისი დარტყმა მოვიგერიე. მეორე ტაიმში თენგიზ მელაშვილმა გახსნა ანგარიში, მაგრამ ჯერ გრამატიკოპულომ გაათანაბრა, მერე კი ვალერი ლობანოვსკიმ წინ გაიყვანა „დინამო". 64-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა ჩვენს კარში - მოსკოველმა მსაჯმა ლუკიანოვმა ისევ ხოჭოლავა დაადანაშაულა წესების დარღვევაში და თერთმეტმეტრიანზე მიუთითა. გოლოდეცმა ბურთთან მისვლა ვეღარ გაბედა. მის ნაცვლად გრამატიკოპულომ ითავა დარტყმა. მას ჯერ კიდევ სოხუმიდან ვიცნობდი, შესანიშნავად საუბრობდა ქართულად და მეც მივაძახე, ვერ გამიტან-მეთქი. მოკლედ, ავუღე! მერე შოთა იამანიძემ გაიტანა და თამაშიც ფრედ 2:2 დასრულდა, მე კი მალე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიხმეს. თბილისში ჩემ სახელზე სანაკრებო მიწვევა რომ მოვიდა, ხოჭოლავა გამეხუმრა, მე რომ ის პენალტები არ ამეკიდებინა, ვნახავდი, როგორ მიგიწვევდნენ ნაკრებშიო.
უდიდესი იმედგაცრუება? საბჭოთა კავშირის თასის 1960 წლის ფინალი, მოსკოვის „ტორპედოსთან" 3:4 წაგება. როცა იმ მატჩს ვიხსენებ, ყოველთვის ცუდ გუნებაზე ვდგები. მოგება შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხდით. დეტალებს, თქვენის ნებართვით, არ მოვიგონებ, მაგრამ ცუდი მინდორი რომ არ აღვნიშნო, არ იქნება - საფეხბურთო კი არა, ჰოკეის მოედანზე ვითამაშეთ! ბალახი ისე იყო გაყინული, ბუცის ქაცვები ვერ ეჭიდებოდა! თუმცა ეს, ცხადია, მარცხის ასახსნელად არ გამოდგება.
თასის ფინალში წაგების შემდეგ სამმატჩიანი ტურნე გვქონდა ინგლისში. „ტოტენჰემ ჰოთსფური", „ვულვერჰემპტონი" და „შეფილდ უენსდი" - ამ გუნდებს გავეჯიბრეთ. ყველა შეხვედრაში 5 გოლი გავუშვით, უნივერსიტეტში დაბრუნებულმა კი საკუთარი თავი კედლის გაზეთში აღმოვაჩინე - ამხანაგები მაშაყირებდნენ, ჩვენი კურსელი სერგო კოტრიკაძე ინგლისში ნამდვილი „ხუთოსანი" იყოო - გაშვებულ გოლებს გულისხმობდნენ.
1961 წლის მიწურულს „დინამო" ამხანაგური მატჩების ჩასატარებლაად კუბაში მიიწვიეს. მასპინძლებს სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვუგეთ და ის იყო უკან უნდა დავბრუნებულიყავით, რომ გუნდის ხელმძღვანელებმა ბოლივიიდან და ეკვადორიდან მიიღეს მიწვევა - ამ ქვეყნების საუკეთესო კლუბები გვთავაზობდნენ თამაშს. ბოლივიაში, ზღვის დონიდან თითქმის ოთხ კილომეტრზე ასევე კარგად ვითამაშეთ, სამიდან ორი მატჩი მოვიგეთ, ადგილობრივები კი გაკვირვებას ვერ მალავდნენ - აქ ბრაზილიელები ვერ გვიგებენ და თქვენ ვინ ხართ ასეთები, თამაში რომ არ გიჭირთო. სხვათა შორის, მასპინძლებმა სამივე თამაშის წინ გასახდელში ჟანგბადის ბალონები დაგვახვედრეს, ემანდ, თუ ცუდად გახდითო, ეს გიშველითო.
1962 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, ნაკრების პირველი მეკარე ლევ იაშინი კი პირიქით, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი მამხნევებდა, თუ ასე გააგრძელე, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეკარე იქნებიო. მწვრთნელებმა ჩილეში კი წამიყვანეს, მაგრამ იქ მაინც იაშინს ანდეს კარი. ჯგუფურ ტურნირში მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ამიტომ, მეოთხედფინალის წინ კაჩალინმა მითხრა, მოემზადე, შენი დრო მოვიდაო. ფრთები შემესხა, მაგრამ რად გინდა? კარში კვლავ იაშინი ჩადგა და სწორედ მისი შეცდომის გამო გამოვეთხოვეთ შეჯიბრებას. წლის ბოლოს ჟურნალმა „ოგონიოკმა", რომელიც ქვეყნის საუკეთესო მეკარეს ავლენდა, მთავარი პრიზი მე გადმომცა - ეს ერთგვარი ნუგეში იყო.
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატამდე კარგა ხნით ადრე გავემგზავრეთ - აკლიმატიზაცია უნდა გაგვევლო. ერთ-ერთი ტესტ-მატჩი კურასაოში ჩავატარეთ ადგილობრივ ნაკრებთან თუ კლუბების ნაკრებთან, ეხლა ზუსტად არ მახსენდება... კაჩალინმა კარის ნაცვლად ნახევარდაცვაში დამაყენა და ერთი გოლი გენადი გუსაროვმა ჩემი პასით შეაგდო. მეორე ტაიმში კარში ჩავდექი - დაშავებული მასლაჩენკო შევცვალე და რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მოვიგერიე. მეორე დღეს ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი წერდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, ფეხბურთელები ერთდროულად ჩინებული მეკარეებიც არიან და თავდამსხმელებიცო.
ისე, ეს საბჭოთა კავშირი პარადოქსებით სავსე ქვეყანა კი იყო: 62-ში, როცა საუკეთესო მეკარედ მაღიარეს, ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მესამე ნომრად შემიყვანეს. სასაცილოა ხო?!
1964 წლის გადამწყვეტი მატჩი შეიძლება არც გამართულიყო მოსკოვის „ტორპედოს" კიევის „დინამოსთან" რომ მოეგო. ის თამაში ფრედ დასრულდა, კიეველთა მეკარე ბანნიკოვმა კი მოსკოველთა პენალტი მოიგერია. ამ ამბის შემდეგ ბანნიკოვი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო თბილისში. ისე, ჩვენც დავკარგეთ ქულები ქუთაისში - „ტორპედოსთან" მატჩის მერე ისეთი ამბები ხდებოდა იმერეთში, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა.
„ოქროს მატჩამდე" კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში მიგვიწვიეს - რესპუბლიკის პირველი პირები შეგვხვდნენ და იმის ახსნა დაგვიწყეს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა „ტორპედოსთან" მატჩს და რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბიჭებს გულში გვეცინებოდა, ამ თამაშს ისედაც მთელი ცხოვრება ველოდით და უკან დახევას არც ვაპირებდით.
0:0-ზე, შჩერბაკოვის თავურის შემდეგ, ბურთი ძელმა აისხლიტა. ჩვენი კარის უკან ფოტოკორესპონდენტი კონსტანტინე შანიძე იდგა, რომელმაც მომაწოდა ის ბურთი. კოსტიას ვუთხარი, ახლა ისე გადავრჩით, მგონი, განწირულები არ ვართ, ამ თამაშს უეჭველი მოვიგებთ-მეთქი!
პირველ ტაიმში უზბეკი გულშემატკივრები ორად იყვნენ გაყოფილნი - ნახევარი ჩვენ გვქომაგობდა, მეორე ნაწილი - „ტორპედოს", მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, ყველა ჩვენს მხარეს გადმოვიდა. მეორე ტაიმის ბოლოს და დამატებით დროში მთელი სტადიონი „დინამო", „დინამოს" ყვიროდა!
ჩემპიონობის შემდეგ თბილისიდან წამოსულმა გულშემატკივრებმა, იქვე, ტაშკენტის აეროპორტის რესტორანში დიდი სუფრა გაშალეს. უნდა გენახათ რა ამბავი იყო! ჩვენი „სვისტუნა" - ჯემალ ზეინკლიშვილი ეგრევე მოქეიფეებთან დაჯდა და ნახევარი საათის შემდეგ, როცა თვითმფრინავში ამოვიდა, უკვე კარგა მაგრად შექეიფიანებული იყო. თბილისში რომ ჩამოვედით, ჯემალმა ფეხსაცმელები გაიხადა და ქომაგებს უსახსოვრა.
„ოქროს სეზონი" მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით დავიწყეთ და გავრილ კაჩალინით „დავასრულეთ". ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო. იაკუშინი შედარებით მკაცრი გახლდათ, უფრო მომთხოვნი იყო. „დინამო" 4-2-4 განლაგებაზე მან გადაიყვანა. ასევე მის პლუსად უნდა ჩაითვალოს ფიზმომზადება - ეს კომპონენტი ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა. რაც შეეხება კაჩალინს, ის უფრო მეგობრული იყო, ფეხბურთელებს ოჯახებში გვესტუმრებოდა ხოლმე.
„ოქროს მატჩის" შემდეგ ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა და პრემიებსაც გვაძლევდნენ. მაგალითად, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ 400 მანეთი გადმოგვცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე 400 მანეთით დაგვაჯილდოვა. მახსოვს, მოოქროვილი, 160-მანეთიანი საათები და იმხანად მოდური იაპონური რადიომიმღებიც გვისახსოვრეს.
ედუარდ შევარდნაძე ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. როცა ჩვენ შეგვხვდა, მე მითხრა: „ჩემპიონი ხარ, პარტიის წევრიც გახდი, აბა, შენ იცი, აწი ბურთი უკეთ უნდა დაიჭიროო".
1965 წელს ტიტული ვერ დავიცავით: ჩემპიონობის შემდეგ სეზონისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ - დიდი დრო შევალიეთ სუფრებს და წვეულებებს... ერთ კაი ფილმში რომაა: „გაუთავებელი შეხვედრები და ბანკეტები", ხომ გახსოვთ? ზუსტად ესე იყო ჩვენი ამბავი. რაღაცნაირად, მძიმედ ვთამაშობდით. თან, არ დაგავიწყდეთ მეტოქეების განწყობა - ჩვენთან ყველა გაათმაგებული ენერგიით თამაშობდა - ჩემპიონის დამარცხება ყველას სურდა.
„დინამო" ძალიან მეგობრული გუნდი იყო - ბიჭებს ჩინებული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. თუ მეტოქეებს გავიხსენებ, დადებითად მაგონდება კიეველებთან და მოსკოვის ტორპედოელებთან ურთიერთობა. რაც შეეხება ყველაზე უსიამოვნო მოწინააღმდეგეს, ასეთი, ვფიქრობ, კუიბიშეველები იყვნენ - „კრილია სოვეტოვის" მოთამაშეები ძალიან უხეშები იყვნენ, მეჩვენებოდა, თითქოს ამ კლუბის მცველები მიშა მესხს ცელით დასდევდნენ.
1970 წელს, გუნდიდან წასვლა რომ გადავწყვიტე, ჩვენმა მაშინდელმა მწვრთნელმა და ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა გივი ჩოხელმა მითხრა, შენზე უკეთესს ვერავის ვთხოვ, ერთი კარგი მეკარე უნდა მომიძებნოო. თეიმურაზ სტეფანია ვურჩიე, საოცარი მონაცემების ბიჭი. მას ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ 20 წლისა ავტოავარიას შეეწირა.
ჩემი დადებითი თვისება? სისწრაფე. კარიდან გამოსვლისას, ჩაწოდებაზე თამაშისას ან თავდამსხმელების ფეხებში ჩავარდნის დროს სისწრაფე ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა.
ჩვენ, მეკარეებს ცალკე მწვრთნელი არ გვყავდა, დღეს კი გოლკიპერებს ცალკე ვავარჯიშებთ. მე თუ მკითხავთ, მეკარეების მწვრთნელი ძალიან ყურადღებიანი და კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. თავდამსხმელისგან განსხვავებით, მეკარის შეცდომა გოლიაო, გაგონილი გექნებათ. ამიტომ, კარის დარაჯებთან სხვანაირი ურთიერთობაა საჭირო. ერთი შეცდომის გამო მეკარეს რომ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებ, დიდი შანსია მან თავდაჯერებულობა დაკარგოს. თუ მეკარეს ენდობი, ბოლომდე უნდა ენდო! კითხვის ნიშნები ჩვენს საქმეში უადგილოა. ისე, უნდა ვთქვა, რომ დღეს მეკარეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ დროს. მეკარეთა მწვრთნელები ალბათ, ამიტომაც გახდნენ აუცილებელნი“.