„მახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული–აცვივნული აგური,
უშფოთველი ცხოვრება, წყნარი, როგორც გუგული;
მესმის მოახლოებულ ორთქმავალის გუგუნი“, -ეს ის ლექსია, რომელიც გალაკტიონმა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის სკოლაში, ერთ-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ დაწერა.
იზა ვეფხვაძის თქმისა არ იყოს - „იქნებ და მართლაც ფარცხნალიდან დაიწყო გალაკტიონი“.
ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის და მუზეუმების გაერთიანებით გალაკტიონის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო.
ხარაგაულის რაიონის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა, იზა ვეფხვაძემ მუსიკის თანხლებით მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას ბევრისთვის უცნობი, თუმცა საინტერესო ფაქტები გალაკტიონზე. საღამოზე წარმოდგენილი იქნა ვეფხვაძის წიგნიც, სახელწოდებით - „გალაკტიონის ნატერფალები“.
წიგნი მოგვითხრობს ცხრამეტი წლის პოეტზე, რომელმაც ფარცხნალის სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა, დიმიტრი ხარაძის სახლის ერთ, მოკრძალებულ ოთახში ცხოვრებით დაიწყო.
ტაბიძე წერდა, ხარაძის სახლის, პატარა ოთახის, პაწაწინა სარკმელზე, რომლიდანაც მთელი ფარცხნალის ხედები იშლებოდა.
„ფანჯარა იმ სახლის ის საოცარი ფანჯარა, რომელთა დღეთა სიახლის ჩემ გულში ბევრი რამ დარჩა“, - დაუწერია გალაკტიონს თავის დღიურში.
შესაძლოა ფარცხნალის ბუნების სილამაზე და სიმყუდროვე შთაგონებაც კი იყო პოეტისთვის, ეწერა ისე შესანიშნავად, რომ მომავალში მიზეზი ჰქონოდა ეთქვა - „მე ვხედავ სიზმრებს, არა თქვენებურს“.
საღამოს დასასრულს „საქართველოს პოეტების მეფე“, - როგორც გალაკტიონს მურმან ლებანიძე უწოდებდა, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი და ცნობილი პოეტების ლექსებით გაიხსენეს.
გალაკტიონის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს ფონზე დიდებულად გამოიყურებოდა მუზეუმის კედელზე მიკრული წარწერა - „არ ვიცი ისევ შემიყვარებენ თუ არა. ვიქნები მე საქართველოსთვის იგივე გალაკტიონი, როგორიც ვიყავი ოდესმე“?