პროკურატურამ 4 სასულიერო პირი დაკითხა - წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო

პროკურატურამ 4 სასულიერო პირი დაკითხა - წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სინოდის 16 წევრის დაკითხვას ითხოვდა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შუამდგომლობის საფუძველი იყო საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის ჩვენებები, რომლებშიც მრავლად არიან მოხსენიებული წმინდა სინოდის წევრები. for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა შუამდგომლობაზე უარი დაუსაბუთებლად თქვა.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპალეციო სასამართლოში ასაჩივრებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სააპელაციო სასამართლომაც იგივე პოზიცია დაიჭიროს. როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მართლმსაჯულება არჩევითი წესით არსებობს, რადგან პროკურატურის არც ერთ შუამდგომლობაზე უარი არ უთქვამს სასამართლოს.

„მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდის წევრებს, პირველ რიგში, უნდა აინტერესებდეთ, იმ კითხვებზე გასცენ პასუხი, რაც აინტერესებს საზოგადოებას. შუამდგომლობის საფუძველი იყო შემდგომი გარემოება, რომ საქმეში მოწმეების, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძის ჩვენებაში მრავლად არიან მოხსენებული წმინდა სინოდის წევრები გარკვეულ დაპირისპირებულ ჯგუფებად. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა რამდენად შეეფერება რეალობას ირაკლი მამალაძის ჩვენება და მოვითხოვეთ წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვა.

გარდა ამისა, მამა გიორგი მამალაძეს ჩვენებებში დასახელებული ჰყავს წმინდა სინოდის წევრები და შესაბამისად, ჩვენ როგორც მხარეს, გვიჩნდება ადეკვატური კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ და ეს ყველაფერი რასთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ არ არის რიგითი საქმე, ეს საქმე ეხება საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

საპატრირქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, იურისტის მიერ მითითებული მუხლები, რის საფუძველზეც სინოდის წევრთა საპატრიარქოში გამოკითხვას მოითხოვდნენ, იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, 2018 წლის პირველ იანვრამდე შეჩერებულია. როგორ ქარჩავა ამბობს, ფორმულირება სამართლებრივად არასწორად დაყენებული იყო და აქედან გამომდინარე ეთქვათ უარი.

„დასაბუთებული უნდა იყოს გამოსაკითხი პირის ფაქტობრივი შემხებლობა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან. თუ ეს ფაქტობრივი შემხებლობა არ დასტურდება, ასეთ შემთხვევაში გამოკითხვას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. 23 მღვდელმთავრის დაკითხვის მოთხოვნა, რომლებსაც მამა გიორგის საქმიანობასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, აბსურდულია და ესმახურება შავ პიარს, იმ წამქეზებლებისა და იმ ჯგუფის ინტერესებს, ვინც მამა გიორგი მამალაძე შეცდომაში შეიყვანა.

ერთადერთი, ჩვენ რასაც მივუთითებდით მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს, რომ უშუალოდ ადვოკატს ანუ ადვოკატებს არ ჰქონდათ უფლება, რომ დაეკითხათ ეს სასულიერო პირები. თუ პროკურატურა მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ ამომწურავი და დასაბუთებული ჩვენება მისცენ“, - აცხადებს ედრიშერ ქარჩავა.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე მთავარმა პროკურატურმა უკვე დაკითხა მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე იაკობი, მამა მიქაელ ბოტკოველი და მეუფე თეოდორე (ჭუაძე). პროკურატურაში ჯერჯერობით არ დაკითხულა მეუფე დიმიტრის და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელთა სახელები საქმის მთავარი მოწმის ჩვენებაში ფიგურირებს.

როგორც ედიშერ ქარჩავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, სასულიერო პირები, მათ შორის წმინდა სინოდის წევრებიც მზად არიან პროკურატურას მისცენ ჩვენება, მათთვის საინტერესო შეკითხვებთან დაკავშირებით.

„ეს ადამიანები დაიკითხნენ პროკურატურაში. ყველა მოწმე ვინც ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იკითხება პროკურატურაში, ყველას ადებინებენ გაუთქმელობის ხელწერილს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები შეზღუდული არიან რაიმე ინფორმაცია გაამჟღავნონ ამ საქმესთან მიმართებაში.

თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებას აინტერებდა თუ რა შემხებლობა ჰქონდათ უშუალოდ მამა გიორგისთან, ან რა კუთხით დაასახელა ისინი მამალაძემ. მოგეხსნებათ, ზოგ სასულიერო პიროვნებას ჩანაწერში ასახელებს, ზოგი დაკითხვის პროცესში დაასახელა. სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების მიზნით იქნენ დაბარებული და დასმული იყო შეკითხვა. სხვა არსებითი კავშირი, რაც მიუთითებს ამ პირების რაიმე დანაშაულებრივ კავშირთან, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ.

პატრიარქის პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შეკითხვები საპატრიარქოში მის სამსახურებრივ მოვალეობებს უკავშირდებოდა. საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, რატომ შეიძლებოდა მამა გიორგი მამალაძეს მისი პოზიციის დაკავების სურვილი გასჩენოდა.

„მე როგორც საპატრიარქოს თანამდებობის პირი და ამ შემთხვევაში, როგორც მამალაძის ფარული ჩვენებიდან ირკვევა, მას ჩემი პოზიციის დაკავების სურვილი ჰქონია, აქიდან გამომდინარე, მათ გაუჩნდათ შეკითხვები ჩემს სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, რა სამსახურეობრივი მოვალეობები მეკისრებოდა და რატომ შეიძლებოდა ეს გამხდარიყო მისთვის ამ კარიერული წინსვლის გზაზე სასურველი თანამდებობა. მე ავუხსენი რა მოვალეობებს ვასრულებ. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად უკავშირდება ეს ყველაფერი იმ თემას, რაზეც ის არის დაკავებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა.

რაც შეეხება ციანიდის საკითხს, როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.

„ცინიდთთან დაკავშირევით რა შეკითხვა შეიძლებოდა ჩემთან დაესვათ? ჩვენ პრაქტიკულად არც ვურთიერთობდით იმიტომ, რომ ჩვენ თავის დროზე გვქონდა საკამათო თემები. მე საიდან შეიძლება მცოდნოდა რამე, იმასთან დაკავშირებით მას ციანიდის შეძენა სურდა თუ არა და ა.შ?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოცემულ საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის - ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის.

ამასთან, ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულებისა და შესაბამისი დასკვნების მიღების შემდეგ, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე საქმეზე დასაკითხია არაერთი მოწმე.

საქმეზე ჩასატარებელი ამ და სხვა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადა არ არის საკმარისი. შესაბამისად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე საგამოძიებო და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით - ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. დაკავებული დეკანოზის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, წინასასამართლო სხდომის თარიღის გადადების შესახებ სასამართლოსადმი მიმართვა მოსალოდნელი იყო, რადგან პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები და საგამოძიებო უწყების მხრიდან სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნაც სწორედ ამას უკავშირდება.

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა და „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ვადის გაგრძელებას მოითხოვდნენ. ვერაფრით დაამტკიცებენ იმ ბრალს, რაც წაუყენეს მამა გიორგის. პროკურატურა დროის გაჭიმვას ცდილობს. ეს იცით, როდის ვიცოდი? - ძალიან დიდი ხნის წინ. ნათელია, რომ წაყენებული ბრალდება არის უსაფუძვლო.

რა საჭიროა დროის გაწელვა, როდესაც ასეთი დარწმუნებული იყვნენ და ასეთი აჟიოტაჟი ჰქონდათ, რომ გადაარჩინეს მთელი საქართველო?! - ვეღარ ამტკიცებენ ახლა?! 5 აპრილს სასამართლო პროცესი მაინც გაიმართება, ვინაიდან დაკავებულ დეკანოზს წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადა ეწურება და შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელოს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.