ვინ და როგორ შეიტანა სომხეთის ტერიტორიაზე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი

ვინ და როგორ შეიტანა სომხეთის ტერიტორიაზე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის „იგლა“ გამშვები მილი და რაკეტა 9M39 გუშინ ამოიღეს, რომელიც, უწყების მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიიდან უკანონოდ შეიტანეს. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, დანადგარის ტრანსპორტირება სომხეთის მოქალაქეებმა განახორციელეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეა, დაკავებულია 2 პირი.

პარალელურად, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ყარაბახის ექს-თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი დააკავა, რომელიც ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკთან „ოგანიან-რაფფი-ოსკანიანთან“ თანამშრომლობს. ოფიციალური ერევანი ბაბაიანის დაკავებას და საბრძოლო ტექნიკის კონტრაბანდას დაგეგმილ სამხედრო დაპირისპირებას უკავშირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგეგმებოდა გასული წლის ივლისში განვითარებული მოვლენების მსგავსი სცენარის გამეორება. კერძოდ, პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა.

როგორც სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურში განაცხადეს, „იგლა“კონტრაბანდულად საქართველოდან შეიტანეს. საქმეზე ასევე დაკავებულია 3 ადამიანი. უწყების ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, „იგლა“-ს კონტრაბანდული ტრანსპორტირება მოხდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დანადგარი თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღისთვის ტერიტორიაზე უნდა შეეტნათ.

სომხეთის ტერიტორიაზე გუშინ აღმოჩენილი საზენიტო–სარაკეტო გადასატანი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის გამოსაძიებლად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან. საქართველოს შს მინისტრის განცხადებით, ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი.

„ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ იარაღი საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. სომხური მხარე შეიძლება ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ ამის თაობაზე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ვინ და როგორ შეიტანა სომხეთის ტერიტორიაზე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის „იგლა“ გამშვები მილი და რაკეტა 9M39-ი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილის განცხადებით გამოძიების საკითხია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში ახლა სერიოზული პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობს, არ გამორიცხავს ვერსიას, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომ იგეგმებოდა გასული წლის ივლისში განვითარებული მოვლენების მსგავსი სცენარის გამეორება.

„საუბარია „იგლას“ გასაშვებ კონტეინერზე, რომელშიც რაკეტა დევს. თუმცა, თვითონ გასაშვები მოწყობილობა სავარაუდოდ ზედ არ ყოფილა. ეს ერთჯერადი კონტეინერია, რაშიც საზენიტო რაკეტა იდება, რომლის გასროლის შემდეგ ამ კონტეინერის გადაგდება შეიძლება. ძალიან საშიშია თვითონ ეს გადასატანი საზენიტო კომპლექსები.

ყველა უფრთხის, რომ ის არ მოხდეს ტერორისტების ხელში, რადგან მისი საშუალებით შეიძლება სამგზავრო თვითმფრინავების და შვეულმფრენების დაზიანება, ჩამოგდება, მით უმეტეს აფრენა-დაფრენის პროცესში. ამიტომ, რა თქმა უნდა, სახიფათოა ეს იარაღი.

უშუალოდ ვინ შეიტანა სომხეთის ტერიტორიაზე, ეს გამოძიებას საჭიროებს. სომხეთის სპესამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ თავის ქართველ კოლეგებთან, რომ დაადგინონ რა და როგორ. სიმართლე გითხრათ, საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი აქვს „იგლა“ და აქედან მისი გატანა ეჭვს აღძრავს.

მაშინ როდესაც, თვითონ ყარაბახში და სომხეთში ძველი ომიდან საკმაოდ არის შემორჩენილი როგორც „იგლა“, ასევე „სტრელა“, იქ უფრო ადვილად შეიძლება ამ დანადგარების შოვნა, ვიდრე საქართველოდან მისი შეტანა, მაგრამ ეს გამოძიების საკითხია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილებს სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდათ. ამ საკითხის კავშირი არ აქვს სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის „იგლა“-ს გამშვები მილისა და რაკეტა 9M39-ის ამოღებასთან, გარდა იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ფიგურირებს სომხეთი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ასეთი, ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებისგან. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტურად უაპელაციო განცხადება გააკეთა, რომ თითქოსდა საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

„პოლიტიკურმა ძალებმა შეგვაჩვიეს უაპელაციოდ განცხადებების გაკეთებას, რომლებიც, სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე და მისი მსმენელი არის ჩვენი მოსახლეობის გარდა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც. პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ასეთი, ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებისგან. უკვე წლებია რუსეთს არ მოუთხოვია სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადატანა ჩვენი ქვეყნის გავლით“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით „გაზ 34 039“ ტიპის სამაშველო ტექნიკური საშუალება გადაადგილდებოდა და ეს არ არის სამხედრო ტექნიკა. მისივე თქმით, ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისთვის. შესაბამისად, არ საჭიროებს კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვას.

„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტყუილების პოლიტიკას, შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მოსახლეობა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქმნის აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟს. თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მე მინდა ყველა იმ ადამიანმა, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ კარგად დაიმახსოვროს, რომ მეორედ თავი შეიკავონ ასეთი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებისგან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ეს არის მუხლუხებიანი თოვლჭაობმავალი, გამოიყენება როგორც სატრანსპორტო საშუალება. მისი გამოყენება შეუძლია როგორც სამხედროს, ასევე მეტყევეს და მონადირესაც, ვინაიდან არ გააჩნია არავითარი შეირაღება.

„ამ მანქანებს 1985 წლიდან უშვებს რუსეთი, მისი ყიდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამოირჩევა იმით, რომ აქვს მაღალი გამავლობა. ქვეყნის ტერიტორიის გავლით მისი გადატანისთვის საჭირო არ არის სპეციალური ნებართავა, რადგან ის არ არის საბრძოლო დანიშნულების. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ამისმაგვარი „სენსაცია“ ააგორა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომ თბილისში რუსული სანომრე სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებოდნენ და, რომ თითქოს ეს დესანტი იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნომრები მართლაც რუსული იყო, მაგრამ ეს მანქანა უბრალოდ ვიღაცამ იყიდა და შემოიტანა.

რუსები ყიდიან ამ მანქანებს. როგორც ევროპიდან შემოჰყვათ, ისე ამ ადამიანმაც შემოიყვანა რუსეთიდან ეს მანქანები და ახლაც აყენენია ლილოს ტერიტორაზე, ყიდის. ზოგი ევროპულს ყიდულობს, ზოგი რუსულს, აქაც არ არის რამე დანაშული. უბრალოდ, აქ არის მორიგი ოპოზიციური სვლა, რომ ვნებათაღელვა გამოიწვიონ“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.