„ტერორიზმის საფრთხე რეალურია“

„ტერორიზმის საფრთხე რეალურია“

ISIS-დან მომდინარე საფრთხეები, კოალიციის მიერ წარმოებული ოპერაციები, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრა იმართება, მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს, მათ შორის საქართველო.

საქართველო 2014 წლიდან არის გლობალური კოალიციის წევრი, რომელიც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. კოალიციის მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა, დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. 

„ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა დიდია. ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი როლი მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. 

ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართულია რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის შექმნისკენ. ამ მიმართულებით ვსაუბრობთ ახალ ადმინისტრაციასთან, ანუ საქართველოს ფუნქციაზე უსაფრთხოების კუთხით რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ დიდი ხანია თავისი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც აქტიურია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ამ მხრივ საქართველო ძალიან აქტურად მონაწილეობს სხვადსხვა საერთაშორისო მისიებში.

„ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანის აშშ-თან სტრატეგიული პარტიორობა. თავისთავად გასაგებია, რომ საქართველოს ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობა აქვს, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ახლოს არის რთული ვითარება, მათ შორის სირიაში და ახლო აღმოსავლეთში. ამ თვალსაზრისით ძალიან მაღალია ჩვენი ინტერესი, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამიტომ აქ ჩვენ პირდაპირი ინტერესი გაგვაჩნია და თავისთავად ცხადია, რომ ამ მხრივ აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი არის“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უმრავლესობის წევრი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობით ჩვენს გარშემო არც თუ ისე მშვიდი ვითარებაა, საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, რაც აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით.

„ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში იზრდება ტურიზმი, იზრდება ინვესტიციები და კიდევ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება ჩვენი ქვეყნის მიმართ. რამდენიმე დღის წინ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, რაც ასევე ადასტურებს იმ პოზიტიურ შედეგებს, რასაც ქვეყანამ მიაღწია. 

რა თქმა უნდა, მიუხედავად ამ ყველაფერისა, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს სტაბილური, დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ამდენად, მნიშვნელოვანია ჩართული ვიყოთ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა. 

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი თვლის, რომ სულ მცირე, ორი ფაქტორიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველო ჩაერთოს საერთაშორისო ტეროროზმთან ბრძოლის ღონისძიებებში. მისივე თქმით, საქართველო ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მეგობარი ქვეყნებიდან იღებს ინფორმაციას ტერორისტების გადაადგილების შესახებ, მათ შოორის თურქეთოდან. 

როგორც ალადაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში და სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს წინმსწრები ღონისძიებების გატარება.

„ერთი, რომ ჩვენ ვართ რეგიონი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ტერორისტების ტრანზიტისთვის ჩრდილოეთ კავკასიიდან, რაც ბევრჯერ ყოფილა და ეს საფრთხე რეალურია. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ თვითონ საქართველოს ცალკეული რეგიონი ეთნიკური ნიშნით შეიძლება გახდეს ტეროროსტებისთვის ადამიანური რესურსების მიწოდების წყარო. აი, ეს ორი ფაქტორია, რომელიც, სხვათა შორის, ამერიკაშიც კარგად იციან, ევროპაშიც და ჩვენმა ხელისუფლებამაც იცის. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია არ გავხდეთ პირდაპირ გზაჯვარედინი ტერორისტების მოძრაობის თუ ხეტიალის და თვითონ ჩვენმა მოქალაქეებმა არ შეავსონ ტერორისტების, თუნდაც „ისლამური სახელმწიფოს“, ან სხვა დაჯგუფებათა რიგები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძის განმარტებით საქართველოს ეხება „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეები, გამომდინარე იქიდან, რომ ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო დროს, პირდაპირ ჩაება როგორც თურქეთი, ისე რუსეთი. მისივე თქმით, ამ ქვეყნებთან საქართველოს არაერთხაზოვანი ურთიერთობა აქვს.

„გვინდა არ გვინდა, ჩვენ პირდაპირ გვეხება. ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ძალიან მაღალი ჩართულობის გამო, პრობლემისადმი ჩვენი ინტერესი, რასაკვირველია, ძალიან დიდია. თავისთავად ცხადია, რომ რთული რეგიონია. იმ შემთხვევაში, თუკი რამე შეიცვალა რუსების, ან თურქების პოლიტიკაში, ეს ჩვენზეც მოახდენს ზეგავლენას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი კიდევ უფრო ღრმად შევა ამ კონფლიქტში და რაიმე პრობლემები შეექმნება იგივე ნატოსთან და ამერიკასთან, მათ შორის მოხდება რაიმე სერიოზული დაპირისპირება, რადგან ჩვენ მეზობელი ქვეყანა ვართ, ეს ვითარება პირდაპირ ზეგავალენას მოახდენს ჩვენზე, ვერ ავცდებით რაღაცა გარკვეულ გართულებებს. 

საკითხი არ დგას ისე, რომ ვიღაცა ტერორისტი აიფეთქებს თუ არა თავს, სხვა კუთხით შეგვეხება პრობლემა, როგორიც არის ეკონომიკური პრობლემა და უსაფრთხოების გაუარესება. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ინფორმირებული თუ რამე მონაწილეობის მიღება შეგვიძლია რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენი ორი უმსხვილესი სახელმწიფო თავისი შეიარაღებული ძალებით ჩართულია ამ კონფლიქტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაიასაიას განცხადებით, ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მუშობს ახალ სტარტეგიაზე როგორ დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“, რაც გახდა ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. მისივე თქმით, წინა ადმინისტრაცია ამ პრობლემას სერიოზულად არ უყურებდა, ფორმალურად უდგებოდა საკითხს და შესაბამისად, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ცხადია, რომ უშედეგო აღმოჩნდა.

„კონფერენციაზე, რომელიც ახლა ვასინგტონში იმართება, შემუმშავებული იქნება ახალი ტიპის კოალიცია, უფრო ეფექტური და ქმედითი, სადაც ქვეყნები უფრო რეალუად მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნებიან მხოლოდ ფორმალური მხარეები ამ პროცესის. არაერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, რომ საქართველოსთვის ტერორიზმის საფრთხე რეალურია. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედებს ისლამური სახალიფოს მიძინებული ქსელი, რომელიც როდის გააქტიურდება არავინ იცის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.