ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება

ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება

ქუთაისის ახლად შექმნილ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლების მასობრივი ევთანაზია იგეგმება. როგორც For.ge-სთან საუბარში საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი განმარტავს, ძაღლების დახოცვის მიზნით ააიპ „სპეციალურმა სერვისებმა“ 20 კილოგრამი ინგლისური მარილი შეიძინეს. ამის საპასუხოდ, „სპეციალური სერვისების“ დირექტორი გელა გაგუა აცხადებს, რომ 20 კილოგრამი მარილი არა მხოლოდ ძაღლებისთვის, არამედ მსხვილფეხა საქონლისთვის შეიძინეს.

თემურ ლაჭყეპიანის ბრალდება ამით არ ამოიწურა. ის აცხადებს, რომ ქუთაისის „სპეციალურ სერვისებში“ არა მხოლოდ მაწანწალა ძაღლების მასობრივი ევთანაზია იგეგმება, არამედ ძაღლებს ოპერაციებს სანარკოზე საშუალებების გარეშე უკეთებენ, რაც ცხოველის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას ნიშნავს. სწორედ ამიტომ არ შეიძინეს „სპეციალურმა სერვისებმა“ სანარკოზე საშუალებები. ამდენად, განსხვავება არ არის, ცხოველს ველურ პირობებში მოკლავ, თუ საოპერაციო მაგიდაზე დატანჯავ ან ინგლისური მარილით მოუსპობ სიცოცხლეს.

თემურ ლაჭყეპიანის თქმით, საოპერაციოდ ცხოველის შეყვანა ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპია, წინასანარკოზე საშუალებების მიცემა ცხოველისთვის, რისთვისაც გამოიყენებენ ნოვოკაინსა და სხვა საშუალებებს. ეს იწვევს ცხოველის გათიშვას, ანუ ფიზიკურად ის არ მოძრაობს, მაგრამ ჩვეულებრივად აქვს ტკივილის შეგრძნება. ამიტომ შემდგომ ეტაპზე უკვე ესაჭიროება სანარკოზე საშუალებები, რასაც სურსათის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ნებართვის აღება სჭირდება. ქუთაისის „სპეციალურ სერვისებს“ კი ასეთი ნებართვა აღებული არ აქვთ და, შესაბამისად, არც შეუსყიდიათ სანარკოზე საშუალებები. ეს დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული დოკუმენტებით, ანუ მათ მიერ შესყიდული წამლების სიით.

„თბილისსა და რუსთავში სანარკოზე საშუალებებს სპეციალურ საცავში ინახავენ და მათზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ეს საშუალებები უნდა დარეგისტრირდეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რათა სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ ისინი არ გამოიყენება ნარკოტიკული მოხმარების მიზნით, რადგან ხშირად ამ საშუალებებს იყენებენ ნარკოდამოკიდებული პირები. ჩვენს რეკომენდაციას რომ ითვალისწინებდნენ და უპატრონო ცხოველთა თავშესაფერში ვიზიტის ნებართვას გვრთავდნენ, ასე არ მოხდებოდა. მიზანმიმართულად გვიშლიან ხელს შესვლაზე, რომ არ დავინახოთ რეალობა. რაც შეეხება ინგლისურ მარილს, ნატრიუმის სულფატს, მათ მიერ შეძენილი 20 კილოგრამი ინგლისური მარილი მარტო ქუთაისს კი არა, მთელ საქართველოს ეყოფა. ახლა გვეუბნებიან, ინგლისურ მარილს მხოლოდ ძაღლებს არ ვაძლევთ, მსხვილფეხა პირუტყვისთვის გვჭირდებაო. კანონის თანახმად, მათ მართლაც აქვთ ქუჩაში გასული პირუტყვის-ცხენის, ძროხის, თხის, ცხვარის იზოლირების უფლება, რის შემდეგაც მეპატრონე დაკარგული ცხოველის მოსაძებნად მათ აკითხავს და უხდის ჯარიმას. რა გამოდის? თავშესაფარში მოხვედრილ მსხვილფეხა ცხოველს მკურნალობის კურსს მეპატრონის ნებართვის გარეშე უტარებენ? ვის აქვს უფლება, სხვის პირუტყვს ჩაუტაროს ამ ტიპის მკურნალობა? გარდა ამისა, მედიკამენტების დასახელებები არასწორად უწერიათ. ვითომც შესყიდული აქვთ რამოდენიმე წამალი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს“, - აცხადებს თემურ ლაჭყეპიანი და დარწმუნებულია, რომ ინგლისურ მარილს თავშესაფრის მესვეურნი ძაღლების ევთანაზიისთვის იყენებენ.

შესაბამისად, ცხოველების 80%-ის ევთანაზიის საშუალება მათ უკვე აქვთ. ეს მაშინ, როცა ინგლისური მარილის გამოყენება ევთანაზიის მიზნით დასაშვებია მხოლოდ ევთანაზიის ბოლო ეტაპზე, ანუ მას შემდეგ, რაც ძაღლს გაუკეთდება სანარკოზე საშუალება, სპეციალური მედიკამენტები. ეს საშუალებები კი მათ შესყიდული არ აქვთ. გამოდის, რომ ინგლისური მარილით რამდენიმე წუთის განმავლობაში არაჰუმანურად, სასტიკად კლავენ ძაღლებს, რადგან ინგლისური მარილი ანგრევს ცხოველის ორგანიზმს, იწვევს მის დამბლას.

„არის შემთხვევები, როცა ცხოველი სიკვდილის წინა სტადიაშია, მართლაც დაავადებულია, ტკივილი აქვს და მისთვის დასაშვებია ევთანაზის გაკეთება, მაგრამ ამდენი რაოდენობის შესყიდვა მასობრივ ევთანაზიას ნიშნავს. ეს მხოლოდ ცხოველებისთვის კი არ არის ცუდი, არამედ ადამიანებისთვისაც. გახსოვთ, ალბათ, ერთი პერიოდი თბილისშიც ველური მეთოდებით ხოცავდნენ ძაღლებს, მაგრამ მეზობელი სოფლებიდან შემოსული ძაღლების ხარჯზე მეორე დღესვე ივსებოდა მათი რაოდენობა. ახლად შემოსული ძაღლები მათ ადგილს იკავებდნენ. ამიტომ, როცა დააძინებ და მოკლავ ყველა ძაღლს, მერე სხვა ძაღლები შემოვლენ და ამით პრობლემა არ მოგვარდება. შესაბამისად, აუცილებელია სტერილიზებული ძაღლების უკან დაბრუნება, მათ მიმართ ჰუმანური მიდგომა, რადგან კონკრეტულ ადგილს შეჩვეული ძაღლი იმ ტერიტორიაზე სხვა ძაღლს აღარ უშვებს, იცავს რა იმ ტერიტორიას. ქუთაისში ახლაც არის რამდენიმე ათეული სტერილიზებული ძაღლი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს საჩვენებლადაა, რომ დაარწმუნონ სტუმრები ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობაში. რა გამოდის, მარტო ას ძაღლს ასტერილებ და ასი ძაღლის დასტერილება 5 ათასი ლარი ღირს? მაშინ რისთვის ხარჯავენ ნახევარ მილიონს?“

აგრარული უნივერსიტეტის მთავარი ვეტექიმი მარიამ ჩხიკვიშვილი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ 20 კილოგრამი ინგლისური მარილი მართლაც ძალიან ბევრი ძაღლის დასაძინებელი, ანუ მოსაკლავი რაოდენობაა და სადღაც 500-დან 800 ძაღლზე შეიძლება განაწილდეს. ის ფაქტი კი, რომ თურმე ძროხებისთვის სდომებიათ ინგლისური მარილი, ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ძროხას ძალიან დიდი რაოდენობით ინგლისური მარილი სჭირდება.

„უცნაურია, რისთვის სჭირდება მუნიციპალურ თავშესაფარს, რომელიც კონფისკაციას უკეთებს გარეთ გასულ ძროხებს, სხვისი ძროხისთვის კუჭის აშლა? თუ ეს მართლა ძროხებისთვისაა განკუთვნილი, მაშინ მომაკვდავი ძაღლების ევთანაზიისთვის რაღაა განკუთვნილი? წინასანარკოზე საშუალებებს რაც შეეხება, ისინი ოპერაციებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან წინამორბედი პრეპარატები მხოლოდ ცხოველის მოდუნებისა და საოპერაციოდ შეყვანისთვის გამოიყენება. ცხოველის ოპერაციისთვის კი არანაირად საკმარისი არ არის. მით უმეტეს, საუბარია სტერილიზაციაზე. საკვერცხეების ამოჭრა კი ღრმა ნარკოზშიც მტკივნეულია“, - აღნიშნა მარიამ ჩხიკვიშვილმა.