„სპეცსამსახურის წარმატებული მუშაობა არასოდეს ჩანს, მისი წარუმატებლობა უმალ თვალასჩინო ხდება“

„სპეცსამსახურის წარმატებული მუშაობა არასოდეს ჩანს, მისი წარუმატებლობა უმალ თვალასჩინო ხდება“

გაზრდილი ტერორისტული საფრთხის პარალელურად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ პროპაგანდის ტაქტიკა შეცვალა. დაჯგუფება ცდილობს ისლამისტური უტოპიიდან უფრო საომარ იდეოლოგიაზე გადაერთოს. ჯგუფი ცდილობს უცხოელი მებრძოლების გადაბირებას, მაგრამ - განსხვავებული მიდგომით. ის მებრძოლებს „ჰიჯრას“, სირიასა და ერაყში ჩასვლას არ სთხოვს, არამედ მოუწოდებს შინ დარჩნენ და თავდასხმები სხვადსხვა მეთოდებით იქვე მოაწყონ.

სწორედ ახალი ტაქტიკა გამოიყენეს ტერორისტებმა მიუნხენში და ბერლინში, როდესაც საშობაო ბაზარზე შევარდნილმა სატვირთო მანქანამ 12 ადამიანი იმსხვერპლა. ანალოგიური ხელწერით მოხდა ტერაქტი ნიცაშიც და ახლა უკვე ლონდონში. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ის პოლიციელია, რომელიც ტერორისმა დანით დაჭრა. ლონდონის ტერაქტი გასული წლის ბრიუსელის ტერაქტის თარიღს დაემთხვა, რომელზეც პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სკოტლანდ იარდის განცხადებით, პირი, რომელმაც გუშინ ტერაქტი განახორციელა, მარტო მოქმედებდა. სკოტლანდ იარდში აღნიშნავენ, რომ ახალი ტერორისტული აქტების საფრთხე არ არის. ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ექვს მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა და შვიდი პირი დააკავა. ასევე ცნობილია, რომ ტერაქტის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქეა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა თავდამსხმელი მეორეხარისხოვანი პირი იყო, რომელიც ცნობილი იყო ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობდა სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი ტერაქტის ჩადენას აპირებდა.

„რისი დადასტურებაც შემიძლია, ის არის, რომ თავდამსხმელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, აქ დაბადებული, და რამდენიმე წლის წინ კონტრდაზვერვის სამსახური MI5 მასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებდა. მისი ვინაობა ცნობილია პოლიციისა და სპეცსამსახურებისთვის და როდესაც ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება, მისი ვინაობა საჯარო გახდება“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, ტერორიზმი ლონდონელებს ვერ შეაშინებს. მისი თქმით, ლონდონის ქუჩებზე დამატებით პოლიციელები იქნებიან განთავსებულნი, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.

„ლონდონი მსოფლიოს დიადი ქალაქია და ჩვენ ერთად ვდგავართ მათ წინაშე, ვისაც სურს ზიანი მოგვაყენოს. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები, რომ არ შეშინდნენ. ტერორიზმი ვერ შეაშინებს ლონდონელებს“, - აღნიშნა სადიქ ხანმა.

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი და საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის მარინ ლე პენის განცხადებით, ლონდონში მომხდარი ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა კონტროლის დაწესება ეროვნულ საზღვრებზე და რადიკალიზებული უცხოელების გაყრა. ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ევროპას ჯერ საზღვრების გახსნით დაემუქრა, შემდეგ კი - წმინდა ომით.

მაშ ასე, ევროპის მთავარი გამოწვევა ისევ ტერორიზმია. ტერორიზმი მთავარ გამოწვევად რჩება მეზობელი თურქეთისთვის. გახშირებული ტერორისტული აქტების მიუხედავად, საერთაშორისო რეიტინგებით საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში, ასევე ეროპის მასშტაბით, რაც ანალიტიკოსების შეფასებით ქართული სპეცსამსახურების უხილავი შრომის შედეგია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ ძალინ ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხო და დაცული მსგავსი საფრთხეებისგან. შესაბამისად სესიაშვილი თვლის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებისგან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უაპელაციოდ ხდება უშიშრობის სამსახურების დისკრედიტაცია, რისი მცდელობა არერთხელ ჰქონიათ.

„რაც მიუღებლია ჩვენი ქვეყნისთვის და საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ეს ადამიანები მართლაც დღე და ღამე დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და უსაფრთხო. დაცულობა მართლაც სერიოზული წარმატებაა ამ პატარა ქვეყნისთვის, რომლის გარშემო ძალიან სერიოზული საფრთხეები არსებობს.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან და განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორ ნატოს წევრ ქვეყნებთან, რომ ჩვენი უსაფრთხოება განვამტკიცოთ.ზოგადად საფრთხეები არსებობს, თუმცა, პირდაპირი საფრთხეების ნიშნები არ არის.

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა, მათ შორის პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, იმდენად რამდენადაც, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობიანობა გარანტია იმისა, რომ შემოვიდეს მეტი ინვესტიციები და ტურისტები. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, რომ გაუფრთხილდნენ ამ მნიშვნელოვან ღირებულებებს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც დეტუტატი აცხადებს, ამ ფონზე აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო პრეზიდენტის ვეტო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით. სესიაშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა და მასთან ასოცირებული პარტიები ხშირად უაპელაციოდ ახდენენ ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციას.

„ვწუხვარ, რომ რიგ შემთხვევებში პრეზიდენტი, თუ სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობის პირები პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. რიგ შემთხვევებში პოლიტიკურად მოტივირებულ მიდგომებს უჭერენ მხარს, მათ შორის ამ შემთხვევაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ ლიბერალური მიდგომები დავიკავეთ, ჩვენ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური კრიტიკა მივიღეთ, რაც მიმანიშებს იმაზე, რომ ან არ აქვთ სწორად გააზრებული ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნებლობა, ან არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აწყობდეთ სუსტი ძალოვანი უწყებები, რაც არაერთხელ გამოჩნდა მათი განცხადებების საფუძველზე, როცა უსაფუძვლოდ ხდება უსაფრთხოების სამსახურების კრიტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

ექსპერტის უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძის განმარტებით, არავითარი ბალანსი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის არ არსებობს, ეს არის კოლიზია. ანუ, როდესაც უფრო მაღალ დონეზე დადგება უსაფრთხოების საკითხი, მაშინ საჭირო არის შესაბამისი სტრუქტურების გაძლიერება შესაბამისი კანონმდებლობით. როდესაც ეს საფრთხეები მოიხსენება, მაშინ ავტომატურად დგება დღის წესრიგში, რომ გაძლიერდეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.

„მთავარი ის არ არის გისმენენ შენ თუ არა. მთავარია, პირადი მიზნებისთვის არ იქნას გამოყენებული ასეთი მოსმენა. ანუ არა-უსაფრთხოების კონტექსტში არ მოხდეს მისი გამოყენება. ეს არის მთავარი და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების აზრს ვერ ვხედავ. რაც შეეხება არასამთავროებს, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ კანონს ფარული მიყურადების შესახებ, ისინი თავიანთი პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებენ, მათ არ აინტერესებთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, არც არავინ არ თხოვს მათ უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას ქვეყანაში“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.

რაც შეეხება ტერორისტული საფრთხეების კვალდაკვალ ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობას, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ საქართველო ამ კუთხით თანამშრომლობს აშშ-ის, ევროპის ძირითად ქვეყნების და თურქეთის სპეცსამსახურებთან. მისივე თქმით, ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა.

„სასაზღვრო სეგმენტში პოლიცია მუშაობს კარგად, დეტალურად კონტროლდება შემომსვლელი და გამსვლელი, საზღვრები დაცულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენზე, როგორც სახელმწიფოზე, იგივე ამ „ისლამური სახელმწიფოდან“ არ არის დიდი ზეწოლა. ესეც მნიშვნელოვანი მომენტია.

მათთვის პირველი რიგის მტრები არიან შემდეგი ქვეყნები - ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, ბრიუსელი, თურქეთი. შეიძლება ეს მდგომარება შეიცვალოს, ან გართულდეს, ან კიდევ უკეთესი გახდეს. ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები იმ ფონზე, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებს სერიოზულად ავიწროებენ ერაყში და სირიაში. ეს ხალხი გადის ევროპაში, ამიტომ, საფრთხე მატულობს და უფრო მოიმატებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველო ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მეგობარი ქვეყნებიდან იღებს ინფორმაციას ტერორისტების გადაადგილების შესახებ, მათ შორის - თურქეთიდან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტიორია და ბუნებრვია ამ სფეროშიც ვთანამშრობლობთ.

„არ არსებობს მეგობარი სპეცსამსახურები, არსებობენ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები, რომლებიც იმ ინფორმაციას აგაზვნიან, რომელიც მათ აწყობთ. ანუ, ყოველთვის რაღაც რჩება საიდუმლო და მით უმეტეს თურქეთის დღევანდელი ხელმძღავნელობა ცოტა უცნაურად იქცევა. მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს ბოლომდე არ გაანდობს თუნდაც საქართველოს, მით უმეტეს, რომ ევროპის ქვეყნებთან აქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა. ყველა ქვეყნის სპეცასამსახური ყოველთვის იტოვებს ძირითად ინფორმაციას, რომელსაც არ ამჟღავნებს.

სპეცსამსახურის წარმატებული მუშაობა არასოდეს არ ჩანს, მისი წარუმატებლობა უმალ თვალასჩინო ხდება. ანუ, ჩავარდნა ჩანს. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ თუ მოხდა რამე გამოწვევა, ამ ეტაპზე ჩვენი სპეცსამსახურები მზად არიან მაქსიმალურად აგვაცილონ საფრთხე. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ეტაპზე არ არის ტერორისტული გეგმის და მოქმედების ეპიცენტრში.

ტერორისტებს ყოველთვის უნდათ მაქსიმალური რეზონანსი და ასეთ ადგილას აწყობენ ტერაქტებს. საქართველო მათ პირდაპირ მოწინააღმდეგედ არ აღიქმება, მაგრამ აქ ჩვენი სპეცსამსახურები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური მისიების, ან სხვადასხვა უცხოური დაწესებულების დაცვის თვალსაზრისით. აი, ამ მიმართულებით არის საფიქრალი და კოორდინაცია შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტაგ მაისაია აცხადებს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები საკმაოდ წარმატებულად აგვარებენ დაბალი დონის საფრთხეებს, მაგრამ არის სხვა მაღალი დონის საფრთხეები, რომელზეც აუცილებია სისტემური მიდგომა, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არის კონტრტერორისტული დეპარტამენტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული სტრუტურაა, ვიდრე სხვა სტრუქტურები ამავე სისტემაში. ამ სამსახურის დამსახურებაა ის, რომ შედარებით სტაბილური სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო მიმართულებით ავითარებს.

სისტემა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ გამოვრიცხოთ ყველანაირი შემდგომი საფრთხეების განვითარება ქვეყანაში. დაბალი დონის საფრთხეებს ვაგვარებთ და საკმაოდ წარმატებით, მაგრამ არის კიდევ სხვა, მაღალი დონის საფრთხეების ელემეტები, რომელზეც აუცილებია სისტემური მიდგომა, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებების განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა საერთაშორისო დონის ტერორისტებთან, ამის მიუხედავად, კონტრტერორისტული მიმართულებით უფრო მეტი წარმატება გვაქვს, ვიდრე სხვა მიმართულებით და ეს ფაქტია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.