ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წილი მასწავლებელებსა და მათ პროფესიულ განვითარებაზე მოდის. ამაზე ქვეყანაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ზრუნავს, რომელიც 2016 წლამდე მასწავლებლებს ცენტრალიზებულად სთავაზობდა პროფესიული განვითარების პროგრამებსა და ტრენინგებს. წელს ცენტრის პრიორიტეტებმა ცვლილებები განიცადა. მასში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პროფესიული განვითარების პროგრამების დეცენტრალიზაციის პროცესს, რომელიც მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას მოიაზრებს, რაც ბევრად უფრო სრულყოფს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ამ სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ For.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ესაუბრა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დონე ბევრჯერ გამხდარა განსჯის საგანი. 2016 წელს საგნის გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგთა 83%-მა მინიმალური კომპეტენცის ზღვარი ვერ გადალახა, იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა 2015 წელს ჩატარებულ პედაგოგთა გამოცდაზეც. ამ ხარვეზს რით ახსნით?
- ეს პრობლემა ორ დღეში არ დაგროვილა. ეს გახლავთ მრავალწლიანი ხარვეზი. პრობლემა პრობლემას ემატებოდა და მივიღეთ ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. მასწავლებლების კომპეტენციასთან დაკავშირებით ძირითადი ხარვეზია ის, რომ პედაგოგთა დიდ ნაწილს შესაბამისი აკადემიური ცოდნა არ გააჩნია. ამდენად, თუ არ აქვთ საგნის აკადემიური ცოდნის ბაზისი, ვერანაირი ტრენინგით ვერ აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ერთადერთი გზა მათთვის, ვისაც აკლია აკადემიური ცოდნა ამ მიმართულებით, არის ის, რომ დაუბრუნდნენ უმაღლეს სასწავლებლებს და შეივსონ ეს ცოდნა. ამისთვის სიახლეები უკვე არსებობს სისტემაში, არის ე.წ. ახლად დაფუძნებული 60-კრედიტიანი კურსი უმაღლესებში, რომელთაც შეუძლიათ დაუბრუნდნენ პედაგოგები.
მაგრამ ეს თქვენს ბაზაზე არ ხორციელდება.
- არა, ეს აკადემიურ ბაზაზეა. ჩვენი ცენტრი აკადემიურ ცოდნას ვერ მისცემს, რადგან ეს ჩვენს ფუნქციაში არ შედის. ჩვენს ფუნქციაში არ შედის, ასევე, რეპეტიტორის მომსახურება გავუწიოთ მასწავლებელს და მოვამზადოთ იგი საგამოცდო ტესტების შესავსებად. ჩვენი ფუნქციაა პროფესიული განვითარება, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული ცოდნის ბაზისზე ჩვენ ვხვეწთ და ვაშენებთ დამატებით ცოდნას. ამასთან, პედაგოგებს ვასწავლით, თუ როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა პრაქტიკაში.
რაც არ უნდა სრულფასოვანი იყოს პედაგოგი, მაინც საჭიროებს თქვენს ჩარევას?
- რა თქმა უნდა, პედაგოგის პროფესიას, ექიმის პროფესიის მსგავსად, პერმანენტულად სჭირდება სიახლეების გაცნობა, გადამზადება. თვითონ პედაგოგიკის პროცესი ისეთია, რომ შენც შენს მოსწავლეებთან ერთად სწავლობ.
წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროფესიული განვითარების პროგრამების დეცენტრალიზაციის პროცესს, რომელიც მასწავლებებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას გულისხმობს. რა მინუსებს ხედავდით ცენტრალიზაციაში და რატომ მიანიჭეთ უპირატესობა დეცენტრალიზაციის პროცესს?
- ორივე მიდგომას, როგორც ცენტრალიზებულს, ასევე, დეცენტრალიზებულს, თავისი მინუსები და პლუსები აქვს. ჩვენ როცა გავაანალიზეთ მთლიანად ის პერიოდი, რაც ამ სისტემას აქვს გამოვლილი, ავწონეთ უარყოფითი და დადებითი მხარეები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია, დეცენტრალიზაციის გზით ხარისხის ამაღლება. ამიტომაც გვინდა, რომ ეს სისტემა გამრავალფეროვნდეს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ადამიანური და სხვა რესურსები მწირად გვაქვს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც დღესდღეობით ამ სფეროშია. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან საინტერესო პროფესიული განვითარების პროგრამებს ახორციელებენ, ისინი უნდა შემოვიდნენ ამ ველში და მათაც მიეცეთ საშუალება, შესთავაზონ პედაგოგებს თავიანთი პროდუქცია. ჩვენ ვეცდებით ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ პედაგოგებს პროფესიული განვითარების კურსების მიმართულებით, ხოლო პედაგოგებმა აირჩიონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული სერვისები.
თქვენ ამბობთ, რომ ამ ველში ხარისხიანი მიმწოდებლები უნდა შემოვიდნენ. აქამდე რატომ არ ხდებოდა მათი შემოსვლა ამ სივრცეში, განგებ ბლოკავდნენ, თუ არ ესმოდათ, რომ უკეთესი არჩევანი უნდა შეეთავაზებინათ პედაგოგებისთვის?
- მე ამას ვაბრალებ განათლების სფეროს არასტაბილურ პოლიტიკას. საერთოდ, ქართველებს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა გვიყვარს. ამ რამდენიმე წლის წინ დეცენტრალიზაციის მცდელობა იყო. გარკვეულწილად, ეს განხორციელდა კიდეც, ე.წ. ვაუჩერული სისტემა შემოიღეს. შემდეგ შეიცვალა სისტემის ხელმძღვანელობა და ვიღაცამ ერთპიროვნულად ჩათვალა, რომ ეს არ იყო კარგი. შესაბამისად, ამ სისტემის რადიკალური ცენტრალიზება მოხდა და დღესდღეობით ეს ინსტიტუტი ერთადერთი მონოპოლისტი ორგანიზაციაა ბაზარზე, რომელიც პედაგოგებს ამ სერვისებს სთავაზობს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცენტრის პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, რადგან ვიცი, როგორი პროფესიონალები მუშაობენ აქ და ვინ ქმნის პროდუქციას. თუმცა ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთება გვსურს. გვინდა, განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეთ და მრავალფეროვნებით კიდევ უფრო გავზარდოთ პროფესიული განვითარების ხარისხი. ამ პროცესში შეიძლება ჩაერთონ თავისთავად უმაღლესი სასწავლებლები, საგნობრივი ასოციაციები, მასწავლებელთა ასოციაციები, რომლებიც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ იმ საჭიროებებზე, რომელიც თითოეული საგნის პედაგოგს აქვს. ასევე, ველით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც ამ მიმართულებით დიდი ხანია მოღვაწეობენ და საინტერესო პროდუქციაც აქვთ. გარდა ამისა, თვითონ წამყვან სკოლებსაც შეეძლებათ გამოცდილების გაზიარება სხვა სკოლებისთვის. თუნდაც რეგიონის, მაღალმთიანი რაიონის სკოლებისთვის. წამყვან სკოლებს შეუძლიათ პროფესიული განვითარების კურსების ან ტრენინგების ჩატარება. თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას ყოველნაირად ხელს შევუწყობთ.
როგორც ვიცი, თქვენი ცენტრი არა მხოლოდ დედაქალაქში ეპატიჟება პედაგოგებს, არამედ რეგიონებშიც გადიხართ.
- დიახ, ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობთ, პედაგოგების საცხოვრებელ ადგილებს მივუახლოვდეთ. შეიძლება, ეს არ იყოს უშუალოდ მათი სოფელი ან მათი სახლი, მაგრამ რეგიონის მასშტაბით მაინც ვახერხებთ გასვლას, რომ პედაგოგებს არ დასჭირდეთ თბილისში ჩამოსვლა. ტრენერებს ადგილზე ვაგზავნით, წინათ კი პედაგოგები თბილისში ჩამოდიოდნენ.
თვითონ ტრენერთა კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ვინ ამოწმებს? რამდენად სანდოა ტრენერი, რომელსაც პედაგოგების ბედს ანდობთ?
- იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ცენტრის კონტრაქტორები არიან, გავლილი აქვთ ინტენსიური შერჩევითი ეტაპი, გავლილი აქვთ ტრენერთა სკოლა, რომელსაც ჩვენი ცენტრი ახორციელებს. ისინი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან. ფაქტობრივად, საუკეთესონი არიან ქვეყანაში.
თქვენ უკვე დაიწყეთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია. ცალკეული ორგანიზაციები თუ გამოგეხმაურნენ?
- ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რეგისტრაცია და ეს იქნება წინაპირობა ჩვენს პროგრამებში მათი მონაწილეობისთვის. გვინდა, შევისწავლოთ ის ორგანიზაციები, ვისაც ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი გააჩნია. ყურადღებას მივაქცევთ მათ გამოცდილებას, მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებს, მათ ტრენერებს და ამაზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არ ნიშნავს, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციები ვერ მიიღებენ მონაწილეობას სერვისის მოწოდებაში. პირიქით, რაც შეიძლება მეტი საგნობრივი ასოციაციის დაფუძნებას შევუწყობთ ხელს, რადგან ბევრ საგანში არ გვაქვს ასოციაცია, რაც გასაკვირი და სამწუხაროა. მათი განვითარებისთვის გრანტებსაც გავცემთ. ბოლო პერიოდში ჩვენ მოგვენიჭა გრანტების გაცემის უფლება და ამ უფლებას გამოვიყენებთ, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ სერვისებისა და პროვაიდერების შერჩევის პროცესში.
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების 60 ათასამდე პედაგოგია. ძალიან რთულია, ყველა მათგანის გემოვნებას, კვალიფიკაციას მოერგოთ. თუ არსებობს მზა რეცეპტი, რომ ნებისმიერ პედაგოგამდე მიიტანოთ სათქმელი?
- მზა რეცეპტი ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაშია, რომელიც, რაც შეიძლება, ფართო არჩევანს შესთავაზებს პედაგოგებს. თუ არის მოთხოვნა, შესაბამისი მიწოდებაც უნდა იყოს. ამას დაარეგულირებს ბაზარი, რომელიც დეცენტრალიზაციის კვალდაკვალ უნდა ჩამოყალიბდეს. ვერც ერთი მონოპოლისტი ორგანიზაცია მაღალმთიანი რაიონის შორეულ სოფელში მცხოვრები თითოეული მასწავლებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ეს ძალზე შრომატევადი პროცესია. ამიტომ ჩვენი ფუნქციაა ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც პედაგოგებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას შევთავაზებთ. იმედი გვაქვს, ამ მოკლე პერიოდში პოლიტიკა რადიკალურად კიდევ არ შეიცვლება და საშუალება მოგვეცემა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად დავნერგოთ საქართველოში ამ სერვისების განვითარება.