„დასავლეთი გვითვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო, მაგრამ რუსეთი ამდენ დროს გვაძლევს?!“

„დასავლეთი გვითვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო, მაგრამ რუსეთი ამდენ დროს გვაძლევს?!“

„პუტინმა მკაფიო მესიჯი მიიღო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტი არაა“, - ასე ეხმაურება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოდის ძალა, რომელიც პრაქტიკულად არ საუბრობს და არაფერს აკეთებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოსაგვარებლად, როცა პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებულია ეს თემა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სათავისოდ. ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა კატასტროფულად გვაშორებს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას და უკანასკნელ შედეგებსაც გვაკარგვინებს.

„რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ჩემს მიერ დაწყებული საქმე რომ გაგრძელებულიყო, დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთან მიმართებით პოზიტიური რეალობა გვექნებოდა“, - მიიჩნევს ბურჯანაძე.

დაივიწყეს თუ არა ქართველებმა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და რა მესიჯი მიიღო პუტინმა საქართველოსგან? რით აიხსნება ერთმანეთის მიყოლებით აფხაზეთში საზენიტო- სარაკეტო დანადგარების შეტანის, სამხედრო ძალების ზრდის გადაწყვეტილება, ან კიდევ ცხინვალის რეგიონის ცალკე დანაყოფების რუსული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეყვანის გეგმა? რამდენად უკავშირდება რუსეთის გაღიზიანება შავი ზღვის რეგიონში ნატოს გააქტიურებას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტი აღარაა, რაც სოციალური პირობებით აიხსნება. პირველ ადგილზეა ჩვენი ხალხის მატერიალური გასაჭირი და უკვე მეორე-მესამე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ელემენტარულად, ყველაფერს განსაზღვრავს ყოფითი პირობები, არავის უნდა, რაღაც იდეის გამო შიმშილით მოკვდეს. ერთია, ბრძოლაში მოკვდეს ადამიანი და შეაკვდეს მტერს და მეორეა, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა. სწორედ ამ არასწორი პოლიტიკის გამო არავინ აპირებს შიმშილითა და უმუშევრობით სიკვდილს.

„ეს ყველა ხელისუფლების ჭირია, განსაკუთრებით, ტოტალიტარულ რეჟიმებში არწმუნებენ ხალხს, თითქოს ისინი კარგად ცხოვრობენ. ახლანდელი ხელისუფლებაც ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ სოციალური პირობები შესაშურია. გუშინ ვუსმენდი ბათუმელ „მეოცნებეს“, რომელმაც ისეთი იდილია დახატა, კაცს შეშურდებოდა. თურმე 5%-იანი მატებაა ეკონომიკაში, 50 ათასი სამუშაო ადგილი შექმნილა. არადა, სწორედ ბათუმელები არიან გაცოფებულები და ამბობენ, რაც მიშას დროს იყო, იგივეა, ანუ შიმშილი, უმუშევრობა. ხალხი ევროპაში სამუშაოს შოვნის შანსს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ოფიციალურად იკრძალება. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ტეროტორიული მთლიანობა ნომერ პირველი პრიორიტეტი აღარ იყოს?! თვითონ ჩვენი ხელისუფლებისთვის არის კი ნომერ პირველი პრიორიტეტი საქართველოს მთლიანობის აღდგენა?“ - აინტერესებს სოსო ცინცაძეს და შეკითხვის საპასუხოდ, დროებითი ზავის ფონზე პერიოდულად რატომ გვსჯის რუსეთი, განმარტავს, რომ რუსეთი არასოდეს შეეგუება შავ ზღვაში ნატოს შემოსვლას.

პოლიტოლოგის განმარტებით, რასაკვირველია, ჩვენი მიზანია ნატოში ინტეგრაცია, მაგრამ ცაიტნოტში ვართ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, 10-15-20 წელი ველოდოთ, როდის მიგვიღებს ნატო. სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სწორად შენიშნა ჩვენთან ჩამოსულმა უნგრეთის მინისტრმა, მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომო?! მართლაც, მეტი რა უნდა გააკეთოს ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც ავღანეთში 800 ჯარისკაცი ჰყავს წაყვანილი და, თუკი სადმე საჭიროა ცოცხალი ძალა, მზად ვართ ყველაფრისთვის. ამის საპასუხოდ კი გვეუბნებიან, ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო, მაგრამ ამ ბევრის გასაკეთებელ დროს რუსეთი იძლევა?

ამას ემატება ისიც, რომ ბოლო ხანებში რუსეთს ნატოსგან მკვეთრი განცხადებები არ გაუგია. რუსეთი უყურებს იმასაც, რომ ვერ იქნა და ვერ მოვიდა ტრამპი ჭკუაზე ნატოსთან დაკავშირებით. მართალია, ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი აღარ ამბობს, ნატო მოძველდა და უნდა დაიშალოსო, მაგრამ უარეს პირობებს აყენებს და, თუ ფულს არ დაუბრუნებენ, გაეროდან გასვლით იმუქრება. სოსო ცინცაძის აზრით, კიდევ ჩვენი ბედია, რომ რუსეთი თურქეთს არ გააჭაჭანებს შავ ზღვაში, აჭარაში. ეს ჩვენი სიყვარულით კი არ მოსდის, არამედ იმითაც, რომ თურქეთი მაინც ნატოს წევრია. ამიტომ თურქეთის მხრიდან ღია აგრესია გამორიცხულია და აქ უფრო საშიშია ე.წ. რბილი ძალის, ისლამიზაციის საფრთხე.

„რუსეთი იმიტომ გვსჯის, რომ მას არა მხოლოდ ტრამპმა, არამედ, როგორც ჩანს, „ოცნებამაც“ არ გაუმართლა იმედები. მე არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა პუტინს, შეიძლება, კრემლში ფიქრობდნენ, სააკაშვილი წავა, მოვა სააკაშვილის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც შეცვლის სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. თანაც, აქედან კეთდებოდა არადიპლომატიური განცხადებები, რომ საქართველო არ უნდა იქცეს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭების ფაქტორად. როგორც გინდათ, ისე გაიგებთ ამ არადიპლომატიურ განცხადებას. ჩვენ სხვანაირად გვესმოდა, პუტინმა გაიგო ისე, როგორც აწყობდა, მაგრამ მოტყუვდა ამაში. უკვე ხუთი წელი გავიდა, რაც „ოცნებაა“ ხელისუფლებაში და პუტინს არავითარი სერიოზული დათმობა არ მიუღია. სწორედ ეს არის პუტინის გაღიზიანების მიზეზი.

არც იმას გამოვრიცხავ, ოფიციალურად რაღაც რეფერენდუმივით ჩაატარონ რუსებმა და ცხინვალის რეგიონი მიიერთონ. თავის დროზე ჩვენში არავის სჯეროდა, რომ რუსეთი აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკებს. ამბობდნენ, ეს გამორიცხულია, რადგან აქეთ ჩეჩნეთი აქვს რუსეთს, იქით - დაღესტანი, როგორ აღიარებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, ეს ხომ მისთვის ცუდი მაგალითი იქნებაო?! მაგრამ მშვენივრად აღიარა რუსეთმა. ახლაც, ალბათ, ცხინვალის რეგიონის მიერთებას დაიწყებს. რას იზამს დასავლეთი? ომს დაუწყებს? არაფერსაც არ იზამს, რუსეთს სანქციები ისედაც აქვს.

რაც შეეხება აფხაზეთს, რუსეთი ამ ტერიტორიას არ მიიერთებს. აფხაზეთი სულ სხვაა და ძალიან დიდი განსხვავებაა აფხაზი ხალხის ამბიციებიდან გამომდინარე. ოსებმა კი ჯერ კიდევ 20-იან წლებში პირველსავე რესპუბლიკის დროს ხელად რუსებზე აიღეს კურსი და მათ ეხმარებოდნენ. ოსებს ერთი რამ მაინც ესმით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ არის სიცოცხლისუნარიანი წარმონაქმნი. გინდაც, მთელმა მსოფლიომ აღიაროს, დამოუკიდებლად მაინც ვერ იარსებებს. აფხაზებს კი მაინც რაღაცის იმედი აქვთ.“

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს მიმართ რუსეთის მორიგ გაღიზიანებას შავ ზღვაში ნატოს გააქტიურებას ნაკლებად უკავშირებს. მისი აზრით, აფხაზეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსება კიდევ შეიძლება კავშირში იყოს შავ ზღვასთან, მაგრამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ თიბილოვთან შეხვედრა არანაირ კავშირში არ არის ნატოს გააქტიურებასთან შავ ზღვაში.

„ცხინვალის რეგიონში რუსეთმა რაც არ უნდა გააკეთოს, ამას შავ ზღვასთან მიმართებით არანაირი გავლენა არ ექნება. უბრალოდ, რუსები გეგმაზომიერად მიჰყვებიან დასახულ სტრატეგიას, რაც ჩვენი ტერიტორიების თანდათანობით ანექსიას ისახავს მიზნად. კრემლში ჩათვალეს, რომ საქართველოსთან პრობლემა მოაგვარეს, საქართველო მათ პრობლემებს აღარ უქმნის, ამიტომ მშვიდად და წყანარად ჩვენი ტერიტორიის ანექსია მიმდინარეობს.

პუტინმა ჩვენგან მიიღო მესიჯი, რომ ქართველებს გაცილებით მეტად უღირთ რუსი ტურისტები, ვიდრე სხვა რაღაცები. თუ მისაერთებელია, ცხინვალის რეგიონს უფრო მარტივად მიიერთებს რუსეთი, მაგრამ არა მგონია, ეს პროცესი კრემლმა მალევე დაიწყოს, მაინც რაღაცას დაელოდებიან. აფხაზეთს კი ვერ მიიერთებენ, რადგან იქ რეფერენდუმი არ ჩატარებულა და აფხაზებს სულაც არ სურთ რუსეთთან მიერთება. რაც არ უნდა ილუზორული იყოს აფხაზების დამოუკიდებლობა, მაინც დამოუკიდებლობა ურჩევნიათ. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, საინტერესოა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა რეცეპტი აქვს ამ ადამიანს?“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში და გამოსავალს რუსებისთვის პრობლემების შექმნაში ხედავს.

მისი თქმით, ჩვენ რუსებს პრობლემებს არ ვუქმნით, პირიქით, ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს საოკუპაციო ხაზთან, იტაცებენ მოსახლეობას, გვიკლავენ ადამიანებს. ამაზე არ ვპასუხობთ, რის გამოც რუსები ფიქრობენ, რომ ქართველები ყველაფერს მარტივად ყლაპავენ.

ამიტომ, თორნიკე შარაშენიძის აზრით, რუსეთთან მოლაპარაკება კარგია, არსებული ფორმატებიც ნორმალურია, მაგრამ მათ უნდა დავანახოთ, რომ ყველაფერს რუს ტურისტებზე არ გავყიდით.