პატრიარქის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს

პატრიარქის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს

„ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები“, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საპატრიარქოში სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა, უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეხვედრაზე პატრიარქმა 2014 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა, როცა ვლადიმერ პუტინს უთხრა: „საქართველო ვერასდროს შეეგუება ტერიტორიის წართმევას, ამიტომ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც ეს პრობლემა გადაწყდება“ - რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოსავალს ვერ ხედავდა.

„გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა“, - განაცხადა პატრიაქრმა

სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე პატრიარქმა აღნიშნა, რომ იგი 11 წელი იყო აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, თუმცა დღესაც არ აქვს შესაძლებლობა აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია.

დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას“, - განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ინარა მურნიეცემ პატრიარქს მიმართა, რომ როდესაც საუბრობს საქართველოს ოკუპაციის შესახებ, მას ყველა უსმენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენთან ვიმყოფებით. მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს გული დევს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და ბევრ ბედნიერ დღეს და ამავეს ვუსურვებ მთელს საქართველოს. თქვენი როლი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია. საერთოდ, საქართველოს ეკლესიის როლი არის განუზომლად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის აერთიანებს მთელს ქვეყანას და თან წინ მიუძღვება მომავლისაკენ.

როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში. არის უამრავი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად არის მეგობრული სულისკვეთება. ჩვენც, სპიკერებიც დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში და შევეცდებით ვიფიქროთ იმის თაობაზე, როგორ დავეხმაროთ შემდგომ საქართველოს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეისთვის ეს გაყინული კონფლიქტები კიდევ აწუხებს საქართველოს“, - განაცხადა ინარა მურნიეცემ.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ერთ-ერთია, რომელიც 2014 წლის აგვისტოს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში. პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ იცის, რომ პატრიარქმა ძალიან მწვავედ დააყენა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის საკითხი და ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები ადამიანების შევიწროების საკითხი.

„მახსოვს ამ საუბრის შინაარსი, პუტინმა თქვა, რომ გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ მოხდა ის, რაც მოხდა 2008 წელს. ეს არის კრემლის ოფიციალური პოზიცია და თუ ატყობთ ამ პოზიციას ფეხს არ უცვლის რუსული პოლიტიკური ინსტებლიშმენტი. თუმცა, მე ვიცი, რომ სხვა შეხვედრებზე პატრიარქი მუდმივად, მხოლოდ სხვადასხვა კონტექსტში აყენებს ამ საკითხს.

ერთ-ერთი კი გახლავთ ის, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, თვითონ რუსეთისთვის იქნება ძალიან პრობლემატური, რაშიც აბსოლუტურად მართალია პატრიარქი. ახლაც ეტყობა, რომ ეს პრობლემები ნელ-ნელა გროვდება. პრობლემები არა მხოლოდ ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხვდება რუსეთს, არამედ ჩრიდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ბევრმა პრობლემამ წამოყო თავი ზუსტად იმის გამო, რომ მოსკოვი ასე მოიქცა 2008 წელს და აღიარა ეს ორი რეგიონი“, - აცხადებს for.ge სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

არეშიძე ფიქრობს, რომ პატრიარქის ეს განცხადება განკუთვნილი იყო არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გარე მოხმარებისთვისაც. კერძოდ, ისევ გარკვეული გზავნილი გაიგზავნა მოსკოვში, თუმცა ფიქრობს, რომ პატრიარქის გზავნილს განსაკუთრებული პოზიტიური შედეგები არ მოჰყვება.

„კარგია ასეთი ტიპის გზავნილები. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთმა ა-ო ჩაატარა კვლევა, რომლის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობისთვის პრიორიტეტული არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ კვლევის შედეგებს აქტიურად იყენებენ რუსები, შეიძლება ითქვას, რომ ამით აპელირებენ. ვფიქრობ, პატრიაქრი ინფორმირებულია ამ კვლევის შესახებ და სწორედ ამას უკავშირდება მისი განცხადება“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია ამბობს, რომ ამ სიტუაციაში, რასაც ხელისუფლება და პატრიარქო ავალენს, არასაკმარისი ქმედებებია.

„ჯერჯერობით ვაღიაროთ ის პრობლემები, რაც აფხაზურ საზოგადოებას გააჩნია. ამ პრობლემების დანახვა და მისი გაზიარება ჩვენს საზოგადოებას ძალიან უჭირს. ამიტომ, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ქმედებას, გარდა რიტორიკისა, რომელსაც უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათის დანიშნულება აქვს, ვიდრე რეალურად საქმის კეთების. მე მგონია, რომ ჯერ ჩვენმა საპატრიაქრომ უნდა დაიმსახურობს აფხაზური საზოგადოების ნდობა, რომელიც მან დაკარგა, აი, ამის მერე შეიძლება ასეთ განცხადებას რაღაცა რეალური გამოხმაუარება ჰქონდეს“, - ამბობს ზურაბ შენგელია.

მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქომ ვერ მოიპოვა აფხაზური საზოგადოების ნდობა, რაც ძალიან ცუდია.

„ომის პერიოდში საპატრიარქოს განცხადება იყო, რომ ქართველების მკვლელი აფხაზები შავ წიგნში უნდა შევიტანოთ და ანათემას გადავცეთო. აფხაზები სულ იმას ამბობდნენ, როგორ ჩვენ თქვენი მრველი არ ვართო. იმის მერე ნაბიჯი არ გადადგმულა, არც განარტება არ ყოფილა. ძალიან კარგია, რაც პატრირქმა დღეს თქვა, მაგრამ ძალიან მწყინს, რომ ეს უფრო პოლიტიკური და ზედაპირული სურვილია, ვიდრე რეალურად დაახლოების. აფხაზებთან ურთიერთობაში აყველა დიდი იარაღი ჩვენი ერთმორწმუნეობაა, რომელიც არის საპატრიაქოს ხელში. კარგია, რომ პატრიარქმა ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს? ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ შენგელიამ