„პრეზიდენტი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან და ყველა სხვაზე ხდება დამოკიდებული“

„პრეზიდენტი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან და ყველა სხვაზე ხდება დამოკიდებული“

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს დღეს ვეტო დაადო. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება. პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი უნდა მიუდგეს საქმიანად, რადგან ე.წ. მოსმენების საკითხზე მისი მოდელი უმრავლესობის მიერ შემუშავებულ მოდელზე უკეთესია.

თუმცა, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება უმარველესობა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ზედმეტად ხშირად ხდება, რამაც საზოგადოების თვალში ამ ვეტოს ცოტათი ფასი დაუკარგა. ამავე პოზიციას იზიარებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და თვლის, რომ პრეზიდენტმა თავად გახადა ვეტო ქილიკის საფუძველი.

რატომ სწორედ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას და იმკვიდრებს თუ არა ოპოზიციურ ფალანგზე ადგილს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ეს არ არის პირველი ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა და პარლამეტმა დაძლია. საერთო ჯამში ექვსჯერ გამოიყენა პრეზიდნეტმა ვეტო, რაც ფაქტიურად, ქილიკის საფუძველი. როგორ ფიქრობთ, რატომ გააუფასურა პრეზიდენტმა ვეტოს დანიშნულება, როდესაც იცის, რომ პარლამენტი მას დაძლევს?

რამაზ საყვრელიძე: მართლაც, ფაქტიურად, პრეზიდენტმა იმ კონდიციამდე მიიყვნა ვეტოს თემა, რომ იგი ქილიკის საფუძველი გახდა. გულდასაწყვეტია, ახალგაზრდა კაცია და თან პრინციპში, პოლიტიკური ამბიციები აქვს და ამ პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, ალბათ, სასურველი იქნებოდა, მგრძნობიარე ყოფილიყო იმის მიმართ, რა ნაბიჯებს რა შედეგი მოჰყვება. ერთ-ერთი შედეგი გახდა ის, რომ ვეტო ღიმილის მომგვრელი გახდა. ამ მხრივ ვამბობ გულდასაწყევტია, რადგან პოლიტიკაში ღიმილი ყველაზე საშინელი რამეა. თუკი შენს ინიციატივაზე იღიმებიან და მით უმეტეს, შენს პოლიტიკურ საქმიანობაზე, ამას ჯობია, რომ გიპირისპირდებოდნენ და გეჩხუბებოდნენ.

რატომ მიიყვანა გიორგი მარგველაშვილმა პროცესები ამ მდგომარეობამდე, როდესაც მისი ინიციატივა თუ ქმედება ქილიკის საფუძველი ხდება საზოგადოებაში?

- პრეზიდეტს უნდა, რომ სულ იყოს აქტიური და პარადოქსული შედეგი მიიღო იმ მხრივ, რომ პრეზიდენტის ვეტოთი აქტიურობამ, თავად მისი აქტიურობის ფასი დაკარგა. რაც შეეხება მოსმენების კანონს, საზოგადოება არ დგას იგივე პოზიციაზე, რაზეც არასამთავროები და პრეზიდენტი. საზოგადეობას არ აქვს ის პოზიცია, რომ სახელმწიფომ არ უნდა გააკონტროლოს მოსმენები და ხშირად იძახიან, რომ ნუ ექნებათ ისეთი პირადი ცხოვრება, რომ შანტაჟი იყოს შესაძლებელი და აღარ იქნება მაშინ პრობლემაო.

არის ამაში ლოგიკა?

- რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელთაც გრანტი არ აქვთ მიღებული რაღაცის ლობირებაში, იმის მოთხოვნილება აქვთ, რომ დაცულ ქვეყანაში იცხოვრონ და არ აწუხებდეთ მათ მოუსმენენ თუ არა. იმიტომ, რომ მოსასმენი მართლა არაფერი აქვთ.

გასაგებია, რომ პრეზიდენტი არ ენდობა სუს-, რადგან ძალოვანი სტრუქტურაა და მაინც დაკავშირებულია უკანონო მოსმენებთან, მაგრამ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, არსებობს პარლამენტი, რომელმაც მიიღო ეს კანონი. ამ ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტი არ ენდობა არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და არც საქართველოს პარლამენტს?

- პრინციპში, პრეზიდენტს რომ უთხრათ არ ენდობიო, შეიძლება გაუკვირდეს და გითხრათ, მე რა შუაში ვარო. იმიტომ, რომ ანალოგიური თემატიკა პრეზიდენტიდან ხომ არ მოდის. საკითხებზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ინიციატივა სხვადასხვა მხარისგან მოდის. კერძოდ, არასამთავრობო სექტორიდან და ოპოზიციიდან. პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით არც ერთი ვეტო არ გამოუყენებია. ყოველთვის, რაღაცა დონეზე ანგარიშსს უწევს ხოლმე მისთვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ჯგუფების დამოკიდებულებას.

რაც თავისთავად სხვა პრობლემას აჩენს?

- რა თქმა უნდა, და ამიტომაც აღვნიშნე სინანულით, რომ იმ სულისკვეთებას, რაც პრეზიდენტს აქვს, რომ იყოს დამოუკიდებელი, აი, ამ ტიპის პოლიტიკით ჩრდილს აყენებს. პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი, ის ცდილობს იყოს დამოუკიდებელი მხოლოდ არსებული ხელისუფლებისგან და გამოდის, რომ ყველა სხვა დანარჩენზე ხდება დამოკიდებული.

მოდით, შევხედოთ პრეზიდენტს მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ფიგურას და პიროვნებას გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც საკმაოდ წინ წაიწია პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით - პრეზიდენტი გახდა, მაგრამ არის ტიპიური პოლიტიკოსი. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, გვაქვს რეიტინგის მოპოვების გარკვეული პოლიტიკური სტილი. ადამიანები, როცა თვითონ არ არიან ხელისუფლებაში, პოლიტიკური რეიტინგის მოპოვებას ძირითადად ოპოზიციონერობით ცდილობენ. მაგალითად, რესპუბლიკელები როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, სულ სხვანაირად ლაპარაკობდნენ, მაგრამ როგორც კი აღმოჩნდნენ ხელისუფლების გარეთ, სასწრაფოდ დაიწყეს ხელისუფლების კრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ თვითონ იყვნენ იმ ხელისუფლებაში. სხვანაირად მათ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციონერობა ვერ წარმოუდგენიათ.

იგივე რესპუბლიკელებში მსჯელობის საგანი იყო საკითხი, როგორ გავიდეთ პოლიტიკურ ასპარეზზე ისე, რომ არ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, მაგრამ ვერ შეძლეს...

- გეთანხმებით, ეს სირთულე ჰქონდათ. არ აკრიტიკო ხელისუფლება, ეს გაუგებარი რამ არის ქართულ პოლიტიკაში და არა მარტო ქართულში. ოპოზიციის პათოსი ყველაგან არის ხელისუფლების კრიტიკა. სხვა ძალიან ქმედითი ნაბიჯი საიმისოდ, რომ ადგილი მოიპოვო პოლიტიკაში, ჯერჯერობით არ გამოგონილა. იშვიათია იმ ტიპის პოლიტიკური აქტივობა, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკა არ ახლავს თან.

რახან პოლიტიკურ პრესპექტივაზე დაფიქსირდა მარგველაშვილი და პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის სურვილი გამოთქვა, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ აიძულა დაიკავოს იმის საწინააღმდეგო პოზიცია, რაც ხელისუფლებას აქვს. მაგარველაშვილის თვალსაზრისით, სხვანაირად, პრაქტიკულად, შეუძლებელია პოლიტიკური კარიერის შექმნა. ასე რომ, პრეზიდენტი ჯიბრში კი არ უდგას ხელისუფლებას, არამედ, როგორც მომავალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფუგურა, ეძებეს თავის ადგილს და ამ ძიებაში უდგას ჯიბრში ხელისუფლებას.

ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამგვარმა ოპოზიციურობამ არსი დაკარგა, აქედან გამოდინარე რა შანსი აქვს მარგველაშვილს?

- გეთანხმებით. ხელისუფლების კრიტიკოსი ბევრი იყო, მაგრამ არჩევნებში ხმები მათ ვერ მიიღეს. ასე რომ, მარგველაშვილსაც და სხვებსაც მოუწევთ უფრო რთული გზების პოვნა იმისათვის, რომ გავლენიან ოპოზიციად იქცნენ. საზოგადოება ოპოზიციის მიმართ დიდი ნდობით არ არის განმსჭვალული და კრიტიკულია. ამას თუ არ გაუწიეს ანგარიში იმ პოლიტიკოსებმა, რომელთაც ქართულ პოლიტიკაში სურთ შემოსვლა, ავტომატურად მარტო იმ დროშით მისვლა მოსახლეობასთან, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა და ხმა მე მომეცითო, ვფიქრობ, რომ არაეფექტური მეთოდი იქნება.

ამ ნაწილში საინტერესოა დავით უსუფაშვილის პოზიცია, დაანონსების მიუხედავად, უსუფაშვილის გაზაფხული გადაიდო. არსებული ინფორმაციით, უსუფაშვილმა ვერ შეძლო გუნდის შექმნა და ასევე, არსებული ინფორმაციით კონსულტაციებს მართვას პრეზიდენტთან. თქვენ რას უკავშირებთ უსუფაშვილის საგაზაფხულო პაუზას?

- ალბათ, მოლოდინი მარტო არ შველის საქმეს. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარებოდა იმაში, რომ უსუფაშვილი შექმნიდა პარტიას. ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი, გამოჩნდება ახალი პოლიტიკური პარტია, მაგრამ ვხედავთ, რომ არ ჩნდება ეს პოლიტიკური პარტია. ისეთი პოლიტიკური დეფიციტის ფონზე, ახალი პარტიები არ იქმნება. ვფიქრობ, იგივე სირთულეების გამო ვერ ქმნის უსუფაშვილი ახალ პარტიას. კერძოდ, ახალი პარატიები არ იქმნება იმიტომ, რომ უკვე ძალიან ძნელია ახალი პროგრამის გამოყენება და რაც მთავარია, ადამიანების პოვნა. ეს ყველაფერი ძნელია. აღარაც ადამიანები არიან საკმარისი რაოდენობით, არც ახალი იდეები არის, ყველა იძახის ერთი და იგივეს, რომ მოვდივართ ევროპისკენ, გვინდა ნატოში, მაგრამ ახალს არავინ სთავაზობს ამომრჩეველს.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოსული იყვნენ ესპანელები, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგს აწარმოებდნენ, რამდენიმე ექსპერტი, როგორც ქართული პოლიტიკური სინამდვილის მცოდნე, ვეხმარებოდით. გვკითხეს, რატომ არის ასეთი სიტუაცია, პარტიების პროგრამებს რომ გავეცანით, ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობსო? როგორ ახერხებს თქვენი ამომრჩეველი განსხვავევას პოლიტიკოსებს შორისო?

აბსოლუტურად სწორია, რომ ვერ ახერხებს ამომრჩეველი პლატფორმებს შორის განსხვავევას, იმიტომ დაიწყეს პოლიტიკოსებმა გვარების მიწერა პარტიებზე. ჩვენთან ხომ პარატიას, პარტია არ ჰქვია - „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“, „ბურჯანაძე- დემოკრატები“ და ა.შ. გვარებით ვაპელირებთ, რომ ცნობადი გავხდეთ, რადგან პლატფორმით ცნობადი პარტიები არ არიან. ამიტომ, უსუფაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, სიძნელეებს აწყდება პარტიის შექმნაში.

ქართულ სინამდვილეში ძნელია პროგრამით იყო ცნობადი და არა პერსონებით. თუმცა, ვხედავთ, რომ პერსონებიც აღარ არის, გამოილია, აი, ამ პირობებში ძალიან ძნელი შესაქმნელია პარატია. ამიტომ, მეეჭვება ახალი პარტიის ეფექტურობა, თუკი მას არ ექნება რაიმე პრინციპული სიახლე, მეეჭვება, რომ ისინი ეფექტური იყვნენ დღევანდელი ამომრჩევლისთვის.