ლევან ანჯაფარიძე: „მთავარია მივიდეთ საზღვრამდე, რომელსაც ფინიში კი არა, SOS ქვია...“

ლევან ანჯაფარიძე: „მთავარია მივიდეთ საზღვრამდე, რომელსაც ფინიში კი არა, SOS ქვია...“

[ნანა მაისაშვილი]

შერონ სტოუნი ჩამოვიდა, სტოუნი წავიდა... სტოუნმა ფეხსაცმელები 26 მაისს დაღვრილ ქართველთა სისხლზე არ დასვარა, ის სისხლი იმ ხალიჩამ შეისრუტა, რომელზედაც სტოუნთან ერთად, გაურკვეველი წარმოშობის მსახიობებმა თუ მსახიობის თანმხლებმა პირებმა გაიარეს... ქართული ელიტა აღფრთოვანებულია! სტოუნის გვერდით დაჯდომისათვის პარლამენტარმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა. გია თორთლაძე განაწყენებული დარჩა, ჩვენ რა დავაშავეთ, პრემიერაზე რატომ არ დაგვიძახესო.

26 მაისის სისხლი ჯერ წვიმამ გადარეცხა, შემდეგ სტოუნმა გადაფარა, ყვავილების ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა... რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ისტერიული აჟიოტაჟი არც ერთ რეჟისორს არ გაუპროტესტებია.

პრესაგე.ტვ გთავაზობთ ინტერვიუს რეჟისორ ლევან ანჯაფარიძესთან:

- სავსებით ბუნებრივია ის აჟიოტაჟი, რაც სტოუნის საქართველოში ჩამოსვლას მოყვა, მითუმეტეს, იმ ქვეყნის პრეზიდენტის ფონზე, რომელზედაც ხან რას ლაპარაკობენ და ხან - რას, მაგრამ 26 მაისის შემდეგ, თუ ასე ფიანდაზად კი არა, აქანდაზად შეიძლებოდა გაგებოდნენ ფეხებში, თუნდაც შერონ სტოუნს, არ მეგონა, ვერც წარმოვიდგენდი.

ვიაც ქალები ახლდათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ვერც ერთი ვერ ამოიცნეს და კინოსამყაროდან არ იყვნენ?

- არ ვიცი, ვერც ერთი ვერ ვიცანი. ისე კარგად დასაჩუქრებული კი გაუშვეს ყველა და... ამათთვის სტოუნის თანმხლები პირებიც ვარსკვლავები არიან. სადაც არ უნდა მიიწვიო სტოუნი, ახლა მითუმეტეს, ასაკის მატებასთან ერთად, მისი ცენზი მცირდება, ამიტომ, ყველგან წავა და ჰონორარს აიღებს - რას კარგავს? სააკაშვილს სწორედ ეს აჟიოტაჟი ჭირდებოდა ახლა, ოღონდაც მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ 26 მაისს საქართველოში არაფერი მომხდარა საგანგაშო და ტყავს არ გაიძრობდა? მითუმეტეს, ტყავი სხვას გააძრო და სტოუნს „ფეშქაშად“ 2 მილიონი გაატანა თან, სამაგიეროდ საქველმოქმედო „პურ-მარილზე“ მილიონ ნახევარი შემოვიდაო, აცხადებენ.

როგორ შეაფასებდი თავად ფილმს?

ფილმი არ მინახავს, მე იმ ელიტას არ წარმოვადგენ, რომელიც პრემიერაზე ბრძანდებოდა, მივიდოდი თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ არც არავის მივუწვევივარ. იქ ვინც მოხვდა, ყველა ეგრეთ წოდებული „ნაყოფიაა“. ფილმი „ვნახე“ მხოლოდ სარეკლამო რგოლებით, რომლითაც დავასკვენი, რომ ეს არის დაბალი ხარისხის ბოევიკი. იქ ერთი ეპიზოდია, ბომბი ვარდება, რუსებს ისეთი ბომბი მართლაც, რომ ჩამოეგდოთ, გორი კი არა თბილისი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა.

თუ რეალობაზე იღებ ფილმს სპეცეფექტები რა შუაშია? რამეს გაძლევს ეს? ყველაზე მთავარი,  სააკაშვილი მიწაზე რომ ხოხავს ფილმს ის ეპიზოდი აკლია. ნუ, ახლა ეს გასაგებიცაა, აბა ნაყოფია თავისი პრეზიდენტის საწინააღმდეგო ფილმს ხომ არ დაუკვეთავდა?

ფული ბაბაია, ფული... ამ ქვეყანაში მთავარია ფული და ვაზელინი. დიდ ფულს ჯახანიც შეუძლია გაადინოს. ზოგს ვაზელინი არც ჭირდება, თავს აქვს უკვე ისეთი ფორმა მიღებული პირდაპირ მიექანება... ეს ნაყოფია ვარდოსნების თანამედროვე ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, თურმე შერონ სტოუნის გვერდით იჯდა და... რაღაც პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. კაცო, ეს ნაყოფია კვარციტის გენერალური დირექტორი თუ რაღაც ამდაგვარი არ იყო? ყბადაღებული რუსული ისტერიიდან სულ მესმოდა, რომ გენერალოვთან იყო ეს კაცი კავშირში... რა გამოდის? ერთი ბრიაშკაა ხომ, ნაყოფია-რუსეთი, რუსეთი-ნაყოფია...

თუ რუსეთიდან ჩამოსული უბრალო ქართველი არ შეიძლება სადმე დასაქმდეს, აქაოდა მტრის ქვეყანაში ცხოვრობდიო, ეს ნაყოფია პორნო-ვარსკვლავია თუ რა? რა გამოდის რუსეთ-საქართველოს ომზე რუსეთს აღებინებ კინოს? ფილმში ნაყოფიას ფულია თუ არა ჩადებული მე არ ვიცი, მაგრამ რომ ამბობენ ნაყოფიას ფული ჩაიდოო, რა გამოდის? ვინაა ეს ნაყოფია? რა დამსახურება აქვს ერის წინაშე იმის გარდა რომ 20 ათასი გადაიხადა სტოუნის გვერდით ჯდომაში?

მაშინ, როდესაც ჰოლივუდურ მდარე ხარისხის ფილმს ასეთი პომპეზურობით წარმოგვიდგენენ, ბევრი ნიჭიერი რეჟისორი სახლში ზის და შეიძლება ითქვას, დევნიან. იმაზეც საუბრობენ, რომ პოლიტიკამ კინემატოგრაფიაშიც ღრმად გაიდგა ფესვები...

- მე არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ის მაინც მოვახერხე, რომ დამოუკიდებლად მოვიპოვე ფული და გადავიღე ფილმები: „არის ასეთი ქვეყანა“, „მას საქართველო ქვია“, „პატარა ჯალათი“, „ორმაგი სახე“. სხბვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი მინდა გითხრათ. ნაციონალური სინამდვილე ჩემს ყველა ფილმს ბლოკავს, ერთადერთი, რომელსაც აჩვენებენ „ორმაგი სახეა“. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა დადო ჩემთან კონტრაქტი, რომლის თანახმად, სამი თვის განმავლობაში უნდა ეჩვენებინათ ფილმი. 1 ივნისს გავიდა ეს სამი თვე და ფილმი არ აჩვენეს. კონტრაქტის მიხედვით, მე ამ პერიოდში ფილმს სხვა ტელევიზიას თუ მივცემდი, უნდა გადამეხადა ოთხმაგი ჯარიმა. ამ შემთხვევაში, „რუსთავი-2“-მა დაარღვია კონტრაქტი.

ახლა მე გეკითხებით თქვენ, მაქვს თუ არა უფლება ოთხმაგი ჯარიმა უკვე მე მოვითხოვო? მაგრამ, ალბათ, ტელეკომპანია ფიქრობს რომ არ ვიჩივლებ...

 ანუ არ უჩივლებთ?

- მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ამიტომ ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი კონტრაქტი რომ არ დამერღვია. გავიდა დრო და დაირღვა კონტრაქტი... მე ამ ფილმის დაბლოკვას ვუკავშირებ 21-26 მაისის და არა მარტო ამ აქციებზე ჩემს გამოჩენას.  თქვენ იცით, რომ მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ, მაგრამ ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც ჩემი ქართველობა გამოხატავს პროტესტს. ალბათ, ეს ფილმიც აკრძალეს ისე, როგორც თავის დროზე „არის ასეთი ქვეყანა“, „მას საქართველო ქვია“ და „პატარა ჯალათი“.

იყო პერიოდი როცა არავინ უშვებდა ამ ფილმს. მე მიტინგებზე ღია ცის ქვეშ ვაჩვენებდი ფილმებს, ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ხარისხიანი პრემიერა... არა და, არცერთი ფილმი პოლიტიკური მოტივით არ გადამიღია, ყველა ფილმში ჩემი ხალხის ტკივილი დავაფიქსირე. სააკაშვილმა და მისმა ხროვამ თავი იცნეს და დაბლოკეს ფილმები. ამის შემდეგ ვცადე თავად გამეტანა სხვა ქვეყნებში ფილმები.

საქართველოში აკრძალულმა ფილმმა „არის ასეთი ქვეყანა“, სტალკერი აიღო ორჯერ. მე არც ვამბობდი ამას, მაგრამ ამასწინათ მოსკოვში მომიწია ჩასვლა. ბიძაჩემი გიორგი დანელია მოსკოვშია და მასთან ვიყავი. როცა შენ, შენი ხელისუფლება გბლოკავს, ხელოვანი კაცი ხარ და თვითრეალიზაციის გზებს ეძებ. ყველგან ვეძებ ამ გზებს, როცა ჩავედი და  ვთქვი, რომ ორგზის სტალკერის მფლობელი ვიყავი, რეაქცია უნდა გენახათ... შერცხვებოდა შერონ სტოუნს თბილისში გაფენილ წითელ ხალიჩაზე გავლა. იქ აღიარეს ის, რისთვისაც ვიდევნები საქართველოში.

თავისუფლად შემეძლო მოსკოვში დავრჩენილიყავი და გადამეღო აგვისტოს ომზე ფილმი, მაგრამ... ყოველ შემთხვევაში, მე რომ იქ გადამეღო ეს ფილმი, არ მგონია იმდენად დიდი ზიანი მიმეყენებინა საქართველოსთვის, რამდენიც ამ „აგვისტოს 5 დღემ“ მოუტანა ახლა საქართველოს. ამ ფილმში არ ჩანს არაფერი ქართული, არც სული, არც სიტყვა, არც ცრემლი, არც განცდა. ერთადერთი სპეცეფექტებია მიმზიდველი, რაშიც ამერიკელები მხეცები არიან და ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ ვერ მოვუგებთ.

სადაა ფილმში ქართული გული, ქართული ფიქრი, განცდა, გადაძახილი, სიყვარული, ყველაფერი დაკარგულია. რამდენიმე ადამიანი მიმაჩნია კინომცოდნედ, ერთ-ერთი მათგანი არის გიორგი გვახარია, არა აქვს მნიშვნელობა ჩემს მის მიმართ დამოკიდებულებას, მაგრამ კაცმა ზუსტი ანალიზი დადო, ფილმი უვარგისია და ნაყოფიას განცხადება - ვისაც ეს ფილმი არ მოეწონება ქვეყნის მოღალატეაო, ცოტა არ იყოს მუქარად აღიქმება - სააკაშვილის მუქარად, რომელიც ნაყოფიამ გაახმოვანა.

როგორც ვიცი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ომი ახალი დამთავრებული იყო, აგვისტოს ომზე სცენარს წერდი, რა ბედი ეწია სცენაარს?

- ეჰ... ეს სცენარი სცენარად დარჩა, ისე როგორც აფხაზეთთან დაკავშირებული სცენარი „ციცინათელები“. მე არავინ მომცა უფლება და საშუალება სცენარი ფილმად გადაქცეულიყო. 50 მილიონი დაჯდა „აგვისტოს 5 დღეო“ - ამბობენ, 1 მილიონი მოეცათ და გეუბნებით გაცილებით რეზონანსული იქნებოდა ლევან ანჯაფარიძის გადაღებული ფილმი აგვისტოს ომზე, ვიდრე ეს მარაზმია, რასაც ახლა შედევრად ასაღებენ. ეს იქნებოდა რეალობა და არა სპეცეფექტები...

 რა სახელწოდების უნდა ყოფილიყო ფილმი?

- „დათვის აჩრდილი“, ფანტასტიური სცენარია. მე ერთ რაღაცას მივხვდი, ამათ ეროვნული რეჟისორების გადაღებული ფილმები არ აწყობთ, რეჟისორი კი არა ქართველი თამადა არ მოწონთ, ამათ „ვანო მაგარია“ და „მიშა მაგარია“ ურჩევნიათ მრავალჟამიერს... ეს ჩვენი უბედურებაა.

 როგორ არჩევენ ნაციონალები სცენარისტებს და რეჟისორებს?

- ნუ დამაკონკრეტებინებთ... არ მინდა ამ თემას შევეხო. რას და როგორ იღებენ თქვენც კარგად ხედავთ და წაიკითხეთ ტიტრები, მიხვდებით ვისთვისაა კარი ღია და რატომ... დღეს თუ ნიჭიერი ხარ და არ აპროტესტებ, რაც გარშემო ხდება, მაშინ ფილმს გადაიღებ... მე ჯერ კაცი ვარ და მერე შემოქმედი, მე მტკივა ჩემი ქვეყანა. რაც ნაციონალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, არა ერთხელ ვნახე სიზმარი – ფილმს ვიღებდი! გამეღვიძება და ვამბობ, კარგი ფილმი იყო! დღეს საქართველო საგიჟეთს გავს, რომელსაც მკვლელები მართავენ, მკვლელები, რომლებიც ნიჭს, ქართველობას და ყველაფერს ქართულს კლავენ.

სულ მეგონა, როგორც იქნა გამოვედით და გადავაგდეთ რუსული ბორკილები, მაგრამ რა აღმოჩნდა? თურმე, ქართველ კაცს თავისუფლად ყოფნის არანაირი სურვილი არა აქვს. გამოვძვერით თუ არა რუსეთიდან, შევძვერით ამერიკაში. ვისაც გინდა ეწყინოს, ჩემთვის ყველაფერი კარგი მისაღებია, ამერიკულიც, რუსულიც, მაგრამ დღეს საქართველო, ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც ელოდება ამერიკის ელჩის ნებართვას აქციის დარბევა-არდარბევის შესახებ, ასეთი ქვეყანა დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე ლაპარაკობდეს სირცხვილია.

დღეს ჩემი ქვეყანა არ არის თავისუფალი. ამერიკული პოლიტიკის სახე კი ასეთია, მკვლელზე მეუბნებიან, რომ ის არის კაცთმოყვარე და დემოკრატიის შუქურა. როგორ გამოხრეს ეს ერთი ციცქნა ქვეყანა, როგორ ჭამენ საქართველოს, რომელსაც ჩვენდა საბედნიეროდ ჯერ კიდევ შეუძლია ფეხზე დგომა, ახლა მთავარია მივიდეთ საზღვრამდე, რომელსაც ფინიში კი არა, SOS ქვია...