უცხო საზომი

უცხო საზომი

ამბობენ, რომ შესაძლოა, არც არსებობდეს სხვა მეხსიერება, ტკივილის მეხსიერების გარდა. მას შემდეგ, რაც ცნობიერებამ ისწავლა აუთენტურად გამოხატოს თავი კულტურის ენაზე, ტკივილის კომუნიკაციის ხარისხი განისაზღვრა იმ ნაქსოვით, რომელსაც შეუძლია  ადამიანი დაიცვას ხელმეორე სასიკვდილო შოკისგან და იმუშაოს, როგორც  დამცავმა კანონმა. ამიტომ კულტურის არხი (არა მხოლოდ უშუალოდ ხელოვნებისა) დაკარგული დროის ჰერმეტულ კოლექტორად ითვლება, რომელიც გაფხიზლებს და,  „დიდი ქართველი მწერლის“ - დათო ტურაშვილის პერიფრაზით რომ ვთქვა, სიკვდილამდე არ  გკლავს.

ის, რომ მარკესის წერილთან ბ-ნ ტურაშვილს ვახსენებ, უკვე ანეკდოტია. მაგრამ მერე რა? ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა 90-იანებიდან ღმერთის კოსმიურ გასართობ სერვერზე გადავიდა და ციური „შარლი ებდოა“. მანამდე, მხოლოდ  ღვინომუქი ზღვიდან  წამოსული მერკურივით ცქვიტი ცრუმარქვიების ლომბარდის სამოთხე გახლდათ. ლომბარდის მეპატრონეები წარსულს კი ჩაბარდნენ მშვიდობით, მაგრამ პირდაპირ და „ირიბ“ შთამომავლებს დაუტოვეს ის „სულიერი საზრდო“, რამაც ისინი უპატრონო ქვეყნის ფხიზელ ანგელოზებად აქცია. „არმეტაქტება“ ყველა მათგანის ჩამოთვლა, მაგრამ მიმოიხედეთ და სულ იოლად აღმოაჩენთ მათ - საბჭოთა ინერციით დღემდე იძულებითი ასორტიმენტის სახით გამოცემული „ტომეულებით“, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო დაუსრულებელი „აკადემიური“ ლექცია-სემინარებით, „გენიალური“ გამოფენებით, მკითხველთან გულთბილი „ჩწენიებით“ შინ და გარეთ.  მოკლედ, როგორც იტყვიან, დუღს და გადმოდუღს ქართული „კულტურა“, მაგრამ უკვე არა „სავოკურად“, არამედ „ევროპულად“, ე.ი. „მსოფლიო მასშტაბით“...

„ენა“, რომელსაც ასეთი დამცავი მექანიზმი უნდა შეექმნა, რეალურად ისევ იდეოლოგიის სამსახურში ჩადგა, რაც მასობრივი მანიპულაციებისთვის ელიტარული ჯგუფების ხელში გავლენისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად შეუცვლელი იარაღია, „ენის“ კონტროლი კი, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ ცენზურული აკრძალვებით ხორციელდება „ავტორიტარულ სახელმწიფოებში“, არამედ უფრო მარტივადაც - სიტყვების აზრის შეცვლით. დემოკრატიული მრავალფეროვნება კი, რისთვისაც თითქოს ასეთი თავგანწირვით იბრძვის ე.წ. პროგრესისტთა მრავალათასიანი არმია, ასეთ პირობებში არასდროს შედგება, რადგან ერთი, რომ მრავალფეროვნება არსებობას წყვეტს იქ, სადაც არასწორად და დამახინჯებულად  იყენებენ სიტყვებს და „გაგებებს“ და მეორე - თავისუფლება საერთოდ შეუძლებელია დოგმების გარკვეული დოზების გარეშე.

თავად ქართველ ლიბერტარიანელთა დოგმატის ბაზა, სინამდვილეში, მორალურ სუბსტანციაზე იგება - მაგალითად, პოლიტკორექტულობის სრულიად ჰიპერტოფირებულ მოცემულობაზე, რომელიც არსებობის ყველა კუთხე-კუნჭულს   აკონტროლებს სათავისოდ, და აკონტროლებს სწორედ იმას, რაც ჩვენი ადამიანური სუბსტანციის ნაწილია სოციალური და იურიდიული აკრძალვების ნაწილშიც კი. ასე რომ, „გაქანებული ევროპელობა“, „სიტყვის თავისუფლება“, „ბნელი გრუზინობა“, „პროგრესი“ და ა.შ. სწორედ ამ ელიტების ხელში იქცა როგორც (მართლაც) ბნელი ნაციონალიზმის ხელმეორედ გასაღვივებლად, ასევე კულტურული იდენტობების სრულიად მახინჯი და პროვინციული სახით წარმოჩენისთვის. ეს გახლავთ პოლიტ-ეკონომიკური რესურსი ძალაუფლებისა და  პრესტიჟისთვის ბრძოლაში, რომელსაც რატომღაც „დემოკრატია“ დაარქვეს. ადვილია თვალის გადევნება, როგორ იქცნენ ამ 35-30-20 წლის მანძილზე „ელიტარული სუბიექტები“ პოლიტიკური (ვითომ კულტურული) იდენტობების სიმბოლოებად. ამ ფორმირებას, როგორც დღეს იტყვიან, „გასაპრავებლად“ საბჭოთა იდენტობისგან გათავისუფლება დაედო საფუძვლად. რეალურად კი მივიღეთ სრულიად ფანტამსაგორიული ქვეყანა საოცრად კომიკური და ტრაგიკული პერსონაჟებით.

სწორედ ჩვენმა, მე ვიტყოდი, სამარცხვინო ელიტებმა აქციეს ქართველთა მეხსიერება იმ ძალად, რომელსაც აღარ შეუძლია ფუჭი სიტყვებისგან ნაქსოვი აბლაბუდისგან თავის დაცვა. ევროპულობად შემოსაღებული ეს „ციანიდი“ სინდისისა და ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან დაცლილი უმიზნო თავისუფლებაა. არც დემოკრატიასთან, არც რეალურ ლიბერალიზმთან ქართულად გადმოთარგმნილ პროგრესს საერთო არაფერი გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს - ამის ეკვივალნტი ჩვენს სივრცეში, სამწუხაროდ, არ გამომუშავებულა. შესაძლებელია მხოლოდ ერთი -ის, რაც თავად დასავლური სამყაროსთვის იქცა ხიფათად: დააკოპირო, მელოტ თავზე გადმოინერგო და სიტუაციურად, როცა როგორ გაწყობს ამტკიცო, რომ ხან „ტყავ-ფუჩით შემოსილი“ ესავი ხარ, ხანაც ჭკვიანი იაკობი და არა არს ღმერთი გარდა საკუთარი კეთილდღეობისა. საბჭოთა ბურჟუზიასაც ჰქონდა სუროსავით ჩახვეული თავისუფლება, და რა მერე? „ჭეშმარიტად, სიცარიელე ელის ყველას, ვინც ქარს მოქსოვს“ - არც ერთ ცოცხალს არ გააჩნია თავისუფლების ის ზომა, რაც მკვდარს. დიახ. მკვდარს თუკი რამე რჩება, სწორედ თავისუფლებაა ოღონდ მინუს ნიშნით, ის უკვე უძლურია ოდესმე ფიზიკურად შევიდეს ადამიანურ ურთიერთობებში და ასე შეცვალოს საგანთა წყობა.

ხოლო სანამ ჩვენი „დიდებული მოღვაწეები“ სტივენ დედალოსივით „თავისუფალი სიტყვის“ ალგებრით დაგვიმტკიცებენ, რომ ჰამლეტის შვილიშვილი შექსპირის მამაა, ხოლო თავად- საკუთარი მამების აჩრდილნი (რაც ისედაც ცხადზე ცხადია), ჩვენ მარკესს მოვუსმინოთ. „45 არგუმენტით“ შეიარაღებულ “ნოვი“ თომა აქვინელთა დაუსრულებელ 25-წლიან ლექციებზე საინტერესო უდავოდ არის.

აქვე შენიშვნის სახით ვიტყვი: იმ წელს, როდესაც ნობელის ტრიბუნიდან იქნა წაკითხული ეს ლექცია ანუ 1982-ში, Forbes-მა პირველად გამოაქვეყნა ამერიკის უმდიდრესი ადამიანების 400-კაციანი რეიტინგი, - მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა ჯერ კიდევ არ იყო მიახლოებული იმ სახიფათო ნიშნულს, რომელსაც მოგვიანებით, დასავლეთშივე „აპოკალიფსის ოთხი მხედარი“ უწოდეს. საინტერესოა ისიც, რომ საბჭოთა, მათ შორის ქართველმა დისიდენტებმა და მოაზროვნეებმა (ვგიჟდებით ამ სიტყვაზე), ჩემი საყვარელი მერაბ მამარდაშვილის ჩათვლით, თავის დროზე სიტყვა არ დაძრეს დასავლური ლიბერალური დემოკრატიის მზარდ  კრიზისზე, რომლის სასიგნალო ნიშნებიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოჩნდა დასავლეთში და ამდენად, „ანთროპოლოგიური კატასტროფისგან“ ნაშობი საბჭოთა, მაგრამ მაინც მოწინავე ქართველი სწორედ აზრობრივი იზოლაციის ტყვეობაში ამყოფეს. ამის საპირწონედ, უკვე 90-იანებში „ზვიადიზმი“ მოგვევლინა - ეროვნული იდეის სრულიად გადაგვარებული სახე. რითიც დასრულდა ეს ყველაფერი, გვახსოვს. თუმცა, „ზვიადიზმი“, როგორც ურთიერთობის ფორმა (არ ვგულისხმობ არც ე.წ. ზვიადისტებს, არც ანტიზვიადისტებს) დარჩა.

დღეს, 35 წლის შემდეგ ფინანსური კაპიტალიზმი უკვე ოთხივ კუთხით აწყვეტილი მიაჭენებს: 1) კლიმატური კატასტროფები; 2) ბიოგენეტიკური კვლევები; 3) ფინანსურ ბაზრებზე თვითრეგულაციის უკმარისობა; 4) ცხოვრებიდან ამოშლილ ადამიანთა („ჩარეცხილთა“) სულ უფრო მზარდი მასა.

გლობალიზაციის სიკეთეებმა გამოააშკარავეს მისივე ბნელი მხარე - სოციალური აპარტეიდის დაუნდობელი ძალები. ამიტომ, ვარდისფერი „პროგრესულობით“ ჩანაცვლებული წითელ  რევოლუციამდელი „ზესტაფონური წამხედურობის პრესტიჟი“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა წარმოსახვითი „ევროპულობის“  ბრმა ერთგულება, ძალიან მწვავე კითხვების დასმას ითხოვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფაშიზმის ყოველი აღმასვლა პირველ რიგში ადამიანთა თავებში წარუმატებელი რევოლუციების შედეგია და მუდამ შეუძლია დროში  მეტამორფოზა, რისთვისაც თავის სამსახურში ჩაყენებულ „ენას“ პროგრესის სახელით „ჩვენს საკეთილდღეოდ“ გამოიყენებს.

აი, ისიც - გაბრიელ გარსია მარკესის მიერ წარმოთქმული სიტყვა. სტოკჰოლმი, ნობელის ტრიბუნა. 1982 წელი:

„ანტონიო პიგაფეტამ, ფლორენციელმა ზღვაოსანმა, მაგელანის თანამგზავრმა მსოფლიოს პირველ ნაოსნობაში, ლათინური ამერიკის შესახებ ეჭვმიუტანელი მონათხრობი დაგვიტოვა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სათუო  ჩანს. მან დაწერა, რომ ნახა ღორები, რომლებსაც ზურგზე ჰქონდათ ჭიპი, და უფეხო ჩიტები - ისეთები, დედლები მამლის ზურგზე რომ ჩეკდნენ ბარტყებს, და სხვანაირი ჩიტებიც, უენო ვარხვის მსგავსები, კოვზნისკარტები. მან აღწერა მახინჯი ცხოველი სახედრის თავ-ყურით, აქლემისტანიანი და ირმისფეხება, რომელიც ცხენივით ხვივინებდა. იგი გვიამბობს, როგორ ჩაახედეს  სარკეში პატაგონიის მკვიდრი, გოლიათური  აღნაგობის კაცი, რომელმაც გონება დაკარგა თავისი ანარეკლის ხილვისას.

ეს პაწია, სასეირო წიგნი, რომელიც უკვე შეიცავდა თანამედროვე ლათინოამერიკული ლიტერატურის ჩანასახებს, არცთუ ყველაზე გასაოცარი ნაამბობია იმდროინდელი სინამდვილისა. ლათინური ამერიკის ჟამთააღმწერელმა ასეთ მონათხრობთა ზღვა დაგვიტოვეს. ელდორადო, ეს მიმზიდველი და ხელთქუმნელი მხარე, არაერთგზის იცვლიდა ადგილმდებარეობასა და მოხაზულობას გეოგრაფიულ რუკებზე კარტოგრაფთა წარმოსახვის აკვიატების გამოისობით. მარადიული ახალგაზრდობის წყაროს საპოვნელად წასული, ლეგენდად ქცეული ალვარო ნუნიეს კაბესა დე  ბაკა რვა წელიწადი იკვლევდა მექსიკის ჩრდილოეთს; მისი თავზეხელაღებული ექსპედიციის მონაწილეებმა ჯერ ამოხოცეს, მერე კი შეჭამეს ერთმანეთი, ექვსასი მოლაშქრიდან უკან ხუთიღა დაბრუნდა. იმ ეპოქის მრავალ ამოუხსნელ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია უგზოუკვლოდ გაუჩინარებული თერთმეტი ათასი სასაპალნე ჯორი, თითოეული ასობით ფუნტი ოქროთი დატვირთული; ამ ჯორებს ატაუალპოს გამოსასყიდი მიჰქონდათ კუსკოდან, მაგრამ დანიშნულების   ადგილამდე ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით, კოლონიალურ ხანაში, კარტახენა-დე-ლას-ინდიასში ვაჭრობდნენ მონალექ მიწაზე გაზრდილი ქათმებით, ამ ქათმების კუჭში ოქროს ნამსხვრევებს პოულობდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ოქროს ციებ-ცხელება გვაზანზარებდა.

ჯერ კიდევ წინა საუკუნეში პანამის ყელის გავლით ტრანსსაოკეანო რკინიგზის მშენებლობის შესაძლებლობის დასადგენად ჩამოსულმა გერმანელმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა: ლიანდაგი უნდა ჩამოსხმულიყო არა რკინისგან, რომელიც ამ მხარეში იშვიათი წიაღისეულია, არამედ - ოქროსგან.

ესპანელთა ბატონობისგან თავდახსნილნი, ვერ გავთავისუფლდით სიგიჟისგან. გენერალმა ანტონიო ლოპედ დე სანტა-ანამ, მექსიკის სამგზის დიქტატორმა, საზეიმო დაკრძალვა  მოუწყო საკუთარ მარჯვენა ფეხს, რომელიც ეგრეთ წოდებულ ნამცხვრების ომში დაიკარგა. გენერალი გაბრიელ გარსია მორანო თექვსმეტი წელიწადი განაგებდა ეკვადორს, ვითარცა აბსოლუტური მონარქი. როდესაც მოკვდა, მისი ცხედარი, სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი, სრული რეგალიებით, პრეზიდენტის სავარძელში ჩასვეს გამოსათხოვარი ცერემონიისთვის. გენერალმა მაქსიმილიანო ერნანდეს მარტინესმა, თეოსოფმა, სალვადორის ტირანმა, ვინც ცამეტი ათასი გლეხი ამოჟლიტა სისხლიან სასაფლაოზე, ქანქარისმაგვარი მოწყობილობა მოიფიქრა საკვებში შხამების აღმოსაჩენად, ხოლო ქუნთრუშის ეპიდემიასთან გასამკლავებლად ქუჩის ლამპიონებზე წითელი ქაღალდის შემოხვევა ბრძანა. ტეგუსიგალპას მთავარ მოედანზე აღმართული გენერალ ფრანსისკო მორასნას ძეგლი კი სინამდვილეში მარშალ ნეის ქანდაკებაა, პარიზში შეძენილი.

თერთმეტი წლის წინ ჩილელმა პაბლო ნერუდამ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა პოეტმა, თავისი  გამოსვლით ღირსყო ეს კედლები. მას აქეთ კეთილი-ხანდახან კი არცთუ კეთილი ნების ევროპელები სულ უფრო მზარდი დაძაბულობით აკვირდებიან ფანტასმაგორიულ მოვლენებს ლათინურ ამერიკაში, ამ უსაზღვრო სამეფოში დაუდგრომელ მამაკაცთა და არაჩვეულებრივ ქალთა, რომელთა უსამანო სიმტკიცე ლეგენდად იქცა. ჩვენ წუთითაც არ გვღირსებია მოსვენება. პრეზიდენტი, რომელიც პრომეთეს ემსგავსება თავისი ხალხის თვალში, დაიღუპა ხანძარწაკიდებულ სასახლეში გამომწყვდეული, ეულად მებრძოლი მთელი არმიის წინააღმდეგ; ორმა უცნაურმა ავიაკატასტროფამ, რომელთა მიზეზები გამოუცნობი დარჩა, შეიწირა კიდევ ერთი კეთილშობილი გულის პრეზიდენტი და თავისი ხალხის ღირსების აღმდგენელი სამხედრო-დემოკრატი. აქ იბობოქრა ხუთმა ომმა, მოხდა ჩვიდმეტი სამხედრო გადატრიალება, ხელისუფლებაში მოვიდა დემონური სულისკვეთების დიქტატორი, რომელმაც გენოციდი მოაწყო.

ამასობაში, მოკვდა ორ წლამდე ასაკის ოცი მილიონი ლათინოამერიკელი ბავშვი-უფრო მეტი, ვიდრე1970 წლიდან დაიბადა ევროპაში. პოლიტიკური რეპრესიების შედეგად უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასოცი ათასი ადამიანი - ეს იგივეა, ქალაქ უპსალას მთელი მოსახელობა უეცრად რომ გამქრალიყო. უამრავმა პატიმარმა ფეხმძიმე ქალმა იმშობიარა არგენტინის ციხეებში და ახლა შეუძლებელია მათი შვილების ადგილმდებარეობის და ვინაობის გამორკვევა, რადგან სამხედრო ხელისუფლება აშვილებდა ან ობოლთა თავშესაფარში აბარებდა მათ. არსებული რეჟიმის შეცვლით მოწადინებული ორასი ათასი მამაკაცი და ქალი, მცხოვრები ამ კონტინენტისა, დაიღუპა, თანაც დაღუპულთაგან ასი ათასზე მეტი ცენტრალური ამერიკის სამ მრავალნატანჯ ნამცეცა სახელმწიფოზე-ნიკარაგუაზე, სალვადორსა და გვატემალაზე მოდის. თუკი ამგვარს შეერთებულ შტატებში წარმოვიდგენთ, ამ ციფრების ტოლფასი იქნებოდა მილიონ ექვსასი ათასი ძალადობრივი სიკვდილი ოთხი წლის განმავლობაში.

მილიონი ადამიანი გაიქცა ჩილედან, ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის ქვეყნიდან; ეს ათი პროცენტია იქაური მოსახლეობისა. კონტინენტის ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოს პრეტენზიის მქონდე პატარა ურუგვაის ორმილიონნახევრიანი მოსახლეობიდან ყოველი მეხუთე დევნილობაში იმყოფება. 1979 წლიდან ყოველ ოც წუთში ერთი ლტოლვილი ტოვებს სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ სალვადორს. ლათინური ამერიკიდან დევნილთა და ლტოლვილთა მიერ შექმნილი ქვეყანა რომ წარმოვიდგინოთ, აღმოჩნდება, რომ მოსახლეობის რაოდენობით ის ნორვეგიას გადააჭარბებს.

ვბედავ ვივარაუდო, რომ, სახელდობრ, ფანტასტიკურმა  სინამდვილემ, და არა მარტოოდენ მისმა ლიტერატურულმა ასახვამ, მიიპყრო შვედეთის აკადემიის ყურადღება. სინამდვილე, აღბეჭდილი არა ქაღალდზე, არამედ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური თანამგზავრი, შეუჩერებლად სთესს  სიკვდილს ჩვენ შორის; სინამდვილეა თავი ჩვენი შემოქმედების უშრეტი წყაროსი, აღსავსე ტანჯვითა და მშვენიერებით. პოეტები და მწანწალები, მუსიკოსები და წინასწარმეტყველნი, მეომრები და ავაზაკები - ჩვენ ყველანი შვილები ვართ ამ მოუთვინიერებელი სინამდვილისა და თუ რამეს არ ვუჩივით, ალბათ, წარმოსახვის ნაკლებობას. ეს გახლავთ, მეგობრებო, არსი ჩვენი მარტოობისა. და თუკი ამგვარი სიძნელე წინ გვეღობება ჩვენც კი, ვისთვისაც ეს ყოველივე ჩვეული რამაა, ბუნებრივია, რომ ევროპის რაციონალურ  გონებას, დატყვევებულთ საკუთარი კულტურის ჭვრეტით, არ ძალუძთ ჩვენი გაგება. ცხადია, ისინი საკუთარი საზომით გვიდგებიან, ავიწყდებათ, რომ ყველა თავის მსხვერპლს იღებს ცხოვრებაში და რომ ახლა ჩვენ ისეთივე წვალებითა და სისხლით ვიპოვებთ თავს, როგორც ოდესღაც იპოვებდნენ ისინი. თუკი ჩვენი სინამდვილის ამოხსნას უცხო საზომით ცდილობენ, ჩვენ უფრო გაუგებარნი, უფრო ნაკლებად თავისუფალნი, უფრო მარტონი ვხდებით.

პატივცემული ევროპა უფრო მიგვიხვდებოდა, თავისსავე წარსულში რომ ცდილიყო ჩვენს აღმოჩენას; თუკი გაიხსენებდა, რომ ლონდონს სამასი წელი დასჭირდა ქალაქის გალავნის ასაშენებლად და კიდევ სამასი - ეპისკოპოსის დასასმელად; რომ რომი საუკუნის განმავლობაში ითანგებოდა გაურკვევლობაში, ვიდრე ეტრუსკთა მეფემ არ მოაქცია ისტორიაში; რომ დღეს აგრერიგად მშვიდობისმოყვარე შვეიცარიელები, უნაზესი ყვავილებითა და უზუსტესი საათებით გამხარებელნი ჩვენნი, სულ ახლახანს-მე-16 ს.-ში სისხლის ტბებს აყენებდნენ ევროპაში მეომარი არმიებისთვის  დაქირავებულთა მოწოდებით. აღორძინების  ხანის გაზაფხული იდგა, როდესაც იმპერიის ჯარში მომსახურე ოცმა ათასმა ლანდსკნეხტმა გაძარცვა და გააპარტახა რომი, მახვილზე ააგო მისი რვა  ათასი მოქალაქე.

მე არ ვიზიარებ ტონიო კრეგერის ილუზიებს - მისმა მოსაზრებამ გაწონასწორებული ჩრდილოეთის და მგზნებარე სამხრეთის კავშირის თაობაზე ორმოცდაცამეტი წლის წინათ სწორედ ამ ადგილზე მდგარი თომას მანის აღფრთოვანებული მხარდაჭერა რომ მოიპოვა. თუმცა ვფიქრობ, რომ ის შორსმჭვრეტელი ევროპელები, რომლებიც სამართლიანი და ჰუმანური საფუძვლისთვის იღწვიან, შეიძლებენ გაცილებით მარგი დახმარების აღმოჩენას, სხვაგვარი მზერა რომ მოაპყრონ ჩვენკენ. სოლიდარობა ჩვენი მისწრაფებების მიმართ ვერ დაგვიხსნის მარტოობისგან, თუკი არ გადაიქცევა იმ ხალხთა პრაქტიკულ შემწეობად, რომლებიც ცისქვეშეთში თავიანთ ადგილზე ოცნებობენ.

ლათინურ ამერიკას არ სურს და არც უნდა იყოს უუფლებო პაიკი; მინდა ვირწმუნო, რომ მის ლტოლვას დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისკენ თანაგრძნობით მოეკიდებიან დასავლეთში. თუმც კი, ზღვაოსნობის წინსვლამ, აგრერიგ რომ შეამცირა დაშორება ამერიკასა და ევროპას შორის, მგონი, პირიქით, გამოააშკარავა, რამდენად შორს ყოფილან ჩვენი კულტურები ერთიმეორისგან.

მაგრამ რატომაა, რომ თვითმყოფადობას სიამოვნებით აღიარებენ ჩვენს ლიტერატურასთან მიმართებაში და ეჭვის თვალით უცქერენ და უკუაგდებენ, როცა საქმე საზოგადოებრივი გარდაქმნების ჩვენეულ მცდელობებს შეეხება? რატომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივი სამართლიანობა, რომელსაც ესწრაფვიან მოწინავე ევროპელები, გახდეს მიზანი ლათინური ამერიკისა საკუთარი გზებითა და სულ სხვა პირობებში არსებული სინამდვილით? არა, უსასრულო ძალადობა და ტანჯვა, რომელთაგანაც ნაქსოვია ჩვენი ისტორია, - ესაა შედეგი საუკუნო უსამართლობისა და ჩაკირული სისატიკისა და არა ჩვენგან ათასობით კილომეტრში მოწყობილი შეთქმულებისა. აკი, სწორედ იმ მოხუცთა მიამიტობით, რომელთაც დავიწყებიათ, თუ როგორ დუღდა მათი სისხლი სიჭაბუკეში, აზროვნებდა ბევრი ევროპელი ლიდერი და ფილოსოფოსი. თითქოსდა შეუძლებელია სხვაგვარი ხვედრი, თუ არა მსოფლიოს ორ ყოვლისშემძლე პატრონზე დამოკიდებული არსებობა. ასეთი გახლდათ, ჩემო მეგობრებო, მასშტაბი ჩვენი მარტოობისა.

და მაინც, ჩვენი პასუხი ჩაგვრის, ყაჩაღობის, ღალატის მიმართ არის-სიცოცხლე. არც წყალდიდობას, არც ჭირს, არც შიმშილს, არანაირ ქარტეხილს და არც საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის მონაცვლე ომებს არ ძალუძთ შეარყიონ სიცოცხლის უდრეკი ზეობა სიკვდილზე. უპირატესობა სიცოცხლისა უფრო და უფრო იზრდება: დაბადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად სამოცდათოთხმეტი მილიონით ჭარბობს გარდაცვლილთა ოდენობას. ეს ახალი სიცოცხლეები იკმარებდა ერთ წელში ნიუ-იორკის მოსახლეობის შვიდჯერ გასაზრდელად. დაბადებულთა უმეტესობა ყველაზე უფრო ღატაკ ქვეყნებზე მოდის. ცხადია, ლათინური ამერიკის  ქვეყნების ჩათვლით. და პირიქით, ყველაზე აყვავებულმა ქვეყნებმა მოახრეხეს თავი მოეყარათ ისეთი გამანდგურებელი ძალისთვის, რომლითაც შესაძლებელია ასჯერ განადგურდეს არა მხოლოდ ყველა ადამიანი, არამედ ჩვენი მრავალტანჯული პლანეტის ყოველი სულდგმული.

ასეთივე დღეს, როგორც ახლაა, ჩემმა მასწავლებელმა, უილიამ ფოლკნერმა თქვა: „მე უარს ვამბობ ადამიანის აღსასრულთან შეგუებაზე“. მე არ ვიქნებოდი ღირსი ამ ადგილზე დგომისა, სადაც იგი იდგა, თუკი ვერ გავაცნობიერებდი, რომ უზარმაზარი ტრაგედია, რომლის შესაძლებლობაც მან ოცდაცამეტი წლის წინ უარყო, აწ გაცხადებულია. ამ საშინელი სინამდვილის პირისპირ, რომელიც მუდამჟამს უტოპია ეგონა კაცობრიობას, ჩვენ, მთხზველებს, ვისაც ყველაფრის დაჯერება ძალგვიძს, გვაქვს უფლება ვირწმუნოთ ისიც, რომ ჯერაც არაა დაგვიანებული, შევუდგეთ აზრობრივად სრულიად საპირისპირო უტოპიის შექმნას - ახალ, ულამაზესი სიცოცხლის უტოპიას, სადაც არავინ გადაწყვეტს სხვის ნაცვლად, როგორ უნდა მოკვდეს, სადაც დაივანებს ჭეშმარიტი სიყვარული და ნებადართული იქნება ბედნიერება, და თაობები, გაჩენის დღიდან განწირულნი მარტოობის ასი წლისთვის, აწ და მარადის მიიღებენ დიდ ქვეყნიურ ხვედრს.“

(1982წ. გაბრიელ გარსია მარკესი „ლათინური ამერიკის მარტოობა“-სანობელო ლექცია. ესპანურიდან თარგმნა ლინდა ბერიაშვილმა)