დიდი რეჟისორი

დიდი რეჟისორი

დღეს ცნობილი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილის დაბადების დღეა.

კოტე მარჯანიშვილი დიდი ხელოვანი იყო, დიდი მოქალაქე, ერუდირებული, მასშტაბურად მოაზროვნე. მის მიერ რუსეთში, უკრაინაში, ლიტვასა და საქართველოში დადგმული სპექტაკლები თვალსაჩინოს ხდის მის ტალანტს და მხატვრულიდეურ მიმართულებას.

დაიბადა 1872 წელს, სოფელ ყვარელში. დაამთავრა თბილისის I სათავადაზნაურო გიმნაზია. ჯერ კიდევ გიმნაზიელი, დიდი სახლის უზარმაზარ მარანში სპექტაკლებს დგამდა, წარმოდგენებში ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მაყურებლები კახელი გლეხები იყვნენ.

 

XIX საუკუნის 90-იან წლებში მარჯანიშვილმა მსახიობობა დაიწყო. მისი დებიუტი შედგა აკაკი წერეთლის დრამაში "პატარა კახი" იმ დროს ქართულ სცენაზე დიდოსტატები მოღვაწეობდნენ: კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ნატო გაბუნია, ვალერიან გუნია და სხვანი.

1896 წელს, კოტე მარჯანიშვილმა ითამაშა ლევან ხიმშიაშვილის როლი სახელგანთქმულ პიესაში "სამშობლო". ამ როლს ამზადებდა ლადო მესხიშვილთან ერთად.

 

1897 წელს კოტე მარჯანიშვილი გაემგზავრა რუსეთში, სადაც მან 25 წელიწადი  დაჰყო. კალეიდოსკოპივით იცვლებოდა ქალაქები: ელიზავეტგრადი, ქერჩი, ბაქო, ტამბოვი, ივანოვო-ვოზნესევსკი, ტაშკენტი, აშხაბადი, ტულა, ორიოლე, ლუგანსკი, ვიატკა, უფა, ირკუტსკი, პერმი, რიგა, მოსკოვი, კიევი. მას "რუს რეინჰარდს და კრეგს" უწოდებდნენ. რუსულ სცენაზე ერთ-ერთმა პირველმა დადგა ანტონ ჩეხოვის და მაქსიმ გორკის პიესები. იგი აარსებდა ახალ თეატრებს... კონსტანტინე სტანისლავსკისთან, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან, ვსევოლოდ მეიერჰოლდთან, ევგენი ვახტანგოვთან ერთად ახალი თეატრის სათავეებთან იდგა.

მისი პირველი რეჟისორული დადგმა იყო ანტონ ჩეხოვის "ძია ვანია" რუსეთში  მოღვაწეობის ხანგრძლივ პერიოდში კოტე მარჯანიშვილმა დადგა: ა. ჩეხოვის, ა. ოსტროვსკის, უ. შექსპირის, კ. გუცკოვის, ა. გორკის, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის, ლ. ტოლსტოის, ფ. შილერის და სხვათა პიესები.

 

1910-13 წლებში კოტე მარჯანიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრში მუშაობს, სადაც მან დადგა კნუტ ჰამსუნის "ცხოვრების ბრჭყალებში" და ჰენრიხ იბსენის "პერ გიუნტი" პრესა იუწყებოდა, რომ ამ წარმოდგენაში კავკასიური ტემპერამენტი იგრძნობოდა.

1913 წელს კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში თავისუფალ თეატრს ქმნის. მას უნდოდა შეექმნა თეატრი -დღესასწაული, ამ თეატრში სურდა განეხორციელებინა სინთეზური თეატრის იდეა. მას უნდოდა აღეზარდა მსახიობები, რომლებიც ერთნაირად იმუშავებდნენ ოპერაში, დრამაში და პანტომიმაში. თავისუფალ თეატრში რამდენიმე სპექტაკლი დადგა: მუსორგსკის ოპერა "სოროჩინის ბაზრობა", ოფენბახის ოპერეტა "მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის "პიერეტას საბურველი", ბენრიმო და საბელტონის "ყვითელი კოფთა" და ალფონს დოდეს მელოდრამა (ჟორჟ ბიზეს მუსიკით) ამ წარმოდგენებით იგი თითქმის მიუახლოვდა თავის ჩანაფიქრს. თავისუფალი თეატრი დაიშალა და მისი ბირთვიდან რეჟისორ ალექსანდრე  თაიროვის კამერული თეატრი დაიბადა.

 

1918 წლის შემოდგომაზე კოტე მარჯანიშვილი კიევის თეატრების კომისრად დანიშნეს. პირველი რაც დადგა კიევში, ლოპე დე ვეგას "ფუენტე ოვეხუნა" იყო. კიევის ყოფილ "სოლოვეცოვის" თეატრში ორმოცი საღამოს განმავლობაში ზედიზედ გაიმართა არნახული ჰეროიკული სანახაობა. ფრონტიდან მოსული წითელ არმიელები დარბაზიდან ისევ ფრონტზე მიდიოდნენ.

1920 წლის ზაფხულში, კოტე მარჯანიშვილი პეტროგრადში ქალაქის მოედნებზე მასობრივ სანახაობა -ინსცენირებებს დგამს.

 

1922 წელს კოტე მარჯანიშვილი საქართველოშია. ამ პერიოდის ქართული თეატრი კრიზისულ მდგომარეობაშია. ქართული დრამის მდგომარეობასთან დაკავშირებულ თათბირზე მოწვეული კოტე მარჯანიშვილი კრიზისიდან გამოსავალს სინთეზური თეატრის შექმნაში ხედავდა.

 

1922 წლის 25 ნოემბერს რუსთაველის თეატრში კოტე მარჯანიშვილმა ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" დადგა. ეს სპექტაკლი ქართული თეატრისათვის საეტაპო აღმოჩნდა "ფუენტე ოვეხუნას" მოჰყვა ზურაბ ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში".

1923 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა გიორგი ერისთავის "გაყრის პრემიერა".

კოტე მარჯანიშვილმა 1924 წლის 2 იანვარს დადგა მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო" 20 ნოემბერს უილიამ შექსპირის "უინძორელი მხიარული ქალები".

 

1924 წელს რუსთაველის თეატრში შეიქმნა ახალგაზრდული გაერთიანება-კორპორაცია "დურუჯი", რომლის საპატიო თავჯდომარედ კოტე მარჯანიშვილი აირჩიეს. კორპორაციის მანიფესტი და წესდება თეატრში ძირეულ გარდაქმნებს გულისხმობდა, რომლის მოთავე რეჟისორი სანდრო ახმეტელი იყო. “დურუჯის” გარშემო აურზაური ატყდა კორპორანტების დასაცავად მარჯანიშვილმა სტატიაც გამოაქვეყნა.

 

1925 წელს მარჯანიშვილმა უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” დადგა. სპექტაკლმა თეატრს დიდი წარმატება მოუტანა. კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა ერთობლივი წარმოდგენები განახორციელეს. მალე რუსთაველის თეატრში ბზარი გაჩნდა, ეს მოხდა გრიგოლ რობაქიძის "ლამარაზე" მუშაობისას. მარჯანიშვილისა და ახმეტელის სხვადასხვა თეატრალური ესთეტიკა აშკარად გამოიკვეთა.

 

1926 წელს კოტე მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წავიდა. იგი 1928 წელს ახალ თეატრს ქმნის, რომელიც ორ ქალაქს უნდა მომსახურებოდა: ქუთაისსა და ბათუმს, ამიტომ პირობითად ქუთაისს-ბათუმის თეატრს უწოდებდნენ. ეს თეატრი 1928 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლით "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ" შემდეგ მას მოჰყა "ურიელ აკოსტა", "ყვარყვარე თათაბერი" და სხვა სპექტაკლები.

 

1930 წელს, თეატრის თბილისში გასტროლების დროს, მათ დარჩენა შესთავაზეს და დედაქალაქში კიდევ ერთი თეატრი გაიხსნა - მეორე სახელმწიფო დრამის თეატრი. ამ თეატრს 1933 წელს, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელი ეწოდა.

1928 წლიდან 1933 წლამდე კოტე მარჯანიშვილმა II ქართულ სახელმწიფო თეატრში დადგა: ერნესტ ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" 1928 წ,;  ბერნარდ შოუს "წმინდა ქალწული" 1928 წ,; ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" 1928 წ,; შალვა დადიანის "კაკალ გულში" 1928 წ.; ვსევოლოდ კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს" 1929 წ,; კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა" 1929 წ,;  კარლო კალაძის "როგორ" 1929 წ,; ალექსანდრე ქუთათელის "შუაღამემ გადაიარა" 1929 წ.;  გუგული ბუხნიკაშვილის "კი მაგრამ" 1930 წ.; პერსი კიში შელის "ბეატრიჩე ჩენჩი" 1930 წ.; კარლო კალაძის "ხატიჯე" 1930 წ,;  თამარ ვახვახიშვილის პანტომიმა "ხანძარი" 1930 წ.; მიკოლა  კულეშის "კომუნა ველზე" 1930 წ.;  მის მიერ გასცენიურებული ხალხური თქმულება "არსენას ლექსი" 1931 წ.; ნიკოლაი პოგოდინის "ფოლადის პოემა" 1931 წ,; ვსევოლოდ კირშონის "პური" 1331 წ,; ივან მიკიტენკოს "ანათეთ, ვარსკვლავნო!" 1931 წ,; ა. იაშვილის "მოხუცი ენთუზიასტი" 1931 წ.;  კარლო კალაძის "სახლი მტკვრის პირას" 1931 წ.; ალექსანდრე აფინოგენოვის "შიში" 1932 წ.;  უილიამ შექსპირის "ოტელო"1932 წ,; ზურაბ ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში" 1933 წ.;

 

საქართველოში კოტე მარჯანიშვილმა ექვსი ფილმი შექმნა: "ქარიშხლის წინ" (1924 წელი), "სამანიშვილის დედინაცვალი" დავით კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით (1927 წელი), "გიორგი რატიანი" (1927 წელი), "კანონი და მოვალეობა" იგივე "ამოკი" შტეფან ცვაიგის მიხედვით (1927 წელი), "კრაზანა" ე. ვოინიჩის რომანის მიხედვით (1928 წელი) და "კომუნარის ჩიბუხი" ილია ერენბურგის მოთხრობის მიხედვით (1929 წელს).

 

1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის "დონ-კარლოსის" დასადგმელად, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა.

 

მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს, ხოლო 1964 წელს მადლიერმა საქართველომ მას მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.