ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ფრანკო მეტად არაორდინალური პიროვნებაა. ძირითადი პროფესიის გარდა საკუთარ შესაძლებლობებს სხვა სფეროებშიც ცდის. რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეიმს ფრანკო მწერლობით იყო გატაცებული. გასულ წელს ამერიკულ წიგნის მაღაზიებში გაყიდვაში გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული – “პალო-ალტო”.
ცოტა ხნის წინ, სურათების “ადამიანი-ობობა”, “ჰარვი მილკი” “ანანასის ექსპრესი”, “ამერიკული დანაშაული” და “127 საათის” მთავარი როლების შემსრულებელს ბელეტრისტობა მობეზრდა და მომღერლობა განიზრახა.
ჯეიმს ფრანკო კოლეგა მსახიობს კელაპი ლინზის შეუამხანაგდა და მასთან ერთად მინი-ალბომი ჩაწერა. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Kalup and Franco” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოვა.
ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსები ახლად გამომცხვარი მომღერლის პროფესიული დონის შეფასებისაგან თავს იკავებენ. ჯეიმს ფრანკოს ოკეანისგაღმელ თაყვანისმცემლებს კი სწამთ, რომ ის ახალ საქმიანობაშიც მაღალ მწვერვალებს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ “ოსკარების” დაჯილდოების უკანასკნელ ცერემონიალზე ჯეიმს ფრანკო მთავარი როლისათვის სურათში “127 საათი” წარდგენილი იყო “წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის” ნომინაციაზე, მაგრამ პირველობა მსახიობ კოლინ ფერტს დაუთმო.