ჯგუფი “Aerosmith” ახალ ალბომზე მუშაობს

ჯგუფი “Aerosmith” ახალ ალბომზე მუშაობს

გუშინ საღამოს ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი “Aerosmith”-ის გიტარისტმა ჯო პერიმ სოციალური ქსელი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

 

მუსიკოსის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ჯგუფის წევრები სტუდიაში ჩაიკეტებიან და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგებიან.

 

ახალი ნამუშევარი “Aerosmith”-ისათვის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი იქნება. მათი უკანასკნელი ალბომი “Honkin' on Bobo” გაყიდვაში 2004 წელს გამოვიდა.

 

ამ ალბომის მუსიკალური პროდიუსერი ჯეკ დუგლასი იქნება. ეს პიროვნება უკვე დიდი ხანია ჯგუფთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. თავის დროზე სწორედ რომ მისი უშუალო დახმარებით ჩაწერა “Aerosmith”-მა შემდეგი პოპულარული ალბომები: “Get Your Wings”, “Toys in the Attic”, “Rocks”, “Draw the Line” და “Rock in a Hard Place”.

 

ჯგუფის წევრების განცხადებით, ახალი ალბომის დასახელება ჯერ არ შეურჩევიათ. მასზე მუშაობის დასრულებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე აპირებენ.

 

გასული წლის დასასრულს ამერიკულ პრესაში გავრცელდა “Aerosmith”-ის ლიდერის სტივენ ტაილერის ინფორმაცია, რომ ის და მისი კოლეგები ახალი ალბომის ჩაწერას 2011 წლის იანვარში დაიწყებდნენ. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ თარიღმა ექვსი თვით გადაიწია.