„მარიონეტი იყო და თან „ნაციონალური მოძრაობის“, ძალიან სახიფათოა“

„მარიონეტი იყო და თან „ნაციონალური მოძრაობის“, ძალიან სახიფათოა“

თბილისი-სტრასბურგი მოვლენების მთავარი ეპიცენტრი. სტრასბურგის სასამართლოში დავას აგრძელებენ „რუსთავი 2“ 100%-იანი საკონტროლო პაკეტის ოფიციალური მფლობელი, ქიბარ ხალვაში და არხის ფორმალური მესაკუთრე ძმები ყარამანიშვილები, პარალელურად „რუსთავი 2“-ისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

„რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერი აქციის ფლაერების დარიგება დაიწყო „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, ნაწილი კი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. გადაწყდა, რომ 35-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, უალხოეს პერიოდში მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოს მასშტაბით დაიწყებენ და რეგიონებში გავლენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი აქვთ. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი უერთდება შაბათს დაგეგმილ „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციას.

რუსთავი 2-ის ადვოკატები რამდენიმე საათში სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები.

ამ პროცესში ჯერჯერობით არ ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აქტიურად იყო ჩართული „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებში და რომლის ინიციატივაც არის ტელეკომპანიის ეზოში ბარიკატების აღმართვა და რომელიც ასევე წინააღმდეგი არ იყო, თუკი აქციაზე რომელიმე ქალბატონი დაშავდებოდა. ყოფილისგან განსხვევით, „რუსთავი 2“-ში  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებმადე, მენეჯმენტის შენარჩუნებას ითხოვს მოქმედი პრეზიდენტი.

განსხვავებულია ხელისუფლების პოზიცია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არასდროს ქონია. კახი კალაძეს არ ჯერა, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად, ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შემაშფოთებელი ვინმესთვის. კახი კალაძის თქმით, „რუსთავი 2“-ს შეზღუდვა არ ჰქონდა და არც ექნება მომავალშიც და კიდევ ერთხელ ამტიკცებს, რომ სასამართლო პროცესი ორ კერძო პირს შორის მიმდინარებს.

„ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? ვისგან, რისგან? ერთმა ნაციონალების დროს მფლობელმა მეორე ნაციონალების დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?

ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა, სამივე ინსტანცია გაიარა. სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებითაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები. უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას. იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად და როცა აღწევენ მიზანს, ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული. ის, რაც ამ დღეებში „რუსთავი 2“ - ის ირგვლივ ხდება, არის ზუსტად ამის მაჩვენებელი“, -აღნიშნა კახი კალაძემ.

„რუსთავი 2“ -ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან თბილისში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ პროცესს საერთო არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან, ეს არის დავა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ევროპის სასამართლო არ გააგრძელებს აღსრულების შეჩერების მექანიზმის გამოყენებას.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს კრიტიკული ტელევიზია, ჟურნალისტიკა უნდა კრიტიკული. მაგრამ მისივე თქმით, არსებობს კრიტიკა და არსებობს უსაგნო კრიტიკა.

„მაგალითად, ჩემთვის როგორც სპეციალისტისთვის, უაღრესად გამაღიზიანებელი იყო ის, რაც გააკეთა „რუსთავი 2“-მა აფხაზეთის რკისგზასთან დაკავშირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მთავარ შედეგად, აფხაზეთის რკიგზის სავარუდო გახსნა დაანონსა. საქმე ის არის, რომ „რუსთავი 2“ ამ ტყუილს იმდენად პროფესიონალურად აკეთებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იჯერებს ხოლმე და სწორედ ამაშია საქმე. მათი მიზანია არა თუ ინფორმაცია მიაწოდონ მაყურებელს, არამედ თავისი ვარაუდი ინფორმაციად გაასაღონ. ეს არის  „რუსთავი 2“-ის პოლიტიკა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მას ძალიან სერიოზული პრეტენზიები მაქვს არხის მენეჯმენტის მიმართ, რადგან, „რუსთავი 2“-ის მოქმედი მენეჯმენტი თვითონ იყო დაკავებული სხვა მედია-საშუალებების შევიწროებით და თან აქტიური შევიწროებით. შესაბამისად, მისი თქმით, ეს მენეჯმენტი ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებაზე, ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში ამაზე უბაროდ ეცინება.

„ძალიან კარგად გვახსოვს რაც ხდებოდა. ასე რომ, როცა ის ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებაზე, ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში ამაზე უბაროდ ეცინება და უკვირთ კიდევაც რატომ არ არის ხალხი „რუსთავი 2“-ის აქციებზე, არ არის ზუსტად ამიტომ, რადგან ამ ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს. ბუნებრივია ტელევიზია ასეთი უნდა იყოს, თუმცა, იქ ისეთი სახის დავა მიმდინარეობს, რომ ჩაუხედავი ადამიანი თავსა და ბოლოს ვერ გაარკვევს.

როგორც წაართვეს მავანს „რუსთავი 2“ და გადასცეს ქიბარ ხალვაშსს, ისე წაართვეს შემდეგ ხალვაშს და გადასცეს სხვა. რაც თავი მახსოვს სულ მიდის დავა „რუსთავი 2“-ის მფლობელებს შორის და ერთ-ერთი ასეთი დავა 1996 წელს ჩემს ოთახში ირჩეოდა.

ასე რომ, „რუსთვი 2“-ის ბიოგრაფია უნდა გაიწმინდოს და გაირკვეს, ვის რა ეკუთვნის. არავითარ სიტყვის თავისუფლებაზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ვაუდსს გამოთქვამენ, რომ აი სიტყვის თავიუსფლება შეიზღუდება და ტელევიზია გაჩერდება, რაც რეალობას არ შეესაბამება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

„დავა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ გაჩენილი მოვლენაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ყველას, ვისაც მეხსიერება აქვს, ახსოვს რა როლს თამაშობდა „რუსთავი 2“-ი  „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსაყვანად. მისივე თქმით, არხი დღესაც იგივე მეთოდით ცდილობს ამ პოლიტიკური ძალის გაცოცხლებას.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ „რუსთავი 2“ გახდა პატრიული ტელევიზია და ეს სტატუსი აქვს დღემდე. ნიკა გვარამიას დღეს ჰქვია გენერალური დირექტორი, თორემ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, ჯერ იყო დეპუტატი, შემდეგ განათლების მინისტრი, მოგვიანებით პროკურორი და დღემდე აგრძელებს ამ პარტიისთვის ბრძოლას.

მთელი ბრძოლა მიდის იმაზე დარჩება თუ არა ნაცმოძრაობას თავისი კონტროლირებადი მედია-საშუალება. თავიუსფალი მედიის დაცვა არის შირმა, ის ლეღვის ფოთოლი, რომლის უკანაც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვის ინტერესები დგას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ის არასამთავრობო ორგანიციები, რომლებიც ასე გულშემატკივრობენ თავისუფალ სიტყვას, რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან და სატელეტების როლს ასრულებენ მთელს ამ პროცესში.

„მარიონეტი იყო და თან ნაციონალური მოძრაობისა, ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. იმიტომ, რომ ეს თუ გაიშიფრია, მოსახლეობა ძალიან უარყოფითად განეწყობა ასეთი არასამთავროების მიმართ, რაც გვიჩვენა ორჯერ ჩატარებულმა არჩევნებმა. ეს დეკორაცია, რომელიც ახლა მოიფიქრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო კი არ გელაპარაკებით, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად გვინდა ჩვენს გვერდით დადგეო, ეს არის ხელოვნური.

ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, უპირველესყოვლისა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დასაცავად, ამიტომ ღიად თქვან ამ არასამთავროებმა, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ პოლიტიკურ გუნდს და ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე განცხადებით, გამოდის, რომ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები მხარს უჭერენ იმას, რომ ტელეკომპანია დარჩეს მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას და იყოს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი ბერკეტი. მისივე თქმით, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მათ არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა გამოეყენებინათ ეს ბერკეტი რასაც ჰქვია „რუსთავი2“ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად და დიდი ალბათობით ეს მცდელობა ექნებათ მომავალშიც, თუკი „რუსთავი2“ მათ მფლობელობაში დარჩება.

„ის რაც ახლა ხდება, ეს გახლავთ სამართლებრივი პროცესის პოლიტიზაციის მცდელობა. იქიდან გამომდინარე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა საერთაშორისო წრეებს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს აშშ-ს  და ევროპას „რუსთავი 2“-ის საქმეზე, როგორც ჩანს ახლა დადგა შესაფერისი მომენტი იმისათვის, რომ  ამ პოლიტიკურმა ძალებმა, თუ მათთან ასოცირებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ შეუტიონ ხელისუფლებას და ამჯერად უკვე სამოქალაქო სექტორი ჩააბან ამ პროცესში.

მერე როგორც ხდება ხოლომე,  რევოლუციების ტექნოლოგიით ნელ-ნელა დაიწყონ ამ საპროტესტო ტალღის აგორება და როგორც ეს 2003 წელს მოხდა. ჯერ დაიწყება გამოსვლები სიტყვის თავისუფლების და მედიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, შემდეგ დიდი ალბათობით გადაიზრდება მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში და მერე უკვე ყველაფერი წავა ალბათ გაკვალული სცენარით“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ამავე ადასტურებს ნიკა გვარამიას განცხადება, ჩვენ ვაწყობთ „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შემდეგ პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდოს, რაც მისივე თქმით, უკვე იყო ერთგვარი მინიშენება, თუ რას უნდა ელოდოს ხელისუფება ამ აქციისგან.

„ერთგვარად თავი დაიზღვია, ალიბი შიქმნა, რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ პოლიტიკურ ძალებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ აქციაში. სავარაუდოდ ალბათ აქითკენ წავა პროცესები. ჩვენი საზოგადოება ბევრი რამის გამო არის გაყოფილ-გახლეჩილი და „რუსთავი-2“ -ს საქმე მორიგ წყალგამყოფად იქცა. ერთ მხარეს არიან „რუსთავი 2“-ს მხარდამჭერები, მეორე მხარეს ოპონენტები და მათ შუა, როგორც ყოველთვის ნეიტრალები და ე.წ. „შუაშისტები.“

შემოვაცალოთ „რუსთავი 2“-ს საქმეს შესაფუთი მასალა - „სიტყვის თავისუფლება,“ „მედია პლურალიზმი,“ „დემოკრატია,“ „მედიის დამოუკიდებლობა“ და ხელში შეგვრჩება „რუსთავი 2“-ს რეალური შიგთავსი თავის სააკაშვილით, გვარამიათი, გაბუნიათი, მოდელირებული რეპორტაჟებით და ა. შ. ამ შიგთავსს ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან, მედია პლურალიზმთან, მედია დამოუკიდებლობასთან და ზოგადად დემოკრატიასთან. ეს არაერთხელ დადასტურებულა და წესით ყველას უნდა ახსოვდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, მოვლენები 2003 წლის სცენარით ვითარდება, შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფოსაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რატომ მიიყვანა საქმე აქამდე, რადგან, მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმე სამოქალაქო დავა არ არის, ეს არის კრიმინალი და არავის ეპერება იჭვი იმაში, რომ დღევანდელ მეპატრონეს მიხეილ სააკაშვილს ეს ქონება აქვს მითვისებული მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილ მეპატრონეებს წაართვეს ტელევიზია და საქმე არ წარიმართა ისე, რომ ეს იყო კრიმინალი, არამედ საქმე წარიმართა როგორც სამოქალაქო დავა ქიბარ ხალვაშსა და დღევანდელ ფორმალურ მფლობელ ამ ყარამანიშვილებს შორის. ეს იმთავითვე იყო სამართლებრივი შეცდომა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ამ პროცესში არასამთავროების როლს, ზარდიაშვილის განცხადებით, ისინი ხომ ჩვეულებრივი კლიენტელები არიან, თავიანთ სარგებელს ეძებენ კონკრეტული პოლიტიკური კონექტურის პირობებში და ბუნებრივია, დაინახეს, რომ სიტყვის თავისუფლების „ხელყოფის“ პოლიტიკურ საქმეს აქვს რაღაცა პრესპექტივა, რომ სარგებელი მიიღონ და ამას აკეთებენ.

„ყველაფერი გასაგებია, ჩვენთვის ცნობილი სურათია, 2003 წელს იყო „კმარა“, ახალა ეს არასამთავროები არიან დანამატი ამ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე, როგორც ჩვეულებრივი კლიენტელები, რომლებიც ამ ვითარებისგან სარგებელს იღებენ. ყველამ ვიცით რა პოლიტიკური ძალა დგას „რუსთავი 2“-ის უკან და ის, რომ ყველაფერზე ხელის მომწერია და არაფერზე უკან არ დაიხევს, ოღონდ თავისი გაიტანოს. მაგრამ ამ შეთხვევაში პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.