(საათი ღამის თორმეტს გადაცდა... უკვე ახალი დღე იწყება... რამდენიმე დღეა მამა ლევანიზე ვფიქრობ. არ მასვენებს აზრი – დავწერო, თუ არა? ვიცი ბევრი შემაჩვენებს და გამკიცხავს… მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას?)
უკვე რამდენინე კვირაა მთელი ქვეყანა, ერი და ბერი ფორიაქობს. არნახული ამბის მომსწრენი გავხდით – დედა-ეკლესია სამეზობლოს ჭორიკანა დედაკაცების თავშეყრის ადგილს დაემსგავსა. მეუფეები კომპრომატებს არ იშურებენ ურთიერთის გასაშავებლად. ღვარძლი და ბოღმა მოსჩქეფს სრულიად საქართველოში... ეს დიდი სირცხვილია ჩვენი, ეს დიდი ტკივილია ჩვენი...
ჩემი მეგობრის მეზობლად მღვდელი მამა ლევანი ცხოვრობდა წვრილ-შვილთან ერთად... მამაო უკვე რამდენიმე წელია, რაც გარდაიცვალა. სამეზობლოში ყველა გაურბოდა მასთან შეხვედრას – ბევრი ლაპარაკი იცისო, თუმცა ეხლა რომ ვფიქრობ, მასთან პირისპირ საუბრისა ეშინოდათ – პირდაპირი კაცი იყო მამაო, ძალზე პირდაპირი. რბილად, საღვთო ენაზე და ლამაზი შედარებებით ალესილ სიმართლეს ლაპარაკობდა. ამიტომ ეშინოდათ და გაურბოდნენ.
ყოველთვის მიჭირდა მღვდელთმსახურებთან საუბარი, უფრო მეტიც – არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი მისალმებისა და დამშვიდობებისას, როგორ მიმემართა, როგორ მესაუბრა. ჩემი სათქმელი ისე როგორ მეთქვა, რომ რაღაც უხილავი ზღვარი უნებლიედ არ გადამეთელა... რას ვიზამთ? საბჭოთა იმპერიის პირმშოებს „ჰომოსოვეტიკუსის“ კომპლექსები დაგვრჩა. ალბათ, თქვენც...
ჰოდა ერთხელაც, ერთ სტუმართმოყვარე ოჯახში მოკრძალებულ სადილზე გავიცანი მამა ლევანი. ეს 90-იანების დასაწყისი იყო, ავბედითი დრო. უშუქობა, უპურობა, უფულობა – მაგრამ უფრო მეტი კაცობა და თანადგომა. სრულად გამართლდა მამა ლევანის შეფასებები: ლაპარაკობდა ძალზე ბევრს, ტკბილი ხმით, თუმცა დაუფარავად, მხოლოდ სიმართლეს. ქვეყანაზე, ერზე და ბერზე, წარსულსა და მომავალზე. ვაღიარებ, ძლივს გავუძელი, უფრო იმ საღვთო-ფილოსოფიური ანალიზის ნიაღვარს, რაც ამ ქართლელი გლეხ-კაცის სახის და ვეებერთელა, მძიმე ფიზიკური შრომისგან ერთიანად დაკოჟრილი ხელების მქონე შუა ხნის კაცისგან მოსჩქეფდა. ეს იყო და ეს, ორი-სამი წელი მამაოს აღარ შევხვედრივარ.
დიღმის ტრასაზე მანქანით ჩქარა მოვქრივარ, უნდა ვაღიარო, სწრაფი სიარული მიყვარდა და მიყვარს. ასე ჩავუქროლე გაჩერებულ წითელ, მოძველებულ „ჟიგულის“ და მასთან მდგომ ანაფორიან კაცს. გავცდი და მერე მივხვდი, მამა ლევანი იყო. დავბრუნდი. დახმარება შევთავაზე. ესიამოვნა და თვალებში სითბო ჩაუდგა. „მადლობა, მაგრამ მე თვითონ ვუწამლი ამ ერთგულ „რკინის რაშსო“ – მომიგო. კვლავ ორი-სამი წლის შემდეგ მომიწია მამაოსთან შეხვედრა. მაშინაც შემთხვევით. შეზარხოშებული ახლო ნათესავის სახლიდან გამოვედი თუ არა დავინახე, აღმართს მოუყვებოდა მძიმედ. მაღალი, ხმელ-ხმელი მოკრძალებით მივესალმე. პირველად მაშინ გამაჩერა. ერთი საათი მესაუბრებოდა. მე ვდუმდი და მის დაკოჟრილ, ვეებერთელა ხელის მტევანს დავცქეროდი კვერთხზე დაყრდნობილს. თავად დაღლილი ბრძანდებოდა, მე – ნაქეიფარი, არ ვიცოდი სიტყვა როგორ ჩამეგდო, რომ გავქცეულიყავი. ერთი მახსოვს, ამპარტავნობაზე მესაუბრებოდა, კაცს თავში არ უნდა აუვარდესო მიღწეული, ყველაფერი წარმავალიაო. წლები გავიდა და მერე მე თავად ვეახლე ძველი თბილისის ერთ-ერთ „არწივების ბუდეს“ შეფარებულ ეკლესიაში, სადაც საპატრიარქოს მიერ დასჯილ-„გაციმბირებული“, მრევლით იყო გარშემორტყმული. უნდა ითქვას, ერთგული მრევლი ეკლესიდან-ეკლესიაში თან დაჰყვებოდა ხშირად შერისხულ და დასჯილ ურჩ მამაოს, თუმცა ამაზე კიდევ ვიტყვი. თბილად შემომხედა. მივხვდი ეამა კიდევ ერთი „გზააბნეული შვილის“ დანახვა. მხარზე მორიდებულად ვეამბორე.
- რამ შეგაწუხაო? – მკითხა.
- მამაო, ცხვარი მყავდა შეთქმული და მანქანის საბარგულში გვყავს, მძღოლს ვეტყვი, ამოიყვანს და მინდა თქვენი ეკლესიის ეზოში გავუშვა - მივუგე.
ჩაიცინა თავისებურად.
- ხედავ იმ მამაოს? – ჩასუქებულ, თვითკმაყოფილებით აღსავსე, ჩამრგვალებული სახისა და ტანის მღვდელზე მიმითითა – შენი ცხვარი მისი ჩაქაფული გახდება უმალ. ისე კი, შენი გადასაწყვეტიაო, - მითხრა ღიმილით.
დავიბენი.
- აბა რა ვქნა მამაო, შეთქმულს უკან ხომ მარ წავიყვან-თქო.
- მე ვიცი როგორ გავაკეთოთ, რომ ეგ ცხვარი ღატაკებსა და ქვრივ-ობლებს შეხვდეთო. მერე, წლების შემდეგ შეწუხებული სულ მეუბნებოდა, შენი შეწირული ცხვარი ისე დავკალი და დავურიგე სამეზობლოს, რომ შენ ერთი ნაჭერიც კი არ შეგხვდაო. იცოდა მე არ მიჭირდა, მაგრამ მაინც წუხდა - ეს უყურადღებობა როგორ მომივიდაო.
შემდეგ დამჩემდა, სული რომ მეწვოდა ცოდვილს მამა ლევანთან უნდა ავსულიყავი „არწივების ბუდეში“ და მისთვის მომესმინა.
თანდათან ვხვდებოდი, რომ მამა ლევანის სახით დედა-ეკლესია სიკეთის გზაზე მაყენებდა. დამაინტერესა მამაოს განვლილმა ცხოვრებამ. გავიკითხე. ჯარის შემდეგ ლევანი სრულიად ახალგაზრდა ჩამოსულა ქართლის ერთ-ერთი სოფლიდან თბილისში, დიდ ქარხანაში დაუწყია მუშაობა. ფიზიკურად ძლიერს „შავი“, მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა კარგა ხანს. თანდათან შეჩვევია ქუჩასა და უბანს. „ბირჟაზე“ გასულა, ძველ-ბიჭობაც დაუწყია, ერთი-ორიც გაულახავს. მერე სასაკლაოზე (ბოინს რომ ეძახიან ხშირად) მოწყობილა ახლობლების დახმარებით. იმ დროის სასაკლაოს ცალკე აღწერა სჭირდება, იქ კი რაც ხდებოდა პირადად ნანახი მაქვს. უსაშინლესი და უსასტიკესი გარემო იყო, სადაც ადამინის სული ქვავდებოდა, ხოლო სხეული მხეცდებოდა. დაახლოებით ისეთი გარემო იყო, როგორიც გურამ დოჩანაშვილის „ვატერპოლოშია“ აღწერილი. ლევანის ფული ბლომად ჰქონია და ამქვეყნიურ სიამოვნებას არ იკლებდა თურმე. მერე რა მოხდა არავინ იცის. დაოჯახებულა და ეკლესიაში წასულა. მღვდლად უწმინდესმა აკურთხა, თავისი აღსაყდრებიდან ერთი წლის შემდეგ. მათი სულიერი მეგობრობა, მამა ლევანის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელებულა, თუმცა ამ გარემოებას არასოდეს დაუცვია მამაო დაუმსახურებელი დევნისგან.
მღვდელი ლევანი იმდენად მკაცრი იყო, სახლში ტელევიზორიც არ ჰქონდათ – „ეშმაკის ყუთიაო“ – ღიმილით ამბობდა. ოჯახის წევრი ქალები და გოგონები თავსაფრის გარეშე სახლიდან არ გამოსულან. მოკრძალებული, უმბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა მამა ლევანი, თუმცა ქაშუეთშიც ყოფილა და დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაშიც გამწესებული მღვდლად. მის ოჯახს ეს არასდროს დატყობია. ეს შევიტყვე და უფრო დიდი პატივისცემით განვეწყვე მისდამი.
XXI საუკუნე იწყებოდა, როცა მრავალნაწვალები აგარაკის მშენებლობა დავასრულე თბილისთან ახლოს. სახლი დამილოცეთ-მეთქი მამაო, ვთხოვე. უარი არ უთქვამს. დათქმულ დროს მობრძანდა. სწორედ იმ დღეს დილით ჩემი გაზრდილი ქართული ძუ ნაგაზი დავკარგე. მშიერი, შვიდი, სამდღიანი ლეკვი განწირულად წკავწკავებდა. რა მექნა არ ვიცოდი და ეს ამბავი უდიდეს განსაცდელად წარმომედგინა. მამა ლევანი უცბადთვე მიხვდა ჩემ უხასიათობას. მკითხა. მოვუყევი. ეტყობა ძალზე ემოციურად. შუბლი შეიკრა. დამამშვიდა. თან მიწაზე ჩამომიყვანა - „განსაცდელი ისაა ამდენი გაჭირვებული ქვრივ-ობოლი და ღარიბ-ღატაკი რომ დადის ირგვლივ. ძაღლი ცოდოა, თუმცა ჯერ ადამიანი უნდა შევიცოდოთ. ყველაფერი კარგად დასრულდება და იპოვი შენ „ბოლასო“ – ოდნავი გაღიზიანებით მითხრა.
სახლი და კარ-მიდამო დალოცა კეთილი ხმით. ბაღში გაშლილ მცირე სუფრას მივუსხედით. სულ რამდენიმე ნათესავი და უახლოესი მეგობარი იყო. ერთ-ერთმა თავის მამაოზე, თბილისში ცნობილ და ძალზე პოპულარულ (?!) მღვდელზე ჰკითხა: „ხომ იცნობთ, რა დიდებული ადამიანიაო“. მამა ლევანი შეყოვნდა, თავი ჩაღუნა, შემდეგ ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ჩემ მეგობარს. „ეს და ეს კაციაო თქვენი მამაო, ესე და ესე ცხოვრობს, ორ პისტოლეტს არ იცილებსო ქამრიდან“ - მიუგო დინჯად. ახლა ჩვენ ჩავღუნეთ თავები. ეს, მაშინაც და ეხლაც, უჩვეულოდ პირდაპირი სიტყვები ჩემ მეგობარს დღესაც მწარედ ახსოვს. „ბოლა“ კი მეორე დილას ვიპოვეთ, უვნებელი. ლეკვებიც გადარჩნენ...
გავიდა რამდენიმე წელი და შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. გაეხარდა. ფეხით მოდიოდა, როგორც ყოველთვის. დაღლა ეტყობოდა. ცოტა მოტეხილიც მეჩვენა. საუბარი პირდაპირ დაიწყო: „შენ რომ გიყურებ ვხედავ ეშმა გებრძვის შიგნიდანო“ - ეგრევე მომახალა. თან მოხუცის თბილი თვალები მიმზერდნენ. გავშრი. მართალი იყო. თუმცა როდის ყოფილა სიმართლე სასიამოვნო მოსასმენი? შემატყო შეცბუნება. - „ეგ არაფერი, თავად მღვდელთმსახურებიც მუდმივად ამ შინაგან ბრძოლაში ვართ ცდუნებებთან და ცოდვებთანო“, – დამამშვიდა.
იმ დღეს განსაკუთრებულად გულახდილი იყო.
მომიყვა: „მისი უწმინდესობის მიერ ახლად ნაკურთხი ვარ მღვდლად. თბილისის ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში გამამწესეს. ერთ დღესაც მეუბნებიან: რელიგიის საქმეთა სამმართველოში უნდა მიხვიდე, გიბარებენო. წავედი. ესა და ეს (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ – ბ.ა.) დამხვდა და პირდაპირ მითხრა, თუ გინდა აქაც დაწინაურდე და კარგ ეკლესიაში გაგამწესონ, უცხოეთშიც ხშირად იარო, ჩვენთან, უშიშროებასთან უნდა ითანამშრომლოო. მე რა დასაკარგავი მქონდა რა, მეც პირდაპირ მივახალე: ჩამშვები და აგენტი არასდროს გავხდები, მაგისთვის კი არ მივედი ეკლესიაში-მეთქი და წამოვედი. ამის შემდეგ იყო რომ სანამ კომუნისტები არ ჩამოაგდეს, თბილის-სოფელი იყო ჩემი მარშრუტი. სხვებმა კი მსოფლიო მოიარეს. უფალმა განსაჯოს. ბევრი კი იყვნენ ეგ ოხრებიო“, – ასე დაასრულა მამაომ. მისახვედრს - მივხვდი.
მამა ლევანი შევარდნაძე-სააკაშვილის დროსაც არაერთხელ დასაჯეს. ერთი ისტორია ფართოდ გავრცელდა მაშინ.
მამა ლევანი ქაშუეთის ეკლესიაში მსახურობდა, როცა მაშინაც და ახლაც, ცნობილი ხელოვან-პოლიტიკოსი ქალბატონი ეკლესიაში, წირვაზე დასასწრებად შეგოგმანდა შარვლითა და უზარმაზარი დეკოლტეთი. მამაო უსწრაფესად მასთან მიჭრილა და მკვახე სიტყვებით (დაახლოებით: „ხორცი დაიფარე დედაკაცოო“) ეკლესიიდან დაუთხოვია დიაცი. ისიც ქუჩის გადაღმა, პირდაპირ პარლამენტში გაქცეულა, თავის მეგობარ-მესაიდუმლე და თანაც თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიასთან. მომენტალური სატელეფონო ზარი საპატრიარქოში და მამა ლევანი სწორედ იმ „არწივების ბუდეს“ შეფარებულ ეკლესიაში „გააციმბირეს“, სადაც ასზე მეტი, ქვაში გამოთლილი კიბეა ასავლელი, თუმცა ერთგული მრევლი არ მოკლებია მამაოს. 2006 წელი იწყებოდა მამა გარდაგვეცვალა და მისი ზიარება მამა ლევანის ვთხოვეთ, მით უფრო, რომ კარგად იცნობდა მიცვალებულს. წესი აუგო სულგანათლებულს, თუმცა მამაომ იქაც არ უღალატა ჩვევას: მკაცრად გადახედა და თვალები უბრიალა შარვლიან ქალბატონებს. თან მკვახე სიტყვაც მიუგდო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ წელსაც საოცრად ცივი თებერვალი იდგა და ჭირისუფალ ქალბატონებსაც თავის გამართლება ალბათ ჰქონდათ.
სამი წლის შემდეგ ვნახე უკანასკნელად ცოცხალი. ესეც განგების ნება იყო, თორემ მეტროთი არ ვსარგებლობ, როგორც წესი. მეტროსადგურის ამოსასვლელში შევხვდით შემთხვევით. უკვე შესამჩნევად მობერებულ-გატეხილიყო. ადრე მხნე, ანაფორაში იყო ჩაკარგული. ჩანდა უკურნებელი სენი დარეოდა მთელ სხეულს, თუმცა სული კვლავ მებრძოლი შერჩენოდა. შეწუხებული იყო ძალზედ. „დაგვიბერდაო უწმინდესი, ავადააო უკვე კაიხანს და ამით კიდევ უფრო მოძლიერდნენ უღირსი მღვდელთმთავრებიო“, – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. „უწმინდესი ყველასთან განსაკუთრებულად კეთილი და მიმტევებელი იყო ყოველთვის, თუმცა უღირსი თუ არ მოიკვეთა და დაისაჯა, ცუდად დამთავრდებაო ყველაფერი“, – წუხდა მამა ლევანი.
„საპატრიარქოში ფარული დაპირისპირება ჩვეული ამბავია, თუმცა ამჟამად უკვე ღიად მიდის ბრძოლა. ჯერ კიდევ ცოცხალი პატრიარქის ირგვლივ რაღაცეებს ხლართავენ ეს ნაცებიო (ვერ იტანდა „ნაცებს“, ამიტომ იყო მათაც სამაგიერო გადაუხადეს ბევრჯერ – ბ.ა.). უწმინდესის კეთილი ხასიათით უფრო და უფრო სარგებლობენო ბოროტი ძალები. საკვირველად იმძლავრა საპატრიარქოში საერო პირების ძალაუფლებამ. მღვდელთმსახური ისე უნდა ცხოვრობდეს, ისე უნდა ულხინდეს და უჭირდეს, როგორც მის მრევლსო“, – ასე დაასრულა სათქმელი. არასდროს ყოფილა ასე გულახდილი. თითქმის საათი გასულა. ქუჩაში, წვიმაში ვიდექით ორივე კარგად დასველებული. რა უცნაური სანახავი ვიქნებოდით გვერდიდან. ასე დავცილდით. მალევე შევიტყვე: უკურნებელი სენით გარდაცვლილა მამა ლევანი. „არწივების ბუდის“ ეკლესიაში გადაუხადეს პანაშვიდი. უწმინდესს დაუვალებია - ყველანაირად დაეხმარეთო ოჯახს. დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრეთ მამა ლევანის მეუღლეს და შვილებს. მერე კი ცალკე შევსვით მართალი და მეამბოხე მღვდლის, მამა ლევანის შესანდობარი.
ამ სტრიქონების დაწერა მეგონა არასდროს მომიწევდა. თუმცა დღეს დედა-ეკლესიაში მიმდინარე პროცესებმა მაიძულეს მამა ლევანის სული შემეწუხებინა.
მჯერა, არაერთი მამა ლევანი მსახურობს საქართველოს მთა-ბარს მოფენილ ეკლესია-მონასტრებში, რომლებიც თავმდაბლად იხდიან თავის ვალს უფლისა და ერის წინაშე. მჯერა და ეს მაძლიერებს.
P.S. ეკლესია ერის სარკეა თუ?... ეკლესიას თუ აქვს პრეტენზია ერს ჭეშმარიტების გზა უჩვენოს, მაშინ ის თავად უნდა იყოს უკეთესი.