„საეკლესიო სასამართლოს აღდგენა შუა საუკუნეებში დაგვაბრუნებს“

„საეკლესიო სასამართლოს აღდგენა შუა საუკუნეებში დაგვაბრუნებს“

საეკლესიო სასამართლოს აღდგენის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს. მიტროპოლიტი პეტრე მიიჩნევს, რომ ამ ტიპის სასამართლო აღსადგენია, თუმცა საინტერესოა, 21-ე საუკუნეში რამდენად აუცილებელია საეკლესიო სასამართლოს აღდგენა.

თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, საეკლესიო სასამართლო მხოლოდ დავით აღმაშენებლის დროს არ ყოფილა და თანამედროვე ეკლესიებშიც არის საეკლესიო სასამართლო. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი სასამართლო, არამედ უფრო საეკლესიო ინსტანციაა, რომელიც მხოლოდ შიდა საეკლესიო საკითხებზე მსჯელობს. ცხადია, ეს საკითხები არ გამოდის ეკლესიის გარეთ. ფაქტობრივად, ჩვენთან საეკლესიო სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს ან თავად პატრიარქი, ან სინოდი. ამდენად, საეკლესიო სასამართლო თუკი აღდგება, ისიც სინოდისა და პატრიარქის მიერ იქნება დანიშნული და დამოუკიდებელ შტოდ არ ჩაითვლება, როგორც ეს საერო სფეროშია. უბრალოდ, შემოიფარგლებიან იმით, რომ საეკლესიო სასამართლოზე გატანილ საკითხებს განიხილავენ პროფესიონალები, საეკლესიო სამართლის სპეციალისტები.

„ჩვენ ვიცით, რომ სინოდი პერიოდულად იკრიბება, მაგრამ ყველა საკითხს სინოდზე ვერ გაიტანენ. ვერ იმსჯელებენ თუნდაც პატარა დავების შესახებ. საერთო ჯამში, საეკლესიო სასამართლო საჭიროა, მაგრამ, თუ რაღაც კრიმინალი ხდება, ცხადია, საეკლესიო სასამართლო ვერ შეცვლის საეროს. საეკლესიო სუბიექტებს შორის დავა თუ გამოვა ეკლესიის გარეთ და ამ სუბიექტებს ვერ დააკმაყოფილებს საეკლესიო სასამართლო, მაშინ ეს დავა გადაინაცვლებს საერო სასამართლოში. სასულიერო პირს ამას ვერავინ დაუშლის, რადგან გარდა იმისა, რომ ეკლესიის წევრები ვართ და შესაძლოა, სასულიერო პირებიც ვიყოთ, ამავე დროს, მოქალაქეები ვართ. ეს ორი სისტემა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კი საეკლესიო სასამართლო ვერაფერს შეცვლიდა, რადგან ბრალი წარდგენილი აქვს მოქალაქე გიორგი მამალაძეს. ასე მარტივად არ არის, რომ, რადგან საეკლესიო სასამართლო იხილავს საქმეს, მაშინ პროკურატურამ და სასამართლომ თურმე აღარ უნდა განიხილოს. ჩვენ საერო სახელმწიფო ვართ და ყველანი ვემორჩილებით საერო კანონებს“, - აღნიშნავს ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილ დირექტორს თემურ ბიბილურს აინტერესებს, როცა ცალკეული ადამიანები საეკლესიო სასამართლოს აღდგენაზე საუბრობენ, საინტერესოა, ვინ უნდა აღადგინოს საეკლესიო სასამართლო? ამ ადამიანებს თუ ახსოვთ, ვინ მოიწვია რუის-ურბნისის კრება? ეს ხომ მეფემ გააკეთა, დავით აღმაშენებელმა, რომელმაც დაინახა, რა უგვანობაც ხდებოდა ეკლესიაში. ხოლო რითაც დამთავრდა ეს კრება მაშინდელი სასულიერო პირებისთვის, ეს ყველასთვის ცნობილია.

„რამდენი გააძევა ქვეყნიდან? ამას რატომ არ ამბობენ? დავითმა უღირსთაგან გაწმინდა ეკლესია. მასზე ბევრად ადრე, ვახტანგ გორგასალი კი ეუბნებოდა უმაღლეს სასულიერო პირს, „შენცა მეგუადრუცე (მოლარე, სიმდიდრის დამგროვებელი) ხარ ქრისტესიო“. დღესაც, თქვენთან საუბრის დაწყებამდე, ქუჩაში ორი ჭარმაგი ადამიანის გულწრფელ შეწუხებულ საუბარს მოვკარი ყური, ახლა უკვე ჩვენს ფუნდამენტს - ეკლესიასაც შეეხნენო. უნდა მეკითხა მათთვის, ვინ შეეხო ეკლესიას, გარედან შეეხო ვინმე თუ შიგნიდან?! დიდი ხანია, ეხებიან ეკლესიას შიგნიდან. რომელ საეკლესიო სასამართლოზე ლაპარაკობენ? კარგად ჩაიხედონ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, საზოგადოდ, საქართველოს ისტორიაში, შუა საუკუნეებში ვბრუნდებით, ხალხო? საეკლესიო სასამართლოს აღდგენა ხომ სასაცილოა. მარტივად შეუძლიათ, მოიწვიონ საეკლესიო კრება, თუკი აქვთ ამისი სურვილი და ამის თავი, იმსჯელონ პირუთვნელად. წინათ საეკლესიო კრებას, სასულიერო პირების გარდა, საერო პირებიც ესწრებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, ეს იყო მეფე, დღესდღეობით კი სხვები შეიძლება დაასწრონ. დაასწრონ თუნდაც ე.წ. მესამე სექტორი, შეარჩიონ ახალი ლოკაცია, „კრეატიული პიროვნებებიც“ მიიყვანონ, როგორც უყვართ ხოლმე ამის გამოთქმა. თორემ მართლა ბევრი რამ ტკივა ჩვენს ეკლესიას“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში თემურ ბიბილური.