„პატრიარქი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ“

„პატრიარქი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ“

„პატრიარქი საკმაოდ გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიები გადასახადების სახით არ იხდიდნენ ბიუჯეტში დაახლოებით ას მილიონამდე ლარს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, რომლის განცხადებით, პატრიარქის ამ ინფორმაციით აშკარად ჩანდა, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესმენების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თავად საპატრიარქოს მიმართ.

for.ge თემურ ბასილიას ესაუბრა.

ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესების პარალელუარდ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ეკლესიაში დიდი კორუფცია და უკანონო ბიზნესია, მასში ჩართულია პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირი. ბატონო თემურ, რამდენად აუცილებლია, რომ აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს საპატრიარქოს შემოსავლები?

თემურ ბასილია: თორმეტ წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ, ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი, იმის შესახებ, არის თუ არა რომელიმე ორგანიზაციაში კორუფცია თუ უკანონო ბიზნესი. რაც შეეხება აუდიტს, სასურველია ყველა ორგანიზაციას ჰქონდეს თავისი, შიდა აუდიტი, რომელსაც აღრიცხული ექნება რა აქტივებს ფლობს, როგორ იყენებს მათ, რა სახის შემოსავლებს ღებულობს მათგან, როგორ ხდება ამ რესურსების გამოყენება.

თუ, საპატრიარქოში არ არის ასეთი შიდა აუდიტის სისტემა, სასურველი იქნებოდა მისი შექმნა. ეს იქნებოდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ორი-სამი კვალიფიციური ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი, რომელიც დაეხმარებოდა საპატრიარქოს მათ მფლობელობაში არსებული რესურსების უკეთ გამოყენებაში.

გარდა ამისა, საპატრიარქოს შეუძლია გარე აუდიტის მოწვევაც, რომელიც დაახლოებით, იგივე ტიპის სამუშაოს შეასრულებდა. ეს შეიძლება იყოს, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ასევე, კერძო აუდიტორული კომპანიები. ხაზს ვუსვამ, რომ საპატრიარქომ თავად უნდა გადაწყვიტოს აუდიტის რა ფორმას აირჩევს.

მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული პოლიტიკის შეწყვეტას და გადახედვას ითხოვსრესპუბლიკური პარტია“. რამდენად სწორია საუბარი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე, მით უმეტეს, როდესაც როგორც ჩანს, ეკლესიის მსახურებს კომერციული საქმიანობისკენ გაუჩნდათ მიდრეკილება?

- მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ამიტომაც, არ მიმაჩნია რაიმე პრობლემად, თუ ქართული სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას გაუწევს მას თავისი როლის და ფუნქციის უკეთ შესასრულებლად. რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, ჩემი აზრით, ამით მხოლოდ ბიზნეს სექტორი უნდა იყოს დაკავებული.

კითხვის ნიშნებს იწვევს საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიების გადასახადების გადახდისგან განთავისუფლების საკითხი, მაშინ როდესაც, შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიების გადასახადების გადამხდელებად დარეგისტრირება. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება?

- თქვენ სწორად აღნიშნეთ, სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიების გადასახადების გადამხდელებად დარეგისტრირება. 1992-94 წლებში, როდესაც ჯერ კიდევ საგადასახადო კოდექსი არ იყო შექმნილი, ბევრი ორგანიზაცია და დაწესებულება სხვადასხვა მექანიზმებით განთავისუფლდა გადასახადების გადახდისგან, მათ შორის იყო საპატრიარქოსთან და მის სამეურნეო სამსახურთან დაკავშირებული კომპანიებიც.

სწორედ ამ კომპანიებს შემოჰქონდათ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, ნავთობპროდუქტები, სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელები, ლუდი, ნაყინი და ბევრი სხვა. ბიუჯეტი უზარმაზარ თანხებს კარგავდა, რაც იმ პერიოდში არსებული ჰიპერინფლაციის ერთ-ერთი მიზეზიც იყო. 1994 წლიდან დაიწყო ამ პრობლემების მოგვარება.

ამ კომპანიების უკან იკვეთებოდა კონკრეტული ჯგუფების ბიზენ-ინტერესები?

- ცხადია, ყველა ამ განთავისუფლების უკან საკმაოდ ძლიერი ინტერესთა ჯგუფი იყო, რომლებსაც არ უნდოდათ გადასახადების გადახდა. დიდი წინააღმდეგობა იყო ე.წ. „წითელი დირექტორებისგან“, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ მოეძებნათ გზები, რომ არ გადაეხადათ გადასახადები ბიუჯეტში. ცალკე უდიდესი პრობლემა იყო სიგარეტის იმპორტი, რომელსაც ერთ-ერთი ძალოვანი უწყება მფარველობდა. ასეთ ვითარებაში, ასეთ საგადასახადო შეღავათების პირობებში, შეუძლებელი იყო ქვეყანაში არა მხოლოდ ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევა, არამედ, საერთოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ-ნაკლებად გამართული მუშაობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მისიის დროს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის დროს, დაისვა საკითხი, რომ აუცილებელი იყო ამ პრობლემის მოგვარება. პრეზიდენტი შევარდნაძე დაგვეთანხმა და განაცხადა, რომ ის მზად არის მომზადდეს შესაბამისი კანონმდებლობა, გაუქმდეს ყველა ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი და, რომ ყველა სახის ბიზნესმა სრულად გადაიხადოს ბიუჯეტში კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადი.

რაც შეეხება საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფირმებს?

- შევარდნაძემ გვითხრა, რომ ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია და, რომ პატრიარქთან წინასწარი საუბრის გარეშე გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ მიზნით, პრეზიდენტმა გვთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და მე შევხვედროდით პატრიარქს და აგვეხსნა უწმინდესისთვის ეს ვითარება და ერთად მოგვეძებნა გამოსავალი. ნამდვილად არ იყო ადვილად შესასრულებელი დავალება და ამიტომაც, მისიის ხელმძღვანელთან ერთად მოვილაპარაკეთ შესაძლო ვარიანტებზე.

პრეზიდენტთან საუბრის მომდევნო დღეს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი და მე ვეწვიეთ პატრიარქს მის რეზიდენციაში. საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა მასთან. როგორც აღმოჩნდა, პატრიარქს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ და იგი ძალიან შეწუხდა ჩვენგან მოსმენილი ინფორმაციით. მან მაშინვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვითხრა, რომ ეკლესია არ უნდა იყოს დაკავებული ასეთი საქმიანობით და მზად იყო დაევალებინა საპატრიარქოს სამეურნეო სამსახურისთვის, რომ მხოლოდ საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეებით დაკავებულიყო.

პატრიარქი საკმაოდ გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიები გადასახადების სახით არ იხდიდნენ ბიუჯეტში დაახლოებით ას მილიონამდე ლარს, მაშინ როდესაც, როგორც ამ შეხვედრაზე გაირკვა, ეს კომპანიები მხოლოდ სამ მილიონამდე ლარს ურიცხავდნენ საპატრიარქოს შემოწირულობის ფორმით. ჩვენც საკმაოდ გაოგნებულები დავრჩით, პატრიარქის ამ ინფორმაციით. აშკარად ჩანდა, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესმენების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თავად საპატრიარქოს მიმართ.

ანუ, პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ?

- ამ საუბრის დროს, პატრიარქმა მკაფიოდ გვითხრა, რომ არც მას და არც ეკლესიას არ სჭირდება ასეთი მახინჯი სისტემის შენარჩუნება, რადგან ეკლესია ძირითადად, შემოწირულობებით უნდა არსებობდესო, მაგრამ როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ამის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდესო. ასევე, მან აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან გაუჭირდებოდა თავისი როლის შესრულება, მით უმეტეს, იმ პერიოდში საქართველოში შემოდიოდნენ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები სერიოზული ფინანსებით.

მოკლედ, პატრიარქმა სრულად გაიზიარა ეს პრობლემა და გამოხატა მზადყოფნა მის მოსაგვარებლად. ერთადერთი რაც მას აწუხებდა - მართლმადიდებულური ეკლესია პრაქტიკულად ფინანსების გარეშე რჩებოდა. ჩვენ ავუხსენით პატრიარქს, რომ ჩვენი მიზანი ქვეყანაში ფინანსური წესრიგის დამყარება იყო და არ გვინდოდა, რომ ამ რეფორმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაზიანებულიყო.

სწორედ ამ მიზნით ვკითხეთ პატრიარქს, როგორ შეხედავდა იმ ფაქტს, თუ საქართველოს მთავრობა საპატრიარქოსთვის ყოველწიურად გამოყოფდა ბიუჯეტში 3 მილიონ ლარს. ანუ, საპატრიარქო მიიღებდა იგივე თანხას, რასაც ღებულობდა მასთან დაკავშირებული ფირმებისგან. ამ შეთავაზებაზე პატრიარქმა თანხმობა განგვიცხადა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიუხედავად ჩვენი თხოვნის, რომ არ შეწუხებულიყო, პატივისცემის ნიშნად ავტომანქანამდე გამოგვაცილა.

საპატრიაქოში შეხვედრის შემდეგ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდით პრეზიდენტ შევარდნაძეს და მოვახსენეთ შეხვედრის შედეგები. მან მადლობა გადაგვიხადა ამ რთული და დელიკატური პრობლემის მოგვარებისთვის და გვთხოვა მოგვემზადებინა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

ეს ცვლილებები მომზადდა, რომლის თანახმადაც, გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ საპატრიარქოსთან არსებული ის ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ საეკლესიო დანიშნულების საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, ყველა სხვა ორგანიზაციას ბიუჯეტში სრულად უნდა გადაეხადა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ეს ცვლილებები მოგვიანებით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა და მან კანონის სახე მიიღო.

თქვენ ასევე ამბობთ, რომ როგორც ჩანს, 2004 წლის შემდეგ შეიცვალა ეს წესი, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და რას გულიხმობთ?

- 2004 წლის იანვრამდე გახლდით პრეზიდენტის თანაშემწე და იმ პერიოდის განმავლობაში არ გამიგია, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებული რომელიმე ფირმას არ გადაეხადა ბიუჯეტში გადასახადები. მხოლოდ, ბოლო პერიოდში წავიკითხე ქართულ პრესაში ამის თაობაზე, რამაც ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საკმაოდ გამაკვირვა.

როგორც უკვე აღვნიშნე, 12 წელიწადზე მეტია საქართველოში არ ვყოფილვარ და ამიტომაც, არ ვიცი რეალურად რა შეიცვალა, შესაძლოა, ის ძველი კანონი შეიცვალა, შესაძლოა, კანონი არ შეცვლილა, მაგრამ რაღაც სიტყვიერი თანხმობა იყო ხელისუფლების მხრიდან; შესაძლოა, ეს გამონაკლისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გააკეთეს, მისი მხარდამჭერი საეკლესიო პირების მიმართ... რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, რეალურად კი, რასთან გვაქვს საქმე, ალბათ, ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ.