NASA-ს ახლანდელ აღმოჩენას უკვე უწოდეს სენსაციური. მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის მსგავსი მინიმუმ 7 პლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნასას სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. აღმოჩენილი პლანეტები თითქმის დედამიწის ზომისაა. ყველა მათგანი TRAPPIST-1-ის ორბიტალურ ზონაში მოძრაობს, სადაც საკმარისი სითბო და სინათლეა წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის. აღმოჩენილი 7 პლანეტიდან 3-ზე სიცოცხლის არსებობასაც ვარაუდობენ.
პლანეტების აღმოჩენა კოსმოსური ტელესკოპით „სპიტცერით“ მოხდა. ნასას სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელი ტომას ცურბუხი ამბობს, რომ მეორე დედამიწის პოვნა უბრალოდ დროის საკითხია.
ასტრონომ მიშელ ჰიონის თქმით, პლანეტები მზის სისტემიდან 40 სინათლის წელიწადის დაშორებით აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთთან ძალზე ახლოს არიან განლაგებულნი. პლანეტებზე არსებული ტემპერატურის გათვალისწინებით, მათზე შესაძლოა, წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს და, უფრო მეტიც, არსებობდეს სიცოცხლე.
აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომი გიორგი რამიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხდებს, რომ ნასას სენსაციური აღმოჩენების შესახებ ძალზე ხშირად კეთდება განცხადებები, მაგრამ, რეალურად, მათგან 10%-იც არაა ხოლმე ნასას გაკეთებული. უბრალოდ, ნასას მიაწერენ, რომ როგორმე აღმოჩენა გაახმაურონ. ახლანდელი აღმოჩენა კი რეალობას უფრო შეესაბამება და დედამიწისნაირი პლანეტის პოვნა მართლაც დროის ამბავია.
„მართლაც არის ასეთი პლანეტები, ახლა შვიდია თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ სტუდენტებს რომ ვუჩვენებ, ხუთი ნამდვილად შეიძლება იყოს. ეგზოპლანეტები (ექსტრასოლარული, ანუ მზის გარეთა პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის გარშემო) ჰქვია ამას, რომლებიც მზის სისტემის გარეთ არიან. ნასას მეცნიერები აცხადებენ, რომ ახლადაღმოჩენილი პლანეტები მზის სისტემიდან 40 სინათლის წელიწადის დაშორებით არიან განლაგებულნი. 40 სინათლის წელიწადი ჩვენთვისაა ძალიან დიდი, თორემ ასტრონომიური ზომებით ეს ძალიან ახლოსაა. ეს ნიშნავს, რომ, რასაც მეცნიერები იქ ხედავენ, ეს 40 წლის წინ იყო. ანუ დღეს კი არ არის, ანუ სურათი 40 წლის წინანდელია. 40 წელი კი ასტრონომიაში ერთ წამზე პატარაა. მანდ არის ასეთი განმარტება, ე.წ. სასიცოცხლო ზონა.
ანუ ვარსკვლავი რანაირიც არის თავისი ტემპერატურითა და სიკაშკაშით, იმის შესაბამისად, ძალიან ახლოს დაწვავს ყველაფერს, ძალიან შორს კი ვერ გაათბობს. თითოეულ ვარსკვლავს აქვს რაღაც ასეთი სასიცოცხლო ზონა. ამდენად, გარკვეული მანძილიდან გარკვეულ მანძილამდე არის საშუალება, რომ, თუ იქ პლანეტა მოხვდება, მასზე ნორმალური პირობები შეიქმნას განვითარებისთვის; უფრო სწორად, დედამიწის მსგავსი პირობები იყოს განვითარებისთვის“, - აცხადებს გიორგი რამიშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, ჩვენი სამყაროს მწირი ტექნოლოგიით რამდენად რთულია მეორე დედამიწის აღმოჩენა, განმარტავს, რომ ჰელიოსკოპებით ან სხვა ტექნიკით ამის დანახვა ძნელია, რადგან ჩვენი ტექნიკისთვის ეს პლანეტები ძალიან შორსაა.
ამდენად, ჩვენს ტექნიკას ამ პლანეტების გარჩევა გაუჭირდება, თორემ სამყაროს მასშტაბებით ახლოსაა 40 წლის სინათლის წელი. გიორგი რამიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ახლად აღმოჩენილ პლანეტებზე წყალი თხევად მდგომარეობაში მართლაც იყოს, რადგან სასიცოცხლო ზონაზე როცა ვლაპარაკობთ, მთლიანობაში, ნაპოვნია რამდენიმე ასეული ასეთი პლანეტა, ეგზოპლანეტები და მათგან 5-დან 10-მდე პლანეტაზე ვარაუდობენ, რომ შეიძლება იყოს დედამიწის მსგავსი სიცოცხლე.
თუმცა მეცნიერი აკონკრეტებს, რომ დედამიწის მსგავსი სიცოცხლე სულაც არ ნიშნავს, რომ იქ დარბიან და ბურთს თამაშობენ. ეს ნიშნავს, რომ იქ არის წყლის არსებობის საშუალება, რომ წყალი არ აორთქლდეს და არ გაიყინოს. უბრალოდ, იყოს ისეთ თხევად მდგომარეობაში, რომ მასში მინერალები გაიხსნას და სიცოცხლის საშუალება იყოს.
„ამ პლანეტებზე ცოცხალი არსებები იქნება თუ არა, ამას დედამიწიდან ვერ დაინახავენ, ეს შეუძლებელია, ის პლანეტები საკმაოდ შორია. ჩვენ ვარსკვლავს ვხედავთ ტელესკოპით, მის გარშემო პლანეტები რომ მოძრაობენ, მათი დანახვა ტელესკოპში ძნელია, რადგან პლანეტები თვითონ არ ანათებენ, ვარსკვლავი ანათებს და პლანეტებიც ვარსკვლავის სხივებში იმალებიან. აბასთუმნის ობსერვატორიიდან ამის დანახვა რთულია, ამას სპეციალური ტექნიკური შესაძლებლობა სჭირდება. აბასთუმნის ობსერვატორიას, სამწუხაროდ, არ აქვს ასეთი ტექნიკური შესაძლებლობა, ხოლო სახელმწიფოს არ აქვს ფული, იყიდოს ძალიან მაღალი გარჩევის ტექნიკა. თუმცა დედამიწის მსგავსი პლანეტების დასანახად ძვირადღიღებული ტექნიკის შეძენას აზრი მაინც არ ექნება, რადგან ამ ეგზოპლანეტების ძირითადი აღმოჩენები სპეციფიკური კოსმოსური თანამგზავრებიდან ხდება, რომლებიც მაგ საქმეზეა ორიენტირებული. ყველაზე ცნობილი ასეთი თანამგზავრია კეპლერი, საიდანაც ხორციელდება ძირითადი აღმოჩენები.
კეპლერი ნასას გაშვებულია და, შესაბამისად, პირველადი ინფორმაციაც მიდის ნასაში. თითოეული ასეთი პლანეტის პოვნა მაინც აღმოჩენაა. ვიმეორებ, ეს პლანეტები საკმაოდ შორს არიან საიმისოდ, რომ იქაურები ჩვენთან მოვიდნენ და კონტაქტზე გამოვიდნენ. კონტაქტზე ჩვენ ვერ გავდივართ, ჩვენი ცივილიზაციის განვითარების დონე ამას ვერ ჰყოფნის და იმათი დონე ჩვენზე უკეთესი რატომ იქნება, შეიძლება, გაცილებით ნაკლებიც იყოს. ისიც შეიძლება, იმ პლანეტებზე ადამიანი საერთოდ არ ცხოვრობდეს. მართალია, დედამიწის მსგავსება ნიშნავს მასზე შესაძლო იმავე პირობებს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე ცივილიზაცია იქნება“.
რაც შეეხება ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებას, რომ ადამიანები მაინც ვერ ეტევიან დედამიწაზე და შეიძლება სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ, ქართველი ასტრონომი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ეს ფანტაზიაა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისტორიულად ბევრი რამ ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნებოდა, მაგრამ მოგვიანებით ბევრი რამ ახდა. ამდენად, ამ წუთას გადასახლებაზე ფიქრი ნაადრევია, ვინაიდან 40 სინათლის წელიწადს რომ ვამბობთ, სინათლის სიჩქარით თუ წავალთ, 40 წელიწადში მივალთ იქამდე. თანამედროვე ფრენის საშუალებებით კი სინათლის სიჩქარით ვერც ერთი კოსმოსური აპარატი ვერ მიდის. ამის მეასედი სიჩქარით რომ გავუშვათ, ე.ი. გამოდის, რომ 40 წელიწადში კი არა, 4 ათასი წლის შემდეგ მივალთ იმ პლანეტაზე.