„რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ტელეკომპანიის გაყიდვას არ აპირებს, მით უფრო ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკების დაწყებას. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ერთი ჩვეულებრივი ავანტიურისტია, რომლის წინადადებას მისთვის ნულის ფასი აქვს.
როდის და რა გეგმებით აპირებს ტელევიზიაში მისვლას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „რუსთავი 2“ მფლობელს ქიბარ ხალვაშს ესაუბრა.
„რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის კოლექტივისთვის მიყიდვას გთავაზობთ ნიკა გვარამია, განიხილავთ ამ წინადებას?
ქიბარ ხალვაში: ჩემთვის აბსოლუტური ნულია გვარმიას ნათქვამი სიტყვის ფასი. იმიტომ, რომ მე გამაჩნია სააკაშვილთან და გვარამიასთან მოლაპარაკების პრაქტიკა და ისტორია. აბსოლუტურად ყველა მოლაპარაკება ტყულით და პირობების შეუსრულებლობით დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, მათ შემოთავაზებულ პირობებს აქვს ნულის ფასი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაგ ადამიანებთან რამე თემაზე მოლაპარაკება. მოლაპარაკება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე იყო დრო. კონსტრუქციულად რომ მოქცეულიყვნენ, შეიძლებოდა მოვლაპარაკებულიყავით კიდეც. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მოლაპარაკების დაწყებას არ ვაპირებ.
ჩემი ზარალი არ ითვლება მხოლოდ „რუსთავი 2“-ით, ვცდილობ ყველაფერი ავანაზღაურებინო, რომ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო. ნიკა გვარამია არის ერთი ჩვეულებრივი ავანტიურისტი, ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ნიკა გვარამია არის მიშა სააკაშვილის წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკებას არ ვაპირებ.
როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თქვენ ტელევიზიაში არ შეგიშვებთ...
- ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სახელმწიფოა სახელმწიფოში? ეს არის ნიკა გვარამიას და სააკაშვილის ოცნება, რომელიც ძალიან მალე მორჩება. ნიკა გვარამია ჩემზე ვაჟკაცია, თუ ჩემზე მაგარი ბიჭია? მეც, რომ მითხრეს უნდა გამოვსულვიყავი და დამეთო ტელევიზია, დავთმე, გული მეტკინა. ნიკა გვარამია ვინ არის, ცალკე სახლემწიფოა? ბარემ „რუსთავი 2“-იც სახელმწიფოდ გააკეთონ და ტერიტორია ავტონომიად გამოაცხადონ.
ყარამანიშვილები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გამოიყენონ დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული „უკანონო“ გადაწყვეტილება...
- ვფიქრობ, ყარამანიშვილებს უფრო მეტად უხარიათ, ვიდრე სწყინთ სასამართლოს გადაწყვეტილება. დაახლოებით ვიცი ვინ დაუწერა ის ტექსტი, რომელიც გაგვაცნო. ასე რომ, ეს ყველაფერი არის უშედეგო. მათგან განსხვავებით მე ვიყავი ლტოლვილი, ქონება ჩამორთმეული, პოლიტიკური მოტივით ვიდევნებოდი, ჩემი ძმაც გაქცეული იყო ქვეყნიდან, მაგრამ სტრასბურგმა ჩვენი საქმე განხილვაში არ მიიღო. იმიტომ, რომ მშივრები არ ვიყავით და ციხეში არ ვიჯექით. ასე რომ, ვარწმუნებ, არაფერი არ მოხდება, ტყუილა ენერგია არ ხარჯონ. შინაგანად ვულოცავ მათ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის 6 მარტს წარადგენთ და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებთ ტელევიზიაში შესვლას. იმ ფონზე, როდესაც ტელევიზიის ეზოში გაშლილია კარვები, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიაში შესვლა, ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე?
- არ შეიძლება ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს. უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით. საკმაოდ მყარი ნერვები მაქვს და ის კარვები აბსოლუტურად არ მაღელვებს. მეცოდება ის ხალხი, ვინც იმ კარავში ზის. უბრალოდ, ვიღაცისგან დავალებას იღებენ იმ კარავში დასაჯდომად.
საინტერესოა ისიც, რომ კარავში ძირითადად პოლიტიკოსები არიან და არა ჟურნალისტები, რომლებიც შიშობენ, რომ შეიზღუდება მათი სიტყვის თავისუფლება...
- მართლაც საინტერესოა. თქვენ ხომ არ გახსოვთ იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, რომლებიც იმ კარავში ზიან და მე გეტყვით რატომ ზიან.
გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ნუგზარ წიკალური და ა.შ.
- ეს ადამიანები მაგ ტელევიზიით იკვებებოდნენ. ეს ტელევიზია გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე დასახელებული თანხა. იმიტომ, რომ ტელევიზიით მიიღეს ძალაუფლება, რომლის შედეგადაც ის მატერიალურად აქციეს, გამდიდრდნენ, შეიძინეს ქონება და უცებ მილიონერები გახდნენ. აქედან გამომდინარე, უჭირთ იმის დათმობა, რაც კანონით მე მეკუთვნის.
იქ კიდევ სხვებიც ზიან, რომლებიც იმიტომ ზიან, რომ ყოველდღიურ გასამრჯელოს იღებენ, პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში. ხალხი, რომელთაც მართლა მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“, დემოკრატია და ა.შ. უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი და ენთუზიაზმით იცავენ. იმათთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მოუწოდებენ, რომ იქ იჯდნენ, ყველა მათგანს მატერიალური დაინტერესება აქვს.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის კოლექტივს, არაერთხელ გააკეთეთ განცხდება, რომ ტელეკომპანიაში პროფესიონალები მუშაობენ და, რომ თქვენ არ აპირებთ მათი ტელევიზიიდან გათავისუფლებას, მაგრამ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, წავა არხიდან. ბაქტონო ქიბარ, ძალაში რჩება ეს წინადადება?
- დანაშაული კანონით ისჯება, ინდულგენციას ვერავის ვერ მივცემ. მე რამე განსაკუთრებული ადამიანი ვარ? მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ „რუთავი 2“-ის გუნდს ვათავისუფლებ. „რუსთავი 2“-ი იმიტომ დავიბრუნეთ, რომ რეიტინგით იყოს პირველი და წარმატებული ტელევიზია. გამოუცდელი ადამიანებით წარმატებული ტელევიზია ვერ კეთდება. მე მზად ვარ, რომ ნებისმეირ პროფესიონალ ადამიანთან, რომელიც „რუსთავი 2“-ში მუშაობს, ვითანამშრომლო.
არავითარ შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება სიტყვის თავისუფლებას. ეს არ იქნება ოპოზიციური ტელევიზია, ეს იქნება კრიტიკული ტელევიზია, მაგრამ არ იქნება არც ერთი პარტიის. „რუსთავი 2“ კი, პერიოდულად, ვინ იყო მთავრობაში, იმის მიხედვით იცვლიდა ფერს, ეს აღარ მოხდება. ვიმეორებ, არხი ყოველთვის იქნება კრიტიკული.