„ვინ მფარველობდა მიტროპოლიტ პეტრეს, „ნაცმოძრაობასთან“ მისი კავშირების შესახებ ცნობილია, მაგრამ 2000 წელს...?“

„ვინ მფარველობდა მიტროპოლიტ პეტრეს, „ნაცმოძრაობასთან“ მისი კავშირების შესახებ ცნობილია, მაგრამ 2000 წელს...?“

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ბიოგრაფია უცნაურია იმ მხრივ, რომ 2000 წლის 27 აგვისტოს ის აღკვეცილია ბერად, ხოლო მომდევნო დღეს, იგი დიაკვანი გახდა, სულ რაღაც შვიდ დღეში, ანუ 3 სექტემბერს კი მღვდლის ხარისხში აიყვანეს. გამოდის, რომ თითქმის ერთ კვირაში სასულიერო კარიერის სამი საფეხური გაიარა. ეს მაშინ, როცა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერით, ამ სასულიერო საფეხურებს შორის ხუთწლიანი ვადაა დაწესებული.

სასულიერო პირის კარიერის ასე ელვის უსწრაფესად განვითარება კითხვებს ბადებს, ხომ არ იყო ეს მიტროპოლიტ პეტრეს მიმართ ცალკეული პოლიტიკური ძალის სიმპათიით გამოწვეული?! მით უფრო, რომ ბოლო დროს მეუფე პეტრეს სახელს ხშირად უკავშირებენ „ნაციონალებს“.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს ბიოგრაფიის დეტალები არ იცოდა, მაგრამ სულ რაღაც ერთ კვირაში სასულიერო იერარქიის სამი საფეხურის გავლა უცნაურია. მით უმეტეს, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან მეუფის კავშირები, „ნაციონალების“ დროიდან მოყოლებული, თვალხილულად ჩანდა.

„ახლაც, რუსთავი 2“-ის გადაცემაშიც ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნარცისის დონემდე შეყვარებული ორი პიროვნება -წამყვანი და სასულიერო პირი. ეს სასულიერო პირი ცდილობდა, გაეშავებინა არსებული ხელისუფლება. ძალიან ცუდად მენიშნა ერთი პასაჟიც, როცა მან დაიწყო ე.წ. მხილება ეკლესიისა, ნარკოტიკები, საეჭვო ყოფაქცევის ხალხი ახსენა და უცებ ორჯერ გაიმეორა, მცხეთა-თბილისის ეპარქიაში რა ხდებაო?! ყველასთვის ცხადია, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მწყემსი ვინც არის. ეს გახლავთ პატრიარქი, ანუ ეს პირდაპირ დარტყმა იყო უწმინდესზე“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს დაწინაურებაში წინააღმდეგობას ვერ ხედავს. ბერ-მონაზვნად აღკვეცის შემდეგ დიაკვნად გახდომა შესაძლებელია სულაც მომდევნო დღეს მოხდეს, რადგან ერთი მათგანი გულისხმობს საერო ცხოვრებიდან წასვლას მონასტერში, ხოლო მეორე გულისხმობს სამღვდლო ხარისხს. რაც შეეხება დიაკვნობიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში მღვდლის ხარისხში აყვანას, ასეთი რამეც ხდება ეკლესიაში.

„მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შემთხვევა გამონაკლისია. გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ასეთი რაღაცები ჩვენს ეკლესიაში ხშირად ხდება. სულ სხვა მაგალითს მოვიყვან. კერძოდ, მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონებსა და რუის-ურბნისის კრების კანონებშიც წერია, რომ 30 წლამდე მღვდლის კურთხევა, ხოლო 35 წლამდე ეპისკოპოსის კურთხევა არ შეიძლება. ჩვენ ეს წესი სრულად რომ გამოვიყენოთ, მაშინ სინოდის ნახევარზე მეტი საერთოდ უნდა გავუშვათ, რადგან ასაკის დარღვევით არიან ისინი სხვადასხვა ხარისხში აყვანილნი. ამიტომ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. მიტროპოლიტი პეტრე სულ რაღაც სამ დღეში ერისკაცობიდან ეპისკოპოსობამდე რომ აეყვანათ, ეს უფრო სერიოზული საქმე იქნებოდა, მაგრამ დიაკვნობამდე და მღვდლობამდე აყვანა არ არის ისეთი დიდი დარღვევა, რომ ამას გამოვეკიდოთ“,-აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

ამასთან, განმარტა, რომ, მთლიანობაში, საეკლესიო კანონმდებლობა ისეთია, რომ მისი სრულყოფილად გამოყენება შეუძლებელია. ძალიან ძნელია, ყველაფერი დაიცვა, მაგრამ მთავარია, უხეში დარღვევა არ იყოს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საეკლესიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ყოფილა.

ლევან აბაშიძის თქმით, მეუფის ბიოგრაფიას კარგად არ იცნობს, ამდენად, უჭირს „ნაციონალებთან“ მის კავშირზე საუბარი. თეოლოგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეკლესიის წიაღშიც არსებობდნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებასთან კარგად არიან. ამიტომ ახლა საინტერესოა, მეუფე პეტრე დღესაც არის თუ არა „ნაციონალების“ მომხრე.

დაჩქარებული წესით საეკლესიო ხარისხების მინიჭებას ეჭვის თვალით უყურებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ 2000 წელს არ იყო აუცილებლობა იმისა, რომ სასულიერო პირის კარიერა ასე სწრაფად განვითარებულიყო.

ისტორიკოსის თქმით, მართალია, რუის-ურბნისის კრებაში ისიცაა მითითებული, რომ გამონაკლისი რაღაცის გამო შეიძლება დაეშვათ, მაგრამ ეს რაღაც აუცილებლობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

„მე მგონი, 2000 წელს არავითარი ასეთი აუცილებლობა არ იყო. საინტერესოა, ვინ მფარველობდა მიტროპოლიტ პეტრეს, ვინ იყო მისი პროტეჟე. „ნაცმოძრაობასთან“ მისი კავშირების შესახებ ცნობილია, მაგრამ 2000 წელს „ნაცმოძრაობა“ ჯერ არ იყო ხელისუფლებაში მოსული. 2003 წლიდან მოვიდნენ „ნაციონალები“ და მანამდე რა კავშირები ჰქონდა მათთან, არ ვიცი“.