„მიუღებელია, რომ სასულიერო პირებმა დაიწყეს ტელევიზიით ერთმანეთის ლანძღვა, ასეთი საქმეები სინოდში უნდა გადაწყდეს“

„მიუღებელია, რომ სასულიერო პირებმა დაიწყეს ტელევიზიით ერთმანეთის ლანძღვა, ასეთი საქმეები სინოდში უნდა გადაწყდეს“

ქართულ ეკლესიაში დაპირისპირება აშკარაა. თუ აქამდე დედაეკლესია სიტუაციის მართვას ახერხებდა, ახლა პრობლემამ მრავალასპექტიანი სახე მიიღო და პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობამ კიდევ რამდენიმე სირთულეს ახადა ფარდა. დაპირისპირების მთავარი კოლიზია საპატრიარქოს შიგნით არსებულ ფინანსებსა და ინტერესთა კონფლიქტში გამოვლინდა.

ეს მაშინ, როცა ქრისტიანულ სამყაროში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის თავისი სიმტკიცითა და მწვალებლობისგან განრიდებით გამოირჩეოდა. მართალია, ჩვენს ეკლესიაშიც იყო ცალკეული რთული მომენტები, მაგრამ არა ისე მასშტაბური, როგორც ეს რომის პაპების ისტორიამ შემოინახა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, პაპების ისტორიაში იყო შავბნელი საქმეები, მათ შორის, რომის პაპის ტახტისთვის რამდენიმე პაპის ერთდროულად ბრძოლის ფაქტები. პარალელურად მიმდინარეობდა დიდი განხეთქილების პროცესი კათოლიკურ ეკლესიაში და პაპობა, როგორც სისტემა, კნინდებოდა. პაპის ტახტის დასამორჩილებლად დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ბრძოლამ ის შედეგი მოიტანა, რომ ორი პაპი აირჩიეს, რომლებმაც ერთმანეთი შეაჩვენეს. მოგვიანებით მესამე პაპიც დაეუფლა რომის პაპის ტახტს. მართალია, საბოლოოდ სამივე პაპი გადააყენეს, მაგრამ ამ დაპირისპირებით კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი შეირყა.

რაც შეეხება საქართველოს, საინტერესოა, არსებობს თუ არა შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი?! ამის შესახებ For.ge-ს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ესაუბრა.

ბოლო დროს ხშირად იმეორებენ, რომ საეკლესიო სასამართლო უნდა აღდგეს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები შემოგვთავაზა, ასევე, იქიდან გამომდინარეც, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე კარგა ხნის მანძილზე დუმილს ინარჩუნებდა იმ მოტივით, რომ კურთხევის აღებას ელოდა. ზოგადად, საეკლესიო სასამართლოს ახასიათებს მონანულის შეწყნარების ვალდებულება და, რაც არ უნდა მძიმე ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, თუ ის გულწრფელად მოინანიებს, უნდა შეიწყნაროს. ამ შემთხვევაში რამდენად დროულია ცალკეულ სასულიერო პირთა სურვილი საეკლესიო სასამართლოს აღდგენის თაობაზე და შეარბილებს თუ არა ეს შექმნილ დაძაბულ ვითარებას?

- ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები ასე თუ ისე გამიჯნულია. ეკლესია სამოქალაქო სასჯელს არ ადებს ადამიანს და ვერ გამოიტანს განაჩენს, დამნაშავე ციხეში უნდა ჩაჯდეს თუ არა. მაგალითად, სასიკვდილო განაჩენი ეკლესიას არ გამოაქვს, ეს საერო ხელისუფლების პრეროგატივაა. ეკლესიას მხოლოდ იმის უფლება ენიჭება, რომ პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, განკვეთოს. აუცილებელი არ არის, ეკლესიამ დანაშაულის ჩამდენს შეუნდოს, შეიძლება, ის განკვეთოს ეკლესიიდან. ან კიდევ, მონასტერში თუ არის პიროვნება და იგი დანაშაულს ჩაიდენს, სამონასტრო კანონმდებლობით, სხვადასხვა სასჯელია გათვალისწინებული, მაგრამ ეს არ არის ციხეში ჩაჯდომა. ვიმეორებ, ყველაზე მძიმე სასჯელი ეს არის უღირსი მღვდელმთავრის ან სხვა სასულიერო პირის განკვეთა. ჩემი აზრით, ამ საქმეში არ უნდა ერეოდეს ეკლესია, რადგან დანაშაული ერთდროულად შეიძლება იყოს საეკლესიოც და საეროც, ანუ ორივე ასპექტს მოიცავდეს.

.. ციანიდის საქმეში შესაძლო დანაშაული, თუკი ის რეალურად ჩაფიქრებული იყო პატრიარქის წინააღმდეგ, საერო ნიშნებსაც ატარებდა.

- რა თქმა უნდა, ვისკენაც არ უნდა იყოს ეს დანაშაული მიმართული, სახელმწიფო ვალდებულია, გამოიძიოს იგი. პირველ რიგში, აღკვეთოს დანაშაული და პრევენციული ზომები მიიღოს. შემდეგ კი, სახელმწიფო ვალდებულია, შესაბამისი სასჯელი მიაგოს დანაშაულის ჩამდენს.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებით საეკლესიო სასამართლოს აღდგენა აზრს კარგავს, მაგრამ, ზოგადად, რამდენად აუცილებელია საეკლესიო სასამართლოს აღდგენა?

- ეს ეკლესიის გადასაწყვეტია. არსებობს სამონასტრო ტიპიკონები და მონასტერს შეუძლია თავისი სასჯელი გამოუტანოს პიროვნებას. ვთქვათ, გარკვეული დროით უზიარებლობით დასაჯოს, ან განკვეთოს. ამისგან განსხვავებით, საერო სამართალი ითვალისწინებს ციხეს.

დღეს დავობენ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ეკლესიაში და ვინ არის ამ პროცესების მაპროვოცირებელი-გარე თუ შიდა ძალები?

- ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ მე პირადად, ღმერთმა მაპატიოს და, ასე მგონია, პატრიარქის ტახტისთვის არის ეს ბრძოლა და აჟიოტაჟი ატეხილი. ვინ არის ამაში ჩართული, რომელი მხრიდან და რა დოზით, ამის თქმა ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, ასეთი მახინჯი ფორმები მიიღო პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლამ.

ამით შეირყევა საუკუნეების განმავლობაში ურყევი საქართველოს ეკლესიის რეპუტაცია და ქართველ ერზე მისი ზეგავლენა? კათალიკოს-პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ხომ არც ქართველებისთვის ყოფილა უცხო?

- რუის-ურბნისის კრება სწორედ იმის მაგალითია, რომ ეკლესიაში დიდი ურთიერთდაპირისპირება იყო, თამარ მეფის დროსაც ყოფილა ასეთი ფაქტები. ის, რომ პატრიარქის ტახტისთვის ერთი კი არა, რამდენიმე კანდიდატი ემზადებოდა, ესეც ჩვეულებრივი შემთხვევა იყო საქართველოში. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კირიონთან ერთად ლეონიდეც იყო პატრიარქობის კანდიდატი, ოღონდ იქ არავითარი უმსგავსობა და უკანონობა არ ჩადენილა. უბრალოდ, პატრიარქის ტახტის ორი კანდიდატი გვყავდა, ორივეს სურდა პატრიარქობა და კენჭისყრით კირიონმა აჯობა. კირიონის გარდაცვალების შემდეგ კი ლეონიდე გახდა პატრიარქი. ეს არ არის ისეთი დანაშაული. შეიძლება, მაინცდამაინც ერთი კანდიდატი არ იყოს და ორ და სამ კანდიდატსაც სურდეს პატრიარქის ტახტის დაკავება. თუმცა მთელ ამ პროცესში სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ასეთი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკლესიასა და მრევლზე დადებითად არ აისახება, მაგრამ ჩვენს ეკლესიას იმდენად დიდი დამსახურება აქვს ერისა და ქვეყნის წინაშე და იმდენად დიდია ეკლესიის გავლენა, პატივისცემა და რწმენა ხალხში, რომ ასეთი რაღაცები საბოლოოდ ეკლესიის ავტორიტეტს ვერ შეარყევს.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რომის პაპების ისტორიაშიც იყო შავბნელი საქმეები. მათ შორის, ისიც, რომ რომის პაპის ტახტისთვის რამდენიმე პაპი ერთდროულად უღირსი მეთოდებით იბრძოდა. ამანაც შეარყია კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი.

- მსგავსი ფაქტები რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო რომის პაპების ისტორიაში. იქაც რომის პაპის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, დამორჩილება სურდათ ცალკეულ ძალებს. ამით რომის პაპის ძალას კათოლიკურ სამყაროზე, კათოლიკე მრევლსა და სხვა სახელმწიფოებზე გამოიყენებდნენ. რაც საქართველოში ხდება, ეს უაღრესად უარყოფითია. ცხადია, ამას უარყოფითი შედეგებიც ექნება, მაგრამ არა ისეთი, რომ ქართულ ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენოს. საუკუნეები თუ გამოვიარეთ და დღევანდლამდე მოვაღწიეთ, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენი სახე, კულტურა, ენა შევინარჩუნეთ, ეს დიდწილად სწორედ ჩვენი ეკლესიის დამსახურებაა.

ეკლესია ყოველთვის ბერების ლოცვაზე იდგა. ძირითადად სწორედ ბერები, ანუ შავი სამღვდელოება წარმართავდა ჩვენს სულიერ ყოფას. მათ მიწიერი ინტერესები არ გააჩნდათ, განსხვავებით, ცალკეული თეთრი სამღვდელოებისგან. უკვე წლებია, განსჯის თემად იქცა, უნდა ამხილოს თუ არა სასულიერო პირმა ყოველივე ის, რაც ეკლესიის შიდა საქმეებში ხდება, დღესაც სასულიერო პირთა ასეთი ქმედება უფრო მხილებად უნდა განვიხილოთ, თუ ცეცხლზე ნავთის დასხმად?

- პირადად ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ სასულიერო პირებმა დაიწყეს ტელევიზიით გამოსვლა, ერთმანეთის ლანძღვა და იარლიყების მიკერება. ჩემთვის „რუსთავი 2“-ზე თუ სხვა ტელევიზიებში სასულიერო პირების სტუმრობა, „ოქროს თევზებით“ და სხვა სახელებით ერთმანეთის შემკობა გაუგებარია. პირველ რიგში, ასეთი საქმეები უნდა გადაწყდეს სინოდში. სინოდის პრეროგატივაა, რა დოზით იქნება ეს გამოტანილი საზოგადოებაში. ამიტომ უნდა შემდგარიყო სინოდის სხდომა, უნდა დალოდებოდნენ პატრიარქის ჩამოსვლას, უნდა მოეწვიათ გაფართოებული საბჭო და იქვე უნდა დამთავრებულიყო ამაზე საუბარი.

ახლა დაგვიანებულია გაფართოებული სხდომის მოწვევა?

- ახლა ისეთი ვითარებაა, რომ პროკურატურა რაც უფრო მალე გამოიტანს ყველაფერს სააშკარაოზე, მით უკეთესი იქნება. მით უფრო მალე დამთავრდება მთელი ეს ვნებათაღელვა. ახლა უკვე აღარაფრის დამალვა აღარ შეიძლება. საზოგადოებამდე თავიდან ბოლომდე ყველაფერი უნდა მიიტანონ.