სულიერი ძმის მოსანახულებლად მატროსოვის ციხეში გუშინ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამა გიორგი თევდორაშვილი მივიდა და ამით შეეცადა იმ მოარული ხმების გაბათილებას, თითქოს სასულიერო პირებმა მამა გიორგი მიატოვეს.
„იყო ბრალდება, რომ ჩვენ მამა გიორგი მივატოვეთ. ამიტომ მოვედი აქ, რომ ის ვანუგეშო და დაგარწმუნოთ, რომ არ მიგვიტოვებია“, - განაცხადა ქორეპისკოპოს თეოდორეს კურთხევით ციხეში მისულმა მამა გიორგი თევდორაშვილმა. თუმცა არ დააკონკრეტა, აპირებდნენ თუ არა სხვა სასულიერო პირები თავიანთი სულიერი ძმის მონახულებას - „იმედი მაქვს, სასულიერო პირებს უახლოეს ხანში ექნებათ მისი მონახულების საშუალება. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა“.
ბოლო დღეებში ბევრი სპეკულაცია წამოვიდა, თუ რატომ არ ნახულობდნენ სასულიერო პირები განსაცდელში ჩავარდნილ დეკანოზს. ნაწილობრივ, ეს კითხვები შესაძლოა, ლეგიტიმურიც ყოფილიყო, რადგან პატრიარქი თავისი ქადაგებებით გამუდმებით ყველას მოუწოდებდა, განსაკუთრებულად ეზრუნათ პატიმრებსა და ავადმყოფებზე. შესაბამისად, უწმინდესის კურთხევით, არაერთი სასულიერო პირი სტუმრობდა პენიტენციალურ დაწესებულებებს სამწყსოს დაპატიმრებული წევრების დასალოცად, განურჩევლად იმისა, მათი სულიერი შვილები იყვნენ თუ არა ისინი.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მამა გიორგისთან მიმართებით ვითარება ისე რთული იყო, რომ არავინ იცოდა დაპატიმრებული სულიერი ძმის მონახულებას მღვდელმთავრების მიერ რა შედეგი და ინსინუაციები მოჰყვებოდა. ალბათ, ამიტომაც გავრცელდა პატრიარქის მოწოდება, რომ მღვდელმთავრებს თავი შეეკავებინათ დეკანოზის მონახულებისგან.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიმართავდა მოძღვრებს, „სანამ კიდევ რწმენა მაქვს მე პირადად, კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ. მამა გიორგი თავის სიმართლეს ბოლომდე დაამტკიცებს, მაგრამ ყველაფერი ყველაფრისგან მოსალოდნელია“.
განსაკუთრებული კითხვები მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის მისამართით გაჩნდა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებდა, რომ, თუ ვინმეს პირველად უნდა გამოეხატა თანადგომა, ეს სწორედ მეუფე დიმიტრი უნდა ყოფილიყო, რადგან ზუსტად მეუფე დიმიტრის ხელდასხმულად და მის უახლოეს გარემოცვად ითვლებოდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.
ამის საპასუხოდ, მეუფე დიმიტრი აღნიშნავდა, „ვემორჩილები პატრიარქს, რომ მღვდელმთავრებმა მამა გიორგისთან შეხვედრაზე თავი შეიკავონ“.
რეალურად, რა იყო მიზეზი იმისა, რომ მღვდელმთავრებმა მამა გიორგისთან შეხვედრისგან თავშეკავება არჩიეს?!
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზუსტად ვერ იტყვის, რამდენმა სასულიერო პირმა მოინახულა დეკანოზი გიორგი, მაგრამ მატროსოვის ციხესთან რომ მისულიყო 30 მღვდელი და ეპისკოპოსი, ამას აზრი არ ექნებოდა. მთავარია, ასეთ სიტუაციაში, უმაღლეს იერარქებთან შეთანხმებით, ერთი სასულიერო პირი მისულიყო დეკანოზ გიორგის სანახავად.
„მე როგორც ვიცი, მეუფე პეტრეს გარდა, მეორე დღესვე მივიდა კიდევ ერთი სასულიერო პირი, მღვდელი მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგის ზიარებისთვის. მან თავისი სულიერი ძმა მოინახულა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ციხეში იმდენად გამკაცრებული იყო რეჟიმი, რომ ზიარების უფლებაც არ მისცეს, ანუ არანაირი საკვებისა და სასმელის შეტანა არ შეიძლებოდა. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ციხეში როცა ვართ, მთავარი ის კი არ არის, მთელი ნათესაობა მოვიდეს და მოგვინახულოს, არამედ სასურველია, ერთი-ორი ადამიანი გვეწვიოს, სიტყვა გვითხრას და გაგვამხნევოს. მართალი გითხრათ, ჩემი ახლობელიც რომ იყოს დაჭერილი და, რომ ვიცოდე, ორმა-სამმა ადამიანმა იგი მოინახულა, მე აღარ შევაწუხებ. მთავარია, რაც გვესმის საპატრიარქოს კომენტარებიდან.
უწმინდესმა ბრძანა და სხვა სასულიერო პირებმაც თქვეს, რომ მათ არ სჯერათ დეკანოზ გიორგის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მათთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინი ენდობიან გამოძიებას. სასულიერო პირების მხრიდან ეს ზომიერი, გაწონასწორებული პოზიციაა, რადგან მთლად ასი პროცენტით ადამიანი საკუთარ თავსაც არ ენდობა და სხვას როგორ უნდა ენდოს?! ამ უნდობლობით ხომ შეურაცხყოფას მივაყენებთ გამოძიებას და პროკურატურას?! ხომ არ უნდა დავემსგავსოთ ჩვენს ოპოზიციონრებს, რომლებმაც ნამდვილად „იციან“, რომ ხელისუფლება აპრიორი მტყუანია?! მე ვერ დავინახე, რომ ჩვენმა სასულიერო პირებმა მიატოვეს მამა გიორგი“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა, რომ სასულიერო პირებმა უნდა იფიქრონ თავინთი სულიერი ძმის სიცოცხლეზე.
თეოლოგის განმარტებით, სრულიად გასაგებია ადვოკატების პოზიცია, რომლებსაც სურთ, მაქსიმალურად გაამართლონ ბრალდებული. ამ გაგებით, ადვოკატები დაკავებულთა მხარეს წარმოადგენენ. უფრო მეტიც, ადვოკატებმა ერთი ამბავი ატეხეს, ჯერ ამბობდნენ, მამა გიორგი დუმილს ამჯობინებს, რადგან კურთხევას ელოდებაო, შემდეგ უკვე პარასკევ საღამოს, დათანხმდნენ დაკითხვას და არ გაითვალისწინეს, რომ პროკურორიც ადამიანია, იქნებ, მას არ აწყობდა პარასკევ საღამოს რვა საათიდან შაბათ დილის რვა საათამდე დაკითხვის ჩატარება?!
„არიქა, ცოცხალი გადაურჩება თუ არა მამა გიორგი ამ შაბათ-კვირასო. ჩვენ ხომ ვიცით, რა ადვოკატებთან გვაქვს საქმე?! მათ პოპულიზმის დიდი სურვილი აქვთ. ამ დროს კი მამა გიორგის რა სჭირს გადასარჩენი, ბოლო წლებში ვის კლავენ ჩვენს ციხეებში? არც ფანჯრიდან გადმოხტომების შესახებ მსმენია“.
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როცა ადამიანი ძიების ქვეშ იმყოფება, მნიშვნელობა არ აქვს, მას ანაფორა აცვია თუ საერო ტანსაცმელი, ციხეში ასეთი შესვლა-გამოსვლა არ უნდა ხდებოდეს.
„არც ის ვარგა, რომ წინ და უკან დადიან საპატრიარქოში ჭკადუა და პროკურორები. თუ ადამიანი სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, კარგად ჩაიხედონ საეკლესიო კანონმდებლობაში, ასევე, ქართული სამართლის წიგნებში. იქ პირდაპირ წერია, თუ ლიტურგიის ან ნათლისღების დროს რაღაც დაარღვია სასულიერო პირმა, ამას იხილავს საეკლესიო სამართალი, მაგრამ, თუ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, ამას უკვე იხილავს საერო სამართალი. ეს გამიჯნული იყო ჯერ კიდევ ბექა-აღბუღას და ვახტანგის სამართლის წიგნებით. დღესაც ერთნი მოწამეობრივი კუთხით ხედავენ დეკანოზ გიორგის, მეორენი დამნაშავედ თვლიან. ამ თემას ყველა თავის სასარგებლოდ იყენებს და არ აინტერესებთ მამა გიორგის ბედი, მას ხომ დედა, მამა, ძმა და და ჰყავს. მათ მდგომარეობას აღარ კითხულობენ? ყელყელაობენ ტელეეკრანებიდან და ავიწყდებათ, რომ ეს ადამიანური ტრაგედიაა. ქრისტიანები არ არიან? რა დროს პოლიტიკური ქულების დაწერაა? ერთი წამით წარმოიდგინონ საკუთარი თავი მამა გიორგის მამის ან დედის ადგილას. მათ სამეზობლო წრეში თავი როგორ უნდა გამოყონ?!“