უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კანონიერ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა წერია, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლევან და გია ყარამანაშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ნინო ნიჟარაძის, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საკასაციო საჩივრები. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამა“-ს სარჩელი.
„გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორების - ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“.
უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები, მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება“, - ნათქვამია დიდი პალატის გადაწყვეტილებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მისი აწ უკვე ყოფილი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს თავდაპირველად სამი მოსამართლისგან, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძისა და ეკატერინე გასიტაშვილისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, თუმცა მათი გადაწყვეტილებით სარჩელი განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
საკასაციო საჩივრით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოდნენ, რომლითაც „რუსთავი 2“-ის წილები არხის ძველ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანიებს მიაკუთვნეს.
სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რეესტრში მას შემდეგ აისახება, რაც მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ და მას რეესტრში წარადგენენ. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, უზენაესი სასამართლო მსჯელობს სამართლებრივ ნაწილზე და არა ფქტობრივ გარემოებებზე, გადაწყვეტილება მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს ჩემთვის ნამდვილად უცნობია.
„რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე მეც უზენაეს სასამართლოს საიტიდან, რომ მიიღო დიდმა პალატამ გადაწყვეტილება. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს როგორ, რაზე იმსჯელა სასამართლომ, ეს ალბათ, გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება და ჩაგვბარდება მხარეებს. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ვიცით სარეზოლუციო ნაწილი“, - აცხადებს პაატა სალია.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა რჩება სტრასბურგის სასამართლო და უკვე ცნობილია, რომ „რუსთავი 2“-ს უკვე ყოფილი მფლობელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. რაც შეეხება აღსრულების შეჩერებას, ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს ხვალვე გაკეთდება.
„იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული მექანიზმია და შრომატევადი საქმეა, რომელიც დროს მოითხოვს, მაინც ვცდით, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე ხვალ შეგვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი, ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი.
ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცახდია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება, საკონსტიტუციო სასამართლოს ვგულისხმობ და ვიდრე საკონსტრიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებებს გამოიტანს, ჩვენ ვითხოვთ აღსრულების შეჩერებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
უზენაესი სასმართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს ქიბარ ხალვაში, რომელიც უახლოეს დღეებში ტელევიზიაში მისვლას გეგმავს. როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, ძალაში რჩება ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან, აქიმიძესთან და დვალთან არსებული შეთანხმება, კერძოდ, გადავუფორმოს ის წილი, რაზეც მოლაპარაკება მიღწეულია. თუმცა, ხალვაში არ ასახელებს, თუ წილის რამდენი პროცენტი გადაუფორმდება აქიმიძეს და დვალს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკონტროლო პაკეტი მის ხელში დარჩება.
„ტელევიზიას მე ისე არ მოვექცევი, რომ ტელევიზია ვიღაც სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს, შევეცდები ის ისეთი იყოს როგორიც წარმომიდგენია და იყოს ხალხის სამსახურში. ვაპირებთ, რომ იყოს ისევ ლიდერი და ხალხისთვის სასარგებლო ტელევიზია. 9 წელი უსამართლობას ემსახურებოდნენ. გვარამიას ნათქვამს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ყველა პროფესიონალი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს „რუსთავი2“-ში იმუშავოს, იმუშავებს“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.