„პატრიარქი არის ბოლო პატრიარქი საქართველოსი“

„პატრიარქი არის ბოლო პატრიარქი საქართველოსი“

„რაც სასულიერო პირი ვარ, ჩემი მღვდლობიდან ვამბობ და იცის ჩემმა ყველა ახლობელმა, რომ პატრიარქი არის ბოლო პატრიარქი საქართველოსი“, - ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ამ განცხადებას უდიდეს შეცდომას უწოდებენ სასულერო პირები. მამა ალექსანდე გალდავა აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს განცხადება გაურკვეველია, რაც დაზუსტებას მოითხოვს. თავად მეუფე კი, მის ამ განცხადებას პასუხობს, რომ „მამა ალექსანდე გალდვას ან არ აღმოაჩნდა ანალიტიკური აზროვნება, ან დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც ასეთი კომენტარი გააკეთა“.

რას გულისხმობა, როდესაც აღნიშნა, რომ ილია მეორე იქნება საქართველოს ბოლო პატრიარქი და რატომ ითხოვს სასწრაფოდ ჯანსაღი პროცესების დაწყებას ეკლესიაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მეუფე პეტრე ცაავას ესაუბრა.

რას გულისხმობდით როდესაც ბრძანეთ, რომ უწმინდესი არის ბოლო პატრიარქი და ამის შემდეგ პატრიარქი აღარ გვეყოლება?

მეუფე პეტრე ცაავა: ძალიან ვწუხვარ, რომ თვით სასულერო პირებმაც ვერ გაიგეს მღვდელმთავრის ნათქვამი სწორად. ან, თუ სპეციალურად არ გაიგეს სწორად, ეს უფრო მეტი დანაშაულია.

თქვენ ფიქრობთ, ამ შეთხვევაში მამა ალექსანდე გალდავას მხრიდან სპეციალურად არ იქნა თქვენი განცხადება სწორად გაგებული?

- ან მამა ალექსანდეს არ აღმოაჩნდა ანალიტიკური აზროვნება, ან მან დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც ასეთი კომენტარი გააკეთა და თან ნაჩქარევად.

დაგვიკონკრეტეთ რას გულისხმობდით, რომ უწმინდესი არის ბოლო პატრიარქი?

- მე, როგორც მღვდელმთავარი და პატრიარქის სულიერი შვილი, ვთვლი, რომ სანამ პატრიარქი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, სანამ მისი მაჯის ცემა არის და მინდა, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იყოს, ის არის ჩემთვის როგორც ბოლო პატრიარქი და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვა და არ ვიფიქრო შემდგომზე. მე ამით ვიზღვევ თავს, ეს არის ჩემი დაცვა, ჩემი გარანტია, რომ მე შეცდომას არ დავუშვებ და ჩემს გონებაში არასოდეს არ შემოვა ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება შემდეგში. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ როცა თავის დროზე ეს რეალობა დაუდგება ქვეყანას, შემდეგ უკვე დებულების თანახმად, ჩვენ გვაქვს 40 დღიანი გონივრული ვადა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გააკეთოს თავისი არჩევანი და ამ შემთხვევაში ღმერთს შევსთხოვ, რომ ჩემი ერთი მოკრძალებული ხმა გამაკეთებინოს სწორად და ღვთის ნებაზე მიმაცემინოს ხმა.

აი, ეს ვიგულისხმე და ასევე მოვუწოდებ ჩემს სულიერ შვილებს სტეფანწმინდის თუ ჭყონდიდის ეპარქიაში, რომ ჩვენ ასე უნდა ვიფიქოთ. თუ ასე ვიფიქრებთ ყოველი ადამიანი და ყოველი მღვდელმთავარი, არასოდეს არ იქნება თუნდაც ეჭვი, რომ ჩვენ ვიბრძვით, რომ ეკლესიაში არის ბრძოლა მემკვიდრეობისთვის და ტახტისათვის, ეს არის ჩემი პრინციპული შეხედულება.

თქვენ ეს პოზიცია გქონდათ აქმედეც?

- დიახ. ამ პოზიციაზე ვარ რაც ჩემი თავი მახსოვს სამღვდელო სასულიერო დასში. ეს მიამჩნია ყველაზე სწორ პოზიციად, რომელიც დაგიცავს შეცდომისაგან.

თქვენ ამბობთ, რომ არასწორად იქნა გაგებული თქვენი განცხადება, როგორ ფიქრობთ რატომ?

- ეს პრობლემაა ჩვენი აზროვნების და ჩვენი შეგნების, ქვეყანაშიც, ერშიც და ბერშიც. ცხადად ჩანს, რომ ჩვენ გვიჭირს ღრმა აზროვნება. ანალიზის უნარი გვიჭირს, ან შეგნებულად ვაკეთებთ და ვასაჯაროვებთ არასწორ ანალიზს.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავას განცხდებით, უწმინდესის შემდეგ თუ პატრიარქი არ გვეყოლება, სამი ერთმანეთზე უარესი ვარიანტია, პირველი - საქართველოში მოხდება სინოდალური მმართველობა და გაუქმდება პატრიარქობა, ყველა ეპისკოპოსი იქნება ავტონომიური მმართველი თავისი ეპარქიისა, როგორც საბერძნეთის ეკლესიაშია, მეორე - რუსეთი შემოვა და თვითონ გააუქმებს საქართველოში პატრიარქობას, რაც საშინელებაა და მესამე - ეს არის ანტიქრისტე მოვა და ყველას ერთად გვაცხონებს და გვაწამებს...

- ეს უცნაურია. თავის დროზე მთელი მსოფლიო ვერ აცდება ანტიქრისტეს მოსვლას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ პატრიარქატული ქვეყანა ვართ და ერთსულოვნად, ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით, მტკიცედ და შეურყევლად უნდა დავხდეთ, რომ მთელი ერი გადარჩეს.

რაც შეეხება მამა ალექსანდეს ვერსიებს, ძალიან ვწუხვარ, რომ მამა ალექსანდრე ან ვერ მიხვდა, ან არ აღმოაჩნდა ღრმა ანალიზის უნარი. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მან შეგნებულად გააკეთა, მაგრამ ის, რომ მან ეს ვერსია შემოგვთავზა... მით უმეტეს, რომ თავად დავიტერესდი, რამე ხომ არ იყო იქ ორაზროვანი ან გაუგებარი, მაგრამ თუ ადამიანი გულისყურით შეხედავს და მით უმეტეს სასულიერო პირი, უნდა ჰქონდეს მას სწორი ანალიზის გაკეთების უნარი.

ამ ჩანაწერში მკაფიოდ ჩანს რას ვამბობ. მე ვამბობ, რომ სანამ პატრიარქი ცოცხალია-თქო, ეს გარკვევით იყო ნათქვამი, ეტყობა მამაოს ეს გამორჩა. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ სასულიერო პირებში გვაქს ანალიზის და აზროვნების ასეთი პრობლემა. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მრევლი ანდობს სულს. სწორედ, რომ ამიტომ არის სასწრაფოდ ჯანსაღი პროცესები დასაწყები ეკლესიაში.

ჯანსაღი პროცესების დაწყებაში რას გულისხმობთ?

- ვითარების გამოსწორება, კრებსითობა, ხშირი შეხვედრები, დიალოგები, ერთმანეთის აზრის გაზიარება, აი, ეს არის მთავარი, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს. გაერთიანებული დიდი საეკლესიო კრების ჩატარება, რომელიც 1995 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი კრების ჩატარება?

- იმიტომ, რომ აი, სასულიერო პირებმა არ იციან მღვდელმთავრის აზრი. ცრუ ინფორმაციები, რომელიც ძალიან ხშირად, ცილისმწამებლურია და დეზინფორმაციის სახით, თითქოსდა საიდუმლო ინფორმაციის სახით გამოდის საპატრიარქოდან და თვით ეს სასულიერო პირები აღმოჩნდებიან ხოლმე ამ ცრუ ინფორმაციის და ჭორის ტყვეობაში. აი, ეს არის პრობლემა, როგორც ამ შემთხევაში მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით 7 მარტს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია სინოდზე განხილული იქნას თქვენი საკითხი, რადგან ეკლესია თვლის, რომ არ არის სწორი როდესაც ჩრდოლოვანმართველობაზე საუბარობთ და ამით პირდაპირ პატრიარქის ავტორიტეტს აყენებთ ზიანს. თქვენ როდესაც საუბრობთ ჩრდილოვან მმართველობაზე, ეს ერთპიროვნულად ნიშნავს იმას, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიის მმართველი და არა პატრიარქი?

- შორს აღარ წავიდეთ, ჩემთვის წმინდა სინოდის კრების მოწვევის შესახებ არ შეუტყობინებიათ, ეს მხოლოდ თქვენგან მესმის პირველად და მე, რა თქმა უნდა, მივესალმები სინოდის სხდომას და მზად ვარ ღირსეულად გავცე პასუხი ჩემს ნებისმიერ საქციელზე. ამის იქით აღარ წავალ. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ! 

ოთარი პატრიარქმა განაცხადა რომ მისი პატრიარქობის პერიოდში საქართველო გაერთიანდებოდა ,რაც იმას ნიშნავს რომ თუ საქართველო გამთლიანდება და გააგრძელებს ერთიანობას მაშინ მას კვლავ ეყოლება მომავალი პატრიარქებიდა ამასთან პატრიარქმა მისივე სიცოცხლეში დაასახელა მისი თანამოსაყდრე.(ვინც ამას არ იზიარებს ის არის ეშმაკისეული).ჩვენ ახალგაზრდობა და მთლიანად საქართველო ვიზიარებთ და პატივს ვცემთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარესს
4 წლის უკან