„გამორიცხული არ არის, რომ, ვინც იბრძვის პატრიარქობისთვის, იგივე ჯგუფი იყოს საპატრიარქოს კომერციულ საქმიანობაში ჩართული და ზუსტად იგივე ჯგუფი გვევლინებოდეს რომელიმე პარტიის მომხრედ“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.
ქართულმა ეკლესიამ გამოიარა ისტორიული ძნელბედობა, გამოიარა ეგზარქოსების ხანა და ახლა, 21-ე საუკუნეში, როცა ურთიერთობა უფრო ცივილიზებული უნდა ყოფილიყო, კვლავაც დაპირისპირების წინაშე აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ დღეები გადის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სიტუაცია მაინც ბურუსითაა მოცული. პირადად თქვენ რას უკავშირებთ მომხდარ ფაქტს?
- დიდი ხანია საუბრობენ, რომ პატრიარქის ტახტის გარშემო დაპირისპირებები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს დაპირისპირება, როგორც ყველა ტახტის გარშემო არსებული დაპირისპირება, ისტორიულადაც არ არის უცხო. მეორე მხრივ, ბევრი დანაშაულებრივი მოვლენები ამოტივტივდა, რაც მხოლოდ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლის ფარგლებს სცილდება. სადაც დანაშაულია, ამ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ადამიანები ძალიან ხშირად სწირავენ სხვა ადამიანებს. თვითონ დანაშაულის ლოგიკით ხდება ასე.
ამ მეორე ასპექტის მთავარ დამნაშავედ მივიჩნევ იმას, რომ ეკლესიას კომერციული საქმიანობის უფლება მიეცა. მე მგონი, ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ეკლესიაში ძალიან ბევრი ადამიანი წმინდა კომერციული ინტერესებით შევიდა და ზოგიერთ ღვთისმსახურსაც ღმერთთან ერთად კომერციის მიმართაც გაუჩნდა ინტერესი. პატრიარქის ტახტის დაკავებისა და კომერციული ინტერესების გარდა, არის კიდევ ინტერესების მესამე შტო და ეს მესამე შტოა პოლიტიკური ინტერესები. მოგეხსენებათ, ყველა პოლიტიკურ პარტიას სურს, რომ მრევლი მის მხარეს იყოს, მრევლს კი განაგებენ სამღვდელო პირები. ანუ ცალკეულ პარტიებს სურთ, ჰქონდეთ სამღვდელო პირთა კეთილგანწყობა. შეიძლება, თოფი დაადო ადამიანს და ისე აკონტროლო, მაგრამ კეთილგანწყობის მოპოვება ადვილი არ არის. სწორედ ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ადრინდელი და დღევანდელი ხელისუფლებები. ხან ჯიპების ჩუქება იყო, ხანაც ბიუჯეტის ფულის გადაცემა და ა.შ. ეს შეუზღუდველობა საჩუქრებისა, მე მგონი, ამ დაპირისპირების ძირითადი მიზეზია.
გამორიცხული არ არის, ამ სამი ტიპის ბრძოლაში რომელიმე ინტერესით ხელმძღვანელობდეს ცალკეული ადამიანი და სურდეს თავისი კაცის დასმა საპატრიარქოს სათავეში. მე მგონი, სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ სწორედ პატრიარქის ავადმყოფობის დროს დაიწყო ეს პროცესები, რათა ვინიცობაა, პატრიარქის თავს რამე მომხდარიყო, პატრიარქის შემცვლელის ის კანდიდატურა გაეყვანა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც თავად სურდა. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ სწორედ ამან დააჩქარა პროცესები. იმ სამი მიზეზიდან, რაზეც ვსაუბრობდი, რომელი იყო ძირითადი, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ სამივე მიზეზი ერთმანეთზე გადაჯაჭვული იყოს - ანუ, ვინც იბრძვის პატრიარქობისთვის, იგივე ჯგუფი იყოს კომერციულ საქმიანობებში ჩართული და ზუსტად იგივე ჯგუფი იყოს რომელიმე პარტიის მომხრე.
ეკლესიის საქმეებში „ნაციონალების“ ჩარევა არავისთვის უცხო არ ყოფილა. ამ კონტექსტში ტყუილ-მართალი რეალობასთან იყო არეული, გვესმოდა სიტყვები „პატრიარქი პლენში ჰყავთ აყვანილი“, ასევე, „ნაციონალების“ სახეს წარმოაჩენდა ფერიის მთაზე დანგრეული ტაძარი, გლდანის ეკლესიასთან ბულდოზერების მიყენება და სასულიერო პირებზე განხორციელებული ძალადობა. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლება ავლენს მომატებულ ყურადღებას ეკლესიის მიმართ? თუ იმით შემოიფარგლება, რომ პერიოდულად ბიძინა ივანიშვილი ან სახელისუფლო წარმომადგენლები სტუმრობენ საპატრიარქოს, ან კიდევ პრემიერი კვირიკაშვილი მიაცილებს პატრიარქს გერმანიაში თვითმფრინავის ტრაპთან.
- ამ ინფორმაციის ტრიალში, როცა მტყუან-მართალის გარკვევა ძნელია, ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ რომელიღაც მინისტრმა რომელიღაც მამაოს ჯიპი გადასცა. ეს პოზიტიური „ყურადღებაა“ ეკლესიის მიმართ და არა - ჩხუბი და დაპირისპირება. ასეთივე პოზიტიური „ყურადღების“ შესახებ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თორემ სხვა მხრივ, თქვენი თქმისა არ იყოს, რაიმე კონფლიქტის შესახებ ამბავი არ გავრცელებულა.
საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით თუ იკვეთება გლობალურ მოთამაშეთა მხრიდან გეოსტრატეგიული ინტერესები? მოგეხსენებათ, ჩვენ მაინც მუსლიმანურ გარესამყაროში მართლმადიდებლობის კარიბჭედ ვითვლებით და არა მარტო ჩვენი ახლო მეზობლები (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი) ინტერესდებიან საპატრიარქოს მართვის სადავეებს ვინ აიღებს ხელში, არამედ შორეული მეზობლებიც, ევროპაც და ამერიკაც.
- მე შემოვიფარგლე შიდა სივრცით, რაც ყველაზე ხშირად არის მსჯელობის საგანი, მაგრამ გარე ფაქტორებზეც უნდა დავფიქრდეთ. ცხადია, გარე ფაქტორებშიც ბევრი ინტერესი იკვეთება, თუმც მეეჭვება, გარე ფაქტორებში ისლამური სივრცის ინტერესი იყოს, რადგან მიუხედავად იდეოლოგიური დაპირისპირებისა ისლამსა და ქრისტიანობას შორის, ჩვენი პატრიარქი ერთნაირი პატივისცემით სარგებლობს ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროში სწორედ მისი სიბრძნისა და ტოლერანტობის გამო. ამიტომ მის მიმართ აგრესიას ისლამის წარმომადგენელთა მხრიდან თითქმის გამოვრიცხავ.
სავარაუდო ვარიანტად განიხილება რუსეთი. მაგალითად, იგივე არჩილ გამზარდია მომხდარში რუსულ ინტერესებსაც არ გამორიცხავს, რადგან ბოლო ხანებში პატრიარქმა მკაფიო განცხადებები გააკეთა ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე და საპატრიარქოდან დელეგაციები დელეგაციებზე იგზავნებოდა. საპატრიარქოს ასეთი ევროპული ვექტორი შესაძლოა, რუსეთს არ მოსწონდეს. მაინც მეეჭვება, რომ რუსეთმა ამ გზით სცადოს თავისი მიზნის მიღწევა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი მართლაც იყოს დაინტერესებული პატრიარქის მემკვიდრის თემით და ცდილობდეს, პატრიარქის ჩანაცვლებას იმ ხალხით, ვინც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული რუსეთის ინტერესებზე.
დასაწყისში ეგზარქოსები ვახსენეთ და ისტორიას ჩაბარდა იმდროინდელი მოწოდებები - „დაიჭირეთ კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის გაახსენდება“. აქედანაც ჩანს, რომ საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში რუსეთი ყველაზე მეტად ერეოდა ქართული ეკლესიის შიდა საქმეებში. დღემდე ეს ხაზი მეტ-ნაკლებად გრძელდება?
- ასე გაბედულად ვერ ვიტყვი, მაგრამ გეთანხმებით, რომ, თუკი რომელიმე საგარეო სუბიექტის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ის ერევა ჩვენი ეკლესიის საქმეებში, ყველაზე უფრო ეს რუსეთის მიმართ შეიძლება ვთქვათ. შესაძლოა, რუსეთი ერეოდეს დაუნდობელი ნაბიჯებითაც. ასეთი ასოციაცია ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, რუსეთთან იქნება.
ე.წ. ლიბერასტები, ალბათ, წამოჰყოფენ თავს და, ყველანაირი გაგებით, ეკლესიის გაკონტროლებას მოითხოვენ.
- რაც შეეხება არასამთავრობოებს, მათი პოზიცია თავიდანვე ცნობილია. ნაწილობრივ, ლიბერალურობის მომხრეთა პოზიციები უკვე გაჟღერდა ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით. ალბათ, არც არის ზედმეტი კონტროლი. ბიუჯეტს ხომ ვაკონტრლებთ და, რახან საბიუჯეტო ფული გადადის საპატრიარქოში, იქაც შეიძლება კონტროლის მექანიზმის დაწესება და ფულის ხარჯვის გაკონტროლება. თუმცა მეეჭვება, საბიუჯეტო თანხას უკავშირდებოდეს ცოდვის სათავე. ის, რომ საპატრიარქოს კომერციული საქმიანობის უფლება მიეცა, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ეს უფლება თუ შეიზღუდება, მე მგონი, საპატრიარქოც უფრო გაიწმინდება. მოგეხსენებათ, ფული ხელის ჭუჭყია და, რასაც ფულიანი ხელი მიეკარება, ბევრგან გაჩნდება ჭუჭყის ელემენტი. თორემ საბიუჯეტო დახმარება ბევრ ქვეყანაშია ეკლესიის მიმართ და იმ ქვეყნებში ამ ტიპის პრობლემა არ ამოტივტივდება ხოლმე.
რა როლი ენიჭება ამ პროცესებში ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას - მამხილებლის თუ „ნაციონალური“ ინტერესების გამტარებლის? ამ სიტუაციამ რა პროცესები გააშიშვლა, რომ ნამდვილი მორწმუნეები არ ვყოფილვართ, რითაც ამდენი საუკუნის განმავლობაში თავი მოგვქონდა?
- პეტრე ცაავამ თვითონვე ძალზე იაქტიურა. მისი განცხადებები ხშირად თანხვედრაშია „ნაციონალების“ განცხადებებთან. ამიტომ ბევრი თვლის, რომ პეტრე ცაავა, სხვა ურთიერთობების ლოგიკითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია საეკლესიო ოჯახში. მიჭირს რაიმეს თქმა, მისი განცხადებების მიხედვით კი ეს დასკვნა ლოგიკურია.
თუმცა გუშინ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შეეცადა, ეთქვა, რომ ცხრაწლიანი საშინელება გამოვიარეთ „ნაციონალების“ მმართველობის სახით. ამით იგი „ნაციონალებისგან“ გამიჯვნას ცდილობს?
- ესეც ადასტურებს, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბოლო ხანებში ხშირად ამბობს ისეთ რამეს, რაც მის ადრინდელ ნათქვამთან ჰარმონიაში არ მოდის. შეიძლება, ეს პეტრე ცაავას სტილია, მაგრამ შეიძლება, სწორედ იმიტომაც ცდილობს „ნაციონალებისგან“ გამიჯვნას, რომ მის მიმართ ეს ბრალდება ხშირად გაისმის მასმედიაში. რისიმე მტკიცება ძნელია, სამღვდელო პირსაც თავისი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია შეიძლება ჰქონდეს, ოღონდ მაინც მგონია, რომ სამღვდელო პირისთვის დაახლოებით იგივე ეთიკა უნდა მოქმედებდეს, როგორც ექიმისთვის. ჯერ პროფესიული ამოცანა და მერე პოლიტიკა. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ეკლესიის მთლიანობა იყო პეტრე ცაავას მიერ დასაცავი და მერე მისი პირადი პოზიციების განვითარება. თუმცა შესაძლოა, არც არის პროცესის ასე განვითარება დრამატული, შესაძლოა, პირიქით, კარგიც იყოს. მტყუანია თუ მართალი პეტრე ცაავა, რეალობა ისაა, რომ იგი რაღაც ფაქტების შესახებ ლაპარაკობს და ეს ფაქტები უნდა გადამოწმდეს. და, თუ გადამოწმდება, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. პროცესი დაიძრა და ახლა ამ პროცესმა უნდა შეიტანოს სინათლე ყველა იმ საკითხში, რომელიც ეკლესიის შიგნით გამოჩნდა.