„თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა“, - ეს არის ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის წერილობითი განცხადება, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს დეკანოზის თხოვნით ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცა.
სასჯელაღსრულების N9-ე დაწესებულებაში მისულ პროკურორებს დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარი განუცხადა. სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება ოჯახის უსაფრთხოება, დეკანოზი დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას ბრალდებულისგან გეგმავდა საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური, მაგრამ ბრალდებულმა მასთან გასაუბრება არ ისურვა.
„ბრალდებულისგან ვგეგმავდით დეტალების გამოკითხავას ოჯახის უსაფრთხოების საჭიროებაზე, მაგრამ ნაცვლად ამისა, ბრალდებულმა დეკანოზმა დაგვწყევლა და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მაშ ასე, ბრალდებული ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ თვლის, ბრალდების მხარე კი, აცხადებს, რომ ბრალდებულს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს. საზოგადოება კი, გამოძიების შედეგებს ელოდება. ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს და შედეგები უახლოეს მომავალში დაიდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა. ძალიან აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ რა მოხდა და რა ხდება რეალურად და დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში დაიდება და ყველაფერი გახდება საჯარო და ცნობილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე 7 მარტს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. for.ge-ს ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე ორი საკითხი განიხილება - დეკანოზი მამა გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებული მოვლენები და ჭყონდიდის მიტროლიტის მეუფე პეტრეს ბრალდებები. for.ge-ს ინფორმაციით, წმინდა სინოდის წევრები მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას ითხოვენ, თუმცა, პატრიარქმა მეუფეს საკითხი შეიძლება ასე რადიკალურად არ დააყენოს.
ამასვე ადასტურებს პატრიარქის პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძეს განცხადება, რომ მღვდელმთავარი მსგავსი განცხადებების გაკეთებას სინოდთან შეთანხმების გარეშე უნდა მოერიდოს. მამა გიორგის განცხადებით, მეუფეს ხელს არაფერი უშლის, რომ მსგავსი საკითხები სინოდის სხდომაზე განიხილოს.
„არ შეიძლება მღვდელმთავარი ასეთ განცხადებებს საჯაროდ აკეთებდეს. მეუფე პეტრე საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს მღვდელმთავრებზე, რომლებიც მასზე დაქვემდებარებულები არ არიან და მათ დამამცირებლად მოიხსენიებს, ეს არის უკიდურესი არაეკლესიურობა“, - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენების ორგანიზატორად პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს ასახელებს, for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მზად არის ღირსეულად გასცეს პასუხი მის ნებისმიერ საქციელზე.
„ჩვენს ეკლესიას საერთაშორისო ასპარეზზე, უწმიდესი ილიას ეკლესიას ეძახიან. თუმცა, მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი. როცა ერთი მღვდელმთავარი თავისი სულიერი შვილების ჯგუფით, ათონის მთაზე მოგზაურობდა. ათონის მთის გამორჩეული, „ვატოპეტის“ მონასტრის წინამძღვარმა, რომელიც ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი იღუმენია, მართლმადიდებელ სამყაროში, ტრადიციისამებრ საჩუქრები გადასცა ჩამოსულ სტუმრებს და პატრიარქთანაც გამოატანა საჩუქარი. შემდეგ თქვა, შორენასთვისაც ამზადებენ საჩუქარსო და თავის ენაზე, შორენას საქართველოს პატრიარქი უწოდა. ასეთ სიტყვებს ამბობს, ათონის მთის იღუმენი. რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობას საფუძველი ჰქოდნა. არც ისეა საქმე, რომ უცხოეთში არ იცოდნენ და არ ხედავდნენ რამეს. ეს დიდი დარდია და ამ დარდმა ამოხეთქა. მე მიმაჩია, რომ ეს ყველაფერი ნაყოფს გამოიღებს“, - აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა.
მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის მიზანშეწონილობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. მათივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა მიმართულებით ჰქონდათ მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში არასტაბილური ფონი შეემქმნათ, რაც ვერ გამოუვიდათ, მაგრამ ეკლესია არის თემა, რომელზეც საზოგადოება ერთიანია. შესაბამისად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან გავს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სცენარს, ხოლო მეუფე პეტრე არის ის პირი, რომელიც ამ რევოლუციურ სცენარს უდგას სათავეში.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განმარტებით, სანამ მთელ ეკლესიას ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაში დასდებ ბრალს, მანამდე საკითხი სინოდის წინაშე უნდა დააყენო, რასაც მისივე თქმით, მეუფე პეტრე არ აკეთებს და საჯაროდ, თავისივე ეკლესიას ბრალს სდებს ჩრდილოვან მმართველობაში. ანალიტიკოსის განცხადებით, ეს ვითარება ძალიან გავს 2003 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-მა „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად ხალხს მოუწოდა.
„იგივეს აკეთებენ ახლა. ცდილობენ ხალხი აუმხედრონ ეკლესიას, რომ თურმე რეები ხდება იქ და ამ გზით ცდილობენ გადატრიალება მოაწყონ. ამას აკეთებენ ნაციონალები და რასაკვირველია, ამის თანამონაწილეა მეუფე პეტრე. უფრო სწორედ, არა მარტო თანამონაწილეა, ერთგვარი რევკომის შთაბეჭდილებას ტოვებს. აუმხედრდდა იმ წესრიგს რაც ეკლესიაში არის.
თუ შეორენასთან დაკავშირებით სამხილები აქვს, შეუძლია სინოდის და პატრიარქის წინაშე ამხილოს, ამის შემდეგ რასაც პატრიარქი და სინოდი გადაწყვეტს, იმას უნდა დაემორჩილოს. ეს არის ძალიან ელემენტარული, რაც ეპისკოპოსმა კარგად იცის. მაგრამ ამას არ აკეთებს. ეს ვინ ყოფილა, ეკლესიაში რევოლუცია უნდა თუ რა უნდა? ეს ვარდების რევკომი ყველა მიმართულებით უტევს ხელისუფლებას და ამას ემატება ეკლესია, გამოდის მეუფე და აცხადებს რაღაცა ჩრდილოვან მმართველობაზე... ამგვარ რევოლუციურ მეთეოდებს იყენებენ ეკლესიაში. ეს არის წარმოუდგენელი რამ. თან ამბობს, არ გავჩერდები, ბრძოლას ვაგრძელებო. ცდილობს თანამებრძოლები მოიპოვოს ეკლესიის შიგნით, რომ სინოდს და პატრიარქს დაუპირისპირდნენ. აშკარაა, რომ ეს ადამიანი გამოდის ეკლესიაში არსებული წესრიგის წინააღმდეგ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, მეუფე ცდილობს ხალხი აქციოს პროცესების მოთამაშე და ამ გზით ეკლესიაში რევოლუციურ გადატრიალებას აწყობს, რაც ძალიან დიდი საფრთხის მანიშნებელია და ამაზე უნდა იფიქროს სინოდმა.
„ეს პირი, რომელიც რატომღაც ისევ ეპისკოპოსია და არ ვიცი რატომ, გამოდის მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ, არ ემორჩილება საეკლესიო წესრიგს. ხალხს მოუწოდებს ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლისკენ, ასე ხომ პოლიტიკოსები იქცევიან, როცა რაღაცა არ მოსწონთ ხალხს მიმართავენ. ასეთი რამე, რასაც მეუფე პეტრე აკეთებს ეკლესიაში დაუშვებელია. მეუფე ცდილობს ხალხი აქციოს ამ პროცესების მოთამაშე, მოუწოდებს ხალხს, რომ დაუდგნენ გვერდში, ე.ი. რევოლუციის გზას გვთავაზობს.
მეუფე პეტრე ეკლესიაში რევოლუციურ გადატრიალებას აწყობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ამაზე სინოდმა უნდა იმსჯელოს. რა უფლება აქვს ამ ეპისკოპსს, რომ ხალხს მოუწოდეს, ეკლესიას ძირს უთხრის. რას ნიშნავს ეკელსიას არა პატრიარქი, არამედ ვიღაცა სხვა გარეშე პირი მართავს?! ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ ინტრიგებში და ცდილობს, რომ რევოლუციური სცენარი გადმოიტანოს ეკლესიაში.
არ ვიცი რანაირად გამოვა, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. თუ ეს მეუფე დროზე არ გააჩერეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი, როგორ შეიძლება დამთავრდეს პროცესები. „რუსთავი 2“ არ გაჩერდება და ფაქტია, რომ მათი მიზანია მრავალი მიმართულებით აწარმოონ შეტევა საზოგადოებაზე და ვხედავთ, რომ ეკლესიაც გახდა მათი სამიზნე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს განცხადებები ერთი-ერთზე ემთხვევა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახმოვანებს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მეუფე პეტრეს ფიგურა იკვეთება როგორც ნაციონალების ეკლესიაში შეღწევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.
„არც უნდა გაგვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის ტოტალური შეყვანა ყველა სტრუქტურაში. იგივეა რაც იყო კომუნიზმის ტოტალირატიზმი, მათაც ეკლესიაში თავისი ხალხი უნდა ჰყოლოდათ და შედეგი ვიცით. ასე რომ, ტოტალიტარიზმი ყველგან ერთნაირია. ამ შემთხვევაში მეუფე პეტრეს ფიგურა იკვეთება როგორც ნაციონალების ეკლესიაში შეღწევის ერთ-ერთი ფიგურა.
როგორც ჩანს, მათი მიზანია ამჟამად ნაღმის ჩადება ეკლესიაში და იქიდან აფეთქებისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა. ერთ-ერთი თემა რაც ამ ნაღმის გახურებისთვის შემოაგდო მეუფე პეტრემ, ეს იყო - ილია მეორე არის ბოლო პატრიარქი.
ამ ფრაზას რამოდენიმე ვერსია შეიძლება მოჰყვეს და მათ შორის ის, რაც ძალიან უყვართ ნაციონალებს, რომ შემოვა რუსეთი, დაიპყრობს საქართველოს და მათ შორის ქართულ ეკლესიას. ვფიქრობ, რომ ამისკენ მიჰყავს მსმენელი და მკითხველი მეუფეს. ამ შემთხვევაში უფრო უახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ იმ კლიშეს, რომლითაც ებრძვიან ხელისუფლებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
კითხვაზე, რამდენად მიღწევადია ეკლესიის თემის ჩართულობით ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარება, საყვარელიძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით ნაციონალების დაგებულმა ვერც ერთმა ნაღმა ვერ იმუშავა.
„არის ერთი კანონზომიერება, რომ ჯერჯერობით ნაციონალების დაგებულმა ვერც ერთმა ნაღმა ვერ იმუშავა, ამ კანონზომიერებას გააზრება უნდა ხელისუფლების მიერ. მათი ნაღმები არ მუშობს, მით უმეტეს ნაციონალებისგან წამოსული დესტაბილიზაცია მიუღებელია საზოგადოებისთვის. ალბათ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიო იქნება, რადგან მით უფრო მიუღებელი იქნება დესტაბილიზაცია ეკლესიაში. ჩვენ ვიცით, რომ არაერთგზის იყო ნაციონალების მხრიდან საეკლესიო ცხოვრებაში ჩარევის მცდელობა, რაზეც მკაცრი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.