„ლეგალიზაცია არ არის საჭირო. საჭიროა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და არა მარიხუანის პროპაგანდა“

„ლეგალიზაცია არ არის საჭირო. საჭიროა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და არა მარიხუანის პროპაგანდა“

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაციის თემა მსოფლიოს რიგ ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც აქტუალურია, რასაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოწმობს. გასულ წელს საზოგადოების ნაწილი, ქუჩაში, ხელისუფლებასთან სასაუბროდ გამოვიდა და მოთხოვნაზე რეაგირებამაც არ დააყოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა–შენახვისთვის სასჯელი გაუქმდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და უნდა მოხდეს მისი ლეგალიზაცია.

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე „კავკასიელ ჟურნალისტთა ასოციაციამ“ ამ თემაზე სასუბროდ მოიწვია მედიცინის დოქტორი, აშშ-ის ტულენის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე, რომელმაც ისაუბრა მარიხუანას დადებით და უარყოფით თვისებებზე. რა ასაკში რას იწვევს და რა შეიძლება მოხდეს, თუ დღეს საქართველოში მარიხუანა იქნება ლეგალიზებული.

ბატონო სერგო, რას ფიქრობთ მარიხუანის თემასთან დაკავშირებით დღესდღეობით განვითარებულ მოვლენებზე?

- ბოლო წლებია დისკუსიები გახშირდა და მარიხუანის თემა სადებატო თემა გახდა, თუმცა საზოგადოების მთავარი პრობლემაა დეკრიმინალიზაციის გაიგივება ლეგალიზაციასთან, რადგან ადამიანების ნაწილი, რომლებიც უპირობოდ ეთანხმებიან ლეგალიზაციას, რეალურად დეკრიმინალიზაციას ეთანხმებიან და არა აქვთ ეს გაცნობიერებული. ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოებაში ამ ორი ტერმინის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.

უნდა მოხდეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია?

- ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა სვამდნენ და ზოგადად, საქართველოში ნარკოპოლიტიკა ძალიან მკაცრი და ხშირ შემთხვევაში არასამართლიანია, რაც აუცილებლად უნდა გადაიხედოს. თუმცა, ვფიქრობ, ლეგალიზაცია არ იქნება მიზანშეწონილი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.

რა ფაქტორებს გულისხმობთ?

- მაგალითად, საქართველოს სოციალური ფონი, ასევე ალტერნატივები, რასაც ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ... ქვეყანა ამისთვის მზად არ არის... თუნდაც ჯანდაცვის კუთხით.

თქვენ, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, რას გვეტყვით, როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ორგანიზმზე?

- განსაკურებით მოზარდობის ასაკშია მისი გამოყენება მავნებელი, რადგან მისი სისტემატური მოხმარება იწვევს ინტელექტის განვითარების შფერხებას, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოწვიოს გარკვეული ფსიქიური დაავადებების მანიფესტირება და შესაძლოა, ადამიანი გახდეს დამოკიდებულიც. დამოკიდებულების საშიშროება უფრო დიდია მოზარდობის ასაკში. ზრდასრულ ასაკში ამის უფრო ნაკლები საფრთხეა.

იმ შემთხვევაში თუ მოხდა მარიხუანის ლეგალიზაცია რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს საზოგადოების წინაშე?

- სახელმწიფომ სადამსჯელო მექანიზმების გარდა, თავის თავზე უნდა აიღოს მსგავსი ტიპის ადამიანების მოვლა-პატრონობა და შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირება. თუმცა სახელმწიფო ამ კუთხით არაფერს აკეთებს და მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს.

მაგალითად, ამსტერდამში საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია და ესე არ არის, რომ სადაც გინდა, რამდენსაც გინდა იმდენს მოწევ, იქ შეზღუდვებია 5 გრამამდე მეტს ვერ იყიდი, ასევე ყველგან ვერ მოწევ და ა.შ ეს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და უზრუნველყოს.

მაგალითად პოლიტკური პარტია „გირჩი“ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებას მარიხუანის ლეგალიზაციაში ხედავს, რას იტყვით მარიხუანის ეკონომიკურ მხარეზე, მართლაც შესაძლებელია დიდი ეკონომიკური აღმავლობა მოუტანოს მარიხუანის ლეგალიზაციამ ქვეყანას?

- ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკურად დიდი სარგებელი იქნება აქედან და ტურისტულ მექად ჩამოყალიბდება, თუმცა შესაძლებელია ამან გარკვეული ეკონომიკური სარგებელი გვანახოს, მაგრამ ის უარყოფითი შედეგები რაც შეიძლება დღეს ამან მოიტანოს, გაცილებით დიდი ზარალი იქნება და ის თანხა ამის აღმოსაფხველად დაგვჭირდება. ამ ეტაპზე, რაც შეიძლება გაკეთდეს, ის არის, რომ მოხდეს დეკრიმინალიზაცია და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ხოლო ლეგალიზაციასთან ცოტა ფრთხილი ვიქნები. ვფიქრობ, ახლა ლეგალიზაცია არ არის საჭირო. საჭიროა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და არა მარიხუანის პროპაგანდა.