უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს 2 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. უცნობია, დასრულდება თუ არა საქმის განხილვა 2 მარტს, რადგან სასამართლო განრიგი მხარეებისთვის უცნობია. კანომდებლობის თანახმად, როდესაც საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება, დრო არ არის განსაზღვრული.
შესაბამისად, სასამართლო არ არის შეზღუდული, რომ საქმის განხილვა განაგრძოს მომდევნო დღეებში და გადაწყვეტილება რამდენე დღის, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოაცხადოს. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, არანაირი კონკრეტული განსაზღვრული მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს იქნება ცნობილი, არ აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული და ძალაში დარჩება პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება.
როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ტელეკომპანიის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას 22 ნოემბერს გადასცა. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე. ამასთან, დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.
როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტები ასაჩივრებენ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა.
რაც შეეხება დიდი პალატის შემადგენლობას, რომლებმაც „რუსთავი 2“-ის საქმე უნდა განიხილონ ასე დაკომპლექტდა - ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესატიონ ალავიძე, მაია ვაჩაზე, ზურაბ ძლიერეიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. დიდი პალატის შემადგენლობის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და აცხადებს, რომ პალატაში არიან ის მოსამართლეები, რომელთა აცილებასაც „რუსთავი 2“ ითხოვდა.
„შემადგენლობაში არის 2 მოსამართლე, რომელიც ჩვენ აცილებული გვყავდა. პირველი, ეს არის ნინო გვენეტაძე, რომელიც გამოკვეთილად პოზიციონირებს „რუსთავი 2“-ის მიმართ ნეგატიურად, ერთ-ერთ ინტერვიუში მან ყვითელი არხიც გვიწოდა და თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა ყვითელი არხის განცხადებებზე, ასევე ვიცით ტესტების სკანდალი, რომელშიც ის გახვეულია და ვფიქრობთ, რომ მანიპულირებადია ხელისუფლების მხრიდან“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
მეორე მოსამართლე, რომლის კომპეტენციაშიც გვარამიას ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ ეჭვი შეაქვს მის მიუკერძოებლობაში, ეს არის მოსამართლე მზია თოდუა და აცხადებს, რომ თოდუა ვერ იქნება მიუკერძოებელი რადგან არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
„შემომწირველი „ქართული ოცნების“ და ბაკი „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ საქმეში, რომელსაც სახელმწიფო წარმართავს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ამგვარი მოსამართლე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, ეს ყველამ იცის ყველა ინსტანციაში ხდებოდა ეს და ვერც ერთ ინსტანციაში მოსამართლეებმა ამას ვერ გაუძლეს, გამონაკლისი არიან უზენაესი სასამართლოს ის სამი მოსამართლე რომელთაც საქმე დიდ პალატას გადასცეს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
კოლეგიის სამი მოსამართლის - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის აცილების შუამდგომლობით 2017 წლის 23 თებერვალს მიმართა სასამართლოს პაატა სალიამ. ეს იმ კოლეგიის შემადგენლობაა, რომელმაც საქმე გადასცა დიდ პალატას და განუსაზღვრეს, თუ რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საქმის განხილვისას. ჯერჯერობით უცნობია იმსჯელა თუ არა სასამართლომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, რადგან განჩინება ამის თაობაზე არ არის. თუმცა, სალია ვარაუდობს, რომ პალატა ამ შუამდგომლობებზე 2 მარტს იმსჯელებს.
როგორც სალია აცხადებს, კოლეგიის წევრებმა დიდ პალატას განუსაზღვრეს, თუ რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საქმის განხილვისას, რაც მისივე თქმით, არ მომხდარა არასოდეს და რაც გახდა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა.
„ჩვენი უკმაყოფილება და ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის შედეგია, გამოიწვია დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ განჩინებამ. ეს გახლვათ თვითონ ფორმა, თუ როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ჯერ დასაშვებობაზე და მერე დიდი პალატისთვის გადაცემაზე, ამის საიტზე ატვირთვა არა ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ მხარის გაფრთხილება, რომ 7 საათზე აუცილებლად გამოგიცხადებთ გადაწყვეტილებასო“, - აცხადებს პაატა სალია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, თვითონ განჩინების ტექსტი სავსე არის ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტაციით. მაგალითად, სასამართლო ამბობს, რომ დიდი პალატას იმიტომ გადაეცა საქმე, რომ იშვიათ სამართლებრივ პრობლემას განეკუთვნებაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამართლებრივად ნამდვილად არ არის იშვიათი კატეგორიის დავა. სასამართლო კი ამბობს, რომ იშვიათი კატეგორიის დავა არისო და შემდეგ მოიშველიებს სხვადასხვა დროს მიღებულ განჩინებებს მსგავსი კატეგორიის საქმესთან დაკავშირებით. ასევე, დასაბუთებისას მიუთითებს ისევ იმ განჩინებებზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს მითითებული აქვს თავის საკასაციო საჩივრებში თავისი პოზიციის დასადასტურებლად, მაგრამ არ მიუთითებს ჩვენს მიერ მითითებულ განჩინენებს და ზოგადად, იმ განჩინებებს რომელიც ჩვენს პოზიციას ამყარებს. ასეთი მიკერძოების ნიშნები გამოჩნდა განჩინებაში.
გადაწყვეტილებას აშკარად ეტყობა, რომ ეს არ არის მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოვლინება და ეს ყველაფერი შედეგია იმ ზეწოლის, რაც ხორციელდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ მოსამართლეებს რაიმე კორუფციული გარიგება დავაბრალო, მაგრამ თავისთავად განჩინების შინაარსი გვიტოვებს განცდას, რომ მოსამართლეები გარკვეული ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა სალია.
თავის მხრივ სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ საქართველოში არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი. უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა.
„სასამართლომ, რა თქმა უნდა, უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს ვინმეს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მიღებული საბოლოო ჯამში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
პარალელურად, „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა მემორანდუმი გააფორმა. „რუსთავი 2“-ის საქმის არასამართლიანი შედეგით დასრულების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები ერთობლივად იმოქმედებენ. საკოორდინაციო საბჭო თვლის, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს, და „რუსთავი 2“-ის საქმე წითელი ხაზია, რომლის მიღმა ქვეყანაში უკონტროლო პროცესები დაიწყება.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ეს არის სამართლებრივი დავა ქონებრივ საკითხებზე.
როგორც უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, „რუსთავი 2“-მა მხარდამჭერებთან ერთად ნებისმიერი ღია პროცესი მასკარადად და ცირკად გადააქცია. სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენით მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული.
„ნებისმიერი პროცესი, ღია პროცესი, ტელევიზიაში გასული პროცესი, რაღაც პოლიტიკურ მასკარადად თუ ცირკად გადააქცია „რუსთავი 2“-ის დირექციამ და მისმა მხარდამჭერებმა. შესაძლოა სასამართლომ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წყნარად, საქმის ობიექტური შეფასებისთვის იყოს დახურული. მთავარი არის ფაქტები და ამ ფაქტებს შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ნინო გვენეტაძის წარდგენაზე. გოცირიძე ფიქრობს, რომ 2 მარტს გაირკვევა, განვითარდება ქვეყანა მშვიდად, თუ შევა კრიზისულ ფაზაში.
„ზეგ მოხდება ბევრი ადამიანის ლუსტრაცია.ზეგ გამოჩნდება, ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი თუ მარიონეტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალიც ზეგ წყდება. ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ქალბატონი ნინო გვენეტაძის წარდგენაზე, რომლის წარსული სამოსამართლეო საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. ზეგ ბევრი რამ წყდება“, - ამბობს რომან გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, სიტუაცია ძალიან საგანგაშოა და თვლის, რომ თუ უზენაესი სასამართლო გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რაც „რუსთავი 2“-ის პრაქტიკულ დანგრევას ნიშნავს, ეს არ იქნება მხოლოდ ამ ტელევიზიის პრობლემა, არამედ ეს იქნება მთელი საზოგადოების პრობლემა.
„ის პრეცედენტი, რომელსაც შექმნის დიდი პალატა, სამოქალაქო ურთიერთობებს დაანგრევს, რადგან არც ერთი საკუთრება ქვეყანაში ამ გადაწყვეტილების მერე აღარ იქნება გარანტირებული. ყველას შეუძლია ნებისმიერის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამოქალაქო ქაოსი, რისი დასაბამიც შეიძლება გახდეს „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და ხელისუფლებას, რადგან არავის სჯერა, რომ მეორე მხარე არის ქიბარ ხალვაში. ეს არის პირობითი სახელი და მის უკან, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და ივანიშვილი იკითხება“, - აცხადებს გიგი უგულავა.