სიმულაცია თუ ჯანმრთელობის გაუარესება

სიმულაცია თუ ჯანმრთელობის გაუარესება

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ უფრო ბევრი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხებია. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მის ინტერესებშია სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია ბრალდებული დეკანოზის დაცვის პოზიცია და აცხადებენ, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას მიზანმიმართულად აჭიანურებს.

სასჯელასრულების N9-ე დაწესებულებაში ე.წ. ციანიდს საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა, თუმცა ზუსტად საათნახევარში დასრულდა. დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკითხვის პროცედურა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ მოხერხდა.

განსხვავებული პოზიცია აქვს საქმის პროკურორს. ჯარჯი წიკლაური მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა დეკანოზმა დაკითხვა უმიზეზოდ ჩაშალა. წიკლაურის განცხადებით, ბრალდებული ამ გზით ცდილობს, თავი აარიდოს იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემას, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს. პროკურორი აცხადებს, რომ ექიმების თქმით, ბრალდებულის დაკითხვა სრულიად შესაძლებელია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღვანდელი დაკითხვა უმიზეზოდ ჩაშალა, რადგან მას კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს. ჩვენ როგორც კი დავაპირეთ კრიტიკული შეკითხვების დასმა, მან უარი განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზე. დღეს გამოჩნდა როგორი დაინტერესებული არიან ეს ადამიანები თანამშრომლობით, არანაირი საფუძველი არ იყო, რომ ჩაეშალათ დაკითხვის პროცესი.

ვფიქრობ, ბრალდებულმა არ მოისურვა პასუხი გაეცა ჩვენი კითხვებისთვის. შეკითხვები ბევრია, გვინდოდა ამომწურავი პასუხები. ჩვენი მოტივაციაა სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. ექიმების განცხადებით, სრულიად შესაძლებელი მან მონაწილეობა მიიღოს დაკითხვაში“, - აცხადებს ჯარჯი წიკლაური და დასძენს, რომ ექიმმა დეკანოზი ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის საპირისპიროდ, დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და საკანში გაიყვანეს. მისივე თქმით, დაკავებულს დაბალი სიცხე და დაბალი წნევა აღენიშნებოდა. რამიშვილი არ იზიარებს საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებას, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვა უმიზეზოდ ჩაშალა.

„როგორ ჩაშალა უმიზეზოდ, როდესაც ადამიანს გულიც აერია და ორჯერ ჩაიკეცა. ტყუილია! ტყუილია! ცრუობს პროკურორი! არანაირ კრიტიკაზე არ იყო ლაპარაკი. კაცი ცუდად იყო, იმ წუთში მოხდა ექიმის ჩარევა. შევეკითხე ექიმის 35 და 4 ტემპერატურა ნორმალური თუ არის-თქო, არაო - მითხრა ექიმმა ოთარ ტრაპაიძემ და მითხრა, რომ კარგი იქნება თუ არ ჩატარდება დაკითხვა და გადაიდებაო.

პროკურორი როგორც კი მოვიდა, მაშინ უკვე თქვა, რომ შესაძლებელია, ცოტა დრო მივცეთო. რა სისულელეს ლაპარაკობს ეს პროკურორი, რისი კრიტიკული შეკითხვები, რომელი კრიტიკული შეკითხვა ჰქონდა, როცა დაკითხვა არც დაწყებულა?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, 27 თებერვალს მამა გიორგიმ პროკურატურის ყველა კრიტიკულ კითხვებს სრულყოფილად უპასუხა, რითაც მთლიანად შეცვალა ბრალდების პოზიცია.

„ფაშისტური მიდგომაა. პროკურატურას რაც აწყობს, იმას უსმენენ, მაგრამ რაც არ აწყობთ, იმის მოსმენა არ უნდათ. იცით, როგორი ბედნიერი გავიდნენ ეს პროკურორები ციხიდან დაკითხვა, რომ არ შედგა? ახლა გამოდის ეს წიკლაური და იძახის კრიტიკული კითხვებიო...

იცით რაშია საქმე, მე ასი იმდენი კრიტიკული და საქმისთვის მნიშვნელოვანი კითხვები მქონდა პროკურატურასთან და ეტყობა, არ აწყობდათ. ეგ ზღაპრები მოუყვნენ ირაკლი შოთაძეს, ტყუილია ყველაფერი რასაც პროკურორი წიკლაური აცხადებს. მამა გიორგი უკან დახევას არ აპირებს და ის თავის სიმართლეს ადრე თუ გვიან დაამტკიცებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებულმა საქმესთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე პირი დაასახელა, მათ შორის წმინდა სინოდის წევრები, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაცვის მხარე სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.

„მამა გიორგიმ ბევრ კითხვებს გასცა პასუხი. მე არ ვიცი რატომ დაიბარეს მეუფე პეტრე დაკითხვაზე. მამა გიორგიმ გარკვეულ საქმეეთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მეუფის სახელი და გვარი დაასახელა და, მაშინ ამ ლოგიკით, მთელი წმინდა სინოდი დაიბარონ დაკითხვაზე და დაკითხონ.

მივმართავ პროკურატურას, დადონ თუნდაც ერთი კადრი, რომელიც მამა გიორგის დანაშაულზე მიუთითებს. ხომ იყო თვალთვალი და მიყურადების ოპერაცია და რატომ ვერაფერი ვერ დააფიქსირეს, რატომ ვერ დაიჭირეს ის ადამიანი, ვისგან იყიდა მომწავლელი ნივთიერება?

მაინცდამაინც ბარგი რომ ჩააბარა მაშინ მიხვდნენ, რომ ციანიდი ჰქონდა? ეტყობა პროკურატურა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ზღაპრის ასაკიდან. ციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში თავისი ხელით არც ჩაუდია. დაცვის მხარე შეეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას, პროკურატურამ კი საკუთარი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ამ დრომდე ერთადერთი სასულიერო პირი, ვის მიმართ გამოძიებას კითხვები აქვს ჭყონდიდის მიტროპოლიტია. მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩვენებაში მისი სახელი და გვარი დაესახელებინა, თუმცა ადასტურებს, რომ მამა გიორგი მიქელაძესთან ნამდვილად ჰქონდა წერილობითი მიმოწერა.

„ერთადერთხელ წერილობითი მომწერა, როდესაც პირველად, 22 დეკემბერს ღია ეთერში ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა. მაშინ, მამა გიორგიმ მომწერა და მადლობა გადამიხადა, რაზეც ვუპასუხე და დავლოცე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.