სკანდალური განცხადებებით ცნობილი ჭყონდიდის მიტროპოლიტი, პატრიარქის გარემოცვის კორუფციაში და უკანონო მოქმედებებში დადნაშაულებს აგრძელებს. მეუფე პეტრეს სამიზნე ამჯერად წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძეა. მეუფეს მტკიცებით, გიორგი ანდრიაძეს ეკუთვნის სიტყვები: „მხოლოდ მე და შორენა ვმართავთ საპატრიარქოს და მესამე ადამიანი ზედმეტია. საპატრიარქო არის ჩემი „კლიჩკა“ და საპატრიარქო არის ადგილი, სადაც მე მხოლოდ ფული უნდა ვიშოვო“.
ბრალდებას აბსურულს უწოდებს გიორგი ანდირაძე.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი და რატომ უპირისპირდება პატრიარქს მეუფე პეტრე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი ანდრიაძეს ესაუბრა.
მეუფე პეტრეს განცხადებას, რომ თქვენს სახელს უკავშირდება სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მაღაზია-მარკეტის დაარსება და, რომ რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კარგად იციან, „ვისთან აქვთ საქმე და რამდენად ხორცმეტია ეს ადამიანი“, თქვენ ბოდიალი უწოდეთ, ხმამაღალი განცხადება ხომ არ არის თქვენი მხრიდან, როცა ამბობთ, რომ მეუფემ იბოდიალა?
გიორგი ნადრიაძე: როცა ვამბობ, რომ იბოდიალა, ეს არ არის ხმამაღალი განცხადება, ეს არის ხმადაბალი განცხადება. კიდევ მაგის კაბას ვცემ პატივს, რომელიც ახლა აცვია, თორემ რა პასუხი უნდა გაეცეს ასეთ გამოხტომას, ყველა ქართველმა იცის. იბოდიალა იმიტომ ვამბობ, რომ მე მარტო კომენტარს არ ვაკეთებ, ვდებ პირობას, რომ თუ ერთი პროცენტი მაინც არის მართალი, რასაც ამბობს, მე ყველა თანამდებობას დავტოვებ.
ამის გადამოწმება შეიძლება 2 საათში, სიონის წინამძღვარს შეუძლიათ დაურეკონ და ჰკითხონ ვინ გახსნა ეს მაღაზია და ვინ იყო იქ მაშინ. როდესაც ამ მაღაზიას ხსნიდნენ გარკვეული პირები, თუ ბიზნესმენები, ამ დროს ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზია „ივერიას“, რომლის დამფუძნებელიც ვარ, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად მაქვს გაკეთებული. არანაირი ზედა რგოლთან შეხება არ მქონია არასოდეს. ამიტომ, ეს არის ცილისწამება, სრულ აბსურდებს ლაპარაკობს.
როდესაც საჯაროდ ლაპარაკობს, რომ ქურდიაო, უნდა დააკონკრეტოს პატრიარქის სალაროდან ვიპარავდი ფულს, თუ ვაგზალზე ვიღაცას ჯიბეში ვუყოფდი ხელს. ამ ყოველივეს შემდეგ, რანაირად არის ჩემი განცხადება ხმამაღალი, პირიქით, მოკრძალებული და მოზომილი რეაქციაა მის მორიგ გამოხტომაზე. თუ მისი ბრალდებები არ დადასტურდება, მაშინ რჯულის კანონში ჩაიხედოს თვითონაც და თავის თანამოზროვნე თეოლოგებმა, ნახონ ცილისწამებისთვის როგორ აგებს პასუხს განსაკუთრებით სასულიერო პირი.
ასეთი ბრალდებების ფონზე, როგორ ფიქრობთ, სწორი გამოსავალი იქნება საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბიზნესსა და ფინანსურ ნაწილს ჩაუტარდეს აუდიტი?
- დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც, ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს იქ. მასმედიას შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმოს მეუფე პეტრეს მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე.წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები „ნაციონალები“ ეწეოდნენ. ვიმეორებ, ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ეს ძალიან იოლი დასადგენია.
როდესაც ეპისკოპოსი ცილისწამებს არ ასაბუთებს, რჯულის კანონში წერია როგორ ისჯება. შეგვიძლია ავამოქმედოთ რჯულის კანონი. მეუფე პეტრეს ჰყავს თეოლოგები და ერთი ჰკითხეთ მათ, როგორ ისჯება ცილისწამება. მაინტერესებს თუ იციან ეს მუხლი საერთოდ. ძალიან კარგ გარიგებას ვთავაზობ, თუ დაამტკიცებს იმ ბრალდებას, რაც ჩემი მისამართით გაახმოვანა, ყველა თანამდებობას ერთად ვტოვებ და გაიხარებს მეუფე პეტრე.
ძალიან სკანდალურია მეუფე პეტრეს განცხადებები, პატრიარქის მოწამვლაში ადანაშაულებს შორენა თეთრუაშვილს, ღიად საუბრობს ოქროს თევზებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს მეუფე პეტრე ასეთ განცხადებებს? -მე რამდენჯერმე განვაცხადე დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში, რომ თუ მართლა დამნაშავეა, ამ შემთხვევაშიც კი, ის ქმედებებიც რასაც მას მიაწერენ და ის რასაც მეუფე პეტრე აკეთებს, შეუძლებელია ჩაიდინოს საღ გონებაზე მყოფმა სასულიერო პირმა. ეტყობა, რომ მეუფე პეტრე გარკვეული საერო პირების და გარკვეული გარე ძალების მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არის. თავის დროზე, როგორ და რანაირად მოხდა მათთან ვალში, ეს არ ვიცი და ამიტომ, ის იძულებულია ასე იმოქმედოს. ყოველგვარი კურთხევისა და შეთანხმების გარეშე, გამოვიდეს და ილაპარაკოს პატრიარქის გარემოცვაზე, ავტომატურად ნიშნავს პატრიარქზე ლაპარაკს, შეუძლებელია ეს გააკეთოს საღ გონებაზე მყოფმა სასულიერო პირმა.
ალბათ წარმოუდგენელია, რომ მეუფე პეტრე ვერ აცნობიერებდეს მისი განცხადების სიმძიმეს...
- კარგით, მეუფე პეტრე ვერ აცნობიერებს, მაგრამ რატომ არ ჩაეძიებიან მას ჟურნალისტები? როდესაც ლაპარაკობს უწმინდესის გარემოცვაზე, მდივან-რეფერენტზე, რომ ისინი არც ერთი არ ვარგიან, ჰკითხონ, ეს ნიშნავს თუ არა პატრიარქის სისუსტეს? ძალიან მარტივი კითხვაა, მაგრამ ამ კითხვას არავინ არ უსვამს. ყველაფერზე ელაპარაკებიან, ლამისაა სირიის კონფლიქტზე დაელაპარაკონ და ამ დროს მთავარ კითხვას არავინ არ უსვამს.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მასმედიის დიდი ნაწილი თამაშობს ამ მეუფის თამაშს. სამი კვირა ვისმენდით მეუფე პეტრეს ბოდიალს არა მატო ამ თემაზე, არამედ ბევრ თემაზე. ამოიღეთ ქრონოლოგია და გადახედეთ, ვინ დაიწყო და ვინ რა გააკეთა.
შესაძლებელია თუ არა, რომ წმინა სინოდზე დადგეს მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გარიცხვის საკითხი?
- ერთია საეკლესიო კანონი და მეორეა როგორ გამოიყენებ მას. შეგიძლია გამოიყენო მთელი სიმკაცრით, შეგიძლია შეამსუბუქო. კანონი შეიძლება მოითხოვდეს სასჯელს, მაგრამ მეორეა, რომ პატრიარქიც და სინოდიც არ მოიქცეს კანონის მთელი სიმკაცრით. ამ ქმედებას ჰქვია - იკონომი. პატრიარქი არის შემწყნარებელი. მეუფე პეტრეს ყველა გამოხტომისა და ბოდიალის მიუხედავად, მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თანახმა იქნება არ დააყენონ მისი ეკლესიიდან განკვეთის საკითხი.
აბსოლუტურად გაუთვლელი პროცესია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მრავალწლიანი, მართლაც ქრისტიანული, შემწყნარებლური ხასიათისა და ქმედებების გამო, რომელსაც პატრიარქი მიმართავს, მისგან ველოდები, რომ ეს საკითხი შეიძლება ასე რადიკალურად არ დააყენოს. აბსოლუტურად მათი კომპეტენციაა და არავისი სხვისი.
მეუფე პეტრე არ არის ერთადერთი ამ ისტორიაში, ვინც საპატრიარქოს შიგნით არსებულ ვითარებაზე ხმამაღლა საუბრობს. სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსი „რუსთავი 2“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს შორენა თეთრუაშვილთან რთულ ურთიერთობაზე და აქვე ამბობს, რომ არ შეიძლება შიგნიდან ამხელა სკანდალი ატყდეს, ამბობს, რომ ეს გარედ მართული პროცესია. ფიქრობთ, რომ პროცესი არის მართული?
- როგორც ყველამ მოვისმინეთ, სოსო ოხანაშვილს პატრიარქის გარემოცვის მიმართ არ გამოუთქვია არანაირი ბრალდება. მან უბრალოდ თქვა, რომ არ მქონდა შორენა თეთრუაშვილთან ზომიერი ურთიერთობა, ნახეთ როგორი ზომიერი განცხადება იყო, ნეტა ყველას ასე ელაპარაკა. მას პატრიარქის გარემოცვის არც ერთი წევრი არაფერში არ დაუდანაშაულებია.
აქ ლაპარაკი არის კონკრეტულ ფაქტებზე და დაუდასტურებელ დანაშაულებზე, რომელსაც მეუფე პეტრე ლაპარაკობს, თორემ ვინ ამბობს, ან ვის შეიძლება აზრად მოუვიდეს თავში, რომ ყველა ერთსულოვანია, ყველას ყველა მოსწონს და ა.შ. ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა და მოწონება, აროწონების საკითხი. ასე რომ, ოხანაშვილს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, რომელიც პატრიარქს რაიმე ჩრდილს მიაყენებდა, განსხვავებით მეუფე პეტრესგან, რომელმაც რაც პირი გააღო, მარტო პატრიაქრის გარემოცვის განკითხვა-ცილისწამებაში არის.
რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება ეს დიდი აჟოტაჟი დასრულდეს?
- ამ პროცესს თავისი რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი მიზანი მიღწეულია - ეკლესიას სახელი გაუტყდა, დაიმსხვა მითები სრულ ერთსულოვნებაზე, რომელიც სამწუხაროდ აქამდე იყო. ამ სცენარის ავტორებს, ალბათ, სხვა მიზანიც აქვთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეკლესიას, ეს მარტო მათზე არ არის დამოკიდებული. ღვთის განგება რა სიურპრიზებს მოუმზადებს მათ, ამას ყველა ვნახავთ. სამწუხაროდ, არათანაბარი ბრძოლა არის. ამ ბრძოლაში თავისი დიდი ფინანსებით ჩართული არიან ქვეყნის გარეთ არსებული ძალიან დიდი ძალები. ღმერთი როგორ პასუხს გასცემს მათ, ახლა თუ არა - მომავალში, ეს მალე გამოჩნდება.