„საპატრიარქოს ჩხრეკასა და იარაღის არსენალთან დაკავშირებული ინფორმაცია ბოროტი ფანტაზიაა“

„საპატრიარქოს ჩხრეკასა და იარაღის არსენალთან დაკავშირებული ინფორმაცია ბოროტი ფანტაზიაა“

ბრალდებული დეკანოზის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის. დაცვის მხარე თვლის, რომ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი ბრალეულობის საკითხს. დაკითხვა დაახლოებით 15 საათი გაგრძელდა, მამალაძის მიერ დასახელებული იყო რამდენიმე სახელი და გვარი. პროკურატურას კითხვები ჰქონდა მდივან–რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად ე. წ. მატროსოვის ციხეზე პროკურატურის წარმომადგენლები დილის 11.00 საათზე მივიდნენ. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურარ ადასტურებს და დაცვის მხრიდან მორიგ სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ პროკურატურა რაღაცას აჭიანურებს.

წიკლაურის თქმით, ადვოკატებს ბრალდებულის გამოკითხვა და გამოკითხვის ოქმის გამოძიებისთვის წარდგენა თავადაც შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაცვის მხარის განცხადებები გაჭიანურებასა თუ ბრალდებულზე ზეწოლის შიშებზე, სპეკულაციებია.

„ბრალდებული ყოველ ჯერზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ექიმის თანხმობა ჰქონდა იმაზე, რომ ბრალდებულს შეეძლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ერთხელ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურორებთან შეხვედრა საერთოდ არ ისურვა“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

სახელმწიფო ბრალდება ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშურებული მასალების გასაჯაროვებას მას შემდეგ გეგმავს, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება, რაც გამოძიების დროს შეიძლება არსებობდეს. გარდა ამისა, მამა გიორგი არ არის ერთადერთი პირი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე გამოძიების პროცესში სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს, მათ შორის პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილისას.

„თუკი დადგება მტკიცებულებები ნებისმიერი პირის მიმართ, რომ მას ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ განმარტებას ვაკეთებ ზოგადად და არა კონკრეტულად სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით. სოსო ოხანაშვილი გამოძიების ფარგლებში ერთხელ უკვე დაიკითხა. შესაძლოა, ეს კიდევ გახდეს საჭირო. თუკი ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – აცხადებს გიორგი გოგაძე.
გარდა ამისა, მთავარი პროკურორის მოადგილის შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ძალიან ბევრი მიმართულებით არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. როგორც გოგაძე აცხადებს, არც ერთი ნაბიჯი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება, პროკურატურის მხრიდან არ გადადგმულა ამ გამოძიებაში.

„საპატრიარქოს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ძალიან ბევრი მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ არ კითხულობენ და არ ისმენენ პრესრელიზებს, რომელიც პროკურატურის მიერ კეთდება.

თქვენ ხომ უყურეთ – რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ?! – მოწმე აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა, ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, დგინდება, რომ იგეგმებოდა ერთ–ერთი პირის მკვლელობა – ეს თქვა მთავარმა პროკურორმა.

შემდეგ დაისვა კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს კათოლოკოს პატრიარქზე? – გახსოვთ პასუხი?! არ გახსოვთ?! – მთავარ პროკურორს პატრიარქზე არ უსაუბრია! მთავარმა პროკურატურამ ზუსტად ის ინფორმაცია მიაწოდა პრემიერს, ვიცე–პრემიერს და მინისტრებს, რაც მედიას“, – აღნიშნა გიორგი გოგაძემ

გარდა ამისა, მთავარი პროკურორის მოადგილე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც ამოღებული იქნა იარაღი. როგორც გიორგი გოგაძემ აღნიშნა, ეს არის ერთ–ერთი იმ მრავალ სიცრუეთაგანი, რომელიც ამ საქმის გარშემო ვრცელდება.

საპატრიარქოს ჩხრეკასა და იარაღის არსენალთან დაკავშირებულ ინფორმაციას ადამიანების ბოროტ ფანტაზიას უწოდებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა დავით შარაშენიძე, რომლის განცხადებით, არანაირი ჩხრეკა, მსგავსი სამართლებრივი მოქმედება საპატრიარქოში არ ჩატარებულა.

„მე მქონდა გასაუბრება მისი უწმინდესობის დაცვის უფროსთან, ზურაბ ბუჩუკურთან, ასევე დაცვის სხვა წევრებთან და არც ერთმა მათგანმა ეს არ დაადასტურა. ეს ემსახურება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გაუგებრობის შეტანას საზოგადოებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-მაც გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. ეს არის ადამიანების ბოროტი ფანტაზია, რომლებსაც უნდათ ეს დაძაბულობა.

საპატრიარქოს დაცვა ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, ისინი არიან იარაღით აღჭურვილები. მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ“, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.