დეზინფორმაცია, მისი შეგნებული და მიზანმიმართული გავრცელება მავნებლობის ერთ-ერთი ამაზრზენი ფორმა და საზოგადოების დამაზიანებელი იარაღია. ის თესავს ეჭვს და ამახინჯებს ფაქტებს, ახდენს ადამიანთა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ფუთავს ფაქტებს ჭორების და ფაბრიკაციის საფარქვეშ. ეს ყველამ იცის, ყველა აღიარებს, მაგრამ ამ ქმედებას ზოგჯერ ამართლებენ კიდეც. ესაა პრობლემა, ყველაფერი დანარჩენი წვრილმანებია, რასაც პირადი გამორჩენის დაღი აზის.
დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ქსელური დაავადებაა და ვირუსივით ადვილად ვრცელდება. ეს პრობლემა ვერ შეიფუთება ვერც „თავისუფალი სიტყვის“ ლოზუნგით და ვერც ვიღაცის პოლიტიკური თუ კერძო ბიზნეს-ინტერესებით (არჩევნები, რეიტინგი, კონკურენცია). საშუალო და დაბალი ანალიტიკური უნარის მქონე მასა დემაგოგიას ღრუბელივით ისრუტავს.
სწორედ ამიტომ, ამ მასას შულერივით არ უნდა მოექცე, არ უნდა გააცურო, არ უნდა მოატყუო, ბრიყვად არ უნდა ჩათვალო - ეს მამაძაღლობაა! მამაძაღლობა კი, როგორც ქმედება, არასდროს ყოფილა თავისუფალი არჩევანის და თავისუფალი სიტყვის მონაპოვარი, ის მავნებლობაა და საზოგადოებისთვის დამაზიანებელია.
არის ამ მედლის მეორე მხარეც - სახელმწიფოს პროპაგანდისტული გეოპოლიტიკა. მაგალითად, „Sputnik“, „Russia Today“, „RTR“ - რუსეთის სახელმწიფო მიზნებს ემსახურება და პოლიტიკურ დეზინფორმაციას ავრცელებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ისინი თესავენ ტყუილს მსოფლიოს 30 ენაზე და მუხლჩაუხრელად მუშაობენ! ამაში იღებენ ხელფასს. მასშტაბები და ხარისხი კი სრულიად ვულგარული და უპრეცენდენტოა. ესეც მავნებლობაა, და ემსახურება მსოფლიო წესრიგის მოშლას, მაგრამ გეოპოლიტიკური შინაარსი და დატვირთვა აქვს.
თავის დროზე, საბჭოთა პროპაგანდა, შინ თუ გარეთ, სწორედ, მსგავსი დეზინფორმაციული მეთოდებით სარგებლობდა და ემსახურებოდა საბჭოთა იმპერიის გაძლირებას. შედეგად მივიღეთ დაკომპლექსებული, რობოტიზებული, ნებაწართმეული და კონფორმისტული საბჭოთა ადამიანების რამოდენიმე თაობა. მათ ნაწილს სჯეროდა, რომ „ნათელ მიზანს“ ემსახურებოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ რა იყო პატრიოტიზმი, როგორც თავისუფალი ადამიანის ძირითადი ინსტიქტი, საკუთარი ქვეყნის - საქართველოს სახელმწიფოს არსი, როგორც მიზანი, და არ იბრძოდნენ ამ მიზნისთვის, გარდა დისიდენტებისა. ისინი სულიერად და ფიზიკურად კარგად იკვებებოდნენ და მეტი არც არაფერი სურდათ - კონფორმისტები იყვნენ.
დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, ტვინების რეცხვის განუზომლად უფრო ძლიერ ინსტრუმენტად გვევლინება მასმედია - ტელევიზია, პრესა, უამრავი საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი და მათი მომსახურე პერსონალი - ჟურნალისტები. ამ ჟურნალისტების წვრთნა ხდება სპეციალურ, სიცრუის სწავლების „ფაბრიკებში“, სპეციალიზაცია კი მიზნის შესაბამისად ხდება. ასე იჩეკებიან „თავისუფალი“ ჟურნალისტები, მანიპულატორები, „ტროლები“, პროგრამისტები, კლავიატურაზე მოკაკუნე კოდალები და ტელე-დემაგოგები, რომლებიც გვარიგებენ ჭკუას, მოგვიწოდებენ, გვიკიჟინებენ და გვასაღებენ თავიაანთ პროდუქციას, როგორც უზადო საღ აზრს!
ინფორმაცია არამატერიალური პროდუქტია და ნაკლებად ექვემდებარება სტანდარტიზაცი-უნიფიკაციას, ხარისხის კონტროლს და ა.შ. ამიტომ, ქვეყნის შიგა მოხმარებისთვის წარმოებული და გავრცელებული საინფორმაციო პროდუქტის სტანდარტი, თუ მსმენელს ან საკუთარ თავს პატივს ვცემთ, უნდა იყოს შინაგანი ცენზორი, მორალური ფილტრი - მიუკერძოებლობა, პატიოსნება, სამოქალაქო ვალდებულება. საჯარო სიტყვა, მასმედია კვებავს, ზრდის საზოგადოებას და ქმნის პოლიტიკას, ან ანგრევს ერთსაც და მეორესაც. იმის მიუხედავად, რომ დეზინფორმაცია გლობალურად, თანამედროვე პოლიტიკური სამყაროს ენაა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი მხილება და გაფილტვრა სულ ადვილად შეიძლება, ჩაკეტილ ან დაპირისპირებულ საზოგადოებაში - ძნელად.
ექსპერტები განმარტავენ, რომ „იმ საზოგადოებებში, ჩვენ რომ ცივილიზებულს ვუწოდებთ, მუშაობს პირობითობათა სისტემა, რომელიც არეგულირებს, რომ დეზინფორმაციამ რაღაც ზღვარს არ გადააჭარბოს. საკუთარ თავს სცემენ პატივს. ეგრეთ წოდებულ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში კი ეს პირობითობები ჯერ არ მუშაობს“. ამიტომ, აქ დეზინფორმაციის ისეთ პრეცედენტებს ვხვდებით, სხვაგან უკვე წარმოუდგენელიც რომაა. ამასთან, დაპირისპირებულ მხარეებს (ქვეყნებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, საზოგადოებას) შორის სიყალბე და დეზინფორმაცია ყოველთვის უარეს და უვარგის მხარეს სჭირდება თავისი მავნე მიზნების მისაღწევად. ტრიუკი მარტივია: ინფორმაციული სიყალბე კლავს რეალობას - სიკეთეს ბოროტებად წარმოაჩენს, გონიერებას - სიბრიყვედ, პატიოსნებას - უსინდისობად და პირიქით... ეს ჯადოსნური ინსტრუმენტი უნივერსალურია.
ამ ყველაფერს ვერ ავკრძალავთ და ვერ გავაჩერებთ - უბრალოდ, თავისი სახელი უნდა დავარქვათ! და არ უნდა ვეცადოთ შევფუთოთ ეს სიმახინჯე ჩვენი განსხვავებული გემოვნების და ინტერესების შესაბამისად.
მოკლედ, დეზინფორმაცია მძლავრი იარაღია. მაგრამ, თუ მისი გამოყენება სახელმწიფოს გარეთ - სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფოს შიგნით - ის მავნებლობაა და ქვეყნის დასუსტებას იწვევს.
ორივე შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, დეზინფორმატორი იგივე ტერორისტია, რომელიც მუშაობს საზოგადოების აფეთქებაზე - ან საკუთარი, ან სხვა სახელმწიფოს წიაღში!
სისტემა!
რა უზრუნველყოფს თანამედროვე სახელმწიფოს სიძლიერეს და სტაბილურ განვითარებას?! პოლიტიკური ლიდერი? რესურსები? წარმოება? - არა! მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები, მათი სისტემა! კერძოდ, პარლამენტი, სასამართლო, ოპოზიციური პარტიები, ტერიტორიული თვითმმართველობა და ადგილობრივი მმართველობა, მასმედია, სამოქალაქო საზოგადოება, და ყველა ამ ინსტიტუტის სიძლიერე. და კიდევ - აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი პატრიოტი, ნორმალური და წესიერი ადამიანები.
ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებული როლი, ჩემი აზრით, ენიჭება თავისუფალ და ძლიერ ბეჭდურ პრესას, რაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ავანსცენაზე, ფაქტიურად არ ჩანს. ამიტომაცაა, რომ აქ მხოლოდ მყვირალა ტელევიზიები დომინირებენ, რაც მხოლოდ ჩამორჩენილი საზოგადოების ნიშანია.
დავაკვირდეთ აშშ-ს მასმედიას - პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ამინდს იქ ბეჭდური გამოცემები ქმნის: The Wall Street Journal, The Washington Post და ა.შ.
ჩვენ გასართობი „კინოთეატრი“ კი არ გვჭირდება ტელევიზიების სახით, არამედ „ბიბლიოთეკა“ გვინდა ბეჭდური გამოცემების სახით, რათა ქართველი სეირის „მაყურებელი“ მოქალაქე, მოაზროვნე „მკითხველად“ იქცეს.
ახლა ვნახოთ, ზემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი ინსტიტუციაა საქართველოში „საშუალოდ“ ნორმალური?! ვფიქრობ, არც ერთი! და როგორი ქვეყანა გამოდის საქართველო? – „საშუალოდ“ არანორმალური! თავისი უვარგისი ინსტიტუტებით, უვარგისი მასმედიით, მხოლოდ პროცესების „მაყურებელი“ მოქალაქეებით და ყველაფრის „მცოდნე“ დემაგოგებით... საზოგადოებრივი აზრიც, შესაბამისად ყალიბდება - ირაციონალურად: უნიჭო და აჟიტირებულ აქტივისტებზე დამოკიდებულებით, მეათეხარისხოვან თემებზე აპელირებით, სანახაობებზე აქცენტირებული აჟიოტაჟით, ბოღმით და დაპირისპირებით შობილი იმპულსებით...
შედეგად, როგორი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს აქ ასეთი არაინფორმირებული და ირაციონალურად მოაზროვნე ამომრჩევლით? დიახ, ბატონო - ირაციონალური! ვიდრე საზოგადოება არ გახდება მოაზროვნე მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი...