„ადამიანის უფლებებს მსხვერპლად სწირავენ პოლიტიკის საკურთხეველზე, პოლიტიკოსები საზოგადოების პოლარიზაციას ახდენენ, განტევების ვაცად აქცევენ უმცირესობებს, მიგრანტებს, ლტოლვილებს“, - ასეთ დასკვნას აკეთებს „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალური მდივანი სალილ შეტი და სიძულვილის ენის გაღვივებაში ტრამპს, ერდოღანს, ვიქტორ ორბანსა (უნგრეთის პრემიერი) და სხვებს ადანაშაულებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია - „ამნესტი ინტერნეშნლი“ შეშფოთებულია, რადგან გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არასდროს ყოფილა სიძულვილის ენის გამოყენება ისე მძიმე, როგორც - 2016 წელს.
ამ მხრივ „ამნესტის“ თვალსაწიერში განსაკუთრებულად მოხვდა დონალდ ტრამპი, „აგრესიული განხეთქილების წამქეზებელი რიტორიკის“ დიდოსტატი.
„ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანთა შორის შიშის გავრცელებითა და განხეთქილების დათესვით ცდილობენ უზრუნველყონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი.
თუმცა საინტერესოა, მართლაც პოლიტიკოსების „შხამიანი და დეჰუმანიზაციისკენ მიმართული რიტორიკის“ გამო უარესდება ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში, თუ პოლიტიკოსები პოპულისტურად იყენებენ საკუთარი ხალხის აგრესიულ განწყობას უმცირესობების, მიგრანტების, ლტოლვილების მიმართ? მსოფლიო საზოგადოება ხომ ნელ-ნელა მიდის იმ დასკვნამდე, რომ ზედმეტმა გულჩვილობამ, ღია კარის პოლიტიკამ ე.წ. დაჩაგრულებს ამოფარებულ კრიმინალთა მიმართ არ გაამართა?! ამიტომაც მსოფლიოში კრახი განიცადა „მემარცხენეობამ“.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, დემოსს, მაგრამ რა პროცესიც მიმდინარეობს ახლა დემოკრატიულ თანამეგობრობაში, ეს არის ე.წ. დემოკრატიის ელიტარულობა; ანუ ხელისუფლებაში იცვლებიან ელიტები და ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების დღეს ახსენდებათ. სწორედ ეს განაპირობებს არა მემარჯვენეობას, არა მემარცხენეობას, არამედ ამომრჩევლის გაბრაზებას.
„თქვენთან პირველად გამოვიყენებ ამ ფრაზას, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ გაბრაზებული მოქალაქის ეპოქისა, რომელიც ხშირად შეცდომას უშვებს. მაგალითისთვის იგივე ტრამპი გამოდგება. ამერიკელმა გაბრაზებულმა ამომრჩეველმა იმას კი არ მისცა ხმა, რომ მართლაც მექსიკის მიმართ გატარდეს რეპრესიული ღონისძიებები, არამედ ხალხმა მხარი დაუჭირა იმ პოპულისტს, რომელიც ელიტარულობის წინააღმდეგ გამოდიოდა. თავისთავად, ტრამპმაც ითამაშა, ის ხომ პოლიტიკური პოპულიზმის კარგი ოსტატია. მაგრამ ამერიკულმა ინსტიტუციურმა დემოკრატიამ, სასამართლომ და მედიამ ეს პოლიტიკური პოპულისტი მოთოკა, ტრამპის სხვადასხვა გადაწყვეტილება შეაჩერა. მოგვიანებით ტრამპმა თვითონვე გადათქვა რაღაცები, ანუ მოხვდა იმ ჩარჩოებში, რასაც დემოკრატიული მმართველობა ჰქვია. ეს არ ხდება მხოლოდ ამერიკაში, ევროპაშიც იგივე ტენდენციებია. არჩევნები გველის საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში. ახლა თურქეთიც ახსენეთ, ყველგან დემოკრატიის ახალი გამოწვევის მომსწრენი ვართ. გაბრაზებულ მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფოს ცენტრში იყოს. ამერიკის გაბრაზებული მოქალაქე მემარჯვენესა და მემარცხენეს მიხედვით კი არ აკეთებს არჩევანს, არამედ მას უნდა, რომ მისი ხმა ისმოდეს, ის იყოს პროცესის მონაწილე. ეს უნდა ამერიკისა და საქართველოს მოქალაქესაც“,-აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა და გაბრაზებული მოქალაქის მხრიდან დემოკრატიის პირველ გაფორმებულ ცივ შხაპად ბრექსიტი დაასახელა.
მისივე განმარტებით, ეს ინგლისელების გაფორმებული გადაწყვეტილება იყო, თორემ გაბრაზებული მოქალაქეების ტენდენცია დიდი ხანია მთელ მსოფლიოში დაწყებულია. მართალია, ბრექსიტის მეორე დღეს ბრიტანელების უმრავლესობა შოკში იყო, ეს რა გავაკეთეთო, მაგრამ ისინი ბრექსიტის დროს გაბრაზებულები იყვნენ. ამერიკაშიც გაბრაზებულებმა მისცეს ხმა, ევროპაშიც ასე აკეთებენ არჩევანს ამ ბოლო პერიოდში და სწორედ ხალხის ასეთ განწყობაზე თამაშობენ პოლიტიკური პოპულისტები.
საქართველოშიც უფრო ინტენსიური გახდება ეს საკითხი და მივაღწევთ იმას, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესები უფრო უკეთ იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ახლა არის. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მთავრობები ახალ გზებს გამოძებნიან მოქალაქეების ჩასართავად. ასე რომ, დინამიურია დემოკრატია, ის ერთ ადგილას არასდროს დგას.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, მართალია, „ამნესტი ინტერნეშნლი“ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ იგი მოვლენების ზედმეტ დრამატიზებას ახდენს და ერთ პრიზმაში უყურებს ყველაფერს. არადა, საზოგადოება თუ მზად არ არის რამისთვის, მათზე რამის თავს მოხვევა შეუძლებელია. ეს ყოველთვის იწვევს წინააღმდეგობას და უკუშედეგს. ზუსტად ამის გამოვლინებაა, რითაც მერე „ამნესტი ინტერნეშნლი“ უკმაყოფილო რჩება.
„თვითონ ლიბერალური დემოკრატიის პროექტი, რომლის ინტერესებსაც ატარებს „ამნესტი ინტერნეშნლი“, არ იყო მთლად დემოკრატიულ პრინციპებსა და ტოლერანტობაზე აგებული. იგი საკმაოდ აგრესიულად, ფორსირებულად, ცეცხლითა და მახვილით ატარებდა ტოლერანტობის პოლიტიკას, რამაც ბუნებრივი წინააღმდეგობა შექმნა. კი ბატონო, მათ უფლება აქვთ, აკრიტიკონ მეორე მხარე, მაგრამ საკუთარ თავშიც დაინახონ პრობლემა, რომ აგრესია სწორედ მათმა არასწორმა, თავს მოხვევის პოლიტიკამ წარმოშვა. ერთ ფაქტს მოგიყვანთ ტრანსგენდერების ტუალეტთან დაკავშირებით. გუშინ ტრამპმა გააუქმა ობამას ის ბრძანება, რომლითაც ტრანსგენდერებს ნებისმიერ საპირფარეშოში შეეძლოთ შესვლა, რომელი სქესის კუთვნილებადაც თვლიდნენ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, „ამნესტი ინტერნეშნლი“ ამას სიძულვილად ჩათვლიდა, მაგრამ, სინამდვილეში, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ერთ ტუალეტში იაროს ყველამ. შეიძლება, 20-30-50 წლის შემდეგ ეს ბუნებრივად მოხდეს, მაგრამ დღეს ნაადრევია. ამიტომ ტრამპს ამას ნამდვილად ვერ ჩავუთვლი სიძულვილის ენაზე საუბრად. თუმცა „ამნესტი ინტერნეშნლს“ აქვს თავისი შეხედულებები, ის ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი სახეა და უფლება აქვს, თავისი აზრი გამოთქვას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და ასკვნის, თუ „ამნესტი ინტერნეშნლი“ საერთო ფასეულობით სისტემას დაშორდება, ამით ისევ მათი ავტორიტეტი დაზიანდება.
გია ხუხაშვილის განმარტებით, ლიბერალურ-დემოკრატიული პროექტი პირდაპირ დემოკრატიას სულაც არ ნიშნავდა. უბრალოდ, ეს იყო უმცირესობების გაერთიანების დემოკრატია, ელიტების გაერთიანების დემოკრატია, რომელიც ადამიანურ შეკვეთაზე ორიენტირებულ დემოკრატიას ჩამოშორდა. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა ელიტების გაერთიანების დემოკრატიას გვერდი აუარა, პირდაპირ ამომრჩეველზე გავიდა და მათ სურვილებს უპასუხა.