აფხაზეთში ახალგაზრდობა მასობრივად ისლამის მიღებას იწყებს

აფხაზეთში ახალგაზრდობა მასობრივად ისლამის მიღებას იწყებს

„სეპარატისტულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდობა მასობრივად ისლამის მიღებას იწყებს, – ეს ინფორმაცია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოჭში არსებულმა წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, აფხაზეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდობაზე დიდ გავლენას ახდენენ თურქეთიდან "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნებული ე.წ. მოჰაჯირების შთამომავლები, რომლებიც "თვალს უხელენ" აფხაზებს. 

"აფხაზი ახალგაზრდობა მასობრივად ისლამში მიდის - მათზე გავლენას ახდენენ თურქეთიდან დაბრუნებული აფხაზები, რომლებიც მეფის რუსეთმა გადაასახლა იქ. ისინი ზუსტად ისევე ვერ იტანენ ქართველებს, როგორც რუსებს", – ამბობს სააგენტოს წყარო და აღნიშნავს, რომ თურქეთიდან დაბრუნებული აფხაზები თანამოძმეებს "თვალს უხელენ" იმაზე თუ რა სურთ რეალურად მათგან რუსეთს.

"ახალგაზრდობაც რა თქმა უნდა "დამოუკიდებელი აფხაზეთის" იდეით იკვებება და მათთვის თანდათან რუსებიც ისეთივე მიუღებლები ხდებიან, როგორც ქართველები", – აცხადებს წყარო და აღნიშნავს, რომ მართალია სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედებს "სახელმწიფოებრივ რანგში" აყვანილი პროგრამა მოჰაჯირების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ, მაგრამ რეალურად მის განსახორციელებლად არაფერი კეთდება და "არც გაკეთდება, ვინაიდან ამ პროგრამის განხორციელების მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია და იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს თურქ ეთიდან აფხაზეთში მოჰაჯირების მუსულმანი შთამომავლების მასობრივ დაბრუნებას.

სააგენტოს წყარო ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთში ნარკომანიის გავრცელებას ახალგაზრდება შორის რუსები უწყობენ ხელს:

"ახლობელმა აფხაზმა, ყოფილმა ნარკომანმა მომითხრო, რომ აფხაზ ახალგაზრდობას შორის ნარკოტიკების გავრცელებას თავად რუსები უწყობენ ხელს, იმისათვის რათა მოსახლეობა დროთა განმავლობაში თავად შემცირდეს და აღარ გამრავლდეს. აფხაზეთში ასევე ძალიან ბევრი ადამიანი შიდსითაა ინფიცირებული, თუმცა ოფიციალურად ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, არ ხმაურდება. აფხაზეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია".

ამ თემაზე კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

მამუკა არეშიძე: “ჩემი ინფორმაციით, განსაკუთრებით გუდაუთელი ახალგაზრდობის ნაწილი ამ რელიგიური მიმდინარეობით (ისლამით) დაინტერესდა. თუმცა, ამას მასობრივი სახე ნამდვილად არ აქვს.

რაც შეეხება აფხაზი მოჰაჯირების შთამომავლების „განსაკუთრებულ გავლენას“ მთელ ამ პროცესზე…

– მოჰაჯირების შთამომავლები აფხაზეთში განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან. იმ თვალსაზრისით, რომ მათ გარკვეული ლეგენდა და ხიბლი ახლავთ. ჩვენთან ხომ საბჭოთა სტერეოტიპი დღემდე მუშაობს - თუ უცხოეთში ცხოვრობ, ე.ი. აუცილებლად მილიონერი უნდა იყო. ისინი, ვინც საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში - თურქეთში, ბიზნესი, თავისი მდგომარეობა მიატოვა და აფხაზეთში დასახლდა, უბრალო ადამიანებში გმირებად აღიქმებიან.

მაინცდამაინც ვერ ვატყობ, რომ ამ რელიგიურ პროცესეbზე მოჰაჯირებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ. მაგალითად, პირადად ვიცნობ სირიიდან ჩამოსულ მოჰაჯირების შთამომავალ, ხუთი შვილის მამას. დურგალია და გუდაუთასთან ახლოს ცხოვრობს. განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევა. სხვათა შორის, კარგი ხელოსანია, მცირე ბიზნესი აქვს აწყობილი და კარგადაც ცხოვრობს.

ასეთები ბევრნი არ არიან, დაახლოებით 60 ოჯახის ფარგლებში იქნებიან. პარლამენტში დეპუტატი ჰყავთ და ხელისუფლებაშიც უკვე არიან წარმოდგენილნი. რელიგიურ ჯგუფზე, ამ შემთხვევაში - მუსულმანურზე, მათი გავლენა დიდად არ შეიმჩნევა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა ლიდერი, რომლებიც ჰყავდა და ჰყავს გუდაუთის მუსულმანურ თემს, რაღაც ფორმით თურქეთთან, საერთოდ, წინააზიურ სამყაროსთან არის დაკავშირებული.

მეორეც, გუდაუთის მუსულმანური თემი ძალიან კონსოლიდირებულია. რაოდენობით დიდი არ არის, დაახლოებით 150 კაცამდეა, მაგრამ ერთიანობის შენარჩუნების უნარით გამოირჩევა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათი გავლენის შემცირებას. ბოლოს და ბოლოს, ამ წლების მანძილზე სამი ლიდერი ჰყავთ მოკლული. დაიწყო გიძბას მკვლელობით და მას შემდეგ კიდევ ორი კაცი ჰყავთ ფიზიკურად განადგურებული.

იქნებ, გიძბას, მეტსახელად „როკის“ ისტორია ჩვენს მკითხველს მოკლედ მოუყვეთ.

– გიძბა, ერთი ჩვეულებრივი პიროვნება იყო. კრივში აფხაზეთის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. შემდეგ თურქეთში მოხვდა. როგორც ჩანს, იქ კავკასიურ იატაკქვეშეთს დაუკავშირდა და მათთან ერთად ბორან ავრასიის ცნობილ გატაცებაში მონაწილეობა მიიღო. რუსი ტურისტები მძევლად აიყვანა. ოპერაციაში ასევე რამდენიმე თურქული წარმოშობის აფხაზი და ჩეჩენი მინაწილეობდა. თურქულმა სპეცნაზმა მძევლები გაანთავისუფლა და ყველანი ციხეში ჩასვა.

ამის შემდეგ აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ მოხდა და როკი გიძბამ თურქული ციხიდან გაქცევა მოახერხა. იქაური საპყრობილედან თავის დაღწევა წარმოუდგენელი რამ არის და მან ეს შეძლო. ორი წელი იჯდა და მერე ისევ აფხაზეთში მოხვდა. ეჭვი მაქვს, როგორც თურქეთში, ისე რუსეთში კორიდორი გაუკეთეს.

მერე გუდაუთის ისლამური თემის ერთ–ერთი ლიდერი გახდა. გიძბას აქტიურობამ ის გამოიწვია, რომ ბოლოს ფიზიკურად გაანადგურეს. რუსული სპეცსამსახურების ქმედება სრულიად აშკარა იყო. სოჭიდან „კრაისლერით“ გადმოვიდნენ, მოკლეს გიძბა და უკან გადავიდნენ ისე, რომ ამას კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია.

ასე გაგრძელდა და მას შემდეგ გუდაუთის მუსულმანური თემის ორი ლიდერი გაანადგურეს. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს თემი ძალიან კონსოლიდირებულია; იმის მიუხედავად, რომ მის განსაკუთრებულ ზეგავლენებზე საუბარი არ გვიწევს.

მოჰაჯირების შთამომავლებისთვის რუსეთთან ახლო ურთიერთობაც მიუღებელია; მაინც რა თამაშს თამაშობენ?

– ეს არის თურქული ორიენტაციის ხალხი. აფხაზური საზოგადოების მენტალიტეტი კარგად უნდა ვიცოდეთ. აფხაზი პირველ რიგში პროაფხაზური განწყობისაა. მერე მოდის დამატებითი ორიენტირები. მაგალითად, სერგეი შამბა რუსეთთან სულ თამაშობს და კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უნდა, შინაგანად კი დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანია, რეალურად პროაფხაზია. ხაჯიმბაც პროაფხაზია, რეალურად კი რუსეთის ყურმოჭრილი მონაა, ღიად პრორუსული განწყობისაა.

ასევეა გუდაუთის მუსულმანური თემის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გვარად კვარაცხელია; ის თურქეთზეა ორიენტირებლი, მაგრამ პირველ რიგში პატრიოტი და ნაციონალისტია.

აქვს თუ არა ქართულ მხარეს რაიმე ბერკეტი, რომ ამ რელიგიურ სურათზე გავლენა მოახდინოს?

– რაც შეეხება კონკრეტულად აფხაზეთის მუსულმანურ თემს, ქართულ მხარეს მასზე ზემოქმედების არანაირი განსაკუთრებული ბერკეტი არ აქვს.