რვიანი ხელისუფლების პასუხს აღარ ელოდება

რვიანი ხელისუფლების პასუხს აღარ ელოდება

ოპოზიციური რვიანი გააქტიურებას გეგმავს - ამის თაობაზე მათ „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადეს. როგორც ჩანს, „მრგვალი მაგიდის გარშემო შემოკრებილ რაინდებად“ დარჩენას არ აპირებენ და მთელი საქართველოს მოსახლეობას თანაზიარობისკენ მოუწოდებენ.  

მათი აზრით, მართალია, ხელისუფლება რვიანთან თანამშრომლობის დიდ სურვილს არ გამოთქვამდა, მაგრამ ამიერიდან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, ხელისუფლება საკუთარი ხალხის პირისპირ აღმოჩნდება. ოპოზიციური "რვიანი" სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ხალხს ანიჭებს. "რვიანი" გეგმავს, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდროდ თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით. ხოლო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოების მხარდაჭერა საერთო სახალხო გამოკითხვის ჩატარებით დააფიქსიროს.

ერთი კია, რამდენად მზადაა, საზოგადოება ოპოზიციური რვიანის ეს ახალი შეთავაზება გაიზიაროს. ხომ არ დაიღალა ჩვენი მოსახლეობა როგორც დიალოგის არამოსურნე, ე.წ. „მეამბოხე“ ოპოზიციის არაერთგზისი რევოლუციური მცდელობით, ისე - ოპოზიციური რვიანის მხრიდან ხელისუფლებასთან გაჭიანურებული მოლაპარაკებით და ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების გამოუსწორებელი ოპტიმიზმით.

„რესპუბლიკელების“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიერ ოპოზიციური რვიანის სამოქმედო გეგმის წაკითხვის შემდეგ რვიანის წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ჟურნალისტების გარეშე დარჩენა ისურვეს. თუმცა პრესაგე.ტვ რვიანის ძველ და იმავდროულად, ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციონერთა და ექსპერტთა შეხედულებებს გთავაზობთ.  

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, დღეიდან რვიანის მოქმედებებში აშკარად ახალი ეტაპი დაიწყო. 

„ჩვენ პოლიტიკაში უნდა ჩავრთოთ ხალხი, მათ უნდა აკეთონ პოლიტიკა და არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა. ეს არის სპეციფიკა, რომელიც დღეს ქვეყნაშია შექმნილი, განსაკუთრებით - 26 მაისის შემდეგ. ჩვენ ღიას ვუტოვებთ მოლაპარაკებისთვის კარს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ აღარ ველოდებით მათ პასუხს. ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ჩართვას ამ პროცესში. ეს უნდა გახდეს სახალხო, სამოქალაქო პროცესი, რათა საკაშვილმა დაინახოს, რომ მას არ ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ პრესაგე.ტვ-სთან კომენტირებისას.

მისი თქმით, ოპოზიციური რვიანი რეგიონებშიც აპირებს გასვლას და ყველა სფეროსა თუ თაობის საქართველოს მოქალაქეს ჩართავს ამ პროცესში. ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები, ბუნებრივია, მოქმედების არსენალში დარჩება: „ყველას უნდა გავაგებინოთ, თუ რა უფლებებს ართმევს სააკაშვილი მათ, როცა არ თმობს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით რეფორმების განხორციელებას. ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს, ეს იქნება დემონსტრაციები, მანიფესტაციები.“

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ რვა პოლიტიკურ ძალას ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების, არაძალადობრივი გზით წარმოუდგენია:

„სწორედ ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი ფილოსოფიის დამკვიდრება მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა საზოგადოებამ საერთოდ უარი თქვას ძალადობრივ ცვლილებაზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. როცა მოვლენების განვითარების ეს ვარიანტი აღარ არსებობს, რჩება ერთადერთი - საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერები ერთად უნდა დავდგეთ, მივაღწიოთ საარჩევნო გარემოს ცვლილებას და დავამარცხოთ ხელისუფლება არჩევნების გზით“.

დღესვე, ირაკლი ალასანია გაერთიანების თაობაზე ლევან გაჩეჩილაძის მოწოდებას გამოეხმაურა: „გაჩეჩილაძე და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის რვიანის წევრი, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთობასთან დაკავშირებით მისი დაუღალავი განცხადებები და მოწოდებები, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. დღეს შექმნილი ახალი რეალობა ყველას, ვისაც სამართლიანი არჩევნების გზით პოლიტიკური ცვლილების მიღწევა სურს, აძლევს სივრცეს, რომ ამ ცვლილებების თანამონაწილე გახდეს“.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ საგარეო მხარდაჭერა, რომელიც ამ ექვსი თვის განმავლობაში მოიპოვეს. მეორე პრობლემა კი იყო, ამ პროცესში უშუალოდ საზოგადოების მასობრივად ჩართვა.

„ეს გულისხმობს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ამ პროცესისადმი მხარდაჭერას. სხვა პოლიტიკური პროცესი საქართველოში არ არსებობს და არც არსებობდა. სხვა პროცესზე დღეს საუბარი უპასუხისმგებლოა და არაკვალიფიციური, საარჩევნო პოლიტიკური პროცესი რთული და მძიმე ერთადერთი პოლიტიკური პროცესია. რაკი ხელისუფლება არ აპირებს ელაპარაკოს წამყვან პოლიტიკურ გაერთიანებას, მას მოუწევს ხალხთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ რვიანის საქმიანობაში საზოგადოების ჩართვა პროცესს სულაც არ გააჭიანურებს.

„პირიქით, აქამდე ჭიანურდებოდა პროცესი. ეს ზუსტად იმისთვის კეთდება, რომ დაჩქარდეს გადაწყვეტილებისა და პოლიტიკური შეთანხმების მიღება. აქამდე რვიანის მოქმედებაში შეიმჩნეოდა გარკვეული წარმატებები და წარუმატებლობები. წარმატებად მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან დიდი ხიფათისა თუ ზემოქმედების, ღია თუ ფარული ჩასაფრების მიუხედავად, რვიანმა შეინარჩუნა ერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რვიანის თემატურ ერთობას ბევრი შინაური და გარე მტერი ჰყავდა“.

რაც შეეხება წარუმატებლობას, გუბაზ სანიკიძის თქმით, მათ ვერ აიძულეს ხელისუფლება, დათმობაზე წასულიყო. იმის გამო, რომ პოლიტიკურმა რვიანმა მოლაპარაკების მაგიდასთან ეს ვერ მოახერხა, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა:

„ჩვენ ვრჩებთ მაგიდასთან, მზად ვართ ღია მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, ოღონდ ერთი პირობით, საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, დათმობაზე წამოვიდეს“.

კითვაზე, როგორ აიძულებენ ამას ხელისუფლებას, სანიკიძე აცხადებს, რომ ამას საზოგადოებრივი აქტიურობით მოახერხებენ. „ორი ეტაპი იქნება. პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის ინფორმირება და შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ მიტინგებს, აქციებს და ა.შ“.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ რვიანმა გარკვეულწილად გააბათილა ის სიტუაცია, როცა ხელისუფლება ეუბნებოდა მთელ მსოფლიოს, რომ მას საქმე აქვს არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან. ამ ოპოზიციას კი, თურმე, არანაირი საყრდენი, პლატფორმა არ გააჩნდა და გაურბოდა კონსტრუქციულ დიალოგს, მის ჩაშლაზე იყო ორიენტირებული:

„ამის გაბათილება რვიანმა მოახერხა, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ, თითქოს ძალიან დიდი პოზიცია მოიპოვა რვიანის სახით ოპოზიციამ. ასე არ მომხდარა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით შესაფერისი ფონი დამყარდეს. ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ესაა წინასაარჩევნო ფონის აუცილებელი ფაქტორი“.

გოგი ხუციშვილის აზრით, ხალხი უარყოფოთად არის განწყობილი ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ეს შეეხება არა მხოლოდ ქუჩიდან რაღაცის მიღწევას, არამედ არჩევნების გზასაც.

„ხალხი ჩიხშია შესული, თუმცა გამოსავალიც არსებობს. ის გზა რჩება, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოება და ოპოზიცია, რაც დროში გაწელვადია. კარგია, რომ დავით უსუფაშვილის პოზიცია უფრო აქტიური ჩანდა, ვიდრე წინა პერიოდში. ნელ-ნელა აქტიურდებიან. ამ გზით თუ ვიარეთ, შეიძლება ცვლილებებს ველოდოთ“, -აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.

რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური რვიანი მოსახლეობაში გამოკითხვას - პლებისციტს ჩაატარებს, რაც სამი თვის მანძილზე გასტანს. კერძოდ, გამოკითხვის ფურცლის ერთ გვერდზე ჩამოწერილი იქნება-საარჩევნო სისტემა, მოქალაქეთა აღრიცხვის მოდელი - ერთი ხმა ერთი ამომრჩველი, დავების განხილვის წესი, პოლიციის ნეიტრალიზება საარჩევნო პროცესებიდან, მედიის დაბალანსება და ობიექტურობა. მოსახლეობამ კი უნდა უპასუხოს, მხარს უჭერს თუ არა ამ საკითხებს. სამართლიანი არჩევნებისთვის საჭიროდ მიაჩნიათ თუ არა ცვლილებები.

„ჩვენ ამას შევთავაზებთ მათაც, ვისაც ასე არ მიაჩნია. დაგვიწერონ, რომ არ არის საჭირო ამის გაკეთება. პლებისციტის მომზადებასა და ყველა მოქალაქესთან მის მიტანას დასჭირდება ორი-სამი თვე. აგვისტოს დასაწყისში პლებისციტის ჩატარება საქართველოში ტექნიკურად შეუძლებელია. ასე რომ, კონკრეტული ვადების შესახებ მოგვიანებით განვმარტავთ. ჩემი ვარაუდით, ეს ვადა იქნება ადრე შემოდგომაზე, თუ მანამდე ხელისუფლება გონს არ მოეგება. ჩვენ პლებისციტის ჩატარების სპორტული ინტერესი არ გვაქვს“.

რვიანის მიერ განვლილ ექვსთვიან პერიოდს უსუფაშვილი უშედეგოდ არ მიიჩნევს.

„ამ ბრძოლას უშედეგოს ვერ ვუწოდებდი. სერიოზული შედეგები გვაქვს. პირველი ის, რომ ხელისუფლება 7-8 წლის განმავლობაში პირველადაა მიყენებული კუთხეში და არ იცის, რა ქნას. ყველა სხვა ოპიზიციური პროცესიდან ხელისუფლება გამარჯვებულად გამოსვლას ახერხებდა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ ამიერიდან პროცესში ახალი სერიოზული მოთამაშე შემოვა ქართველი ხალხის სახით.

„პოლიტიკოსები იმიტომ არ ვართ, რომ ქართველ ხალხს ყოველ წუთს პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე ვაწუხებდეთ. პოლიტიკოსები ხალხს უნდა ვემსახურებოდეთ. ჩვენი თავდაპირველი შეთავაზება ხელისუფლებასთან ეს იყო -ხალხის შეწუხების გარეშე დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ საარჩევნო თემატიკაზე. ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს, ამიტომ მოგვიწევს ხალხის შეწუხება, მაგრამ სწორი მიმართულებით, რაც შედეგის მომტანი იქნება, და არა - ემოციური უპრინციპო რადიკალიზმით. უპრინციპო რადიკალიზმის დრო წავიდა ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას მივადგებით და ვეტყვით, აგერაა, ნახევარი საქართველო, რომელიც ამ ყველაფრის შეცვლას ითხოვს. თუ საუბარია, რომ ძალაუფლების წყაროა ხალხი, ეს გზაც ხალხზე გადის“, - აცხადებს უსუფაშვილი პრესაგე.ტვ-სთან.

მისივე თქმით, 26 მაისის შემდეგ ხელისუფლების ერთ მაგიდასთან მიყვანის მზაობა არ ჩანს, მაგრამ ხელისუფლების მდგომარეობა არ არის მუდმივი, ის ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იცვლება.

„ხელისუფლების ჭკუით, 26 მაისს ისინი გაუმკლავდნენ ერთ საფრთხეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ გაუჩნდათ ახალი საფრთხეები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენი მცდელობა იქითაა მიმართული, რომ ხელისუფლებას მაგიდასთან დაჯდომა მოუწიოს. არ ვთვლით, რომ ჩვენი მცდელობით სააკაშვილის ან მისი გუნდის მენტალიტეტის ცვლილებას მივაღწევთ. ისინი უნდა ვაიძულოთ“.

ქართული აკადემიის წარმომადგენლის თემურ ნანეიშვილის აზრით, რვიანის მოქმედება საერთო სახალხო გამოსვლით უნდა დაიწყოს.

„საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი გამოკითხვით, 93%-მა, თურმე, საერთოდ არ იცის რვიანის არსებობისა და მათი მოთხოვნების შესახებ. ამიტომ რვიანი უნდა გააქტიურდეს. 28-ში დუმილის აქციაზე, რომელიც ჩვენი იდეა იყო, უამრავი ადამიანი გამოვიდა. ამაზე არავის უმუშავია. რვიანის მოქმედების გეგმაც აქციით უნდა დაიწყოს. ეს ხელს შეუწყობს, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ასეთი ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. ეს არაა მკვდრადშობილი იდეა, როგორც ხელისუფლების ძალადობრივი გადაგდება, რაც განუხორციელებელი უტოპიაა. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რვიანის ბრძოლაში საზოგადოების ჩართვა ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანს. თუმცა მოლა მეჩეთში არ შედიოდა და ცემა-ტყეპით შეიყვანესო. თუ ეს მოთხოვნა საყოველთაო გახდება და მარტო რვიანის ახირებად არ დარჩება, საგარეო ფაქტორის ზეწოლის ფონზე ისინი დათმობენ“, -აცხადებს ნანეიშვილი.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის კახა შარტავას განმარტებით, რვიანის პირველი გეგმა იყო სწორი პოლიტიკური პროცესის შექმნა, რომელშიც ხელისუფლება იძულებით ჩაერთვებოდა. შემდეგი ამოცანა გახლდათ ამ პროცესისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ახლა კი სამოქალაქო საზოგადოების ჩაბმაა მთავარი.

„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის პროცესი უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, გართულდა. ამის მიზეზია იმ მოლოდინის რეციდივი, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და, რომელიც შედეგს ადრე იძლეოდა. ზოგიერთებს სწამთ, რომ ვიღაც მოვა, გაიყვანს ხალხს ქუჩაში, რომ დავანგრევთ ყველაფერს ისე, რომ არ გვეცოდინება, რას ავაშენებთ. ამისთვის კონკრეტული ისტორიული პროცესი გვსჯის ხოლმე, მათ შორის, სისხლით და მსხვერპლითაც. იქნებ, ამ უბედურებამ საზოგადოება დააფიქროს და სწორი პოლიტიკური პროცესისკენ მოახედოს, რომლის შედეგი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია“, - აღნიშნა შარტავამ.

„ქრისტიან-დემოკრატი“ ინგა გრიგოლია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციური რვიანი საზოგადოებას სთავაზობს, ჩაერთონ მათ მუშაობაში და მოქალაქეებისგან სერიოზულ რეკომენდაციასაც ელიან.

„გაძლევთ პირობას, თუკი საარჩევნო გარემოსთან შეცვლასთან დაკავშირებით დიდი სამოქალაქო აქტიურობა იქნება, მომავალი არჩევნების შედეგით, ოპოზიციური კოალიცია, სულ მცირე, პარლამენტში უმრავლესობით შევა“.

ამასთან, გრიგოლია საპროტესტო აქციასაც არ გამორიცხავს. მეტიც - გრიგოლია დარწმუნებულია, რომ საპროტესტი გამოსვლები არ აცდება ხელისუფლებას, თუ არ დათმობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელ პირობებს.

„სერიოზული გამოსვლა ჰქონდა სოსო ცისკარიშვილს, რომელმაც თქვა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ოპოზიციური რვიანის მიმართ ინტერესი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდი რომ იყოს, თქვენ ბუნებრივად დამისვამდით კითხვას, ხმების მოპოვებისთვის იბრძვით? არა, ჩვენ დღეს ხმებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ თუნდაც სხვის ამომრჩეველს ვთავაზობთ, ყველამ ერთად დავიწყოთ აქტიურობა, რათა ქვეყანაში ხალხს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, - მიიჩნევს ინგა გრიგოლია.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაგდება, სამწუხაროდ, ქაოსს იწვევს: „ჩვენ ამის მომსწრე ვართ და ჩემს ბიოგრაფიაში შავ ლაქად რჩება, როცა 1991 წელს ამაში მიღებული მაქვს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს ძლიერი სამოქალაქო ზეწოლით, რომლის ავანგარდში იქნება პოლიტიკური პარტიები და ძლიერი საზოგადოებრივი გაერთიანება“.

ამასთან, არეშიძე ოპოზიციურ რვიანში იმის მზაობას ხედავს, რომ ცვლილება რეალურად მოხდება:

„ამის მზაობას რომ არ ვხედავდე, მაშინ აქ არ მოვიდოდი, რადგან ჩვენ იმდენი იმედგაცრუება ვნახეთ, არ გვაქვს კიდევ უფლება, ვინმეს თავი მოვატყუებინოთ. გარკვეულწილად, აქ რვიანის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შინაგანი ულტიმატუმი იგრძნობა. შესაძლოა, ეს იყოს მათი ბოლო შანსი, იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ უფლება, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და რბილად რომ ვთქვათ, ვინმე მოატყუონ“.