გოგელია - ოქრუაშვილს, გაჩეჩილაძეს - გუნცაძე

გოგელია - ოქრუაშვილს, გაჩეჩილაძეს - გუნცაძე

[ნანა მაისაშვილი]

„ქართული პარტიიდან“ ოთხეულის - გაჩეჩილაძე, გუნცაძე, მიქაია, ჩიკვილაძის წასვლით „გაყრის“ პროცესი არ დასრულებულა. პოლიტიკური „განქორწინება“ ორ „ფრონტზე“ გაიშალა, თანაგუნდელებმა ერთმანეთს უსტარებით უთხრეს სათქმელი. წამოსულებმა მოკლე განცხადებით შეატყობინეს პარტიის თავმჯდომარეს წავედითო, დარჩენილებმაც განცხადებით უპასუხეს – გზა დაგვილოცნიაო. ეს საჯაროდ, პარალელურ რეჟიმში კი კულუარებში ბრძოლამ სერიოზული და სახიფათო სახე მიიღო.

ყველაზე მთავარი: ლევან გაჩეჩილაძის ცოლის ნინო მიქელაძის დეიდაშვილის, მაკა ასათიანის ქმარმა კოტე გოგელიამ ოქრუაშვილთან დარჩენა ამჯობინა. რა მოხდა პარტიაში და რა ინფორმაცია გამოიტანა პარტიის კულუარებიდან პრესაგე.ტვ-მ ამის შესახებ მოვლენათა ქრონოლოგიას შემოგთავაზებთ:

ოქრუაშვილის პარტიაში განხეთქილება 21-26 მაისის აქციებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. ახლა „განდგომილები“ „მესიას“ და „ლიდერს“ ანუ, ოქრუაშვილს და კიწმარიშვილს იყენებენ პირსახოცად, სინამდვილეში კი, ამ განხეთქილების თავი და თავი კოკა გუნცაძე იყო, რომელმაც ოქრუაშვილის გარემოცვაში „მეორედ მოსვლის ჟამს“  პირველსავე დღეს შექმნა პრობლემა.

როგორც პარტიაში ამბობენ, ნეპოტიზმით დაავადებულ გუნცაძეს, ვისთვისაც გამარჯობა ეთქვა ყველა „ქართულ პარტიაში“ შეყარა, ამით პარტმუშაკების რიცხვი გაზარდა და ხალხის მომგროვებლის იმიჯი შეიქმნა, მაგრამ გუნცაძის შიდა სამზარეულოში აწეულ იმიჯს ლამის, ჯერ კიდევ  ჩანასახში მყოფი პარტია ემსხვერპლა.

გუნცაძის ერთ-ერთი რჩეული გაპარტიულებიდან ორ დღეში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და მისთვის მიძღვნილი სიუჟეტები მთელი სამი დღე ტელევიზიებიდან არ ჩამოსულა. სწორედ მაშინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პარტიული „მესია“ და მისი „ხელქვეითი“ გუნცაძის „მფარველი ანგელოზი“ ლევან გაჩეჩილაძე. ოქრუაშვილმა გუნცაძის პარტიიდან გაგდება მოითხოვა, მაგრამ მისი „პირადი კონტროლი“ გაჩეჩილაძემ აიღო თავზე – პლეხანოველი კაცია, ყველა იცნობს და თბილისის ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში ლომის წვლილს შეიტანსო, ეგეც რომ არა ახლა გუნცაძის გაგდება სკანდალს ნიშნავსო.

მოკლედ, გუნცაძე პარტიას და პარტია გუნცაძეს ხახვივით შერჩა. შემდეგი დაპირისპირება გრეჩიხა-ოქრო-ბიჭს შორის პარტიის თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა რომ გუნცაძეს (პარტიის გენმდივანს და თბილისის ორგანიზაციის კურატორს) სინამდვილეში პარტიულების ყალბი სიები ქონდა გაკეთებული და სინამდვილეში, არანაირი თბილისური პარტმუშაკები არ არსებობდნენ, ოქრუაშვილმა უკვე საბოლოოდ განაცხადა – ან მე ან გუნცაძე!

ამ დროს აგორდა „გრეჩიხას“ წინააღმდეგ სკანდალი - ბურჯანაძე-ბიწაძე სააკაშვილისგან ფულის გადახდის ფაქტებზე ალაპარაკდნენ.

ოქრუაშვილმა უკან დაიხია და ანგარიშსწორება გადადო. მერე იყო გაჩეჩილაძე- ბიწაძის ხელჩართული ბრძოლა და ისევ გადაიდო „წმენდა“. ერთ „მშვენიერ დღეს“ ინფორმაცია გავრცელდა - გუნცაძე პარტიიდან გააგდესო და მიზეზიც დასახელდა, ფულის „შეჭმა“ და არშემდგერი თბილისის ორგანიზაცია.

კოკა გაუშვეს, რასაც პარტია კარგა ხანს საგულდაგულოდ ასაიდუმლოებდა, ჯერი გაჩეჩილაძეზე მიდგა, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძე ასე ადვილად ვერ წავიდოდა პარტიიდან. როგორც ამბობენ ამ „მუშტიკრივის ოსტატს“ პარტიული ფინანსებიდან ძალიან ბევრი (ზოგმა ნახევარი მილიონიო, ზოგმა - ცოტათი ნაკლებიო) მიუთვისებია. საქმის გარჩევა ამას მოყვა, მაგრამ „გრეჩიხას“ იმ მომენტში არჩევანი არ ქონდა, ვერსად წავიდოდა, საქმის გახმაურება არც ოქრუაშვილს აძლევდა ხელს და უკვე შიდაპარტიული გარჩევები დაიწყო. ასე მივედით 21-26 მაისის აქციებამდე. გაცხადდა რომ ოქრუაშვილი თბილისში ჩამოვიდოდა, რაც თავადაც დაადასტურა და თარიღიც დაითქვა – 25 მაისი.

25 მაისამდე კი ოპოზიციური სპექტრი აკეთებს განცხადებას – ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასიაო. ოქრუაშვილმა უკან დაიხია, ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, მითუმეტეს ერთხელ ბოდიშს, რომ მოიხდი...

გაჩეჩილაძემ ამით ისარგებლა და პარტიიდან გაიქცა. ზოგადად ყველაზე მომგებიანი ნაბიჯი თავის „პოლიტიკურ“ მოღვაწეობის პერიოდში გაჩეჩილაძემ ამჯერად გადადგა. ლევანმა ამჯერად მართლა სწორად გათვალა და ოქრუაშვილს ყველაზე დიდი დარტყმა იმით მიაყენა რომ „ზვიადისტობაში“ ჩარჩენილი კახა მიქაია სამეგრელოიანად წაართვა. მიქაიასთან ერთად პარტია დატოვეს ყოფილმა მხედრიონელმა ვახტანგ ბეგიაშვილმა, სამხედრო საბჭოს ყოფილმა წევრმა, მეტსახელად „პიჟონა“, რომელსაც სხვათაშორის, „განდგომილების განცხადებაზე“ ხელი არ მოუწერია (ან არ მოუწერია, ან ძაღლად არ ჩააგდეს, ან მეხუთეობა არ იკადრა) და თბილისის ორგანიზაციის 4 რაიონის თავმჯდომარე.

რის იმედად წავიდა ლევან გაჩეჩილაძე ოქრუაშვილის პარტიიდან, რომლის ოფისი ამ ბოლო დროს პარტიაში  დარჩენილებმა ქაჯეთის ციხე-სიმაგრედ აქციეს - არც არავის უშვებენ ოფისში და თავადაც ჩურჩულით ელაპარაკებიან ერთმანეთს – აქაოდა „ჟუჩოკები“ ხომ არ დაგვიმონტაჟესო.

აქვე გავიხსენებთ ერთ ისტორიას - ლევან გაჩეჩილაძეს  ხელში ჩაუვარდა კიწმარიშვილ-ოქრუაშვილის მიმოწერა, რომელზეც მოგვიანებით მედია წერდა, მაგრამ ჩვენთვის დეტალურად გახდა ცნობილი, რომ მიმოწერა გაჩეჩილაძემ კოტე გოგელიას დისკით გაუგზავნა შვეიცარიაში - „ნახე, რეებს წერენ ერთმანეთს ჩვენზე და როგორ ანგრევენ პარტიასო“.  

გოგელიამ კი გაჩეჩილაძეს შემოუთვალა – „შენი სიმამრის ქონება ხომ გაატანე ბანკების ვალს, ახლა რა გინდა, გგონია ჩემს ქონებას ჩავდებ შენს სასარგებლოდ და თავს გაგაკოტრებინებ? ან, ეს დისკი რაში მაინტერესებს, ან - ვინ ვის რას ელაპარაკებოდა? სკაიპის გატეხვა და მოსმენები კაცობა გგონია? მე ისედაც ვიცი რა ხდება და არ გეგონოს მხარს დაგიჭერო“.

ეს იყო გაჩეჩილაძისთვის დიდი დარტყმა, თუნდაც იმიტომ, რომ გაჩეჩილაძე თავის მომხრეებს აიმედებდა გოგელია დაგვაფინანსებს და ოქრუაშვილთან შიშით ყოფნას, ჩვენთვის ვიყოთ ჯობიაო.

ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ გოგელიამ ოქრუაშვილთან ერთად მოაწერა „გრეჩიხასთან“ გამოსამშვიდობებელ განცხადებას ხელი. ვის იმედზე დარჩა გაჩეჩილაძე და მისი წრე არავინ იცის, შესააძლოა, ეს ლევან ჩიკვილაძეც იყოს, რომელიც ასევე „განდგომილების“ განცხადებას აწერს ხელს და დღემდე ამერიკაშია, როგორც ამბობენ, ძალიან მდიდარი ცოლიც ყავს. ეს ის ჩიკვილაძეა, რომელმაც ჯერ კიდევ ოქრუაშვილის პარტიელი, რომ იყო მაშინ ამერიკიდან აფრინა უსტარი ვიღაცამ დამირეკა და ნებისმიერი გავლენიანი თანამდებობა შემომთავაზა ოღონდ ოპოზიციაზე ცუდი თქვიო.

ეს ზარი მართლა განხორციელდა თუ არავინ იცის, მაგრამ მაშინ პარტიამ პარტიული „ოქროს პერანგი“ ტანზე შემოიხია – არიქა ჩვენს თანაპარტიელს ემუქრებიან და მისი გადაბირება უნდათო. თუ ამ კაცის ფულის იმედად წავიდნენ ოქრუაშვილისგან გაჩეჩილაძე და მისი მომხრეები და ასე აპირებენ „დიდი ერთობის გაკეთებას” სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ბევრი კოზირი უკავიათ ხელში – სამეგრელო, თბილისის 4 რაიონული ოფისი და ნაცემი კიწმარიშვილის მაგალითი.

მართალია კოკა გუნცაძე, ვახო ბეგიაშვილი და კიდევ რამდენიმე კაცი მოულოდნელად შევარდა კიწმარიშვილის ოთახში, უთქმელად დაარტყეს და დაესივნენ, მაგრამ ეს ხომ ყველამ არ იცის? ფაქტია – ეროსი ნაცემია, „განდეგილები“ ამბობენ, რომ ეროსი იმიტომ იცემა თანაპარტიელებს დიქტოფონით იწერდა ჩუმად... რკინის არგუმენტებია და „გასაჩივრებასაც“ კი არ ექვემდებარება.

არავინ იცის ისიც, რომ ეროსის გალახვამდე გრეჩიხას თავისი მარჯვენა ხელი ტატო კარგაძე, რომელიც თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა, გაულახეს და გაულახეს ქალებმა. მოკლედ, კარგაძეს, როგორც ჩანს, პარტიიდან ხალხის გადმობირება დაავალეს და ჰოდა, კარგაძემ დაურეკა საბურთალოს ოფისის ხელმძღვანელს, ყოფილ სპორტსმენს, გვარად ფიოლიას (სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს). ეს ქალბატონი თავის დროზე კოკამ წარადგინა საბურთალოში და თავიდანვე კოკას კადრად მოაიზრებოდა. ჰოდა, ამ ნიშნით დაურეკა კარგაძემ ფიოლიას და უთხრა გადმოდი ჩვენთანო, მაგრამ უარი მიიღო და გინებაზე გადავიდა. 

ფიოლია ის ქალი არაა ასე ადვილად ვინმემ აგინოს, მას ძალიან დიდ პატივს ცემენ არა მარტო სპორცმენები. როდესაც ფიოლიამ სადაც საჭირო იყო იქ თქვა კარგაძემ მაგინაო, კარგაძეს მეორე დღეს თავ-ყბა გაუერთიანეს! ამ ფონზე ოქრუაშვილს თავი ისევ გენპროკურორი გონია ან შს მინისტრი და საფრანგეთიდან მესიჯი აფრინა – არ დავინახო კომენტარები გააკეთოთ და ოფისი ქაჯეთის ციხედ იქცა.

ოფისს ოქრუაშვილის კისერსქელა დაცვის კუნთმაგარი ბიჭები ისე იცავენ, თითქოს მტერი ეხვეოდეთ გარს. ქუჩაში გამოსულებისგან აღებული შემთხვევითი კომენტარები კი ასეთია – ვაგრძელებთ მუშაობას. სხვათა შორის, ნარკოტესტსაც თუ ჩაუტარებენ ერთურთს ესეც კარგი იქნება, ამ მხრივაც გააგრძელონ მუშაობა კარგი იქნება, ვინ იცის რა დროს გამოადგებათ?

და კიდევ ერთი, არ არის გამორიცხული მალე პარტიის გახლეჩილი ფრთები (ანგელოზისა) ერთმანეთს რინგზე ისევ შეხვდნენ და პარტიული ქონებისთვის დასცხონ ერთმანეთს. გასაყოფია კომპიუტერები, მაგიდები, სკამები, ავეჯი და ა.შ. სხვათაშორის, ავეჯის ნაწილი გაჩეჩილაძეს „დაიცავი საქართველოდან“ გადმოყვა მზითევში, დანა-ჩანგალი ირაკლიმ დაახვედრა ადგილზე და ახლა კარს საკეტი ვინ გაუკეთა ამას ძალიანაც, რომ მოვინდომოთ მაინც ვერ გავარკვევთ.

კიდევ ერთი რამ, უფრო სწორედ, ვინმე არის გასაყოფი - სოფიკო ხორგუანი, რომელიც თავის დროზე, სოზართან მივიდა. ხორგუანი „ქაჯეთის ციხეშია“ გამოკეტილი და მანქანიდან ისვრის ხოლმე სიტყვებს შიგადაშიგ.