დიტო გელოვანი: პატარა ჭიქებით, დიდი კოვზებით

დიტო გელოვანი: პატარა ჭიქებით, დიდი კოვზებით

[დიტო გელოვანი - ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. “ვერსია”]
ერთხელ მოწიწებით ვკითხეთ ერთს, რომელი თამბაქო გიყვართო, თქვენ?
ერთმა ჩაიცინა, ღიმილით – თრიაქს ვეწევიო, ჩილიმით,
მეორეს – სიგარეტთან ეძინა, ცისფერი სიზმარი ესიზმრა,
მაშინ გააღვიძეს ძვირფასი, ცეცხლი თითებზე რომ ეკიდა.
მესამე – მთვრალი იყო იმ წუთში, ფეხებზე ეკიდა,
მთხოვა სიგარეტი, მივეცი, ტუჩებთან ნიკოტინი ეფინა,
მსუქანი ბიძა იყო, უცნობი, და თავი ისე ეჭირა,
ალბათ “მალბორო” ახრჩობდა და კაი ქალთანაც ეძინა.
მერე გლეხი ვნახეთ ქალაქში, რაღაცას ყიდიდა ბაზარში,
არ ვთხოულობო სიგარეტს, მე თუთუნს ვახვევ ქაღალდში,
სამაგიეროდ, ბიჭი მყავს, კოლეჯს ამთავრებსო ქალაქში,
დაშლის, ააწყობს, დაშლის, ააწყობს... მე ბოსტანში ვარ და ის კი ქანაობსო ჰამაკში.
მამა ენაცვალოს... ერთხელ ძმაც ვნახე ხატაში, ფილტრსა ღეჭავდა აზარტში,
სამი ვალეტით დაიწვა და ქურდებმა წაიღეს თავანი,
დღეს ყველაფერი ხდება და, ცხოვრებაც ბედია და თამაში
ზოგი ევროპაში ისვენებს და ზოგი – ციხეზეა, ჩაის ურტყავს საკანში...
(ზურა ზაქარიაძე – თელაველი პაპა)

ერთხელ ირაკლი ბერიშვილმა ასეთი ისტორია მომიყვა: “15 წლის ვარ, ქუჩაში ვდგავარ, სიგარეტი მინდა და არ მაქვს. შუახნის კაცმა ჩამოიარა. სიგარეტი ვთხოვე. მომცა. არც ასანთი მქონდა. ვთხოვე და მომიკიდა. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე და ეტყობა, ეს მადლობა კარგად გამომივიდა, რადგან სანამ წავიდოდა, ერთი რჩევა მომცა: “შვილო, როდესაც მძ...რის” ჭამას დაიწყებ, კოვზი ყოველთვის თან უნდა ატარო”.

რატომ მოვყევი ეს ამბავი? თვითონაც არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სანამ “ინტერპრესნიუსს” გავხსნი ხოლმე, საერთოდ არაფერი ვიცი. მერე ვხსნი, რაღაცეებს ვიგებ და თქვენც გეუბნებით, ოღონდ ჩემებურად. არ ვიცი, რატომ გავიხსენე ის ამბავი, ალბათ, წინა კვირიდან გამომდინარე რაღაც იყო ქვეცნობიერში. შესაძლოა, ამ ნიუსიდან გამომდინარე:

“გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გავრცელებულ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ არაკვალიფიციურ და არათანმიმდევრულ იდეას უწოდებს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გოგა ხაჩიძემ განაცხადა, ამაზე მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს. “გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება არაკვალიფიციური და არათანმიმდევრული იდეაა, არ ვმსჯელობთ ამაზე. მე არ ვარ ასეთი განხილვის მონაწილე. თუ ჩემს გარეშე ხდება ამაზე მსჯელობა, ეს სხვა საკითხია”, - განუცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებს”.

როგორც ხედავთ, გოგა ხაჩიძეს, იმ კოვზისა არ იყოს, სტანდარტული ფრაზა ყოველთვის გამზადებული აქვს – რაც მას არ მოწონს, ყველაფერი არაკვალიფიციური და არათანმიმდევრულია. თუ ჩემს გარეშე ხდება ამაზე მსჯელობა, ეს სხვა საქმეაო. რას ნიშნავს “სხვა საქმე”? გააჩნია, ვისთვის. გარემოს მოვლა–პატრონობა ერთია, ხოლო რადიო–ტელევიზიით გადაცემების წაყვანა და პოლიციის ჰიმნის შექმნა – მეორე, ანუ სხვა. არადა, სამინისტროს გაუქმებაზე მსჯელობა მართლაც მიდის. ეს იმ ადამიანებმა მითხრეს – სამინისტროს თანამშრომლებმა – რომლებსაც გარემო ადარდებთ. ხოლო ხაჩიძე... ბუნება საერთოდ რომ გააუქმო, ალბათ ვერც კი შეამჩნევს. ცხვირწინ ძმაკაც–თანამშრომლები ქრთამს იღებდნენ და ვერ შეამჩნია და როგორ ფიქრობთ, დედოფლისწყაროს გაუდაბნოებას შეამჩნევს? გასულ კვირაში კიდევ დაუჭირეს თანამშრომლები, მაგრამ არ შეიმჩნია.

თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ცვლილებები, მხოლოდ - არა მასშტაბური სახის. მართლაც, გააუქმებენ რაღაცეებს, შექმნიან რაღაც–რაღაცეებს, მოხსნიან ვიღაცეებს და დანიშნავენ ვიღაც–ვიღაცეებს. ეს არ არის მასშტაბური ცვლილება. ერთ დროს კი ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ შევეჩვიეთ. ნელ–ნელა ვეჩვევით მასშტაბებს. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ოკუპაცია არ არის მასშტაბური ოკუპაცია. არც 6 მილიარდი დოლარის საგარეო ვალია მასშტაბური ვალი.

გასულ კვირაში მასშტაბური აზროვნების მაგალითები გვიჩვენეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს ახლადგამომცხვარმა წევრებმა, რომლებიც პოლიტიკოსებად სულ ახლახანს გამოცხვნენ. გამოცხვნენ, გაფუვდნენ და სანამ მცხობელი “გაასუხარებდეს”, ცდილობენ მოასწრონ და კეთილი საქმეები აკეთონ.

“საკრებულოში იმიტომ შევედი, რომ სტატუსი მჭირდებოდა. უსტატუსოდ ბიზნესმენები პატივს არ გვცემდნენ. საკრებულოდან უფრო იოლია კრეატიული პროექტების განხორციელება და სახსრების მოზიდვა”, - განაცხადა ზურა გაჩეჩილაძემ, იგივე “შონზომ”, რომელიც საკრებულოდან აპირებს ქართული როკის განვითარებას.

როგორც ვიცი, თავის დროზე “დიფ ფარფლი”, “პინკ ფლოიდი” და “ლედ ზეპელინი” ლონდონის საკრებულოს ინიციატივით შეიქმნა, ხოლო “დორსის” წარმატებაში ლოს–ანჟელესის საკრებულოს ხელი ურევია. ჯანდაბას... ოღონდ ქართულ როკს რამე ეშველოს და ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას ადამიანი, რომელსაც “სტატუსის გარეშე პატივს არ სცემენ”? აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

ინგა გრიგოლია კინემატოგრაფის განვითარებისთვის ხმის უკანასკნელ იოგებამდე იბრძოლებს. ინგას მალე გადასაღებ მოედანზე ვიხილავთ. როგორც გახსოვთ, ამ ორი წლის წინ ოპრა უინფრიმ ასეთი რამ თქვა: “დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში – ინგა გრიგოლია”. გასულ კვირაში ინგამ გვაცნობა, რომ მალე მას კომედიური ჟანრის ფილმში გადაიღებენ. ჰოდა, ჯენიფერ ლოპესს უთქვამს, დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში – ინგა გრიგოლიაო.

სცენარი ბასა ჯანიკაშვილს დაუწერია, ფილმს დუტა სხირტლაძე გადაიღებს. და ახლა ხომ დარწმუნდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სტატუსს? სანამ ინგა საკრებულოს წევრი არ გახდა, მთავარ როლზე კი არა, გამნათებლადაც კი არავინ მიიწვია.

“ამ ფილმის გმირად ქცევაზე მაშინვე დავთანხმდი, რაც სცენარს გავეცანი. სცენარის დასაწყისშივე წავაწყდი ერთ ეპიზოდს, სადაც ჩემი გმირია აღწერილი. საუბარია საკმაოდ ცუდად ჩაცმულ, უცნაურ ფერად შეღებილი თმის, ბევრი მაკიაჟისა და არც თუ ისე კარგი გარეგნობის ჟურნალისტზე, რომელიც საინფორმაციო ოთახში შედის, უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. როგორც კი ეს წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ავტორი სცენარის წერისას სწორედ მე მგულისხმობდა. როდესაც ბასა ჯანიკაშვილს დავურეკე, მითხრა, რომ როდესაც ჟურნალისტის კარიერა დავიწყე, სწორედ ასეთი ვიყავი” – თქვა ინგა გრიგოლიამ. დიახ, მეც მახსოვს მაშინდელი ინგა – ჩაპუტკუნებული, ჩოლკიანი, რიჟა გოგო, რომელიც ჩურჩულით ყვიროდა და ყვირილით ჩურჩულებდა.

როგორც ითქვა, ფილმი იქნება კომედიური. განსაკუთრებით სასაცილოა 7 ნოემბრის სცენა: ინგა გრიგოლიას სანტა–კლაუსის ტანსაცმელში გამოწყობილი სპეცრაზმელები მისდევენ. ინგა გარბის. ბანანის ქერქზე აუსრიალდება ფეხი და თავს კრემში წაყოფს, შემდეგ შოკოლადზე დაჯდება, მაგრამ სპეცრაზმელებს მაინც არ ნებდება. მანიფესტანტები იცინიან – დამსჯელი რაზმი მათ, შეცდომით, ცრემლსადენი გაზის ნაცვლად, “პლანით” გაუმასპინძლდა და მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

მეც ვიცინი – ინგა გრიგოლია სამკაციანი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება. თვითონ იქნება თავმჯდომარე, მეორე იქნება – მოადგილე, მესამე – მდივანი. ერთ–ორი პროცენტით მეტი რომ აეღოთ, წევრიც ეყოლებოდათ.

მოკლედ, სპეციალურად ინგასთვის სცენარი დაიწერა. ასეა ჭეშმარიტ ხელოვნებაში და ასეა ჭეშმარიტ პოლიტიკაში. ფილმის სცენარის მიხედვით, ინგა არ ნებდება სპეცრაზმელებს, ხოლო პოლიტიკური სცენარით “ახალ საკრებულოში ოპოზიცია ხელისუფლებას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს, - ამის შესახებ “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა”. ანუ, ინგა გრიგოლია არც ზაალ სამადაშვილს დანებდება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მე-10 ანგარიშის შედეგებით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასებისას უმაღლეს საფეხურზეა – ეს სასიხარულო ცნობა გასულ კვირაში გავრცელდა და უკვე გასაგებია, რატომ აქვს საქართველოს იმპორტ–ექსპორტის უარყოფითი სალდო. ჯართი ილევა, თხილის ხარისხი უარესდება, ადამიანებს ვეღარ ვყიდით. სამაგიეროდ, ამომრჩევლები იყიდებიან, მაგრამ ეს შიდა ვაჭრობის ამბავია და სალდოზე და ჩვენს მენტალიტეტზე გავლენას ვერ ახდენს.

თუმცა, მენტალიტეტის ამბავში რაღაც პოზიტიური ძვრები უკვე შეინიშნება. გასულ კვირაში საქართველომ გიგანტური ნაბიჯი გადადგა დასავლეთისკენ. როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო უმცირესობაში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობა ბათუმში დაიბარა და მასტერკლასი ჩაუტარა. იქ მიშამ თქვა, რომ ისპაჰანთან შედარებით რომი არის ჩეჩმა, პარიზი – უნიტაზი, ხოლო დეტროიტზე ლაპარაკიც კი არ ღირს.

აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ჩვენ, ქართველები, აღარ ვართ ყაზახები და ვართ ირანელები, ხოლო ირანი ყაზახეთის დასავლეთით რომ მდებარეობს, ეს, მგონი, ნაციონალური მოძრაობის თვალსაჩინო წევრის, კობა ბექაურის გარდა ყველამ იცის. მოკლედ, მივიწევთ დასავლეთისკენ, მაგრამ ყოველ ნაბიჯს უნდა დავუკვირდეთ. დედამიწა მრგვალია და ეგრე ნაბიჯ–ნაბიჯ დასავლეთისკენ სიარულში, ემანდ ყირგიზეთში არ ამოვყოთ თავი.

კახა მაინდურაშვილის განცხადებით, ლარის კურსის ცვალებადობის გამო საგარეო ვალის მომსახურება 17 მილიონი ლარით გაიზარდა. ლარის კურსის ცვალებადობას კი, მინისტრი იმ გარემოებას უკავშირებს, რომ საქართველო დედამიწაზე მდებარეობს და არა - მთვარეზე.

აბა რა – როცა დედამიწაზე ცუდი რამე ხდება (ფინანსური კრიზისი, ოზონის შრე, ღორის გრიპი...), დედამიწელები ვართ, ხოლო როცა საუბარია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. ქართველები მთვარეულებივით ვიქცევით. მეცნიერები გვაკვირდებიან და გვსწავლობენ.

რაც შეეხება სწავლას და დაკვირვებას. სააკაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ გზებზე მოძრაობა მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს, კრიმინალის პრევენციის მხრივაც სათანადო ზომები უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ყველა სკოლაში მანდატური უნდა იყოს და თბილისის ყველა ადგილზე - სათვალთვალო ვიდეოკამერები.

რა უბედურებაა... ნორმალურად რესტორნის კუპეში ვეღარ დაჯდები და ვერ დაინტერესდები, როგორ არის “ნა ვერწელეს” საქმე. განა ეს ცხოვრებაა?

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უსაფრთხოების აღნიშნული ზომები, ჩემი აზრით, არ იქნება საკმარისი. წინადადება შემომაქვს, თბილისში დავაგოთ ხაფანგები, კაკანათები, ამოვთხაროთ ღრმა ორმოები და ზემოდან დავფაროთ ბალახ–ბულახით, ოღონდ – სასაცილო ბალახ–ბულახით. ჩემმა ძმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, ზაალ სამადაშვილი საკრებულოს პირველი სხდომით კმაყოფილიაო, მაგრამ არ მესმის, რანაირად არის კმაყოფილი, როცა ქალაქში ჯერ ერთი ხაფანგიც არ დაუგიათ და ერთი ორმოც არ ამოუთხრიათ.

კმაყოფილების გამოხატვაც ხომ ქცევაა? სააკაშვილი კმაყოფილია, სამადაშვილი კმაყოფილია, ბაქრაძე კმაყოფილია... მათ კმაყოფილ ქცევას კი არავინ აკონტროლებს. სამაგიეროდ, მოსწავლეებსა და დირექტორებს ქცევის ნორმებს დაუდგენენ. შესაბამისი ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, მოსწავლეებს ქცევის კოდექსი ექნებათ, დირექტორებს კი – ეთიკის კოდექსი. ყველას გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი და გვაქვს საგადასახადო კოდექსი, რომელიც იცვლება და დავით ბაქრაძე (კოვზების მბრძანებელი) ამ ცვლილებებით გამოწვეულ ზეკმაყოფილებას ვერ მალავს, თითქოს ”კალაშნიკოვის” სისტემის კოვზების გარდა რამეში ერკვეოდეს.

“ახალი საგადასახადო კოდექსი ქვეყანაში საგადასახადო ვითარებას თვისობრივად შეცლის” – გახარებულია ბაქრაძე. თვისობრივად... ნაცმოძრაობის კოორდინატორ ქალებს და მათ თვისებებს თუ ეშველებათ რამე? – ეს არის კითხვა, რომლის დასმაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე თვისებად გადაექცათ.

ლეიბორისტების თვისებაა დადანაშაულება. გასულ კვირაში ქართული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულეს და ახლა იმას ფიქრობენ, ვინ დააადანაშაულონ და რაში დაადანაშაულონ მომავალ კვირაში. ლეიბორისტები შიშით ელიან იმ დღეს, როდესაც საქართველო იქნება ერთიანი, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა. იმ დღეს პაატა ჯიბლაძე მთლი სიმკაცრით განაცხადებს, რომ დოს მარილი აკლია. გავა რამდენიმე დღე და ჯიბლაძე თვს მოიწონებს: “ჩვენმა ბრძოლამ შდეგი გამოიღო და დოს იმდენი მარილი აღარ აკლია, რამდენიც აკლდა“.

გასულ კვირაში კი პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, “ლეიბორისტულმა პარტიამ” რამდენიმეთვიანი ბრძოლის, საპროტესტო აქციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შედეგად შეძლო და შეაჩერა ტყეების მასობრივი გაყიდვის პროცესი”.

დევგმირები ვართო – ჯიბლაძემ და გუგავამ უნდა თქვან!

18 ივნისს მოხდა ორი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომლებიც ერთმანეთთან თვისობრივ კავშირში იმყოფებიან – ხობში აღმოაჩინეს ცოტნე დადიანის საფლავი, პარლამენტმა კი ახალი მედლის – “სამოქალაქო თავდადებისთვის” – შემოღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა.

ვხედავ რა, როგორ იტანჯება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კეთილდღეობისთვის, მზად ვარ მეც მასავით დავიტანჯო. მიშა “როლან გაროსის” ფინალზე იჯდა და იტანჯებოდა. მზად ვარ, დავესწრო უიმბლდონის ფინალს და დავიტანჯო. ოღონდ, თუ ბიზნესმენები დაინტერესდებიან. ბიზნესმენები კი, არ დაინტერესდებიან, რადგან არ მაქვს სტატუსი. ვის აქვს სტატუსი? სტატუსი აქვს “შონზოს”. სამოქალაქო თავდადებისთვის დაწესებულ მედალსაც იგი მიიღებს.

მაშინ, მიუნჰენში წავალ, სადაც გასულ კვირაში ოქრუაშვილი, ნოღაიდელი და გაჩეჩილაძე შეიკრიბნენ. მიუნჰენში წავალ, ოღონდ ოქტომბერში მირჩევნია. გამიგონია, მიუნჰენში ხალხი უკიდურესად იტანჯება ლუდითო, გმინავს ხალხიო...

ეს ხდება მიუნჰენში. იქ ლუდს დიდი კათხებით სვამენ. პატარა ჭიქები ჩვენია, დიდი კოვზებიც ჩვენია და მომავალიც ჩვენია. მომავალი – ასე 60–70 წელი. ზუსტად სამოცი წელია, რაც იაპონიას ერთი პარტია მართავს და ჩვენც ხომ ყირგიზეთში იაპონიის გავლით ვაპირებთ ჩასვლას?

რ.კ.გ.თ. (როგორი კოვზები გიყვართ თქვენ?) ერთხელ მოწიწებით ვკითხეთ ერთს, რომელი თამბაქო გიყვართო, თქვენ?
ერთმა ჩაიცინა, ღიმილით – თრიაქს მოვწევდიო, ჩილიმში...
ბოლოს, მოკრძალებით ვკითხეთ ერთს, ამჯერად, ქალბატონი იყო ეს...
სიგარეტივით ვცხოვრობიო – ლამაზად უპასუხა კითხვას, ჩვენს.
(ზურა ზაქარიაძე – თელაველი პაპა)