მხიარული მოგონებები

მხიარული მოგონებები

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

ერთხელ, როდესაც დედა-შვილი – მედიკო ჩახავა და თემურ ჩხეიძე ერთად ცხოვრობდნენ, დილით მედიკომ საუზმე გაუმზადა. სხვებსაც მოემსახურა, მერე სუფრის ალაგება დაიწყო. ამ დროს რეპეტიცია იწყებოდა და თემური აღარ დაელოდა, წავიდა. მედიკოს რამდენი წუთი დაგვიანებია. ჩუმად შეიპარა, შეყო თავი სარეპეტიციო დარბაზში და თემურმა რომ დაინახა, უთხრა, ქალბატონო დედა, თქვენ თავისუფალი ხართო და არ შეუშვა რეპეტიციაზე. რას იზამდა მედიკო? გამობრუნდა, რეჟისორმა დასაჯა. თემურთან ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლებოდა.

თემური დგამდა მიხეილ ჯავახიშვილის “ქალის ტვირთს”, სამი გმირი უნდა ყოფილიყო. ქეთოს გათხოვებამდე თამაშობდა მარინა ჯანაშია, გათხოვილი ქეთი, ავშაროვის მეუღლე – თათული დოლიძე იყო და ქვრივი ქეთო მედიკოს უნდა ეთამაშა. ის წერილი უნდა წაეკითხა, რომელსაც თვითმკვლელობამდე წერს ქეთო. ასე იყო განაწილებული, მაგრამ როცა თემურმა სპექტაკლი აკინძა, აღმოჩნდა, რომ ის მესამე ნაწილი აღარ იყო საჭირო.Lლიტერატურული ნაწარმოები სხვაა და სცენაზე რომ ნახავ – სხვა. ორი ნაწილით, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო სპექტაკლი და მერე უკვე იწელებოდა. თემურმა, რა თქმა უნდა, მოჭრა ეს ნაწილი, რაც მედიკოს ალბათ ეწყინა, მაგრამ რას იზამდა? რუსლან მიქაბერიძემ თემურს დაუწერა ასეთი ფუნაგორია: “სწორი ხარ ჯანაშიასთან, მედიკო ჩანდა უმსხვილო, რა პრინციპული ყოფილხარ, როლიდან დედამოხსნილო”. მაშინ მთელ თბილისში ყვებოდნენ ამ სხარტი ფუნაგორიის შესახებ.

მსახიობი გია ჯაფარიძე იხსენებდა:

“მტკვრის პირას მდებარე რესტორანში ვქეიფობდით ერთხელ. წყნარი ამინდი კი იდგა, მაგრამ მდინარე ადიდებული იყო.

ზურამ თქვა, ქაფიანიძემ, ახლავე გადავხტები და გავცურავ ბოლომდეო. მეც გაცხელებული მაქვს შუბლი და ტვინი. ზურა რად უნდა გადახტეს, მე უფრო ახალგაზრდა ვარ-მეთქი - ვთქვი და გადავფრინდი. მივცურავ და თურმე სანაპიროზე მომყვებიან მანქანით. ქაფიანიძე აღარ გადმომყვა, რადგან იდეაში შევეცილე. თითქოს ორივეს არ დაგვიტევდა ერთი მდინარე. გამოფხიზლებულს დამიწყეს საქმის გარჩევა.

ნუგზარ ხიდურელი მეუბნება ზურაზე, ეს რომ ხტებოდა ადიდებულ მტკვარში, მიზეზი და გამართლება ჰქონდა, აი, შენ რატომ ეჯიბრებიო? რა მიზეზია-მეთქი? – დავინტერესდი

- შუმერების ანბანს რომ მიადგა და დაამტკიცა, ერთი ასო ტყვილი გამოსულაო.”

ქართული თეატრის ფოიეში საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა და ქართულ დრამატურგიაზე გაცხარებული კამათი გაიმართა. რა თქმა უნდა, კამათის დამწყები და მთავარი ფიგურა მედეა ჯაფარიძე იყო. ჯგუფთან ახლოს ბატონმა პიერ კობახიძემ გაიარა.

- ბატონო პიერ, ბატონო პიერ, - დაუძახა მედეამ. პიერი შეჩერდა. – ძალიან დიდი ბოდიში, ერთი წუთით მობრძანდით ჩვენთან!

- ბატონო პიერ, ჩვენ იმაზე ვდავობთ, ვინ არის ახლა ქართულ დრამატურგიაში ყველაზე კარგი?

- ერთ წუთში უნდა გიპასუხოთ?

- როგორც გნებავთ, ბატონო პიერ! – გაეღიმა მედეას.

პიერმა მეტად სერიოზული სახე მიიღო, საათს დახედა და თქვა:

- დრამატურგი? ჰო, თუა, ისევ ლევან გოთუა, - მხარი აიჩეჩა და წავიდა. მან საერთო ტაში დაიმსახურა.

რეჟისორი დევი აბაშიძე იგონებდა:

“ერთხელ მე და დოდო აბაშიძე ერთად წავედით მანქანით კარლოვი ვარში დასასვენებლად. წავედით აქედან შეიარაღებულები – იმდენი ღვინო და კონიაკი წავიღეთ, ძლივს იძროდა მანქანა. ჩავედით პრაღაში. იქ ცხოვრობდა დოდოს დედის – ქალბატონი ნინო ანდრონიკაშვილის ნათესავი და ჩასვლისთანავე მისი ძებნა დავიწყეთ. ვინც არ გავაჩერეთ, ვერაფერი გვითხრეს, ბოლოს ერთი რუსულის მცოდნე შეგვხვდა. ქაღალდი გვთხოვა და ხაზვა დაიწყო, თან გვეუბნებოდა, ორი შუქნიშნის შემდეგ მარცხნივ გაუხვიეთ, მერე სამი შუქნიშნის შემდეგ მარჯვნივ და ასე შემდეგ. ამ კეთილ კაცს მადლობა გადავუხადეთ და დავადექით გზას. ბევრი ვიარეთ და ბოლოს სასაფლაოს მივადექით. გაბრაზების მაგიერ, დოდოს სიცილი აუტყდა, თან წამოიძახა, “ახია ჩვენზე, ჩვენისთანა ხალხის ადგილი მართლაც აქ არისო”. მერე მანქანიდან ერთი ბოთლი ღვინო ამოიღო და იქ, სასაფლაოზე დაკრძალული ჩეხებისა და სლოვაკების სადღეგრძელო შესვა. ამ რიტუალის აღსრულების დროს კაცი შემოგვესწრო, რომელმაც ქრთამით (ორი ბოთლი ღვინო მივეცით) გზა გვასწავლა.”

ფილმში “ჩემი მეგობარი ნოდარი” ჯემალ ღაღანიძე მილიციელ გოგია დავლაძის როლზე მუშაობას ასე იხსენებდა:

“სცენარის მიხედვით, გოგია დავლაძე, ეს სიყვარულითა და ღვინით ერთიანად დამთვრალ-გამოყეყეჩებული მილიციელი, “ტეტეს” სისტემის, მაშინდელი მილიციის სატაბელო იარაღიდან ისვრის ქუჩაში. მომაჩეჩეს ეს “ხალასტოი” ტყვიებიანი “ტეტე” და მითხრეს, ერთი 5-6-ჯერ უნდა გაუბათქუნო ქუთაისის ცასო.

ტკაც! – დაიწყო დუბლი. მოვიმთვრალე თავი, ამოვიღე ის დასაწვავი “ტეტე” და დავუშინე ქუთაისის ლამაზ ცას. არ ივარგა დუბლმა, დავიწყეთ თავიდან. დამიტენეს ეს ჩემი დამღუპველი პისტოლეტი თავიდან და ისევ მივაყარე ტყვიები უდანაშაულო ცას. კიდევ არ გამოვიდა.

მესამე გასროლით მთელი იმერეთი გავაღვიძე. ჩაითვალა! ამ დროს მოვარდა სირენის წივილით ქუთაისის ნამდვილი მილიციის მთავარი განყოფილების მანქანა. მარჯვედ გადამიგრიხეს ხელები, ამართვეს  იარაღი და გამაქანეს. აღმოვჩნდი სამტრედიაში, სადაც მილიციის უფროსი ქეიფობდა. ჩემს დანახვაზე მას სიცილი აუტყდა და სუფრასთან მიმიწვია, თან “ამიხსნა”: ეს იმიტომ გავაკეთე, რომ რესტორანში “შემომეტყუებინეთ”, აბა, მართლა კი არ დაგიჭერთო”.

მსახიობ არჩილ გომიაშვილს ერთხელ თავს ერთი “საინტერესო” ისტორია გადახდა.

“ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ, ვმოგზაურობ. მირეკავს ადმინისტრატორი: - არჩილ მიხეილის ძევ, კონცერტის გამართვა ამჯერად მოგიწევს ერთობ არაჩვეულებრივ აუდიტორიაში, თუ ღმერთი გწამს, უარს ნუ მეტყვი. სამაგიეროდ, საუზმით და სადილ-ვახშმით უზრუნველყოფილი იქნები.

- კეთილი, - დავეთანხმე და მერეღა ვკითხე, - მაინც სად მიგყავარ?

- სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

უარის თქმა უკვე გვიან იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადი მიწვევით შეგვიყვანა სასადილოში და თან დასძინა: სწორედ რომ დროულად მოგვისწარითო. ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: მე ახლა ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.

ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალმა გაფანტაო, ერთბაშად გაგრიალდა ყველა, სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო. კონცერტი, რა თქმა უნდა, ვეღარ გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით”.