უფროსი თაობის კინოს მოყვარულებისათვის კარგად არის ცნობილი ფილმების სერიალი, რომლის მთავარი მომქმედი გმირი ტყეში მაიმუნების მიერ გაზრდილი ბიჭუნა, სახელად ტარზანი იყო.
წინა საუკუნის 30-იან წლებში, ამ პერსონაჟის თავგადასავლების შესახებ თორმეტი სურათი გადაიღეს. ტარზანის როლს იმ პერიოდში ცნობილი ამერიკელი მოცურავე ჯონი ვაისმიულერი ასრულებდა.
ამერიკელი მწერალი ედგარ რაის ბეროუზის მიერ შექმნილი ზღაპრული გმირი, მსოფლიოს სხვადასხვა კინოკომპანიების დაინტერესებას მუდმივად იწვევდა. ჯონი ვაისმიულერის მიერ განსახიერებულ პირველ ტარზანს მრავალი გაგრძელება ჰქონდა და ეს გასაკვირი არ არის. ბეროუზის პირველმა ნაწარმოებმა დღის სინათლე 1912 წელს იხილა. პირველ წიგნს რამდენიმე ათეული გაგრძელება მოჰყვა.
ათწლეული არ გავა ისე, რომ მაყურებელმა ტარზანის ცხოვრების შესახებ გადაღებული ახალი ვერსია არ მიიღოს. 1999 წელს დისნეის სტუდიის მიერ შექმნილი ანიმაციური სურათი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თანამედროვე ეპოქა მრავალ ახალ ტექნოლოგიას გვთავაზობს. რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კომპანია “Constantin Film”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე შეუდგა ტარზანის შესახებ ახალი ანიმაციური ფილმის გადაღებას. ეს სურათი 3D ფორმატის იქნება და მსოფლიო ეკრანებზე მიმდინარე წლის დასასრულს გამოვა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტარზანის თემით ცნობილი კინოკომპანია “Warner Bros.”-ი დაინტერესდა. მისმა ხელმძღვანელებმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმეს რეჟისორ კრეიგ ბრიუერთან. ბატონმა კრეიგმა ტყის ბიჭუნას შესახებ სამი სურათი უნდა გადაიღოს და სცენარიც თავადვე დაწეროს.
ახალი ტარზანის თავგადასავლების ხილვა 2012 წელს მოგვეცემა. ჯერ-ჯერობით უცნობია მისი გადაღების ზუსტი თარიღი და მომავალ სურათში მონაწილე მსახიობების შემადგენლობა.