გუშინ საღამოს ამერიკულმა კინოკომპანია “MGM”-მა ოფიციალურად დაასახელა “აგენტი – 007”-ის, იგივე ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ახალი სურათის დიდ ეკრანზე გამოსვლის თარიღი.
ახალი ფილმი დღის სინათლეს 2012 წლის 26 ოქტომბერს იხილავს. მისი საპრემიერო ჩვენება ევროპის კონტინენტზეა დაგეგმილი. რაც შეეხება აშშ-ს, ჯეიმს ბონდის ახალი სურათის ოფიციალური წარდგენა 9 ნოემბერს შესდგება.
“ბონდიანის” რიგით 23-ე სურათს “ოსკაროსანი” კინორეჟისორი სემ მენდესი გადაიღებს. “აგენტი 007”-ის როლს კვლავ ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი ითამაშებს.
ახალი კინოსურათის შინაარსი საიდუმლოებითაა მოცული. კინოკომპანიის ხელმძღვანელობა არც მომავალი სურათის სამსახიობო შემადგენლობას ასახელებს. კინოს თემაზე მწერალმა მას-მედიის საშუალებების წარმომადგენლებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ სურათში სათამაშოდ პერსონალურად მიწვეულები არიან ხავიერ ბარდემი და რეიფ ფაინსი.
ცნობილია, რომ ბარდემმა მთავარი ბოროტმოქმედი უნდა გაასახიეროს, ფაინსმა კი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ითამაშოს.
ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობების გარდა ფილმში კვლავ ვიხილავთ ბრიტანელ ჯუდი დენჩს. ეს პიროვნება 1995 წლიდან, ჯეიმს ბონდის უშუალო ხელმძღვანელს, “ქალბატონ M”-ს თამაშობს.
გასულ წელს კინოკომპანია “MGM”-ს გაკოტრების საშიშროება ემუქრებოდა. საბედნიეროდ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხეს და ამჟამად ახალ პროექტსაც შეეჭიდნენ.
კომპანიის ხელმძღვანელობის ვარაუდით, ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ახალი სურათი წინამორბედის რეკორდს აუცილებლად გააუმჯობესებს. “მოწყალების კვანტის” გადაღება 200 მილიონი დოლარი დაჯდა, კინოგაქირავებიდან შემოსულმა თანხამ კი 586 მილიონი დოლარი შეადგინა.