სასიამოვნო სიახლე ელით ცნობილი ჯგუფის “The Who”-ს შემოქმედების თაყვანისმცემლებს. გუშინ საღამოს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე დაიდო გიტარისტ პიტ ტაუნსენდის ახალი ინფორმაცია. უახლოეს თვეებში ის და ჯგუფის დანარჩენი წევრები აპირებენ 1973 წელს გამოცემული ალბომი “Quadrophenia”-ს ხელახლა გამოშვებას.
“Quadrophenia” როკ-ოპერაა და დღის სინათლე 1973 წლის ოქტომბერში იხილა. ის ორი ვინილის დისკისაგან შედგებოდა. მისი კომპოზიციების ხანგრძლივობა 80 წუთს შეადგენდა. ყველა სიმღერას ერთი საერთო სიუჟეტური ხაზი აერთიანებდა.
პიტ ტაუსენდის ინფორმაციით განახლებულ “Quadrophenia”-ში წინა, საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიციების გვერდით რამდენიმე ახალი სიმღერაც შევა. მუსიკოსი ამჟამად საკუთარ არქივს იკვლევს და იმ კომპოზიციებს არჩევს, რომლებიც თავის დროზე ამ ალბომში ვერ მოხვდა.
განახლებულ “Quadrophenia”-ს მუსიკის მოყვარულები მიმდინარე წლის ოქტომბერში იხილავენ.