„კრემლი დაჟინებით ცდილობს საოკუპაციო რეჟიმს ლეგიტიმურობის ილუზია შეუქმნას“

„კრემლი დაჟინებით ცდილობს საოკუპაციო რეჟიმს ლეგიტიმურობის ილუზია შეუქმნას“

[გერა მამულაშვილი]

რუსეთის პრემიერი პუტინი აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა. სერგეი ბაღაფში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში მიაბარეს მიწას. ის 62 წლის ასაკში მოსკოვში, 29 მაისს გარდაიცვალა.

„პრემიერ“ სერგეი შამბასთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, აფხაზეთისთვის დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა განიხილოს.

„უახლოს მომავალში ბიუჯეტში 10 მილიარდზე მეტია ჩადებული. მზად ვართ, არა მხოლოდ ამ დაფინანსების ფარგლებში არსებული გეგმები განვახორციელოთ, არამედ განვიხილოთ სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტები", - განაცხადა პუტინმა.

ოფიციალური თბილისის შეფასებით, „რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მხრიდან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება“. 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „2 ივნისს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინი სერგეი ბაღაფშის დაკრძალვასთან დაკავშირებით ოკუპირებულ სოხუმში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩავიდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერდა ფრაზა: „ხელს შევუწყობთ თქვენს საერთაშორისო კონტაქტებს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის - უახლოეს მეზობლებთანაც“. თუმცა, რუსეთისთვის არსებულ ე.წ. „ახალ რეალობაში“ აფხაზეთს ორი უახლოესი მეზობელი ჰყავს - თავად რუსეთი და საქართველო.

კრემლი დაჟინებით ცდილობს, მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს ლეგიტიმურობის ილუზია შეუქმნას და ეთნიკური წმენდა, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების სამხედრო ოკუპაცია და არსებული საზღვრების ძალადობრივი გზით ცვლილება საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტად დაამკვიდროს.

ვლადიმერ პუტინს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა ეს მცდელობა კრახისთვის არის განწირული. არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით შექმნილ და ეთნიკური წმენდის შედეგებზე დაფუძნებულ რუსეთისთვის სასურველ ე.წ. „ახალ რეალობას" არ მიიღებენ“.

„აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალება პოლიტიკური გამოწვევაა, როგორც სეპარატისტული ტერიტორიისთვის, ასევე მისი პოლიტიკური პატრონის, რუსეთისთვის“, - წერს “Eurasianet.org.

 სტატიის ავტორი, ლინკოლნ მიტჩელი აღნიშნავს, რომ ბაღაფში გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო რთული ბალანსის დაცვა ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ აფხაზი ხალხის მისწრაფებას და რუსეთის სტრატეგიულ მოთხოვნებს შორის:

„აფხაზების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, თუმცა ბევრი მაინც დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ მისი ტერიტორია სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ვინც არ უნდა იყოს ბაღაფშის მემკვიდრე, მას მოუწევს ასიამოვნოს, როგორც კრემლს, ასევე საკუთარ ხალხს და ამავდროულად არ დაუშვას საქართველოს სწრაფვა 1992 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენისკენ“.

როგორც ავტორი წერს, სოხუმში, ბევრი საუბარია იმაზე, ვინ გახდება ბაღაფშის მემკვიდრე. ვადამდელ არჩევნებში, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაიმართება, მონაწილეობას სერგეი შამბა, ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა მიიღებენ. ავტორი წერს, რომ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები არ შეცვლის საქართველოს, ამერიკის ან ევროპის შეხედულებებს აფხაზეთზე და თბილისს არ ათქმევინებს უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისხმევაზე, მაგრამ ის აფხაზ ლიდერებს მისცემს შანსს შეცვალონ ნარატივი ე.წ. გაყინული კონფლიქტის შესახებ.

ლინკოლნ მიტჩელის აზრით, სამართლიანი არჩევნები აფხაზ ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას უარყონ ის განცხადებები, თითქოს ისინი მოსკოვის მარიონეტები არიან.