ჯონ ბასი: „აშშ მხარს უჭერს ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს“

ჯონ ბასი: „აშშ მხარს უჭერს ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს“

[მერაბ ბრეგაძე]

არ წყდება ვნებათაღელვა იმ სასტიკ მეთოდებზე, რითაც ხელისუფლებამ 26 მაისის საპროტესტო აქცია დაარბია. ამ საკითხზე აშშ–ს ელჩს საქართველოში ერთგვარი განმარტების გაკეთება მოუწია.

„სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, მე ჩემი განცხადებებით მწვანე შუქი მივეცი მთავრობას, რომ გადაედგა ის ნაბიჯი, რაც მთავრობამ გადადგა. მე მინდა ავღნიშნო, რომ ამ ბრალდებებს მივიჩნევ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. აშშ მხარს უჭერს ამ ქვეყანას და არ უჭერს მხარს რაიმე კონკრეტულ ჯგუფს, პარტიას თუ კონკრეტულ პირს. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების განვითარებას და საარჩევნო სისტემით ცვლილებების განხორციელებას...

რაც შეეხება აქციის დაშლას, ფაქტია ისიც, რომ პროტესტის გამომხატველთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებულნი მოვლენების ძალადობრივ განვითარებაში, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად დაშლის დროს და მას შემდეგ, ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას.

ნამდვილად შეწუხებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ არიან ადამიანები, ვისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება, რომლის შედეგადაც დადგინდება სიმართლე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა და ამავე დროს,   მიხეილ სააკაშვილისა და ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუშინდელ შეხვედრის დეტლებზეც ისაუბრა:

„შეხვედრაზე განხილული იყო მთელი რიგი საკითხები. მათ შორის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ უნდა გააღრმაოს დემოკრატიული მმართველობის სისტემა და დემოკრატიული საზოგადოებრივი განვითარება მოხდეს. ვიცე-პრეზიდენტმა ისურვა, რომ მომავალ წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ელჩის განცხადებებს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, გამოხმაურება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ პირობა დადო, რომ „სამართალდამცველებს, რომლებმაც 26 მაისს აქციის დაშლის დროს გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა, მოხდა თუ არა ძალის გადაჭარბება ცალკეული სამართადამცველების მხრიდან. უნდა გავიგოთ, იყო დაუმორჩილებლობა და ამას მოჰყვა ზედმეტი ძალის გამოყენება თუ არა. თუ არ იყო დაუმორჩილებლობა და ზედმეტი ძალა ისე გამოიყენეს, ამ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“.

მეორე პოლიტიკოსი, რომელიც ჯონ ბასის განცხადებას გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე იყო: „ელჩების განცხადებებს ყოველთვის პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდები. თუ ბატონმა ბასმა თქვა რომ „სახალხო კრება“ ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით აპირებდა, ამისთვის მას კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს. ეს არის ცილისწამება დემოკრატიული ოპოზიციის მიმართ თუ მართლა გააკეთა ასეთი განცხადებები ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუშლის აშშ-სა და საქართველოს შემდგომ ურთიერთობას. ჯონ ბასს რომ მოეცადა იმისთვის, რომ კრების წევრებს შეხვედროდა, უფრო სწორ ინფორმაციას მიიღებდა ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ“.

აშშ–ს ელჩის განცხადებების განმარტებისთვის „პრესაგე.ტვ“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში გიორგი თავდგირიძეს დაუკავშირდა:

– ზოგადად, არცერთ უცხოელ დიპლომატს არ აქვს უფლება, თავისი განცხადებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ამ შემთხვევაში, ჯონ ბასს საპასუხო რეაქცია ჰქონდა გარკვეულ განცხადებებზე - თითქოს, აშშ–ს საელჩომ ხელისუფლების ქმედებებს მწვანე შუქი აუნთო. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბასის განცხადება ოდნავ ზედმეტი იყო.

რეალობა ასეთია და ჩვენ მივეჩვიეთ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოზე მეურვის სტატუსი აქვს აღებული. ქართული სახელმწიფო ჯერ არ შემდგარა. პრობლემები გვაქვს უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული განვითარების და სხვა საკითხებში. ბევრი პრობლემა ამერიკელებს გადავაბარეთ. ამიტომ ამერიკელები ჩვენთან მიმართებაში გაცილებით აქტიურები არიან.

ბასის განცხადება აღვიქვი ერთგვარ მესიჯად, რომ ხელისუფლებამ მიტინგის დასაშლელად შეიძლება ძალა გამოიყენოს. ელჩს არანაირად არ ეცოდინებოდა, რომ ხელისუფლება უფლებამოსილებას გადაამეტებდა და ამას ადამიანის უფლებების შელახვა და მსხვერპლი მოჰყვებოდა.

ხელისუფლება დღესაც კარგად უნდა დაფიქრდეს, რატომ აკეთებს ელჩი ასეთი ტიპის განცხადებას.

რაც შეეხება ამერიკული მხარის ღია სურვილს, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს, შედგეს დემოკრატიული არჩევნები - რამდენად ელით ხელისუფლების ადექვატურ დამოკიდებულებას ამ გზავნილის მიმართ? 

– სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელისუფლება პირდაპირ საფრთხეებზეც არაადექვატურად რეაგირებს. მაგრამ დემოკრატია საქართველოში, მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. არავის სურს, რომ აქ ერთმა ვიწრო–პოლიტიკურმა ჯგუფმა მიუღებელი რეჟიმი ჩამოაყალიბოს. ხელისუფლებაზე ჯერ ფრთხილ ზეწოლას აქვს ადგილი, რომ დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა მოხდეს.

შევარდნაძისშემდგომი გარდამავალი პერიოდი დასრულებულია და ამაზე აპელირება ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს. მესამე საარჩევნო ციკლისთვის, პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა გამამართლებელი საბუთი არ იქნება. დასავლეთისგან გაცილებით მკაცრი შეფასებებია მოსალოდნელი.

ქართული საზოგადოება ევროპულ შეშფოთება–აღშფოთებებს უკვე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუმცა, ეს მათი ქცევის წესია, მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების წასვლა–არწასვლის საკითხი აქ საქართველოში წყდება. ქართველმა ხალხმა უნდა მონახოს ამ ჯგუფის შეცვლის გზა. ამერიკელების და ზოგადად დასავლეთის განცხადებები მხოლოდ დამატებითი ფაქტორია და არა პირდაპირი და უშუალო დახმარება. მეეჭვება, ხელისუფლება კადაფის გზას დაადგეს. ევროპაც და ამერიკაც აქ გაცილებით ხისტ პოზიციას დაიკავებენ.

არსებულ სიტუაციაში, ხელისუფლება პიარსვლებით, თუნდაც წამგებიან სიტუაციაში გარკვეული არგუმენტების მოძიებას ახერხებს. განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც არასდროს, არანაირი არგუმენტები არ გააჩნია და მისი ქმედება მხოლოდ ნეგატივზე არის აგებული. სამწუხაროდ, ისინი პრობლემის არსს არასოდეს წვდებიან. რითაც ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს.