„მობილურთან“ დაკავშირებული შიშის სინდრომი

„მობილურთან“ დაკავშირებული შიშის სინდრომი

ფსიქიატრიაში ცნობილია შიშების – „ფობიების“ უსასრულოდ მრავალი გამოვლინება. უკანასკნელ წლებში მათ მიემატა „ნომოფობია“, რაც ამავე დროს ნეოლოგიზმიც არის –   წარმოქმნილია ინგლისური სიტყვებიდან: „ნო მობილე პჰობია“ და გულისხმობს ადამიანის უმობილუროდ დარჩენის შიშსა და ღელვას.

დიდ ბრიტანეთში, კომპანია „SecurEnvoy“–მ ასეთი შიშები აღმოუჩინა რესპოდენტთა ორ მესამედს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 41%–მა განაცხადა, რომ მათ აქვთ არა ნაკლებ ორი ტელეფონისა, რათა სულ მზად იყვნენ კავშირებისათვის. 

ამას გარდა, დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც: „მობილურის“ დაკარგვის შიში აქვთ ქალების 70%–ს და მამაკაცების 61%–ს, სამაგიეროდ მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ ორი „მობილური“ (47%), ვიდრე ქალებს (36%).

რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ხშირად არის შეპყრობილი „ნომოფობიით“. 18–დან 24 წლამდე ამ „დაავადების“ სიმპტომები დადგინდა 77%–ში. ასევე მაღალია მონაცემები 25–დან 34 წლამდე – 68%.

უნდა აღინიშნოს, რომ  „მობილურის“ დაკარგვის შიში იზრდება ყოველწლიურად–  შედარებისათვის: მსგავსმა გამოკითხვამ 2008 წელს „ნომოფობიის“ სულ 53% გამოავლინა.